ნიკოლ კიდმანის უფროსი ქალიშვილი პარიზის 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის მაღალი მოდის ჩვენებაზე პირველად გამოვიდა. 17 წლის სანდეი როუზმა Dior-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, ჯონათან ანდერსონმა, თავისი სადებიუტო კოლექცია წარადგინა.

მოდელი კამერების წინაშე გრძელი, ნიანგის ტყავის ტექსტურის მქონე, შავი პალტოთი გამოჩნდა, რომელსაც დიდი, იასამნისფერი ორქიდეა ამშვენებდა. ჩვენებისთვის გოგონამ თმის ფერი უფრო მუქი, მოწითალო ელფერით შეიცვალა.

ეს სანდეი როუზის პირველი გამოჩენა იყო Dior-ის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე, თუმცა მოდელი 2025 წლის ოქტომბერში ბრენდის მზა სამოსის ჩვენებაში მონაწილეობდა.
ჩვენებას 58 წლის ნიკოლ კიდმანიც დაესწრო, რომელიც უფროს ქალიშვილს მხარს პირველი რიგიდან უჭერდა. მის გარდა, ჩვენებას რიანა, ჯეფ ბეზოსი, ლორენ სანჩესი, დევა კასელი და მრავალი სხვა სტუმარი ესწრებოდა.

სანდეი როუზის პოდიუმზე დებიუტი შარშან, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა, სადაც გოგონამ Miu Miu-ს ახალი კოლექციის ჩვენება გახსნა. მას შემდეგ გოგონა მოდელის კარიერას აშენებს. ნიკოლ კიდმანი თავის ქალიშვილს ყველაფერში მხარს უჭერს და მისი წარმატებით ამაყობს.

2025 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი 19 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მოარული ხმების თანახმად, განქორწინება მომღერლის ინიციატივით მოხდა. სანდეის გარდა, წყვილს 14 წლის ქალიშვილი, ფეით მარგარეტი ჰყავს, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით დაიბადა და დის მსგავსად, მოდელობას გეგმავს. კიდმანს ასევე ორი აყვანილი შვილი ჰყავს: ქალიშვილი იზაბელა და ვაჟი კონორი.



ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?












