კოკო შანელი
თავისუფლად შეიძლება მოდის ინდუსტრიის ათვლის წერტილად კოკო შანელი დავასახელოთ. გაბრიელ „კოკო“ შანელმა მეოცე საუკუნეში გადატრიალება არა მხოლოდ მოდაში, არამედ ქალების ცხოვრების სტილზეც მოახდინა. ამ გენიალური დიზაინერის გამოჩენამდე ქალები ჯერ კიდევ შეზღუდულები იყვნენ არაკომფორტული და არაპრაქტიკული სამოსით. კაბები და კორსეტები მათ თავისუფალ მოძრაობას ზღუდავდა, შანელმა კი ქალებს საშუალება მისცა ყოფილიყვნენ ძლევამოსილნი, სექსუალურები და მასკულინურები ერთდროულად. კოკო მოდის პირველ ფემინისტადაც იწოდება. გაბრიელმა შექმნა ქალის შარვლის მოდელები, რაც იქამდე წარმოუდგენელი რამ იყო. იგი პირველი დიზაინერი გახლდათ, რომელმაც შავი ფერი მოდაში შემოიტანა და დაამკვიდრა. კოკოს ეკუთვნის პირველი ბრენდირებული სუნამოს შექმნის იდეაც. 1921 წელს „შანელი ნომერი 5“ შეიქმნა, რომლის არომატი ისეთივე ინოვაციური და ორიგინალური იყო, როგორც კოკოს ნებისმიერი დიზაინი. „შანელი ნომერი 5“ დღესაც კი ბრენდის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი სახე არაერთი ცნობილი ადამიანი გამხდარა. შანელმა ხელი შეუწყო აქსესუარების აქტუალურ გამოყენებას და ისინი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანა. შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „2.55“ ჩანთა, ორ ფერში შეკერილი საბალეტო სტილის ფეხსაცმელი და ბრენდის საკულტო ტვიდი პიჯაკი. როგორც ამბობენ, მოდიდან 3 რამ არასოდეს გადავა: თეთრი მაისური, ჯინსები და შანელის პიჯაკი.
ელზა სკიაპარელი
ელზა სკიაპარელი ნამდვილად არის იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მოდაზე უდიდესი გავლენა იქონიეს. ელზა გამოჩნდა მაშინ, როდესაც კოკო შანელი წარმატების ზენიტში იყო. სკიაპარელიმ თავისი სიურრეალისტური ესთეტიკითა და ექსცენტრულობით მას უდიდესი მეტოქეობა გაუწია. სწორედ ელზას სახელს უკავშირდება მოდის სამყაროში ვარდისფრის დამკვიდრებაც. მან არსებული სადა ვარდისფერი უფრო გაამკვეთრა და საზოგადოებას ე.წ. Shocking Pink შესთავაზა, რომელიც იმ დროს ფერის ნამდვილი რევოლუცია იყო. ბრენდი „ელზა სკიაპარელი“ გამორჩეული გახლდათ რევოლუციური სტილით, ფუტურიზმისა და სიურრეალიზმის ელემენტებით. მოდის ხელოვნებად აღქმამ და სიურრეალისტებთან მეგობრობამ მის შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა. სკიაპარელის ტანსაცმელი ეროტიკული ფანტაზიით, ავანგარდული ხელოვნებითა და დიზაინერის შინაგანი მდგომარეობით იყო შთაგონებული. ელზა თავის ფანტაზიას უსაზღვრო გასაქანს აძლევდა. პირველი იყო, რომელმაც ტანსაცმლისთვის გამოიყენა ვისკოზა, ლურექსი, ხავერდი, შექმნა გამჭვირვალე ლაბადები, კაბა-ხალათები. მისი მდიდრული ნაქარგები, ექსპერიმენტული ქსოვილები, ტანსაცმელზე დატანილი თვალწარმტაცი გამოსახულებები, უჩვეულო ფერები, დიდი ზომის თვალშისაცემი „ელვა“-შესაკრავები, ჯიბეები, ბუმბულები, უცნაური ღილები და ორნამენტები დროს უსწრებდა.
მან უშიშარი, ვნებიანი ქალის სახე შექმნა. ბრენდი წლების განმავლობაში აოცებდა საზოგადოებას, თუმცა შემდეგ გამოჩნდა კრისტიან დიორი, სრულიად განსხვავებული ხედვით და სკიაპარელის მოდის სახლი მალევე დაიკეტა.
კრისტიან დიორი
1940-1050-იანი წლების ყველაზე გავლენიანი მოდელიერი კრისტიან დიორი მოდის უგვირგვინო მეფედ აღიარეს. მან პირველმა გააერთიანა ერთი ბრენდის ქვეშ სხვადასხვა წარმოებული პროდუქცია და შექმნა მოდის პირველი იმპერია. 1947 წელს შექმნილი პირველივე კოლექცია − New Look აბსოლუტურად ახალი კონცეფციის იყო. ეს გახლდათ ტანზე მომდგარი რომანტიკული სტილი. ტანსაცმლის სილუეტში მან გამოხატა თავისი შეხედულება ქალურობაზე, რომელიც ომის პერიოდში ძალიან აკლდა ქალის სამოსს. ამავე წელს მას მიანიჭეს მაღალი მოდის „ოსკარის“ პრემია. ათი წლის განმავლობაში წელიწადში ორი განსხვავებული კოლექციის შექმნით დიორი შოკში აგდებდა მოდის შემფასებლებს.
კრისტიანის შეკერილი სამოსი მომრგვალებული და რბილი კონტურებით შემოსაზღვრული გახლდათ. ამასთან, დიორმა ქალებს შესთავაზა ფართო შორტები, რომლებიც ქვედაბოლოს ჰგავდა. გაშლილი კაბები ვიწრო თეძოებით სწორედ 50-იანების „ხელწერაა“, რომლებიც ახლაც მოდაშია. დიორით აღმაფრენა არა მარტო მაღალ მოდაზე გავრცელდა, არამედ კინემატოგრაფზეც. მის მოდის სახლში ბევრი სპექტაკლისა და ფილმისთვის იკერებოდა კოსტიუმები. მან გამოუშვა Dior-ის პირველი სუნამოც. ახლა კი ბრენდის 97 არომატი არსებობს. დიორის სახლი გახდა კოსმეტიკის მწარმოებელიც. ფრანგული გაზეთი Le Mond კრისტიან დიორზე წერდა: „მისი სახელი კარგი გემოვნების, ცხოვრების ხელოვნებისა და დახვეწილი კულტურის სინონიმად იქცა“.
ივ სენ ლორანი
ივ სენ ლორანი კიდევ ერთი დიზაინერია, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მოდა, ხოლო მისი პირველი ნაბიჯები მოდის ინდუსტრიაში სწორედ კრისტიან დიორის სახელს უკავშირდება. დიორის გარდაცვალებამდე ახალგაზრდა ივ სენ ლორანი ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი იყო, შემდეგ კი მან საკუთარი მოდის სახლის დაარსება გადაწყვიტა. სენ ლორანის უნიკალური სტილი ჰარმონიულად აერთიანებდა მოდისა და ხელოვნების თანხვედრას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ დიზაინერის გამუდმებულმა დიალოგმა ხელოვნებასა და მოდას შორის განსაზღვრა ბრენდის ამგვარი წარმატება. მან ქალის სხეულსა და ჩაცმის სტილს კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა. 1966 წელს დიზაინერმა წარადგინა le smoking – ლეგენდარული პიჯაკი. ის იყო მამაკაცის კოსტიუმით ინსპირირებული, ქალის სხეულზე მორგებული პიჯაკი, რომელიც კლასიკურ ატრიბუტად იქცა ქალებისთვის, რომლებსაც სურდათ, ძლიერები და მომხიბვლელები ყოფილიყვნენ. ივ სენ ლორანმა მოდის სამყაროს ასევე თავი დაამახსოვრა გამჭვირვალე ბლუზებით (1966), ორბორტიანი პიჯაკებითა (1962) და კომბინეზონებით (1968). დიზაინერის გადაწყვეტილება ნაკლებად ეფუძნებოდა დამკვირვებელთა სიამოვნებას, არამედ მიმართული იყო სქესთა თანასწორობაზე. ის გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც შექმნა ready to wear მაღაზია საკუთარი სახელით: SAINT LAURENT rive gauche. ივ სენ ლორანი იყო პირველი, რომელიც საკუთარ სამოდელო კასტინგებში რთავდა ყველა რასის წარმომადგენელს. დიზაინერის სურვილს, პოდიუმი დაეთმო ფერადკანიანი მოდელებისთვის, პოზიტიური ძვრები მოჰყვა მოდის სამყაროში.
რეი კავაკუბო
რეი კავაკუბო გახლავთ დიზაინერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში სრული ქაოსი შექმნა. რეის დღემდე მისი უდიდესი გავლენის გამო დიზაინერების დიზაინერს უწოდებენ. კავაკუბოს გავლენა იგრძნობა ისეთი დიდი დიზაინერების კოლექციებში, როგორებიც არიან ალექსანდრ მაკქუინი, მარკ ჯეიკობსი, ვივიენ ვესტვუდი, ჯილ სანდერი და სხვები. წარმოშობით იაპონელმა რეი კავაკუბომ საკუთარი ბრენდი Comme Des Garcons 1969 წელს დააარსა და რაღაც სრულიად ახალი შესთავაზა სამყაროს. ის Anti-fashion-ის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. რეის მიზანს სიახლის შექმნა წარმოადგენს – რაც მანამდე არავის უნახავს. ტიერი მიუგლერის ხანაში, მაშინ, როდესაც ყველას ნათელი ფერები და წელში გამოყვანილი ქვედაბოლოები ეცვა, რეიმ შავი ფერი, მამაკაცური სილუეტები, გრძელი ქვედაბოლოები, დახეული ნაქსოვი ჯემპერები და უფორმო, ასიმეტრიული ტანსაცმელი შეიტანა. შავი მალევე იქცა კავაკუბოს ესთეტიკის სინონიმად. მართალია, შავი ფერი კავაკუბომდე კოკო შანელმა აქცია მოდურად, მისი little black dress-ით, მაგრამ 1980-იანებში ის ყველაზე ნაკლებად პოპულარული ფერი იყო. როგორც ამბობენ, რეიმ შავი ხელახლა „გამოიგონა“. კავაკუბომ უარყო მოდის სტანდარტული შეხედულებები სილამაზესთან დაკავშირებით. მისი მიდგომა ასეთია – „იმისთვის, რომ რაიმე ლამაზად მივიჩნიოთ, აუცილებელი არ არის, კარგად გამოიყურებოდეს“. რეის განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი სიახლეების დანერგვაში, მსოფლიო კულტურის თვითშეგნების ამაღლებასა და დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურების დაკავშირებაში.
ალექსანდრ მაკქუინი
რეი კავაკუბოს ხედვით შთაგონებული ახალგაზრდა ალექსანდრ მაკქუინი არანაკლები ეპატაჟურობით შემოიჭრა მოდის ინდუსტრიაში. მას ბრიტანული მოდის მეამბოხე დიზაინერად მოიხსენიებენ. საკუთარი ბრენდი 1992 წელს დააარსა და თავისი მეამბოხე სულითა და საქმისადმი თავგანწირვით შეძლო უდიდესი გავლენა მოეხდინა მოდის სფეროზე. მაკქუინი სამოსით გადმოსცემდა მის შინაგან სამყაროს და სათქმელს, რომელზეც იმ დროს სხვები ვერ ლაპარაკობდნენ. ომი, რელიგია, სექსი − ყველაფერი იყო მის კოლექციებში. ცდილობდა თავისი შემოქმედებით დახმარებოდა ქალებს და გენდერული უთანასწორობა მოესპო. ბრენდის ჩვენებაზე გამოსული მოდელები ხშირად საშიშადაც კი გამოიყურებოდნენ. ალექსანდრს სურდა ხალხს მისი შემოსილი ქალების შეშინებოდა, რათა მამაკაცებს ისინი აღარ დაეჩაგრათ. „ქალები სუსტები და გულუბრყვილოები ჩანან… მინდა, უფრო ძლიერად გამოიყურებოდნენ… არ მომწონს, როცა ქალებს იყენებენ“.
