სახელმწიფო სამსახურში არაკეთილსინდისიერი ქმედებების ბრალდებით, მეფე ჩარლზ III-ის ძმა, ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბეტენ–ვინძორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
სამეფო ოჯახის წევრის დაკავება ტემზის ველის პოლიციამ (Thames Valley Police) განახორციელა. სამართალდამცავების განცხადებაში წერია, რომ 19 თებერვალს, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ეჭვით, ნორფოლკში მცხოვრები 66 წლის მამაკაცი აიყვანეს. ცნობისთვის, 19 თებერვალი ყოფილი პრინცის დაბადების დღეა.

„გამოძიების ფარგლებში, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. მის ვინაობას ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, არ დავასახელებთ. ეს საქმე ამჟამად აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ნებისმიერი პუბლიკაციის მიმართ, რათა სასამართლოს უპატივცემულობა თავიდან აიცილოთ“, – ვკითხულობთ ტემზის ველის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის უფროსის თანაშემწემ, ოლივერ რაიტმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიება გარემოებათა „საგულდაგულო შეფასების“ შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, სამართალდამცავებს გაცნობიერებული აქვთ საქმის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი და პირობას დებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 თებერვალს დილით, ნორფოლკში მდებარე სანდრინგემის მამულთან, სადაც ენდრიუ ვინძორი რეზიდენციის დატოვების შემდეგ ცხოვრობს, პოლიციის ავტომობილები შენიშნეს.
ეს ყოფილი პრინცის დაკავების პირველი შემთხვევაა იმ მრავალწლიანი ბრალდებების ფონზე, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინთან კავშირებს ეხება. ყოფილი პრინცი აქამდე ყოველგვარ სამართალდარღვევას უარყოფდა. გამოძიება გრძელდება.
ენდრიუ და ეპშტეინის საქმე
2022 წლის იანვარში, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირებისა და აშშ-ში აღძრული სამოქალაქო სარჩელის გამო აგორებული სკანდალების შემდეგ, დედოფალმა ელისაბედ II-მ პრინც ენდრიუს სამხედრო ტიტულები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლობის უფლება ჩამოართვა. ის აღარ იყენებს ტიტულს „მისი სამეფო უდიდებულესობა“ და მას შემდეგ ყოფილ პრინცად ითვლება.
![]()
2025 წელს ცნობილი გახდა, რომ მეფე ჩარლზ III-მ თავის უმცროს ძმას, ყოფილ პრინც ენდრიუს, ბოლო სამეფო საპატიო წოდებებიც ოფიციალურად ჩამოართვა.

მეფე ჩარლზ III-მ თავისი ძმისა და ყოფილი პრინცის, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორის დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელა:
“ღრმა შეშფოთებით შევიტყვე ამბავი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორისა და საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენების ეჭვის შესახებ. ახლა დაიწყება სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ საკითხის სათანადო გამოძიება შესაბამისი ორგანოების მიერ. ამ მხრივ, როგორც უკვე ნათქვამი მაქვს, მათ ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აქვთ.” – განაცხადა მეფე ჩარლზ III-მ.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა და სასახლიდან გააძევა












