ვფიქრობ, რაც არ უნდა დავწერო, მაინც არ იქნება საკმარისი დღევანდელი ჩემი რესპონდენტის დასახასიათებლად. მისი გაცნობის პატივი 12 წლის წინ მერგო, ის ჩემი ლექტორი იყო. დღესაც მახსოვს პირველი ემოცია, მისი თხრობის მანერით მოხიბლული რომ ვფიქრობდი – ის სხვებს არ ჰგავდა და იყო ნამდვილი… იმ დღის შემდეგ, თუ სადმე ყურს მოვკრავ, რომ მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექციაა, რომ ანამ რაღაც ამბავი უნდა მოჰყვეს, უმალ იქ ვჩნდები, რადგან ამბებს მასავით ვერავინ ჰყვება. ასეთი ამბავია, იყო და არა იყო რა, ქალაქ თბილისში ცხოვრობდა პატარა ანუკა, რომელსაც ჯადოსნური ნიჭი ჰქონდა – მოეყოლა ამბავი ისე, როგორც არავის. ქართული OK! გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს თანამედროვე ქართველ მწერლთან, მთარგმნელსა და ამბავთ მთხრობელთან, ანა კორძაია-სამადაშვილთან.
ანა, მე მიყვარს თქვენი მოყოლილი ამბები, თქვენი თხრობის მანერა შთამბეჭდავია… როდის და რატომ დაიწყეთ ამბების მოყოლა?
ანა კორძაია-სამადაშვილი: დიდი მადლობა. მე ძალიან მიყვარს, როცა მიყვებიან ამბებს, თავდავიწყებით მიყვარს და არც აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ მიყვება ან როგორ ჰყვება. ძნელად ვუძლებ, როცა შუა გზაზე მიწყვეტენ, მერე ვნერვიულობ და არ ვიცი, რა ვუქნა ამ ამბავს. თხრობა დავიწყე, რადგან ძალიან ბევრი ამბავი დამიგროვდა და სადმე უნდა წასულიყო.
ყოველთვის ნამდვილ ამბებს ჰყვებით?
ყოველთვის ვყვები ამბებს, რომლებიც ან ნანახი მაქვს, ან გადამხდენია, ან მოუყოლიათ, ან წამიკითხავს. რომელი არის ნამდვილი და რომელი არა, საბოლოოდ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეჭვი მტანჯავს, რომ ასე, თავიდან ბოლომდე ნამდვილი ამბავი ბუნებას არც გააჩნია. როცა ამბობენ, ვიღაც არის ობიექტური, ეს მტკნარი სიცრუეა, რადგან ობიექტურები არიან გასხივოსნებულები და მე მათ არ ვიცნობ. მგონია, რომ ისტორიაც კი ცრუმეცნიერებაა, რადგან ადამიანი ჰყვება თავისი გადმოსახედიდან. სრულიად შეუძლებელია დღევანდელი დღე აი, ამ ახალგაზრდამ და მე ერთნაირად გიამბობთ, გამორიცხულია, და არცერთი არ ვიტყუებით.
და როგორ ფიქრობთ, რა არის ის ჯადოსნურობა, რაც მსმენელს თქვენს მოყოლილ ამბავში ხიბლავს?
როცა ამას მეუბნებიან, მე სიხარულისგან გული მიმდის, იმიტომ, რომ ბუნდოვანი წარმოდგენაც არ მაქვს. ჩემთვის ყველა მოყოლილი ამბავი არის ჯადოსნური.
როგორ შეძელით იმ ტრადიციულ და სტერეოტიპულ გარემოში ჩამოყალიბებულიყავით იმ პიროვნებად, ვინც ახლა ხართ?
ეს იმის დამსახურებაა, ალბათ, რომ ვარ ჩემი პაპას შვილიშვილი და მამაჩემის შვილი. ზოგადად, იღბლიანი ადამიანი ვარ და სამყარო მეუბნება – ჰო. ალბათ, ბიჭადაც რომ დავბადებულიყავი, საკუთარი დაბადებით კმაყოფილი ვიქნებოდი.