იგი არ აღიარებდა სტანდარტულ სილამაზეს, მახინჯ საგნებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა და შთაგონებას მათგან იღებდა. მაკქუინმა პოდიუმს მეტი დრამა და ექსტრავაგანტურობა შემატა. მისი არაამქვეყნიური სილუეტები ყოველგვარ წარმოსახვას სცდებოდა.
საკუთარ ბრენდთან ერთად 5 წლის განმავლობაში ფრანგულ მოდის სახლ Givenchy-ის მთავარი დიზაინერი გახლდათ. 1996-1997 წლებში გენიალური დევიდ ბოუვის ჩაცმულობაზეც სწორედ ალექსანდრ მაკქუინი ზრუნავდა. მას ოთხჯერ აქვს მიღებული British Fashion Awards-ზე წლის საუკეთესო დიზაინერის ჯილდო და CFDA-ის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერადაც დასახელდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა გენიოსი 2010 წელს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დემნა გვასალია
ზემოთ ხსენებულ გენიოსებთან ერთად, ქართველი დემნა გვასალია აუცილებლად უნდა ვახსენოთ. მან ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოაწყო. იგი გახლავთ დიზაინერი, რომელმაც ყველა აალაპარაკა, აღაფრთოვანა, ყველა სულმოუთქმელად ელის მის კოლექციებს. შავი უსახო სამოსი, ჩაკეცილი ფეხსაცმელი, კროქსები, ორიგინალური ჩანთები, არაორდინარული სტილი − ეს მეამბოხე დემნა გვასალიაა. დემნას მსოფლმხედველობა პრაგმატულობას ეფუძნება და მისი ესთეტიკა გარკვეულწილად ჰიპერრეალიზმია. გვასალიამ გააერთიანა Haute couture და ქუჩის სტილი, მან აბრეშუმისა და მაქმანების გვერდით გააჩინა სივრცე „ჰუდებისთვისაც“. მისი კოლექციები ხშირად ძალიან უცნაური ვიზუალის სამოსსა თუ ფეხსაცმელს მოიცავს. ერთი შეხედვით იფიქრებთ ეს ვინ უნდა ჩაიცვასო, თუმცა ჩვენების მეორე დღესვე ისინი მსოფლიო მოდის მთავარ ტენდენციად იქცევა ხოლმე. დემნას კოლექციებს ხშირად ეტყობა მისი წარსულის გავლენაც – ომი, სიღარიბე, სიბნელე, 1990-იანები. იმ პერიოდის საქართველო, ოკუპაცია, დიზაინერმა თავის შთაგონების წყაროდ აქცია. აფხაზეთიდან დევნილ გვასალიას მარტივი ბავშვობა აქ ჰქონია და თავისი კოლექციებით ის მთელ მსოფლიოს უყვება ამაზე. ის თამამად საუბრობს პოლიტიკასა და ისტორიაზე.
ქართველი დიზაინერი მსოფლიო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. 2013-2015 წლებში კი Louis Vuitton-ის მოდის სახლის მთავარ დიზაინერებს შორის მოხვდა. პარალელურად, 2014 წლიდან გვასალიამ საკუთარი ბრენდი − Vetements შექმნა, რომელიც მალევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდი გახდა. 2015 წელს დემნა Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა და აქედან მოდის სფეროზე მისი გავლენა გაასმაგდა. 2016 წელს Business of Fashion-მა ქართველი დიზაინერი „წლის პერსონად“ აღიარა, ჟურნალმა Fantastic Man გარეკანი დაუთმო, Fashion Awards-ის ჟიურიმ მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო გადასცა, Vetements კი 2016 წლის საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდი გახდა. 2017 წელს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს − „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ის გამარჯვებული გახდა; ასევე, მოიპოვა წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერის ჯილდო Fashion Awards 2018-ზე; მოიპოვა გლობალური ქალთა დიზაინერის ჯილდო CFDA Fashion Awards-ზე 2021 წელს; 2021 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების ორდენით დააჯილდოვა საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.