1958 წლის 16 აგვისტოს, აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, მომღერალი, მსახიობი და დიზაინერი, პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა − მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა. ქალი, რომელმაც თავისი საქმიანობით მუსიკაში, მოდასა და კინემატოგრაფში გადატრიალება მოახდინა.
მადონას კარიერაში არის რაღაც განსაკუთრებული, თავისუფალი სულით აწყობილი მოტივები. ძლიერება, ინოვაცია და თვითმყოფადობა − მახასიათებლები, რომლებიც მას ყველა დანარჩენი ვარსკვლავისგან გამოარჩევდა. მადონას შემოქმედებაში სიმღერა შესაძლოა იყოს მისი მთავარი მხატვრული არხი, მაგრამ მადონას პერფორმანსი მგზნებარე, მიმზიდველი და მუდმივად მზარდი ქორეოგრაფიული ნაწარმოებია. გავლენა, რომელიც საუკუნის შემსრულებელმა ქალმა მუსიკალურ ინდუსტიაზე მოახდინა, დეკადების გასვლის შემდეგაც კი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, შესაძლებელია იყო მეამბოხე და შეუპოვარი, ამავდროულად კი, ძლიერი და დადებითი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა გააკეთე, საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე“.
მადონამ მოდის ინდუსტრიაზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. პოპვარსკვლავისა და კუტურიეს აპოთეოზი შესაძლოა განვიხილოთ როგორც მადონასა და ჟან პოლ გოტიეს გაერთიანება, იგივე მოდისა და პოპკულტურის სინთეზი. ბიუსტჰალტერები და კორსეტები, რომლებიც ფრანგმა დიზაინერმა შემსრულებლის Ambition Tour-ისთვის შექმნა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია. მადონა წლების გასვლის შემდეგაც კი მის ყველაზე ცნობილ კლიენტად რჩება. დიზაინერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მადონასთან ერთად მუშაობის პერიოდი მისი საუკეთესო კოლაბორაციაა. საერთაშორისოდ ცნობილი ფაქტია, რომ ფრანგმა ხელოვანმა მადონას ხელი სამჯერ სთხოვა.
პოპის ქალღმერთს აქვს ტრანსფორმაციის უნარი, სხვადასხვანაირად გარდაიქმნას ალბომებისთვის, ვიდეოკლიპებისთვის, ფოტოსესიებისთვის, მსოფლიო ტურნეებისა და ფილმებისთვის, ამ შესაძლებლობამ კი ის მუდმივი გარდაქმნის ოსტატად აქცია.
„სიძლიერეა გეუბნებოდნენ, რომ მათ არ უყვარხარ და ამით არ ნადგურდებოდე“.
მადონას ხშირად აკრიტიკებდნენ თავისუფლების დემონსტრირებისთვის და მას „სექსუალურ პროვოკატორსაც“ უწოდებდნენ. შემსრულებელი საკუთარი შემოქმედებით საუბრობდა რასობრივი და კულტურული მიდგომების შესახებ, ეხებოდა ფუნდამენტური რელიგიისა და რასიზმის გავლენებს. იქამდე წარმოუდგენელი ბარიერების დარღვევის გამო, მან ხალხი არაერთხელ აღაფრთოვანა და აპლოდისმენტებიც ბევრჯერ მიიღო.
„ბევრ ადამიანს ეშინია თქვას ის, რაც უნდა, ამიტომაც ვერ იღებენ იმას, რაც სურთ… საკუთარ თავზე ხშირად მეცინება. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ. ხშირად უნდა იცინოთ, განსაკუთრებით − საკუთარ თავზე“.
2016 წელს როდესაც Billboard-ისგან მადონამ წლის ქალბატონის ჯილდო მიიღო, მომღერალმა ისაუბრა წესებზე, რომლის სწავლაც მას მოუწია, რათა საზოგადოებას ის, როგორც ქალი შემსრულებელი, მიეღო:
„ნუ დაბერდები, რადგან ასაკის მატება ცოდვაა. თქვენ გაგაკრიტიკებენ, ცილს დაგწამებენ და რა თქმა უნდა, საკუთარ ხმას რადიოშიც ვერ გაიგებთ“.
მადონა, დონატელა ვერსაჩე და შერი
მადონამ მთელი მსოფლიო ააცეკვა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ცნობილია რეალური მადონა როგორია, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ის ყოველთვის „თანამედროვე მოცეკვავე“ იყო, არის და იქნება. არა მომღერალი, რომელიც ცეკვავს, არამედ მოცეკვავე, რომელიც მღერის. კოორდინირებული სხეული, შეთანხმებული მოძრაობები, ბუნებრივი რიტმი − ეს არის დეტალები, რომლებიც მას ნებისმიერ ჭრილში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევდა.
2017 წელს Harper’s Bazaar-თან საუბრისას მადონამ განაცხადა:
„როდესაც live-შოუებს ვაკეთებ, მხატვრული თვალსაზრისით ვგრძნობ შთაგონებასა და აღფრთოვანებას, რადგან ბევრი რამ მაქვს სათქმელი და გასაკეთებელი. ეს ყველაფერი კი ისე არ მოხდება, თუ უბრალოდ სიმღერას ჩავწერ“.
2018 წელს მადონამ The Cut-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ის არასდროს შეწყვეტს იმ სოციალურ ნორმებზე საუბარს, რომელიც ასაკოვან ქალებს კონკრეტული ქცევებისკენ მოუწოდებს:
„არ ვფიქრობ, რომ ასაკს ვებრძვი, უბრალოდ ვაგრძელებ ცხოვრებას. არასდროს ვყოფილვარ კომფორტულად, მაგრამ არაკომფორტული სიტუაციისგან თავის დაღწევას ვცდილობ და ვრისკავ. თუ ყოველთვის იქნები სიახლის ძიებაში, მაშინ სამუდამოდ ახალგაზრდად დარჩები“.
„ჩვენ გვჭირდება მისაბაძი ადამიანები. ხალხს ეშინია იმის, რაც უცნობი და უცხოა მათთვის. ამჟამად ქალებს სხვა ადგილი უჭირავთ სამყაროში. ჩვენ გვაქვს უფრო მეტი სამუშაო ადგილი და გამუდმებით ვიბრძვით გენდერული თანასწორობისთვის. ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ მხოლოდ კარიერაზე, არამედ საკუთარ თავზეც. უნდა იყო ცნობისმოყვარე, ყოველთვის უნდა ეცადო თავი იგრძნო კარგად − იქნება ეს ვარჯიში, სახის კანის მოვლა, სიამოვნება თუ გართობა. საკუთარი თავის სიყვარულისთვის წესები არ არსებობს“.
„მოძველებული და პატრიარქალური იდეაა ის, რომ ქალმა 40 წლის ასაკიდან გართობა უნდა შეწყვიტოს. რატომ უნდა ჰქონდეთ მხოლოდ მამაკაცებს უფლება ეძიონ თავგადასავლები, იყონ ცნობისმოყვარენი და თავს მოუარონ? ახლა ის გამოწვევები, რომლებიც 20 წლის წინ მქონდა, სასაცილოდ ჟღერს. როდესაც ხალხი იმის გამო მაკრიტიკებს, რომ ასაკით ჩემზე პატარა ბიჭებს ვხვდები, ჩემთვის სასაცილოა, მათთვის კი შეუფერებელი. ეს წესები ვინ დაადგინა? არა უშავს, მე ვაგრძელებ ბრძოლას. ათიდან ოცი წლის მონაკვეთში ყველაფერი ნორმალურად იქნება. ხალხი გაჩუმდება“.
1984 წელს როდესაც მადონა American Band Stand-ში გამოჩნდა, დიკ კლარკმა მას შეკითხვა დაუსვა: „რა არის შენი ოცნება, რა დაგრჩა?“ მადონამ კი მყისვე უპასუხა: „ვმართო სამყარო“. კინოს ვარსკვლავებსაც კი სჭირდებათ პატარა მომენტი, როდესაც კამერა ჩერდება, მაგრამ არა მადონას. ის არის გლობალური სუპერვარსკვლავი, იღებდა დოკუმენტურ ფილმებს, რომლებშიც თავადაც მონაწილეობდა.
იმ კრიტიკის მიუხედავად, რომელსაც შემსრულებელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში იღებდა, ყურადღების ცენტრში ყოფნას მაინც იმსახურებდა. გარდა საერთაშორისო აღიარებისა, მადონა გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალი შემსრულებელია. 1982 წელს სადებიუტო სინგლ Everybody-ის გამოსვლის შემდეგ, მადონა მალევე გახდა გლობალური ფენომენი. მას გაყიდული აქვს 64 მილიონზე მეტი ალბომი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 300 მილიონზე მეტი მთელ მსოფლიოში.
მისი პირველი ჰიტი borderline 1984 წელს გამოვიდა, ხოლო სიმღერამ Like A Virgin შემსრულებელს აღიარება მოუტანა. მიუხედავად უკვე არსებული წარმატებისა, შეიძლება ითქვას, რომ მადონას ვარსკვლავობა მისმა სიმღერამ, Material Girl-მა მოუტანა. ყველაზე დიდი ჰიტების მქონე ალბომი Immaculate Collection 1990 წელს გამოსვლიდან 338 კვირა იყო ჩარტებში. მუსიკალურმა ინდუსტრიამ მადონას შემოქმედება არაერთხელ დააფასა, შემსრულებელმა დღემდე მოიპოვა „გრემის“ 28 ნომინაცია, რომლიდანაც 7 მოგებული აქვს. მადონა წლების გასვლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, პოპის ქალღმერთი 62 წლის ასაკშიც წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.