მისი ყველა გზა ხელოვნებასთან მიდის. მიაჩნია, რომ ღირსეულად ემსახურო ხელოვნებას, ნიშნავს გიყვარდეს სამშობლო, უფრთხილდებოდე ყველაფერს, რაც მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს უკავშირდება. „OK! ბათუმის“ სტუმარი ხელოვნების სფეროს მენეჯერი, რეჟისორი, ჟურნალისტი და, უბრალოდ, კარგი ბათუმელი, მიხეილ გაბაიძეა, რომელიც მუდმივად დგას ქართული კულტურისა და ხელოვნების სადარაჯოზე და მომავალ თაობებს უზიარებს იმ ღირებულებებს, რამაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელობამდე მოიყვანა. რომელ სიმღერას გაუშვებდა კოსმოსში, რომელი შთაბეჭდილება არ დაავიწყდება არასოდეს, რას ნიშნავს ბათუმელობა მისთვის – პასუხებს გაეცანით ჟურნალის ფურცლებიდან.
ამ ქვეყნად მოვედი იმისთვის, რომ…
გენიალური ფილმი აქვს გადაღებული კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს, „იყო შაშვი მგალობელი“. ფილმის მთავარი პერსონაჟი „გია“ ნიჭიერი მუსიკოსია. მას შეეძლო რაიმე ღირებულის შექმნა, თუმცა ფილმში ჩანს – ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეძლო, არის ლურსმნის ჩაჭედება, რომელზეც საათის ხელოსანი ქუდს კიდებს. ისე იცხოვრა და დაიღუპა, რომ დროის (და საკუთარი თავის) მართვა ვერ მოახერხა, დაეზარა. არ მინდა რამენაირად ფილმის მთავარ გმირთან ჩემი ცხოვრების აგერ უკვე 40 წლის განვლილი გზა დავაკავშირო, არც კეკლუცობასა და გაპრანჭვაში არ მინდა ჩამეთვალოს, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ოჯახში სამეგობროში თუ ნებისმიერ საზოგადოებაში, ვცდილობ ერთი ლურსმანი მაინც ჩავაჭედო. ამდენად, კითხვა, თუ რისთვის მოვედი ამ სამყაროში, მარტივია საპასუხოდ – „ჩავაჭედო თუნდაც ერთი ლურსმანი“ და თუ ეს გამომივა, ვიქნები მადლიერი და ვიფიქრებ, რომ სწორად მიცხოვრია.
თქვენი საქმიანობის სფერო მრავალმხრივია, თუმცა ყველა მათგანი ხელოვნებას უკავშირდება. თქვენს ცხოვრებაში ხელოვნების როლზე გვესაუბრეთ…
ხელოვნება თავისი ფართო გაგებით რა არის?! ადამიანი თავის ნიჭს, ოცნებას, წარმოსახვას, სათქმელს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. ვის როგორ ემარჯვება. ვის ყელით და ნათქვამი ბგერით, ვის კალმით და სიტყვით, ვის ფოტოკამერით და კადრით, ცეკვისას მზერით თუ ხელის მტევნის მიხრა-მოხრით, მათ შორის ხელოსნობით. ოსტატს შეუძლია ქვაში ან ხეში ისე ამოკვეთოს ჩუქურთმა, რომ მნახველში სხვადასხვა ემოცია აღძრას, მშვენიერება შეაგრძნობინოს. მე გამიმართლა, ჩემი მშობლები ისეთ გარემოში გაიზარდნენ, სადაც ყოფა დაკავშირებული იყო ხელოსნობასთან, შრომასთან, სხვადასხვა ნივთის შექმნასთან – ხის ჯამი იქნება, ჭრელაჭრულა წინდის ქსოვა, ნალების დამზადება, დათვაბოყვას მოჭედვა, გოდრის დაწვნა თუ სხვა, რაც თავისთავად ხელოვნების ნიმუშებია, მეტადრე დღეს. ყველა ამ ნივთის შექმნისას ბაბუა-ბებიები თუ მათი თანამედროვეები ღიღინებდნენ, მღეროდნენ და ვფიქრობ, ჩემი ხელოვნების სხვადასხვა სფეროსადმი მიდრეკილება და ინტერესი სწორედ ოჯახიდან და გარემოდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, გენეტიკას თავის ადგილი აქვს. მამის მხრიდან თოფუზ გაბაიძის შთამომავალი ვარ, ხოლო დედის მხრიდან ენვერ ხაბაძის. თუ რა როლი აქვს ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში, მარტივად ვიტყვი. როცა ვმღერი, სადაც არ უნდა ვიყო, იქ ჩემთვის პორტატული სამშობლოა. როცა გადაცემაზე ვმუშაობ, იქაც ყველა დეტალში ჩემი სამშობლოა. როცა ფესტივალზე მოზარდ თაობას სცენაზე ვხედავთ და ვეხმარებით მათი ნიჭის და ემოციის გამჟღავნებაში, იქაც ჩემი სამშობლოა. აი, ბოლო დროს ფილმი გადავიღე, რასაც დიდი გამოხმაურება აქვს როგორც ჩვენთან, ასევე საერთაშორისო მასშტაბით – აქაც ჩემი სამშობლოა. ყველგან, სადაც ხელოვნებაა და მე, როგორც მისი ერთ-ერთი ჭანჭიკი, ყველგან და ყველაფერში ჩემი სამშობლოა.
წლებია გადაცემა „ეთნოფორის“ წამყვანი ხართ. ამ დროის განმავლობაში აქტიურად ეწევით ფოლკლორის პოპულარიზაციას. მოგვიყევით „მოგზაურობაზე“, რომელმაც ბევრი საინტერესო ადამიანი, ამბავი თუ სიმღერა აღმოგაჩენინათ…
გადაცემაზე, სადაც აგერ უკვე მეათე წელია ვმუშაობ მეგობრებთან ერთად, მოვიარეთ სრულიად საქართველო, ყველა სოფელი, დაბა, თემი. არ დაგვიტოვებია ქვაც კი, სადაც სიმღერა ისმის. ვიყავით ქვეყნის გარეთ ჩვენებურებთან, ასევე ლაზებთან. გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი, გადავიღეთ და ჩავიწერეთ ყველა, ვისაც ცოცხალს მივუსწარით. სახელებს არ ჩამოვთვლი, ძალიან შორს წაგვიყვანს. გვიმუშავია მოზარდ თაობასთან, ვინაც სწავლობს და ინახავს წინაპრებისგან ზეპირად მოტანილ საგანძურს, ასევე, ჩვენს გადაცემაში ვისმენთ ქართულ ტრადიციულ საგალობლებსა და ქალაქურ ფოლკლორს. ამ დროის განმავლობაში ჩვენი არქივის ოქროს ფონდში მოგვეპოვება დაახლოებით 2000-მდე ნიმუში, მალე მესამასე საიუბილეო გადაცემას ვიზეიმებთ და აქედან 90% არის უნიკალური, რასაც ვეღარ მოვისმენთ იმ სისავსით, როგორადაც ის იმღერებოდა კონკრეტული შემსრულებლის მიერ. არაერთი ნიმუშია ჩვენს გადაცემაში, რაც პირველად გაჟღერდა და ფაქტობრივად, გადაურჩა სამუდამოდ დავიწყებას. არაერთი ეთნოფორია, ვინც სწორედ ჩვენი გადაცემით იქნა აღმოჩენილი ფართო საზოგადოების თუ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც კი. არაერთი ჯგუფი და ანსამბლია, ვისაც ჩვენი გადაცემის შემდეგ მიაქციეს ყურადღება და მიეცათ სტიმული, განვითარებულიყვნენ. გადაცემა, გარდა დაარქივებისა, რაც სამომავლოდ მკვლევრებისთვის დიდი და ღირებული მასალაა სამეცნიერო თვალსაზრისით, ყველა კვირას ახდენს ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზებას, რაც ჩვენი ქვეყნის იდენტობის განმსაზღვრელია და უდავოდ, მსოფლიო კულტურის ისტორიის ღირსეული მონაპოვარია.
„პირველი ავტოგრაფი“ ის ფესტივალია, რომელმაც სკოლებს, სკოლის მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, შექმნან თეატრალური დასები, ან ფართო აუდიტორიას გააცნონ უკვე არსებული. გვიამბეთ ფესტივალის დაარსების იდეასა და მიზნებზე…
„პირველი ავტოგრაფი“ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ალბათ ბოლო პერიოდში შექმნილა არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში. შექმნის იდეა გაჩნდა სპექტაკლ „ჰელადოსის“ ბათუმის დრამატულ თეატრში განხორციელებისას. წარმოდგენაში დრამატული თეატრის მსახიობების გვერდით სკოლის მოსწავლეები თამაშობდნენ. 2008 წლიდან ვმუშაობ ბათუმის დრამატულ თეატრში როგორც თანამშრომელი, ხოლო თეატრის სივრცე ბავშვობიდან საკუთარი სახლივით გახლდათ. კარგად ვიცი ორი ათწლეულის რეპერტუარი, მაყურებლის დამოკიდებულება და მოთხოვნა რეპერტუარისადმი. თუ რა ინტენსივობით ესწრებოდა მოზარდი თაობა სპექტაკლებს, როგორ იცნობდნენ ქართულ თეატრს და განსაკუთრებით ბათუმის თეატრს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ 90% მოზარდებისა არ იცნობდა ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარს, ხოლო 40%-მა საერთოდ არ იცოდა თეატრის მისამართი. სწორედ „ჰელადოსი“ და ამ სპექტაკლის მიმართ მოზარდი თაობის ინტერესი გახდა ჩვენთვის მოტივატორი იმისა, რომ დაგვეარსებინა ფესტივალი და მასში აუცილებლად მთავარი, როგორც სცენაზე, ასევე სცენის მიღმა და სპექტაკლის პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო სკოლის მოსწავლე, მოზარდი თაობა. ასეც მოხდა, რეჟისორ პეტრე ჩარგეიშვილთან ერთად თვეების განმავლობაში ვმუშაობდით ფესტივალის კონცეფციაზე, შემოვიკრიბეთ თანამოაზრეები. კარგად მოგეხსენებათ, ფესტივალის გამართულად მუშაობას რა რაოდენობის ადამიანური რესურსი სჭირდება, რომ არაფერი ვთქვა ფინანსურ მხარდაჭერაზე. დღეს ჩვენს გუნდში 30-მდე თანამშრომელია, ასევე ყოველ წელს 30-მდე სხვადასხვა თაობის მოხალისე გვყავს. არ ვიქნები მართალი, რომ არ ვახსენო სახელმწიფოს, და ამ შემთხვევაში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა პირველივე დღიდან, ხოლო მეორე საფესტივალო წლიდან ქალაქ ბათუმის მერის გვერდით დგომა. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა ბათუმის დრამატულ თეატრში თითქმის ყველა სპექტაკლზე არსებულ ანშლაგს, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება თეატრის ახალ ხელმძღვანელობას, რეპერტუარში არსებული სპექტაკლების სიმრავლეს, მათ შორის ეროვნული დრამატურგიის, რიგ მარკეტინგულ და პიარკამპანიებს, რაც დაინერგა თეატრში. თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ მოზარდი თაობის თეატრისკენ მობრუნებაში სწორედ „პირველმა ავტოგრაფმა“ შეასრულა ლომის წვლილი. პირველ საფესტივალო წელს სულ სამ თუ ოთხ სკოლას ჰქონდა გამოცდილება სცენაზე დგომის, პირველივე წელს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში 14 თეატრალური დასი შეიქმნა, მეორე საფესტივალო წელს – 25, მესამე საფესტივალო წელს ოთხი ათეული, ხოლო წელს, მეოთხე საფესტივალო წელს, გავბედეთ და საერთაშორისო ფესტივალად გარდავიქმენით. წელს პირველად გვეყოლება დასი საფრანგეთიდან და გვაქვს მოლაპარაკება სხვა ქვეყნებთანაც. ამდენად, მოზარდი თაობის თეატრით დაინტერესება ფესტივალის სულისჩამდგმელებს მიგვაჩნია უმნიშვნელოვანეს მოვლენად, სადაც ბავშვები სასკოლო ასაკიდან ეზიარებიან დრამატურგიას, მხატვრულ ლიტერატურას, ფიქრსა და პერსონაჟის გააზრებას, ემოციის გამოხატვას, მეტყველებას, მუსიკისა და ქორეოგრაფიის უმთავრესი ელემენტების გამოყენებას, რითმის შეგრძნებას, მაყურებელთან მარტო დარჩენას და საუბარს. ცოცხალ ურთიერთობას, რაც ტექნიკური პროგრესის ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გაჯეტებში ჩაძირული თაობისთვის.
Baiqonyr Film Festival-ზე სულ ახლახან თქვენმა ფილმმა საუკეთესო სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვა. რა შეგრძნებაა რეჟისორისთვის აღნიშნული აღიარება და ამ კუთხით როგორ ხედავთ თქვენს მომავალს…
Baiqonyr Film Festival-ს ფიზიკურად ვესწრებოდით მე და ფილმის პროდიუსერი. რა თქმა უნდა, სასიხარულო და საამაყოა, როცა ფესტივალზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის არაერთი კინოკომპანიის მიერ შექმნილ ფილმს აჩვენებენ და ჟიური მათ შორის გამოარჩევს შენს ნამუშევარს. ისე დაემთხვა, რომ 4 სექტემბერს ყაზახეთში იყო ფილმი ფესტივალზე ნაჩვენები, ასევე 4 სექტემბერს თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, სადაც სტუდენტური ნამუშევრის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადმოგვცეს. 6 სექტემბერს იაპონიაში აჩვენეს კანაზავას ფესტივალზე, 7 სექტემბერს იტალიაში ვიაგრანდეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, ხოლო 7 სექტემბერს სერბეთში, ონლაინ გამართულ ფესტივალზე (ონლაინ გამართვის მიზეზი უკრაინაში არსებული საომარი ვითარება გახდა). ფილმს აქვს უკვე თავისი მოკრძალებული ბიოგრაფია. სამი თვის წინ დავიწყე ფესტივალებთან ურთერთობა და დღევანდელი მდგომარეობით 60 ფესტივალზეა ხუთივე კონტინენტზე შერჩეული სელექციაში, მცირე ჩამონათვალს გავაკეთებ: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, ავსტრია, ავსტრალია, ბრაზილია, სერბეთი, რუმინეთი, ფინეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. და ა.შ. მათ შორის 13 საერთაშორისო ფესტივალზე გვაქვს ჯილდო როგორც რეჟისურის, სცენარის, ლიტერატურული ტექსტის საუკეთესო ადაპტაციის, საუკეთესო მამაკაცის როლისთვის და, რაც ყველაზე სასიხარულოა, ყველა ამ ფესტივალზე საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ფილმი. 2025 წლის მარტში მიწვეული ვართ სან დიეგოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, სადაც ფილმს გადაეცემა ჯილდო საერთაშორისო ფილმის სექციიდან. მინდა აღვნიშნო ის, რომ ფილმი შექმნილია სრულად სამეგობროს გვერდით დგომით, უანგაროდ და დიდი სიხარულით, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული მათგანის. ფილმის მთავარ სათქმელსა და ზოგად შინაარსზე საუბარს მოვერიდები, ვფიქრობ, მაყურებელმა ნახვის შემდეგ შეაფასოს და განსაჯოს. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ სექტემბერში ფილმი ნაჩვენები იქნება ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეულ საავტორო კინოს ფესტივალ „ბიაფზე“. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, არის რამდენიმე სცენარი, რის გადაღებასაც ვისურვებდი, ყველაფერი დამოკიდებულია დროსა და თანამოაზრეების შემოკრებაზე.
რომელ ფილმში ან წიგნში იცხოვრებდით დიდი სიამოვნებით…
გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხი, რადგან იმდენად რთულია იმ რეალობის ნაწილად ყოფნა, რომელი ფილმებიც და წიგნებიც მომწონს და ვაღმერთებ, ალბათ მირჩევნია ისევ მაყურებლად, ასევე, მკითხველად დავრჩე.
ბათუმი და ბათუმელობა…
როგორც ყველა თავმოყვარე ადამიანმა, თავისი ქალაქი, როგორც თავისი მშობელი, ისე უნდა წარმოიდგინოს და თავად, როგორც მისი ერთ-ერთი შვილი, სხვა დედმამიშვილებთან ერთად უნდა ზრუნავდეს მასზე. როცა ავად გახდება, უექიმოს, როცა შესცივდება, გაათბოს, როცა ხელს მოუქნევენ, მუშტი დაახვედროს… სამწუხაროდ, ბევრჯერ გაილახა ქალაქი, რაზეც ძალიან მწყდება გული. არ მწამს და არ მჯერა სადღეგრძელოში ნათქვამი ბათუმელობის. ბათუმი უპირველესად ჩემთვის არის ზრუნვა, უპირობო სიყვარული. საბედნიეროდ, მე ვიცნობ ასე სამაგალითოდ მოსიყვარულე ბათუმელებს…
შემოქმედებითი ოჯახი ხართ. გაგვაცანით ისინი…
რამდენად შემოქმედებითი, რთული სათქმელია, თუმცა მოსიყვარულე, მშრომელი, ყურადღებიანი, მზრუნველები ერთმანეთის და ახლობლების მიმართ ნამდვილად ვართ. ჩემი მეუღლე, სოფიკო კომახიძე, უცხო ენის მასწავლებელია. ის ყოველ დილით, უთენია იღვიძებს და მაჭახლის ხეობაში, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სკოლაში ბავშვებს უცხო ენას ასწავლის. მისი მონდომება, ბავშვებისადმი სიყვარული, ცოდნის გაზიარება სამაგალითოა. შემოქმედებითობას რაც შეეხება, ხაზგასმით არ შემიძლია გამოვარჩიო მისი, როგორც შემოქმედის რომელიმე სფერო, თუმცა ჩვენი მეგობრები დამეთანხმებიან, სუფრას, რომელსაც ის შლის, გემოებისა თუ ესთეტიკური თვალსაზრისით, აუცილებლად სჭირდება პასპორტიზება, ჩემი ხელიდან ის არამატერიალური კულტურის ძეგლია. ფერებისადმი აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ყველაფრის მიმართ აქვს შემოქმედებითი დამოკიდებულება. ელენე, უფროსი ქალიშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით სწავლობს და ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში მუშაობს. პატარა ქალიშვილი, სიდონია, ნამდვილი „ქარიშხალია“. არ ჩამოვთვლი ამბებს მისი „საგმირო“ ისტორიებიდან. სულ თამაშისკენ უჭირავს თვალი და ხშირად ვკინკლაობთ მეცადინეობასა და წესრიგზე. ბარბარე, შუათანა ქალიშვილი, ალბათ ყველაზე უფრო შემოქმედებითი წევრია ჩვენს ოჯახში. ემარჯვება ბევრი რამ – ძერწვა, ქსოვა, ხატვა, სხვადასხვა ნივთისაგან კონსტრუქციების დამზადება, აქვს ენებისადმი მიდრეკილება და ამ ასაკში უკვე საფუძვლიანად ფლობს რამდენიმე ენას.
შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…
მე ვესწრებოდი შვილების დაბადებას. ჩემი პირველი შეხვედრა მათთან, როცა პირველად ავიყვანე ისინი ხელში. დიდხანს ვუყურებდი უტყვად, გაქვავებული. კოცნა მინდოდა, ვერ ვბედავდი, დავიხარე, ვუყნოსე, მომეჩვენა, რომ გაიღიმა, გავუღიმე და პირველი, რაც ვუთხარი, იყო: „გამარჯობა, მამა“. ეს არის შთაბეჭდილება, რასაც ალბათ ალცჰაიმერიც ვერ მოერევა და სულ ჩემთან ერთად იქნება.
