იდეალური საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე შექმნა კლოდ მონემ ჯივერნიში. მან გააშენა ბაღი, როგორც ხელოვნების ნიმუში, სადაც ბუნება გახდა მისი თანაავტორი. რას ფიქრობთ ამ კონცეფციაზე?
კლოდ მონემ საოცრება მოახდინა, შეუდარებელი რამ შექმნა კაცობრიობის ისტორიაში. მან მოავლინა სამყარო, სადაც იცხოვრა ნამუშევრებთან ერთად. გააცოცხლა უდიდესი ინსტალაციები. იცხოვრა ისე, როგორც არავის უცხოვრია. ეს სასწაულია. თავად კლოდ მონეა საოცრება, გარდატეხა მთლიანად მეცხრამეტე საუკუნის ბოლო, განერიდა ყველაფერს და სამოთხე შექმნა. მისი ნამუშევრები წარმოუდგენელი დაკვირვებისა და შრომის შედეგია. მთელი მსოფლიო შეძრა მონეს გონიერმა და ლამაზმა ხელოვნებამ.
მე ძალიან მომწონს ხელოვნება-ლაბირინთის კონცეფცია, საიდანაც არ ღირს გამოსვლა. ამ სამოთხეში რომ შედიხარ, მერე სადღა უნდა წახვიდე?.. მხატვრები ხშირად გადიან სახელოსნოდან, ეძებენ კოსმიურ ენერგიას, იმიტომ, რომ ისევ დაბრუნდნენ. ძალიან საინტერესო მომენტია.
ბედნიერებაა, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მოვსწრებივარ ასეთ მხატვრებს, რომლებიც გენიოსები იყვნენ და შედევრებს ქმნიდნენ, თუმცა მათ წინააღმდეგობები მუდამ ჰქონდათ. თუნდაც სერგო ქობულაძე, კოკი მახარაძე, ძალიან ბევრი…
როგორია თქვენთვის იდეალური სახელოსნო?
განათება და ხედი, არაფერი სხვა. დანარჩენი იქმნება ცხოვრების წესის მიხედვით. რომელი ატრიბუტით აავსებ შენს სახელოსნოს, ეს შენს ენერგეტიკაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ თუ გაქვს ხედი, შემდეგ უკვე ფიქრობ, როგორ შეიძლება მოეწყოს სახელოსნო. თუმცა მის მოწყობას ერთი ძალიან უცნაური პრინციპი აქვს – ცხოვრების წესის მიხედვით ეწყობა თვითონ, თავად ილაგებს შემოქმედება, სად, რა, როგორ, რანაირად, რა ფერის და რამდენი განაწილდეს. სახელოსნოს ცხოვრება ძალიან განსხვავდება ნებისმიერი სხვა ხელოვნების წარმომადგენლის ცხოვრებისგან. მათ შორის, მწერლის, მუსიკოსის… აქ რამდენიმე მომენტია თანხვედრილი, ეს არის ფერი, სუნი… პირველად რომ გავაცნობიერე ზეთის საღებავის სუნი, ეს იყო მამაჩემის სახელოსნოში და დღესაც მინდა ვიგრძნო ჩემს სახელოსნოში. დღევანდელ მასალებს სულ სხვადასხვა სუნი აქვს, მაგრამ ის ნამდვილი, რომელიც ფუძეა ყველაფრის, არის განუმეორებელი. სახელოსნოს პრინციპი, ხელოვანი ადამიანისთვის სახლზე ძვირფასია. ეს არის ის, რისთვისაც გაჩნდი დედამიწაზე.
იცხოვრებდით თუ არა ქალაქგარეთ?
დღევანდელი ქალაქი – ქალაქიდან გაგდებს. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ქალაქში ჩამოსვლა იმიტომ, რომ ეს სხვა ამბებს უკავშირდებოდა. ამის განსაზღვრა კი ასაკის მატებასთან ერთად ხდება, რაც ასევე გამოცდილებას უკავშირდება. ქალაქთან ახლოს ვიცხოვრებდი, გალერეით, სახელოსნოთი და პატარა ბაღით. მთელი ეს კატაკლიზმები, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ჩვენ მოვიპოვეთ და დავბადეთ საკუთარი უგუნურებითა და არაწესიერი ცხოვრებით. რა თქმა უნდა, არიან ერთეული ადამიანები, ვისზეც არ მაქვს საუბარი. ნამოხვანჰესის ამბავი ეკოლოგიური კატასტროფაა. თბილისის ესთეტიკამ, რომელიც ასე შეიცვალა, ახალგაზრდებს აგრესია გაუჩინა. ამ არაესთეტიკურმა, გაუაზრებლად დაგეგმილმა ქალაქმა და რეკლამების უთავბოლოდ განთავსებამ გამოიწვია აგრესია, ამიტომ მივესალმები ახალგაზრდების დიდწილად ჰუმანიტარული კუთხით საზღვარგარეთ წასვლას და განათლების მიღებას − რასაკვირველია, დაბრუნების პერსპექტივით, რადგან მათ იგივე აღარ უნდა დაუშვან. ჩვენ დავუშვით სამწუხაროდ, თუნდაც პასიურობით. ასეთ დროს იყოს ადამიანი თავისთვის სახელოსნოში, წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ეს ისეთი მაგიაა, რომ როდესაც იწყებ, გავიწყდება ყველაფერი.
თითქმის შვიდი წელია სამხატვრო აკადემიის რექტორი ვარ და სიამოვნებით დავუთმობ ჩემს პოსტს შემდეგ თაობას, ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც სხვანაირად დასახავს და სხვანაირად გააკეთებს. აუცილებელია სხვა ინტელექტის მქონე ადამიანმა მართოს.
როგორც ვიცით, სამხატვრო აკადემიის სასახლე ეკუთვნოდა სპარსული წარმოშობის სომეხ მილიონერს, რომელიც სპარსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად და გადაწყვიტა აეშენებინა ისეთი წვეულებათა სასახლე, რომლის მსგავსი მთელ ამიერკავკასიაში არ იქნებოდა.
ამ სასახლეს ანალოგი არ აქვს. სასახლე ეკუთვნოდა სპარსული წარმოშობის სომეხ მილიონერ ვარდან არშაკუნს, რომელიც სპარსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ქალაქის მერი. მეოცე საუკუნის დაწყებამდე, 100-დან 98 იყო სომეხი წარმოშობის მერი და ქართველი იყო მხოლოდ 1 ან 2. ყველაფერთან ერთად, არშაკუნი ქველმოქმედიც იყო. მის სახელს უკავშირდება უფასო სასადილო. დიდ საქმეებს აკეთებდა ჩვენს ქვეყანაში.
1971 წელი იყო, როდესაც გამოცდები ჩავაბარე აკადემიაში. ძალიან სწრაფად გაირბინა ერთმა წელმა, რადგან საოცარი პირველი ემოციები მქონდა, ახალი მეგობრები, სიტუაცია, პედაგოგები… ზღაპრული სისწრაფით გაიქცა დრო, დამთავრდა პირველი კურსი, დამევალა პრაქტიკა და მონაწილეობას ვიღებდი სამხატვრო აკადემიის რესტავრაციაში. მიმიყვანეს სარკეებიან დარბაზში, მომცეს თაბაშირი, რომ მომეზილა, ყალიბში ჩამესხა და მიმეკრა ზემოთ, ჭერში. მეც მივაკარი. ადვილი ნამდვილად არ იყო. რას ვიფიქრებდი, რომ 45 წლის შემდეგ რექტორის რანგში მომიწევდა ამ დარბაზების ხელახლა გაკეთება. სამ წელიწად-ნახევარი კეთდებოდა აკადემიის თანამედროვე რეაბილიტაცია.
რა როლს ასრულებს კედლის მხატვრობა ინტერიერში და ვინ შექმნა ის ფერწერული კომპოზიციები, რომლებიც წარმოდგენილია სასახლის დარბაზებში? არსებობს თუ არა ცნობები, როგორი იყო თავდაპირველად სასახლე?
მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა კუთხიდან, თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. სარკეებიანი დარბაზი ყაჯარელმა ოსტატებმა გააკეთეს, რომლებიც სპეციალურად ირანიდან ჩამოიყვანეს. არშაკუნის კარგად ესმოდა ეს ირანული კულტურა და სწორად გათვალა კონცეფცია, ამიტომ შენობა გარედან არის ევროპული სტილის, შიგნიდან კი აღმოსავლურია.
ეს არის ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს, იმიტომ, რომ ის, რაც ირანული მხატვრობისთვის იყო დამახასიათებელი, კარგად შემოინახა აკადემიის კედლებმა და ჭერმა განსაკუთრებით. 1900-იან წლებში ფრანგი მხატვრებიც მოიწვიეს, რომლებიც ხატავდნენ სასახლის კედლებზე.
1900-იან წლებში ეს შენობა შეიძინეს ქობულაშვილებმა და ძალიან დიდი თანხა დახარჯეს სასახლის ხელმეორედ მოხატვაში. მათ სახელს უკავშირდება 500-კაციანი ქორწილიც, რომელიც სასახლეში გაიმართა.
ჩვენ ხელუხლებელი დავტოვეთ საორკესტრო ორმო, რომელიც ნიშანია დიდი მიღებებისა. პირველი მეტლახიც კი დავტოვეთ − ეს ძალიან ლამაზი კონცეფციაა. ეს იყო ნამდვილი ხელოვნების სასახლე.
რა თქმა უნდა, არსებობს საარქივო დოკუმენტაცია. ჩვენ არ გვქონდა უფლება, საკუთარი იმპროვიზაციით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც აცდენილი იქნებოდა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის სრული ავთენტურობის დაცვით შესრულებული სამუშაო. ჩართული იყო ქალაქის მერია, კულტურის სამინისტროც.
რა არის თქვენთვის თბილისი?
დაბადებული ვარ თბილისში, გაზრდილი რაიონში და შემდეგ ისევ დაბრუნებული. მუდამ ვფიქრობ, რატომაა ეს ქალაქი ასეთი მიმზიდველი?.. ეს არის სიყვარულის ბუდე, ისეთი ენერგეტიკის მატარებელი, რომელსაც ვერავინ შეედრება. სილამაზის ქსოვილი ძალიან ძნელი გასაგებია და ვინც გაიგო, უზომოდ შეუყვარდა თბილისი. ვინც ვერ გაიგო, მან ვერც მიიღო. არ არის ეს კონტრასტების ქალაქი, ეს არის ნამდვილად ერთი სიყვარულის ისტორია.
ტექსტი: ირმა შარიქაძე
ფოტო: ირმა შარიქაძე