Giorgio Armani –ის ჯგუფი Emporio Armani-ის სტრატეგიას ცვლის. WWD-ის ცნობით, ბრენდი ტრადიციულ, გენდერული ნიშნით გაყოფილი მოდის ჩვენებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
2026 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონიდან დაწყებული, ბრენდის მამაკაცის კოლექციები მილანის მოდის კვირეულზე Emporio Armani-ს ქალის ტანსაცმლის კოლექციებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. კომპანიის განცხადების თანახმად, ეს ინიციატივა თავად ჯორჯო არმანის ეკუთვნის, თუმცა საბოლოოდ, ლეო დელ’ორკოსა და სილვანა არმანის მოწონების შემდეგ დამტკიცდა. დელ’ორკო არმანის ძველი პარტნიორი და მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის ხელმძღვანელია, ხოლო სილვანა არმანი კომანიის დამფუძნებლის დისშვილია. ამ ნაბიჯით ბრენდი „ერთიანი ესთეტიკური მიმართულების“ ხაზგასმას ცდილობს.

გარდა ამისა, Emporio Armani 16-20 იანვრის მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას. 17 იანვარს, ბრენდი და მისი სპორტული ტანსაცმლის ხაზი – EA7 ვია მანზონიზე მდებარე ბუტიკში სპეციალურ ღონისძიებას გამართავენ. ღონისძიება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე კომპანიის, როგორც იტალიის ეროვნული ნაკრების პარტნიორისა და ოფიციალური ფორმების მიმწოდებლის როლს აღნიშნავს. მოდის ინდუსტრიაში ვრცელდება ხმები, Giorgio Armani-ს კრეატიულ დირექტორად უახლოეს ხანებში ფრანგი დიზაინერი ედი სლიმანი დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის დამფუძნებელი და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, დიზაინერი, ჯორჯო არმანი 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოდის გარდა, არმანიმ ბიზნესი გააფართოვა და შექმნა Emporio Armani, Armani Exchange, Armani Casa და სხვა ხაზები, ასევე შევიდა სუნამოების, სასტუმროებისა და ინტერიერის დიზაინის სამყაროში. მისი ხედვა აერთიანებდა დახვეწილ გემოვნებასა და ხელმისაწვდომ ელეგანტურობას, რაც მილიონობით ადამიანს აძლევდა საკუთარი სტილის გამოხატვის საშუალებას.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია












