25 წლის ამერიკელმა მსახიობმა ტიმოთი შალამემ საყოველთაო აღიარება უნიკალური შესრულებით, ყველასგან განსხვავებული გარეგნობითა და გამორჩეული პიროვნული მახასიათებლებით მოიპოვა. ის არის არტისტი, რომელიც პროფესიული კუთხით გამუდმებით იზრდება და ყალიბდება. ტიმოთის სამსახიობო კარიერა 2018 წლის შემდგომ რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ბოლო 80 წლის განმავლობაში “ოსკარის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში იყო ნომინირებული. Call Me By Your Name გახდა ფილმი და მსახიობის პირველი მთავარი როლი, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა კულტურული აღფრთოვანების ობიექტად აქცია.
მის გარეგნობაში იგრძნობა “რომანტიკული სილამაზე”, ტიმოთის შეუძლია იყოს დახვეწილი მანერების მქონდე არისტოკრატი, ამავდროულად კი ითამაშოს მავნე თვისებების მქონე უტაქტო ადამიანი. მასში იგრძნობა კონტრასტი, ერთგვარი კვეთა ახალგაზრდულ თავისებურებებსა და გამოცდილი ადამიანის თვისებებს შორის, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მსახიობი სხვებისგან ასე გამორჩეულია – ექსპერიმენტული სტილია, მისი მიდრეკილება ახალი ბრენდებისკენ ყოველთვის საინტერესო, გემოვნებიანი და მოდური არჩევანით სრულდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტიმოთის არ ჰყავს პირადი სტილისტი, რაც მის გარეგნობას კიდევ უფრო მეტად გამორჩეულს ხდის. ტიმოთი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, მაგალითად, როდესაც ახალგაზრდა შემსრულებელმა „ვენეციის კინოფესტივალზე“ ჰაიდერ აკერმანის სამოსი ჩაიცვა, დიზაინერის პოპულარობა ინტერნეტში საგრძნობლად გაიზარდა.
ტიმოთი შალამე მამაკაცის მრავალფეროვანი სამოსის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ვარსკვლავი ყოველთვის პოულობდა ზღვარს ტრადიციულ „მასკულინურ ნორმებსა“ და ფემინურობას შორის. ტიმოთი 2019 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებას „ლუი ვიტონის“ სამოსით დაესწრო, როდესაც სხვები ცერემონიაზე ტრადიციული სმოკინგებით მივიდნენ. ახალგაზრდა ვარსკვლავს შეუძლია ერთ დღეს სპორტული ტანსაცმლით შემოსვა გადაწყვიტოს, ხოლო მეორე დღეს ფლორალური პრინტით გაფორმებული სამოსით გამოჩნდეს.
თუ “მამაკაცების მოდა” წითელ ხალიჩაზე „ჩვეულებრივი ასიმილაციაა“, ტიმოთი შალამე არის ადამიანი, რომელსაც სურს გააკეთოს ის, რაც ყველასგან განსხვავდება. ეს ყოველივე მიუთითებს გამოხატვის თავისუფლების სურვილზე.
“შენ იქნები ის, ვინც გინდა, რომ იყო. არ არსებობს რაიმე განსაზღვრული, რომ აუცილებლად უნდა იყო მასკულინური. ეს ახალი, მამაცი სამყაროა. ეს ყველაფერი კი ალბათ ნაწილობრივ სოციალური ქსელის გამოც ხდება, აღმაფრთოვანებელია ჩვენი თაობის თანამედროვე შეხედულებები.” – განაცხადა მსახიობმა ჰარი სტაილსთან ინტერვიუში.
ტიმოთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს საკუთარ ინსტინქტებს ენდობა, თუმცა ყველაზე მეტს მაშინ ფიქრობს, როდესაც მათში ყველაზე მეტად დარწმუნებულია. შემსრულებელს ყოველთვის სურდა გამოეხატა, რასაც სინამდვილეში გრძნობდა, ეცხოვრა სწორი გზით და გამხდარიყო ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ ყოველთვის შეეძლო ყოფილიყო.