მე განვეკუთვნები ძალიან იშვიათ და ბედნიერ ადამიანთა კატეგორიას, ვინც სქესობრივი მიკუთვნილების გამო არასოდეს არავის დაუჩაგრავს. ჩემი პრობლემა ქალობა არასოდეს ყოფილა, პირიქით, ძალიან გამიმართლა, განუმეორებლად კარგი სტიპენდია მაქვს აღებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვიყავი მდედრობითი სქესის და პატარა ენის მატარებელი. ეს ძალიან მაგარია. ჩემთვის არასოდეს დაურტყამს მამას… მამაკაცები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემხვედრიან, ჩემ მიმართ იყვნენ უკიდურესად კეთილგანწყობილნი. ქართულ ლიტერატურაში თუ რაიმე გამიკეთებია, ეს არის მამაკაცების ბრალი და დამსახურება. მარადიული მადლობა იმ არაჩვეულებრივ კრიტიკოსებსა და ლიტერატურათმცოდნეებს, რომლებმაც თავის დროზე მითხრეს – კარგი გოგო ხარ და დაწერეო. მაგალითად, რომ არა მალხაზ ხარბედია, მე თავში აზრად არ მომივიდოდა, რომელიმე ჟურნალის რედაქტორთან გამეგზავნა ჩემი ნაწერი.
ქართველი ქალი…
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ყოველი ქალის ბებია იყო კოლხი მედეა. და ძალიან გთხოვთ, ბებიაჩემთან ხელის გადაწევას ნურავინ შეეცდებით, რადგან ბებიაჩემი არ იყო სახუმარო ქალი. ეს მიწა ამდენი ხანი ალბათ, იმის გამო გადარჩა, რომ გვყავს მედგარი, შეუპოვარი, ჭკვიანი, ლამაზი ქალები. ეს ძალიან კარგი ხალხის მიწაა. მე საშინლად მომწონს, რომ საქართველოში ვცხოვრობ.
საქართველო პროზის ქვეყანაა თუ პოეზიის?
რა თქმა უნდა, პოეზიის. აი, აქ არ გამიმართლა, ჩემს დღეში ლექსი არ დამიწერია.
ვინ არიან თქვენი წიგნის პერსონაჟები? რეალობაში თუ გვხვდებიან და რა აერთიანებთ მათ?
თითოეული მათგანი შემხვედრია რეალობაში, ზეპირად ვიცი, ვინ ვინ არის. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ფანტაზია, არ გამომდის იმ ადამიანის გამოგონება, ვინც არ მინახავს. მე უნდა ვიცოდე, რისი გამკეთებელია, როგორი სუნამო ასხია. ეს უნდა ვიცოდე. მე მაქვს კარგი მეხსიერება და ცუდი ფანტაზიის უნარი.
თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ „ზინკა ადამიანი“ იქნებოდა თქვენი ბოლო რომანი, დღესაც ამ აზრზე ხართ?
როდესაც „ზინკა ადამიანი“ დავწერე და როგორც იქნა, გამოქვეყნდა, მქონდა დიდი შვების გრძნობა – მეგონა ქვებით სავსე ზურგჩანთა მომხსნეს და მტკვარში გადააგდეს. მეტისმეტად დიდი ხნის განმავლობაში ბორიალობდნენ ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, ნაზად მიყვარდა ისინი და მიჭირდა მათთან დამშვიდობება. ოდესღაც ისევ მომინდება ამოვუშვა ვიღაცები და გავუშვა.
დღეს რა სათქმელი აქვს ანა კორძაია-სამადაშვილს?
ზუსტად იგივე, რაც ყოველთვის ჰქონდა.
წლებთან ერთად ღირებულებები შეგეცვალათ?
სხვათა შორის, ამაზე ბევრი მიფიქრია. არა, უბრალოდ, სურვილები შემეცვალა. ბევრად უფრო კონსერვატიული ადამიანი გავხდი, ვიდრე ვიყავი, რადგან რაღაცებზე უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ ეს სწორია, არა იმიტომ, რომ დედამ და მამამ მითხრეს, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად ცხოვრება ძალიან ძნელი იქნება. მაგალითად, როდესაც ძალიან სერიოზულად და ვითომ ნორმალურ კონტექსტში მომესმა სიტყვა – ანტისემიტიზმი, ამ დროს წითელი ამენთო… მე არ მინდა ამის გაგება! თუ ადამიანი არის ანტისემიტი, ე.ი. ის განეკუთვნება იმ ჯიშის ადამიანს, ვინც ჩემს პერიმეტრზე არ უნდა შემოვიდეს. ამის გამო საარსებო არეალის შემცირებამაც რომ მომიწიოს, შევამცირებ. მე ის არ უნდა დავინახო. ვიცი, რომ ადამიანი, რომელსაც წაკითხული აქვს „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“, არ შეიძლება იყოს რასისტი, მას ამის თეორიული შანსი არ აქვს, მაშინ ან არ წაუკითხავს, ან ურჩხულია. მე არ მინდა ურჩხულებთან ურთიერთობა, და ამ დროს ვიღაცამ მითხრას, მაგრამ იცი რა, გარემო ვითარებები… არა! არის რაღაცები, რაც არ მოსულა, არ მოსულა პედოფილია, არ მოსულა ქსენოფობია… არ მოსულა! და ვიღაც რომ ეცადოს და განმიმარტოს, ეს პედოფილი იმ პედოფილისგან განსხვავდება, არ მაინტერესებს! აი, ეს შეიცვალა, 23 წლისას შეიძლება გაფაციცებით მომესმინა, სიყვარულით და ქრისტიანული სათნოობით მოვპყრობოდი ასეთ ადამიანებს. მე ეს ხალხი არ მინდა!
რა რჩევას მისცემდით პატარა ანას…
რა ბედნიერი ხარ, რამხელა ფორა გაქვს. ყოჩაღ, შე ბედნიერო გოგო!
რა არის თქვენთვის ბედნიერება?
ბედნიერებაა, რომ სამყარო არის ძალიან დიდი და გეუბნება ჰო-ს. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხარ და შენც იმდენი ადამიანი გიყვარს, რომ შეიძლება ეს ოხერი გული გაგისკდეს. ეს არის ბედნიერება.
ძველ ნივთებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? რა ჯადოსნური თვისება აქვთ მათ?
ნივთი, რომელსაც არ აქვს ისტორია, ჩემთვის უინტერესოა. იყო ამქვეყნად ერთი კაცი, რომლის მხოლოდ სახელი ვიცი და მე ის თვალით არ მინახავს, 1936 წელს მოკლეს. მას არ ჰყოლია ცოლი, მას არ ჰყოლია შვილები, ანუ სავარაუდოდ, ჩემ გარდა ძია რუბენს არავინ არ ახსენებს. მე მაქვს სახლში ლარნაკი, რომელიც ძია რუბენმა აჩუქა თურმე ჩემს ბებიას. რამდენჯერაც ამ ლარნაკს მოვკიდებ ხელს, ყოველთვის ვხედავ ერთსა და იმავე კადრს: დაბლა – გადაჭრილ მინას, ზემოდან იყურება ძალიან ლამაზი კაცი – ძია რუბენი, ხელი აქვს აწვდილი და ხელში ლარნაკი უჭირავს. ასეთი ახსოვდა დედაჩემს… და სულ ძია რუბენსა და ამ ლარნაკზე მიყვებოდა. ეს ლარნაკი რომ არ მქონოდა, მე არ მეცოდინებოდა ძია რუბენი, ახლა კი ვიცი, რომ იყო და არა იყო რა, ქალაქ თბილისში ცხოვრობდა ერთი კაცი – ძია რუბენი, რომელსაც ძალიან არ უნდოდა, რომ დაეხვრიტათ. მას ჰყავდა მეგობარი – ჩემი პაპა და ისიც არ გიჟდებოდა გადასახლებისა და დახვრეტის პერსპექტივაზე. ერთი დრაპის პალტო ჰქონდათ – გამოსასვლელი, ხან ერთს ეცვა, ხან მეორეს. გაგეცინება და, შეთანხმდენენ, რომელსაც პირველს წაიყვანდნენ, პალტოც იმისი იქნებოდა, თბილი პალტო იყო. ძია რუბენი ისე დახვრიტეს, რომ პალტო ძია რუბენამდე ვერ მივიდა… არ გადაუსახლებიათ, იქვე მოკლეს. მე მიყვარს ის ლარნაკი და კი არ მესევდიანება, უბრალოდ, ვფიქრობ, – რა მაგარია, რომ ჩემს პაპას ჰყავდა ძმაკაცი, რომელმაც მოაწყო შოუ და ვინც არც ისე ძვირფასი, მაგრამ ლამაზი ლარნაკით ხელში იდგა ფანჯარასთან და ამბობდა – „გენაცვალე, ნახე რა მოგიტანე“.
ცხოვრების მთავარი მიზანი რა არის?
ყოველთვის მინდოდა მეცხოვრა დიდხანს, ჯანმრთელად, მემოგზაურა ბევრი და გამეცნო ბევრი ადამიანი, რომელიც საშინლად მომეწონებოდა. ჯერჯერობით მე ეს ამბავი გამომდის და ასე ვაპირებ გაგრძელებას.
დაგვიტოვეთ რეკომენდაცია – რომელი ქალი მწერლის წიგნი წავიკითხოთ?
ყველას ვურჩევდი ინგებორგ ბახმანის „მალინას“. არა იმიტომ, რომ ჩემი თარგმანია და არა მარტო იმიტომ, რომ ქალმა დაწერა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნია.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი