ახალი წლის დადგომა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა, უცნაურ და სიმბოლურ ტრადიციებთან ასოცირდება. სწორედ ეს განსხვავებები ქმნის თითოეული ქვეყნის უნიკალურობას. მოდით განვიხილოთ დანიის უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები.
თუ ოდესმე საახალწლოდ დანიის სტუმრობას გადაწყვეტთ, ახალი წლის დილას სახლების წინ დამსხვრეული თეფშების სიმრავლემ არ უნდა გაგაკვირვოთ. მეზობლებისა თუ მეგობრების კარებთან მთელი წლის განმავლობაში გამოუყენებელი თეფშების დამსხვრევა საყვარელი ადამიანებისთვის ბედნიერი და წარმატებული წლის მომასწავებლად მიიჩნევა სკანდინავიის ამ ქვეყანაში. სახლის შესასვლელთან დაგროვებული ჭურჭლის რაოდენობა კი იმას განსაზღვრავს, რამდენად მეტი ან ნაკლები იღბლის მომტანი გამოდგება ახალი წელი. რა თქმა უნდა, ტრადიციის უჩვეულობის გამო ხალხს გაუთვალისწინებელ და სახალისო ვითარებებთანაც უწევთ გამკლავება დღესასწაულის აღნიშვნისას.
აღსანიშნავია, რომ დანიელებს იღბლის მომტანი კიდევ ერთი უცნაური წინასაახალწლო ტრადიცია ეკუთვნით: სანამ 12 საათი შესრულდება, სკამზე ან სავარძელზე ადიან და ხტებიან ახალ წელიწადში, რათა გასული წლის წარუმატებლობები თუ უარყოფითი ენერგია უკან მოიტოვონ და ახალი შესაძლებლობებითა და შემართებით შეეგებონ დამდგარ წელიწადს.