ტიმოთიმ ამა წლის ივლისის თვეში დაიქირავა პატარა სახლი, როგორც პატარა შესაძლებლობა ყველაფრისგან თავის დასაღწევად. ის ახალ დოკუმენტურ ფილმში ბობ დილანის როლის თამაშისთვის ემზადებოდა. მართალია, გლობარული პანდემიის გამო უცნობი იყო, თუ როდის დაიწყებოდა გადაღებები, თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ მას საკმარისად ექნებოდა დრო განტვირთვისა და კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრაციისთვის.
“ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს იმას, რომ კავშირის ნაკლებობით ვიტანჯები, პირიქით, თითქოს რაღაც ახალს ვუკავშირდები.”
როდესაც შემსრულებელი სახლში მივიდა, აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი კედელი დილანის ალბომებისთვის იყო მიძღვნილი. ახალგაზრდა მსახიობს ქოხი თავდაპირველად გადაჭარბებულად მიაჩნდა და ეგონა, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შესახებ მიუთითებდა. ის მთელი თვის განმავლობაში ნიუ-იორკიდან Woodstock-ში დადიოდა. მან დეტალურად შეისწავლა ისევე როგორც ბობ დილანის შექმნილი ხელოვნება, ასევე მისი პერსონა და პიროვნული მახასიათებლები. ტიმოთი გაოცებული იყო იმით, თუ როგორ შეეძლო ბობს ყოფილიყო არტისტი, რომელმაც ინდუსტრიაზე ამხელა გავლენა მოახდინა, ამასობაში კი შეენარჩუნებუნა „რეალური მე“ რომელიც მისი მუსიკის მიღმა იმალებოდა. მან სახლი Woodstock-ში იმიტომ იქირავა, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო. მას სურდა განმარტოება, რათა დაეშვა შეცდომები, რომელზე ფიქრი და დარდი აღარ დასჭირდებოდა, რაც მას კიდევ უფრო დისკომფორტულ სიტუაციას უქმნიდა.
Woodstock -ში დროის გატარებისას მან დილანის მისამართები მოძებნა. ის უცნობ ადგილებში ჩანაწერებით დადიოდა, რომლებსაც დილანის მოგონებების წაკითხვისას ინახავდა. ის იყო 24 წლის მსახიობი, რომელმაც კარიერის ფაზებს შორის არსებული პაუზა თავის სასიკეთოდ გამოიყენა. ტიმოთი გიტარასა და ჰარმონიკაზე უკრავდა და შესაფერის პირობებში ვარჯიშობდა. მან წაშალა ინსტაგრამის აპლიკაცია ტელეფონიდან. ეს არ იყო ადგილი, რომელიც გამუდმებით ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა მას ჰქონდა ყველაზე მთავარი: მას ნორმალურად სუნთქვა და მშვიდად ძილი შეეძლო. მის გარშემო სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა, მზის სხივი მის ფანჯრებში ხეების გავლით აღწევდა. ზედმეტად ჰარმონიულმა გარემომ ტიმოთი ოდნავ შეაშფოთა კიდეც.
აღნიშნული ფილმის გადაღებების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც რეჟისორ დენი ვილნოვის ფილმის Dune-ის გამოსვლის ზუსტი დრო. არსებული ინფორმაციით ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, საზოგადოება 2021 წლის პირველ ოქტომბერს იხილავს.
რეჟისორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მსახიობი იყო “პირველი და ერთადერთი არჩევანი” პოლ ატრეიდის როლისთვის, მისი განცხადებით შემსრულებლის უარის შემთხვევაში მას სათადარიგო კანდიდატიც კი არ ჰყავდა. ის არის “ბავშვი” რომელმაც ძალიან ბევრი იცის ცხოვრების შესახებ, მიუხედავად თავისი ასაკისა. მას აქვს ქარიზმა, როკვარსკვლავის ქარიზმა, რომლის პოვნაც ზოგჯერ მხოლოდ ადრეული საუკუნის ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავებშია შესაძლებელი.
“ვგრძნობდი, რომ ამ ქვეყნად არ არსებობდა ადამიანი, ვისაც ამ როლის უკეთ თამაში შეეძლო. დიდი შვება იყო ჩემთვის, როდესაც როლზე დამთანხმდა, იმიტომ რომ ჩემთვის ტიმოთი არის პოლ ატრეიდი და სათადარიგო გეგმა არ მქონდა.”
“მას თვალებში აქვს ღრმა ინტელექტი, ეს ისეთი რამაა, რასაც ვერ გააყალბებ. ეს ბავშვი ბრწყინვალეა, ძალიან ინტელექტუალური და ჭკვიანი. ამ ყველაფერს მის თვალებში ვხედავ. მას აქვს ზრდასრული სული, შენ კი გგონია, რომ დიდი გამოცდილება აქვს და უკვე რამდენიმე ცხოვრება გამოიარა, ამავდროულად კი ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, რომ ზოგჯერ 14 წლის ბავშვი გგონია.”
როდესაც ტიმოთი გადასაღებ მოედანზეა მისთვის მნიშვნელოვანია “საკუთარი სივრცის” შექმნა, რათა აღარ მოუწიოს ყველასთან „მეგობრობა“. მისთვის აუცილებელია ენერგიის დაზოგვა, საქმეზე კონცენტრაცია და პირადი სივრცის დაცვა.
“როდესაც პატარა გადასაღებ მოედანზე ხარ და იქ 25 ადამიანია, შეგიძლია 25-ივესთან იყო მეგობრულად, თუმცა როდესაც შენს გარშემო 800 ადამიანია, ყველასთან კარგად ყოფნა შეუძლებელია.”
ტიმოთი შალამე იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც საზოგადოებას არამარტო მისი შესრულებული როლების, არამედ პიროვნული მახასიათებლების გამოც ძალიან უყვართ. ვარსკვლავის გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ტიმოთი ფანების მიმართ დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩევა, როდესაც მას აქებენ, თავს მორცხვად ხრის და ეღიმება. ახალგაზრდა ვარსკვლავს განსაკუთრებული დამიკიდებულება აქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც მასზე უფროსები არიან.
“მისი დადებითი ენერგია ინფექციურია, მასთან მუშაობა კი ძალიან სახალისო. ჩვენ ერთმანეთის მსგავსი იუმორის გრძნობა გვაქვს, შეგვიძლია დიდხანს გავაგრძელოთ ხუმრობა, მაგრამ როდესაც გადაღება იწყება და მუშაობის დრო დგება, ის სულ სხვა ადამიანად გადაიქცევა.” – ამბობს ტიმოთის შესახებ ზენდეია.
დენი ვილნევმა განაცხადა, რომ ტიმოთი გამუდმებით ესაუბრებოდა მას და მის მეუღლეს საკუთარ მოსაზრებებზე, შიშებზე, თუ როგორ უმკლავდებოდა მუშაობის პროცესში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებს. რეჟისორმა ასევე აღწერა ტიმოთის ურთიერთობა მსახიობებთან, განსაკუთრებით ჯეისონ მომოასთან.
“ტიმოთი გადასაღებ მოედანზე უფროს ძმებთან ერთად პატარა ბავშვივით იყო. ფილმში არის ერთი სცენა, სადაც ჯეისონს ტიმოთი ხელში ლეკვივით აჰყავს და მაღლა სწევს, თითქოს ბუმბულივით მსუბუქი იყოს, მათ მართლა უყვარდათ ერთმანეთი, ეს ყველაფერი კი ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო.”
“ტიმოთისთან მუშაობისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცის დაბადებას ვარკვირდებოდი. ამას მოკრძალებით ვამბობ, ტიმოთი არის ადამიანი, რომელსაც აქვს უსაზღვრო პოტენციალი, როდესაც ვახსენებ პოტენციალს ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმას ვამცირებ, რასაც ახლა აკეთებს. უბრალოდ ზოგჯერ ვგრძნობ, რომ საქმე გვაქვს ძლიერ არტისტთან, რომელიც გამუდმებით იზრდება.”