„პატარა ქართველი ებრაელი ბიჭის თვალით დანახული უსასრულო სამყარო“ – ამ ფრაზაში იოსებ ბარდანაშვილის მთელი შემოქმედებითი ფილოსოფიაა თავმოყრილი…
მისი მუსიკა დროისა და სივრცის საზღვრებს სცდება, ხოლო მელოდიებში ის სიზმრებად აქცევს საკუთარ მოგონებებს, ბათუმის ზღვისპირა ბავშვობას, ემოციით სავსე წარსულს, რწმენას და შთაგაგონებს, რომ ხელოვნება ადამიანის შინაგანი სიმშვიდისკენ სავალი გზაა.
ისრაელში მცხოვრები კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი იოსებ ბარდანაშვილი OK! ბათუმის საშუალებით გვესაუბრება მუსიკაზე, საკუთარ ქალაქზე და იმ შემოქმედებით სამყაროზე, სადაც ბგერები ზღვას ჰგვანან – მშვიდსაც და აღელვებულსაც ერთდროულად…

როდის იგრძენით პირველად, რომ მუსიკა თქვენი ენა იყო, ფორმა, რომელშიც მთელი სიცხადით გამოხატავდით საკუთარ ემოციებს?
ობიექტურად, მუსიკა ყოველთვის ჟღერდა ჩვენს გარშემო, ვინაიდან სახლში გვქონდა რადიო, საიდანაც ახალ ამბებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში გადმოიცემოდა ხალხური სიმღერები და კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ეს ისე ფონად მისდევდა ჩვენ ყოველდღიურობას, რომ არც კი აქცევდი ყურადღებას. ისე გამოვიდა, რომ ძირითადად ჩემი ბავშვობა ბათუმის რევოლუციური მუზეუმის შენობაში(დღეს იქ სახვითი ხელოვნების მუზეუმია) გავატარეთ. დედა – მუზეუმის უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე მუშაობდა და იძულებული იყო სკოლის ასაკამდე შვილები გვერდზე ჰყოლოდა. მამა მხატვარი გახლდათ. შესაბამისად, მეც, ჩემი უფროსი ძმის მიბაძვით (დღეს ის ცნობილი არქიტექტორია ) ხატვისკენ უფრო მივისწრაფოდი. უნდა ვაღიარო, დღესაც, თუ დრო მაქვს სიამოვნებით ვხატავ. მუსიკამ კი, ჩემს ცხოვრებაში, მოგვიანებით, თავისი ადგილი დაიკავა. დაახლოებით 13 წლიდან, როდესაც მეორე საშუალო სკოლაში(დღეს ის ბათუმის პირველი სკოლაა) სასკოლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით გამოცხადდა მოსწავლეების ჩაწერა სკოლის გუნდსა და ორკესტრში. რატომღაც, ჩემდა გასაკვირად, ჩაწერილთა სიაში ერთ-ერთი პირველი გახლდით. საყვირზე დაკვრა შემომთავაზეს, მეც დავთანხმდი. ხელმძღვანელად ორი საოცარი პედაგოგი გვყავდა – გუნდის დირიჟორი სოსო მიქელთაძე (მისი გაზრდილია ქართული საგუნდო მუსიკის გამორჩეულად დიდი კომპოზიტორი იოსებ კეჭაყმაძე) და ორკესტრის ხელმძღვანელი – ვალერიან თოფურიძე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მუსიკამ, ჩემი მშობლების გასაკვირვად, ძალიან ჩქარა ჩაანაცვლა მხატვრობა და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. საკმაოდ მცირე დროში, მე საყვირზე უკვე თავისუფლად ვუკრავდი ნაწყვეტებს კინო მუსიკიდან, ცოტა ჯაზს, რაც ჩემს თავმოყვარეობასა და სხვებისაგან „გამორჩეულის“ ამბიციებს საკმაოდ აკმაყოფილებდა. იმავე პერიოდში, ჩემდა უნებურად, დავიწყე მუსიკის წერა. შესაბამისად, ვისწავლე სამუსიკო სკოლაში და შემდეგ შევედი ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, საიდანაც უკვე მე-3 კურსიდან სწავლა გავაგრძელე თბილისის მე-3 სასწავლებელში და ბოლოს სწავლა დავასრულე თბილისის კონსერვატორიაში. იქვე გავიარე სტაჟირების სრული კურსი და უკვე 1973 წლიდან დავუბრუნდი ბათუმს, სადაც 32 წელი ვასწავლიდი.