„ჩაკრულოს“ შემდგომ რომელ სიმღერას გაუშვებდით კოსმოსში…
რა თქმა უნდა, „ნანას“, „იავნანას“. „იავნანაზე“ დიდი და ყოვლისმომცველი დიალოგი არ არსებობს არცერთი სახის ლიტერატურაში. რა თქმა უნდა, სხვა ერებთანაც გვხვდება დედისა და შვილის მუსიკით ურთიერთობა, მაგრამ ქართველები ამ მხრივ უნიკალურები ვართ, აქ სულ სხვაგვარად ხდება, ღვთაებრივად. ჩვენს სამშობლოში არათუ ყველა კუთხეში, თემში, სოფელში, რამდენი დედაცაა, იმდენი „იავნანა“ გვაქვს თავისი მუსიკალური ჰანგითა და ტექსტით, მისი სემანტიკური თუ ფილოსოფიური როლი ადამიანის შემეცნების თვალსაზრისით ანალოგის არმქონეა. სამყაროს შესახებ ინფორმაციას დედა ბავშვს – სრულყოფილ არსებას, უპირველესად, „იავნანათი“ აცნობს. ლოცვით გაჯერებული ტექსტებითა და ჰანგით ამზადებს ბავშვს ცხოვრების რთული გზის სიყვარულით გასავლელად. „იავნანას“ შესრულებისას, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, დედა ბავშვს უნაწილებს მთელ სამყაროს. ამიტომ თუ „ჩაკრულოს“ კოსმოსში მოგზაურობის მიზანია სხვა ცოცხალი არსებებისთვის დედამიწის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, მათ აუცილებლად უპირველესად უნდა მოისმინონ „ნანა“, „იავნანა“ და ის, ვიქნები ფილეტისტი და ვიტყვი, აუცილებლად ქართველი დედის შესრულებით უნდა იყოს.
ცხოვრების მთავარი პრინციპი…
ვარ ოპტიმისტი, თუმცა ყოველთვის მახსოვს, რომ ხშირად ყველაფერი კარგად არ მთავრდება. ასევე, კარგად ვიცი, რომ მწუხარებას აუცილებლად სიხარული მოჰყვება და სიხარულს – მწუხარება. შრომას ალტერნატივა არ აქვს და რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ უნდა გქონდეს მცდელობა, წამოდგე, შედეგი წამოდგომისკენ სწრაფვაშია. როგორც ერთი ჩემი კარგი მეგობარი ამბობს: „ეს სამყარო იმოდენაა, რომ ყველა დავეტევით და ოდესმე ყველანი გარდავიცვლებით“.
ადამიანები, მათი თანადგომის ძალა…
ოთხმოცდაათიან წლებში, როცა შუქი, წყალი, შოკოლადი და ბევრი რამ სანატრელი იყო, ბავშვმა ბავშვური ჭკუით ისე, რომ მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, ტომარაში ჩავალაგე დაპობილი შეშა და ზურგით გადავუტანე ალბათ ერთი კილომეტრით მოშორებულ მეგობარს, რომელსაც არ ჰქონდა, რომ გამთბარიყო. ერთი კვირის შემდეგ ამ ჩემმა მეგობარმა, ასევე ზურგით, ერთი ტომარა ფორთოხალი მომიტანა. მას შემდეგ ფორთოხალი ჩემთვის ციური მანანაც არის, მირონიც და 5 პურის და 2 თევზის იგავიც და მთელი სამყარო. სანამ ადამიანებს შორის თანადგომა იქნება – სიკვდილი არ გვიწერია.
ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ…
მშობლების ჯანმრთელობა და ის, რომ იცოცხლონ ძალიან დიდხანს; ძვირფას მეუღლეს ვუყვარდე ისე, როგორც პირველად; შვილები იყვნენ კარგი ადამიანები, იმდენად კარგები, რომ ცუდი არ გაივლონ გულშიც კი. უყვარდეთ სიკეთე და ადამიანები; და, რა თქმა უნდა, სამშობლო, ჩვენი საფიცარი ქვეყანა მინდა სახელმწიფოდ შედგეს, იყოს გამთლიანებული და ეკონომიკურად წელში გამართული, ყველა ინსტიტუტი გაჯანსაღებული.
რა გეგმები გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ წლების შემდეგ თქვენი ცხოვრება…
არავითარი გეგმა არ მაქვს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. ვცხოვრობ ყოველდღიურობით, ხოლო როგორ წარმომიდგენია მომავალში ჩემი ცხოვრება, თუ დამცალდა და სიმშვიდე მოვიპოვე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ზღაპრების მოყოლის, დიდი სიამოვნებით მოვყვებოდი ზღაპრებს, ოღონდ არა საბავშვო ზღაპრებს, არამედ დიდებისას.