ცხოვრების თავიდან დაწყება სრულიად უცხო გარემოში, სადაც არც ენა იცი და არც ხალხის მენტალიტეტს იცნობ, თავიდან ქუჩაში გასვლისაც კი გეშინია, რომ არ დაიკარგო – აი, ეს არის ემიგრანტობა. ამერიკაში ბევრი ჩამოდის ასეთი გამოუცდელი და ემიგრანტობის საწყის ეტაპს, რამდენიმე თვეს თუ წელს, გაურკვევლობისა და დიდი სტრესის ქარცეცხლში გადის. ქალბატონი, რომლის შესახებაც დღეს გვინდა მოგიყვეთ, გამონაკლისი არაა, თუმცა გამოირჩევა იმით, რომ ჩამოსვლიდან წელიწად-ნახევარში უკვე წარმატებულ ბიზნესს უძღვება ნიუ-იორკში. თეა გელოვანი, წარსულში სამხედრო ექიმი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, რომლის შეუპოვარ ხასიათს ორმა ომმაც კი ვერაფერი დააკლო, თუმცა ემიგრაცია აღმოჩნდა ის სტრესი, რომლის გადალახვაც გაუჭირდა.
რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რაც ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ გადალახეთ?
მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, უდარდელი ბავშვობის შემდეგ აფხაზეთის ომი გამოვიარე, ვცხოვრობდი გაგრაში და თითქმის ყველაფერი დავკარგე… მეორე ომი კი, რომელშიც თავად ვმონაწილეობდი, როგორც სამხედრო ექიმი, იყო 2008 წლის ომი. ვიყავი იმ სამედიცინო გუნდის წევრი, რომელიც იბრძოდა წინა ხაზზე. ამ ორ ომში გადატანილი სტრესი ახლოსაც ვერ მოვა იმ სტრესთან, რაც პირველ ექვს თვეში მოხუცთან მომვლელად მუშაობის დროს გადავიტანე. მომვლელის პოზიცია ჩემთვის არ იყო უცხო, რადგან ექიმის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანებზე ზრუნვა, თუმცა როდესაც მუშაობ 24/7-ზე და ამ პიროვნების ცხოვრებით ხარ მთლიანად მოცული, შენ, ფაქტობრივად, დამარხული ხარ ცოცხლად… მიუხედავად იმისა, რომ ჩემ უკან ჩემი ოჯახი იდგა და მე მათ გამო გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ მათთვის უკეთესი მომავალი შემეთავაზებინა. ვფიქრობ, ვერ გავუძლებდი, ეს სამსახური რომ გამეგრძელებინა. ის ქართველი დედები, ვინც ასე წლების განმავლობაში მუშაობენ, ნამდვილი გმირები არიან!
ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ გამემარტივებინა ჩემი მდგომარეობა ემიგრაციაში და ისევ დავბრუნდი საქართველოში, არ დავარღვიე ვიზა. გავიარე გადაკვალიფიცირება კოსმეტოლოგიასა და ინიექციონისტის პოზიციაზე, ავიღე საერთაშორისო სერტიფიკატები სამედიცინო კოსმეტოლოგიაში და საქართველოშივე დავიწყე ამ სფეროში პრაქტიკა. 19-წლიანი ექიმის გამოცდილების შემდეგ არ გამჭირვებია ახალ სფეროში წარმატება. 2022 ისევ დავბრუნდი ნიუ-იორკში ახალი გეგმებით და უკვე ყველაფერი გამომივიდა.
სილამაზის ცენტრი Beauty Factory
ისევე, როგორც ჯარში გავიარე ყველა ეტაპი, დაწყებული სერჟანტობით, დამთავრებული მაიორის წოდებით, ბიზნესშიც ყველა ეტაპის გავლამ მომიწია და უკვე წელიწადზე მეტია, ნიუ-იორკში საკუთარი ბიზნესი მაქვს. გავხსენი სილამაზის ცენტრი Beauty Factory, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში ვთავაზობთ თავის მოვლის სრულ პაკეტს. გვაქვს ძალიან ბიუჯეტური ფასები, რადგან მე ვიცი, ადამიანებს რა ფასად უჯდებათ აქ ფულის გამომუშავება. მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენთან მოსულმა თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს.
რა არის ყველაზე დიდი სტრესი, რასაც ყველა ემიგრანტი გადის?
ყველაზე დიდი სტრესი იყო მონატრება, რადგან მე ჩამოვედი მარტო… ეს იყო მონატრება შვილების, ოჯახის, მამის საფლავისაც კი… მაგრამ ჩემმა საქმემ, ჩემი საქმის სიყვარულმა, ხალხთან ურთიერთობამ ეს ყველაფერი შემიმსუბუქა.
აქ ყველას შრომა ფასდება, ყველა წუთი დაფასებულია, შესაფერისია ანაზღაურებაც, თუმცა რამდენად გიღირს შენ ეს ანაზღაურება იმ ტკივილად, რასაც ემიგრანტები განიცდიან, აი, ამას აქვს მნიშვნელობა.
რა თვისებები შეგძინათ ამერიკამ?
საქართველოშიც ვცადე ბიზნესი სილამაზის სფეროში, თუმცა ვერ განვითარდა, რადგან პატარა ბაზარია და დიდია კონკურენცია. აქ კი პირიქით, დიდი მასშტაბის ქვეყანაა ამერიკა, ამიტომაც შენი მიზნების განხორციელება, შენი აზრის გატანა უფრო მალეა შესაძლებელი. ამერიკამ ჩემი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება უმოკლეს ვადაში მომცა.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ რისკის გარეშე არ გამოდის დიდი საქმეები, თუმცა ეს რისკი სულელურიც არ უნდა იყოს. თუ მოინდომებ და იშრომებ, ამ ქვეყანაში ეს დაგიფასდება.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანს, ვინც პირველად ჩადის უცხო ქვეყანაში?
რჩევას რაც შეეხება, უპირველესად, ეს არის ენის ცოდნა და უკვე გარკვეული გეგმით ჩამოსვლა ქვეყანაში, თუ რა უნდა აკეთო აქ. ძალიან მარტივია ადამიანებთან ურთიერთობა ამერიკაში, უბრალოდ, ენა უნდა იცოდე. მე მქონდა ენის ბარიერი, თუმცა ისეთ ოჯახებში მომიწია მუშაობამ, სადაც იძულებული ვიყავი, ინგლისურად მესაუბრა და პრაქტიკამ მეც ამალაპარაკა. მათ არჩევანი ჩემზე იმიტომ გააკეთეს, რომ პროფესიით ექიმი ვიყავი. ძალიან აფასებენ ამერიკელები სამხედრო ვეტერანებს და ექიმის გამოცდილებას. არ მინდა ჩემი ქვეყანა დავაკნინო, მაგრამ როცა ომის მონაწილე და მრავალი რეგალიის მქონე პიროვნება იძულებულია დატოვოს ქვეყანა და გადაიხვეწოს ემიგრაციაში, ეს ქვეყნის დიდი სირცხვილია.
საკონტაქტო ინფო: Beauty Factory
ტექსტი: ეკატერინე ესებუა, სოფიო მალანია
ფოტო: ეკატერინე ესებუა