როგორ იბადება კომპოზიცია? რა ემოციაა მის საწყის წერტილში?
როგორც წესი, მოულოდნელად იბადება გარკვეული მუსიკალური მოტივი ან ფრაზა. იქვე ჩქარობ დაიმახსოვრო ის, ან ქაღალდზე გადაიტანო და დააფიქსირო. ზოგჯერ წიგნში წაკითხულმა ფრაზამ შესაძლოა დაგაფიქროს და შედეგად რაღაც მუსიკალურ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოს. ჩემთვის შთაგონების უდიდესი წყარო ყოველთვის იყო ზღვა, თავისი უსასრულო ჰორიზონტითა და სიღრმით. ხშირად მივლია ზღვის სანაპიროზე დარსა თუ ავდარში. ასევე მნიშვნელოვანი იმპულსია შემსრულებელი, მუსიკალური კოლექტივისაგან მიღებული დაკვეთა, რომელიც თავიდანვე გაძლევს შესრულების გარანტიას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ობიექტურად კი, ჩვენ არ ვგავართ მხატვრულ კინოში გამოყვანილ კლასიკოს კომპოზიტორებს, რომლებიც თამაშთან პარალელურად დიდ სიმფონიურ ტილოებს ქმნიან. ჩვენ მძიმედ ვმუშაობთ, თუმცა, თავისთავად მუშაობის პროცესი ძალიან ინტიმურია და არამარტივი.
არის თუ არა კონკრეტული ნაწარმოები, რომელთანაც განსაკუთრებულად ინარჩუნებთ კავშირს?
მიჭირს პასუხის გაცემა, ვინაიდან ყოველივე დამოკიდებულია შინაგან მოთხოვნაზე. თუმცა, არის ნაწარმოებები, რომლებიც შენთან ყოველთვის რაღაც უხილავი ძაფით არიან დაკავშირებული.

კინოში მუსიკა ხშირად უხილავი გმირია. თქვენ როგორ უახლოვდებით ფილმს, როგორ პოულობს სიუჟეტის ემოცია საკუთარ ხმას თქვენში?
ბევრი რამ დამოკიდებულია რეჟისორზე, მის ხედვაზე. ჩვენ ხომ მას ვემსახურებით ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მოგვაქვს ჩვენი იდეა და საინტერესო გადაწყვეტილება. ზოგჯერ პირიქითაც კი ხდება, რეჟისორი გიბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ, რომ ვერც კი წარმოიდგენდი. სწორედ ეს არის ის საიდუმლო, რომელიც ასე მრავლად ახასიათებს კინოსა და თეატრალურ სამყაროში მუშაობას. და საერთოდ – ეს არის საოცარი შანსი გაიცნო ხელოვანნი, გახდე მათი მესაიდუმლე და მათთან ერთად გაინაწილო წარმატების სიხარული. კინოს ხომ საბოლოოდ დიდი და ერთგული კოლექტივი ქმნის.
რომელი კინოპროექტი იყო ემოციურად თქვენთვის ყველაზე რთული ან პირიქით, ყველაზე თავისუფალი და მსუბუქი?
მსუბუქის რა მოგახსენოთ. თავისუფალი კი ყოველთვის ვარ, სრულიად გახსნილი ახალი იდეებისა თუ გადაწყვეტილებისადმი. დაახლოებით 70-მდე კინო და თეატრალური მუსიკის ავტორი გახლავართ. იყო ფილმები რომელთაც დიდი დრო დავუთმე და მათი გამარჯვება, ობიექტურ დასასრულად მესახებოდა. თუმცა, საბოლოოდ საერთო შედეგი უარყოფითი გამოსულა. და ყოფილა პირიქითაც. რამდენიმე მუსიკალური ფილმის ავტორი („უკვდავების თეთრი ვარდი“, „მეტიჩარა“და სხვ.) ვარ, თუმცა ხალხმა შეიყვარა „სიყვარული ყველას უნდა“- თი. რატომ? რამ გადაწყვიტა ხალხის არჩევანი მე არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ბევრი ვიმუშავე და გარკვეულ შედეგსაც მივაღწიე. როგორც ზემოთ ვთქვი – ჩვენ მხოლოდ შემოქმედებითი ჯგუფის პატარა ნაწილი ვართ, შესაძლოა ზოგჯერ მეტად მნიშვნელოვანიც კი.
მე დღეისათვის მახარებს, რომ დავბრუნდი ქართულ კინოში. უსაზღვროდ მადლიერი ვარ რეჟისორ გიორგი ოვაშვილის, მე ყველა მისი ფილმის(„გაღმა ნაპირი“, „სიმინდის კუნძული“, „ხიბულა“ და ა.შ.) მუსიკის ავტორი გახლავართ.

ბატონი იოსებ, ძველი ბათუმის შვილად ითვლებით. რა მოგონება გიტივტივდებათ ყველაზე ცოცხლად, როცა თვალებს ხუჭავთ?
ბათუმის ბულვარი, სადაც ზაფხულობით ღია სცენაზე უკრავდა ბათუმის გარნიზონის სასულე ორკესტრი. შესრულების ხარისხზე კარგს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სწორედ იმ აუწყობელი ორკესტრის მიერ შესრულებული, პოპულარული თუ კლასიკური მუსიკა ჩემში ყველაზე დიდ ნოსტალგიასა და მონატრების გრძნობას იწვევს.
ისე გამოვიდა, რომ, უკვე ისრაელში, მსოფლიოს ცნობილი დირიჟორის ზუბინ მეჰტას დაკვეთით, 2005 წელს, დავწერე მესამე სიმფონია და იქ, იმ ორკესტრის მუსიკოსებს, რომლებიც დიდი ხანია ცაში ამაღლდნენ, მადლიერებით შორიდან მოვეფერე.
არის თუ არა კონკრეტული მელოდია, რომელიც სულ გაგონებთ ბათუმს?
ზღვის სანაპიროზე, ზაფხულობით, ტრადიციულად, დინამიკებიდან ისმოდა იმ დროისათვის პოპულარული საესტრადო სიმღერები. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერა დღემდე, მექსიკელი პოეტისა და კომპოზიტორის კონსუელო ველასკესის ცნობილი სიმღერა „ბესამე მუჩოა“ (მაკოცე ბევრი). ამ სიმღერაში არის ყველაფერი, რაც ჩემს ახალგაზრდულ წლებს საოცარ ფერში წარმოაჩენს. ზღვა, ბათუმური ყავა, გემები, უცხოელი მეზღვაურები, თანაკლასელები, თანაკურსელები, უცხოელი მეგობრები, ჩუმი ფლირტი, უსასრულო გაცილებები, საღამოს გაუთავებელი ცეკვები…

რას გრძნობთ, როცა დღეს ბათუმზე ფიქრობთ, როგორია ეს მონატრება, მშვიდი თუ ხმაურიანი?
უფრო მეტად ხმაურიანი. მენატრება ჩვენი საქმიანი და ემოციური საუბრები მეგობრებთან. ბათუმის თოჯინების თეატრში (რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო კავშირში) მოულოდნელი ჩანაფიქრის განხორციელებით გამოწვეული სიხარული. ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში (რომლის დირექტორიც ვიყავი რამდენიმე წელი) მოწყობილი უამრავი კონცერტი, გამოფენა, მუსიკალური ფესტივალები, რომლის იდეის ავტორიც ხშირად მე გახლდით. რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის, მხატვარ ნინო ნიჟარაძის მიერ ნახევრად ნაომარ საქართველოს ჩაბნელებულ პროვინციულ, მაგრამ ამბიციებით სავსე ქალაქში, საოცარი ექსპერიმენტული ტიპის პერფორმანსების მოწყობა. განუმეორებელი თითების თეატრის დაბადება, მათი პირველი წარმატება. ჩემ მიერ შექმნილი ინტერნაციონალური გუნდის საკონცერტო გამოსვლები. დრამატურგ შოშია ჩხაიძესთან უსასრულო კამათი თანამედროვე თეატრის მომავალზე. შეხვედრები ბათუმზე თავდავიწყებით შეყვარებულ სტუმრებთან, და ბევრი სხვა რამ.
არის რომელიმე ადგილი ბათუმში, სადაც დღესაც რომ დაბრუნდეთ, თქვენს თავს, ბავშვობისას როგორიც იყავით, ხელს ჩასჭიდებდით?
ისევ და ისევ პროვინციული ზღვისპირა კოხტა ქალაქის ძველი უბანი, ებრაელთა სალოცავი კამოს ქუჩაზე, ბათუმის ბულვარი. საზაფხულო თეატრი, ყოფილი სტალინის ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზია(მგონი დღეს იქ ბანკის შენობაა)და ბათუმის თეატრის შენობა(მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს).
ხშირად, სამშობლოსგან შორს ყოფნით იღლებიან ადამიანები, თქვენ რა გეხმარებათ შინაგანად – მუსიკა, მოგონება, თუ რაღაც სხვა ძალა?
საერთოდ, ამ მხრივ, ჩემდა გასაკვირად, კარგი თვისება აღმომაჩნდა. ის რაც წარსულთან არის დაკავშირებული სადღაც შორს გადავდო და ვიცხოვრო დღევანდელი დღით, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, ყოველდღიურად ძალიან დატვირთული და შემოქმედებითად საინტერესოა.
დღევანდელი გადასახედიდან, რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი გზავნილი?
პატარა ქართველი ებრაელი ბიჭის თვალით დანახული უსასრულო სამყარო.
თუ თქვენს მუსიკას შეეძლებოდა ერთი წინადადებით ესაუბრა თქვენს ცხოვრებაზე, რომელი ფრაზა იქნებოდა ის?
მე მტკივა ებრაელი ერის ტკივილით და ვოცნებობ, როგორც სჩვევია ქართველ ერს…
არის თუ არა ერთი კონკრეტული ხმა ბათუმიდან, რომელსაც თუ გაიგონებდით, ბავშვობაში დაგაბრუნებდათ?
„ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა“(გენიალური პოეტის, ვახტანგ ღლონტის ლექსი).
რისი მოსმენისას, ან ყურებისას იტირეთ ბოლოს?
წლებში შესული ადამიანი უფრო ემოციურად აღიქვამს ბევრ რამეს. ტირილით არ ვტირი, მაგრამ შესაძლოა გული ამიჩუყოს ძველმა სურათმა, სადაც ჩემი მშობლები სრულიად ახალგაზრდები არიან, ასევე წიგნმა, რომელსაც შენდაუნებურად ისევ უბრუნდები, მუსიკის კარგმა შესრულებამ, კარგმა ფილმმა, სპექტაკლმა.
რომელ ფილმში იცხოვრებდით ერთი დღით, თქვენი სულის ყველაზე ახლო რიტმების გამო?
ფელინის 8½-ში.

თუ საკუთარ ცხოვრებაზე შექმნიდით ფილმს, როგორი იქნებოდა მისი ყველაზე ძლიერი მუსიკალური თემა?
მაქვს ერთი სიმღერა, რომელიც ბათუმს მივუძღვენი. მისი მუსიკალური წანამღერი კი უფრო ადრე ზურაბ ინაშვილის შესანიშნავ სატელევიზიო ფილმ „მაისის თოვლში“ ჟღერდა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.
უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით 20 წლის იოსებ ბარდანაშვილს?
არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება…
რა არის ის ბედნიერება, რომელიც ყველაზე უბრალო ფორმით მოდის თქვენთან?
შინაგანი სიმშვიდე, რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამის შეგრძნებას კი ჩემი მეუღლე მაია, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და ერთგული მსმენელები მძენენ.
ჩემს საქართველოს, ქართველებს, ჩემს ბათუმს ვეტყოდი რომ?
უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი!
თუკი ჩემში რაიმე კარგია, ეს ისევ იმ საოცარი ადამიანების დამსახურებაა, რომლებთანაც ახლო, მეგობრული თუ შემოქმედებითი ურთიერთობა მქონდა. ბევრი მათგანის სახელი (გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა) დღეს უკვე ჩვენი „პატარა“ კოხტა ქალაქის, დიდი ქართული კულტურისა და ქართული ისტორიის უმნიშვნელოვანესი სახეა.
ღმერთმა ისეთ დროს მარგუნა შემოქმედებით ასპარეზზე გამოვსულიყავი, როდესაც ქართული კულტურის რენესანსი იყო. ის, რაც უანგაროდ გამიკეთებია ჩემი ქალაქისთვის და რის კეთებასაც დღეისთვის კიდევ ვაგრძელებ, შესაძლოა ხვალ, თქვენი მდიდარი ხელოვნების ისტორიის მოზაიკის პატარა განუყოფელ ნაწილად იქცეს.
და თუ ეს ასე იქნება, მე ეს მხოლოდ ბედნიერს გამხდის.

ფოტო: პირადი არქივი












