ჟურნალი OK!-ის გმირი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი, ლაპარასკოპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და „მედია გლობალჯგუფის“ მიერ ნომინირებული რჩეული ექიმ-ლაპარასკოპისტი, რამაზ ჩარექიშვილია, რომლის სახელსაც არაერთი უშვილო წყვილის პრობლემის მოგვარება უკავშირდება. ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია და თავდაუზოგავი შრომის შედეგად დღესდღეობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებით, რაც ძალიან დიდი მიღწევაა როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის. დღეს უკვე აღარ არსებობს ისეთი გინეკოლოგიური პრობლემა, რომლის გადაჭრის გზებიც არ მოიძებნება. როდის დაიწყო ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარება საქართველოში, როგორია დღევანდელი შედეგები, რა გზა გაიარა ამ მიმართულებამ დღევანდლამდე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალი OK! პირადად ესაუბრა რამაზ ჩარექიშვილს.
ბატონო რამაზ, დავიწყოთ თქვენი პროფესიით. როდის გაგიჩნდათ პირველად ინტერესი ამ სფეროს მიმართ და რატომ აირჩიეთ გინეკოლოგია და ლაპარასკოპია?
საექიმო დინასტიიდან მოვდივარ. დედა, მამა, და, მეუღლე, შვილები ექიმები არიან. ბაბუაჩემი მაღალი თანამდებობის პირი, მაშინდელ პერიოდში ცეკას პირველი მდივანი იყო და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არასოდეს წავსულიყავი პოლიტიკაში და ამერჩია ექიმის პროფესია, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, წარმატებული ექიმი ყოველთვის წინა პლანზე იქნებოდა. ეს ფაქტორიც ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო, თუმცა მთავარი როლი მაინც მშობლებმა ითამაშეს. ყოველთვის ვამაყობდი მათთან მოსული მადლიერი პაციენტებით და მეც დიდი სურვილი მქონდა, ამ მიმართულებით წავსულიყავი და დავხმარებოდი ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში. 1990 წლიდან დავიწყე მუშაობა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში, იმ დროისთვის ეს იყო პირველი ინსტიტუტი მთელ ამიერკავკასიაში, სადაც უშვილო წყვილების მკურნალობას ვემსახურებოდით. არ არსებობს ექიმისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც მასთან უშვილო წყვილი მოდის, დიდი ძალისხმევისა და სწორი მკურნალობის შედეგად კი მას ახალი სიცოცხლე შენი დახმარებით უჩნდება.
ჩემი კარიერის დასაწყისს დაემთხვა ის პერიოდი, როდესაც ამერიკასთან მიმდინარეობდა გარკვეული ხელშეკრულებების დადება პარტნიორულ ურთიერთობებზე და სწორედ ამ ეგიდით აშშ-დან ჩვენთან ჩამოვიდა ლაპარასკოპიული აპარატურა. მთელ მსოფლიოში ახალი ხილი იყო, ძალიან მოვიხიბლეთ და ჩავუდექით სათავეში ამ მიმართულებას, თუმცა ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. ამას ისიც თან ერთვოდა, რომ წამყვანი სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებდნენ ლაპარასკოპიულ მეთოდს და მის განვითარებას. მიუხედავად ამისა, ბრძოლა არ შევწყვიტეთ და თავდაუზოგავი შრომით მივედით იმ შედეგამდე, რაც დღეს გვაქვს.
რას მოიცავს ლაპარასკოპიული მეთოდი და რამდენად მოთხოვნადი პროცედურაა?
ეს არის მცირე ინვაზია, რომლის დროსაც არ რჩება არანაირი ნაწიბური მუცელზე და პროცედურის შემდეგ, ყველანაირი გართულების გარეშე, შესანიშნავად გრძნობთ თავს. ანუ მინიმალური ჩარევით ვიღებთ მაქსიმალურ შედეგს. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, გამოკვლევების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ვთავაზობთ ლაპარასკოპიულ მეთოდს, რის შემდეგაც იგეგმება ოპერაცია. ლაპარასკოპიული ქირურგია გაცილებით რთული და მაღალი კლასის ქირურგიაა, ვიდრე ტრადიციული. ქირურგი აუცილებლად უნდა იყოს ისეთ დონეზე მომზადებული, რომ გამოცდილება ჯერ ტრადიციულ ქირურგიაზე ჰქონდეს, რათა ამბიცია გაუჩნდეს მაღალტექნოლოგიურ მედიცინაზე, როგორიც არის ლაპარასკოპიული ქირურგია.
სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად არცთუ ისე ბევრი მსურველი გაუჩნდა ამ მიმართულებას და ჩვენც თავს ვიკავებდით პოპულარიზაციაზე, რადგან განვითარებაზე ვიყავით ორიენტირებული. თავიდან ვაკეთებდით საკვერცხეების პოლიკისტოზს, 2-3 წელიწადში დავიწყეთ გარე ორსულობების ოპერაციების კეთება. 4-5 წელიწადში უკვე ზოგადმა ქირურგებმა დაიწყეს ლაპარასკოპიული ოპერაციების კეთება. 1998 წელს პირველად ჩავატარე საქართველოში ლაპარასკოპიული საშვილოსნოს ამოკვეთა. ეს უკვე სხვა საფეხური იყო, რადგან საჭირო იყო გასაკერი მასალა. ამის შემდეგ კი გადავედით უფრო მასშტაბურ ოპერაციებზე, რომელთა ჩატარება მანამდე გაჭრის გარეშე წარმოუდგენელი გვეგონა.
ამ დრომდე ჩატარებული მაქვს 29 000 ოპერაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ისე დავხვეწეთ გინეკოლოგიური ენდოსკოპია 90-იანი წლებიდან დღემდე, რომ ისეთ დონეზე დგას, როგორც ამერიკაში, ევროპასა თუ რუსეთში. არ არსებობს გინეკოლოგიური პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამაში.
რამდენად გავრცელებული პრობლემაა უშვილობა და როგორია მკურნალობის მეთოდები?
უშვილობა მულტიპროფილური დაავადებაა. მიზეზი შეიძლება იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე ერთად, ამიტომ წყვილის ინდივიდუალურად გამოკვლევა ხდება. მამაკაცთან ვიკვლევთ სპერმის ხარისხს, ქალბატონის შემთხვევაში კი, თუ რამდენად მოწესრიგებული აქვს ორგანიზმი ჰორმონალურად, რა მდგომარეობაშია კვერცხსავალი მილები, გამტარია თუ არა… ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. თუ ორი წლის განმავლობაში გაურკვეველი მიზეზის გამო ქალი არის უშვილო და არანაირი სხვა კვლევით არ ისმება დიაგნოზი, პირდაპირი ჩვენებაა ლაპარასკოპიური დიაგნისტირება, რადგან ამ მეთოდით შეიძლება დავინახოთ ის, რასაც სხვა კვლევები არ გვიჩვენებს, მათ შორის შეიძლება გამოიკვეთოს ენდომეტრიოზის მსუბუქი ფორმა, რაც შესაძლოა უშვილობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი გახდეს. იმისდა მიხედვით, რა პათოლოგია იქნება ნანახი ლაპარასკოპიით თუ ექოსკოპიური მონიტორინგით, უკვე ყველაფერს მკურნალობ ლაპარასკოპიით, დაწყებული კვერცხსავალი მილების პლასტიკით, დამთავრებული კონსერვატიული მიომექტომიით, ენდომეტრიოზით, რაც ძალიან გახშირდა ბოლო პერიოდში. ეპიდემიასავით არის მოდებული საქართველოში, რასაც თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს, მათ შორის გახშირებული საკეისროები. მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არის, დიდ პროვოცირებას ახდენს უშვილობაზე. ასეთ შემთხვევებში მეორე ორსულობა საეჭვოც კი შეიძლება გახდეს.
რამდენად მნიშვნელოვანია გამოკვლევები მანამდე, სანამ წყვილი დაოჯახდება და შვილის ყოლას გადაწყვეტს?
სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში წამოვიდა კულტურა, რომ სანამ წყვილი დაოჯახდება, გამოიკვლიონ სამედიცინო პრობლემები რეპროდუქტიული თვალსაზრისით. გარკვეული პერიოდის წინ ეს წარმოუდგენელიც კი იყო მანამდე, სანამ წყვილი პრობლემის წინაშე არ დადგებოდა. მეტსაც გეტყვით, მაშინ, როდესაც ქალბატონი იწყებდა პრობლემასთან ბრძოლას, მამაკაცი ბოლო ეტაპზე ერთვებოდა. რეალურად, შესაძლოა მამაკაცს კლინიკური სიმპტომები არ ჰქონდეს, მაგრამ შეუძლებელია ერთს ჰქონდეს პრობლემა და მეორეს არა. შესაბამისად, აუცილებელია, წყვილმა ერთდროულად დაიწყოს მკურნალობა. წინასწარ კვლევებში არაფერი არ არის სასირცხვილო. პირიქით, აუცილებელია წყვილმა თავიდანვე დაიჭიროს პრევენცია, ვიდრე შემდეგ დადგნენ პრობლემის წინაშე.
ქალის შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რამდენად რეგულარულია მენსტრუალური ციკლი, მტკივნეულია თუ არა, უნდა იყოს ყრუ შეგრძნება და არა ტკივილი, ეს უკვე მიუთითებს პრობლემაზე, კერძოდ ენდომეტრიოზზე, რაც სამომავლოდ შეიძლება უშვილობის მიზეზი გახდეს. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ გათმიანებას, რადგან ესეც პრობლემაზე მიუთითებს. ადრე ტარდებოდა მუცელკვეთა ოპერაციები. როგორმა კარგმა ქირურგმაც არ უნდა ჩაატაროს მსგავსი ოპერაცია, ყოველთვის ვითარდება შეხორცებითი პროცესი, რამაც შესაძლოა მოგვიანებით გარკვეული პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.
რამდენად რთულია პირადი ცხოვრებისა და კარიერის ერთმანეთთან დაბალანსება?
მედიცინა ძალიან რთული პროფესიაა, მითუმეტეს, როდესაც ადამიანი არის მაქსიმალისტი. მე ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, მაგარამ მეხმარება ის, რომ ბავშვობიდან მაქვს აღებული გეზი – თუ შეძლო სხვამ, შევძლებ მეც! ჩემი ცხოვრების წესი ასეთია – დილის 8 საათზე მივდივარ იპოდრომზე, საკუთარი ცხენი მყავს, მასთან ვატარებ დროს და ვვარჯიშობ, რაც ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა, შემდეგ კი მოვდივარ სამსახურში დასვენებული და ვაკეთებ ჩემს საქმეს.
დღეში 3 ოპერაციაზე მეტს არ ვაკეთებ, რათა შევინარჩუნო ხარისხი, ვერანაირად ვერ იქნება მეოთხე, მეხუთე ოპერაცია ისეთი ხარისხის, როგორსაც გააკეთებ პირველ ოპერაციას. საკუთარი ინტერესები არ უნდა აისახოს პაციენტის ჯანმრთელობაზე.
რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?
არ იფიქრონ კარიერაზე, როდესაც ასეთ საპასუხისმგებლო პროფესიას ირჩევენ. უნდა იფიქრონ პაციენტზე, იმაზე, რომ კეთილსინდისიერად დაეხმარონ ადამიანს. უნდა გააკეთო მაღალ დონეზე ის, რაც იცი… ხელი არ მოჰკიდო იმას, რაც არ იცი… არ ურჩიო ის, რაც არ იცი… მედიცინაში მთავარია გიყვარდეს პაციენტი, არ უნდა გეზარებოდეს, მოუსმინო მას ბოლომდე, უნდა დახვდე არა მხოლოდ როგორც ექიმი, არამედ როგორც ფსიქოლოგი, რადგან თუ ის შენამდე მოვიდა, ესე იგი პრობლემა აქვს და შეშინებულია. შესაბამისად, უნდა აგრძნობინო, რომ ის შენთვის მნიშვნელოვანია, რათა შენ მიმართ ნდობა გაუჩნდეს და მიიღოს ის შედეგი, რაზეც ორიენტირებული ხართ ორივე – ექიმიც და პაციენტიც.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი