ჟურნალი OK! გაგაცნობთ ძალიან საინტერესო და მიზანდასახულ ახალგაზრდა ქალს – ანა აბესაძეს. საქართველოში ანა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და მოწვეული ლექტორია და მმართველობის გლობალური კოორდინატორი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია World Vision International-ში. მას ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში აქვს დაგროვილი სწავლისა და მუშაობის გამოცდილება. ანა მაისში ინგლისში, ლიდერ ქალთა გლობალურ სამიტზე იყო მიწვეული, სადაც ნომინირებული იყო იორკის ჰერცოგინიის ლიდერობის ჯილდოზე. მსოფლიოს მასშტაბით, ანა 9 ფინალისტს შორის დასახელდა და სწორედ აქ მიიღო შეთავაზება, რომ ნიუ-იორკში გამოცემული წიგნის „Women Living Fearlessly“-ის ერთ-ერთი თანაავტორი გამხდარიყო. ამ საინტერესო სიახლის შესახებ უფრო ვრცლად თავად ანა გვესაუბრა.
ანა, თუ შეიძლება უფრო მეტი გვითხრათ წიგნის შესახებ?
პირველ რიგში, მოგესალმებით და მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. ოქტომბრის დასაწყისში ნიუ-იორკში ჩემი თანაავტორობით გამოიცა ინგლისურენოვანი წიგნი „Women Living Fearlessly“. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის Amazon-ზე, ფიზიკური, აუდიო და Kindle ვერსიებით. წიგნის პრეზენტაციები, ნიუ-იორკის გარდა, ასევე ავსტრალიასა და საუდის არაბეთში გაიმართება.
„ქალები, რომლებიც უშიშრად ცხოვრობენ“, მოიცავს რამდენიმე წარმატებული ქალის ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და უზიარებს მკითხველს გამოცდილებას, თუ როგორ გადალახეს დაბრკოლებები და შინაგანი ბრძოლები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
რა არის თქვენი ძირითადი სათქმელი და რა მიზანი გქონდათ მასზე მუშაობის დროს?
ძირითადი სათქმელი ეთმობა ჩემი ბრძოლის აღწერას „იმპოსტერის სინდრომთან“ და მასთან გამკლავების სტრატეგიებს.
იმპოსტერის ფენომენი, მკითხველისთვის ადვილად რომ ავხსნათ, საკუთარი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავს, რომელიც უარყოფითად ზემოქმედებს წარმატებულ ადამიანებზე. მიუხედავად გამორჩეული მიღწევებისა, ეს შეგრძნება ძალიან დიდ შფოთვას იწვევს მათში და მუდმივად ტანჯავთ იმაზე ფიქრი, რომ საკმარისად კარგები არ არიან და წარმატება კი არ დაიმსახურეს, უბრალოდ, სხვები „გააცურეს“. ისეთი ცნობილი ადამიანებიც კი, როგორიცაა: ალბერტ აინშტაინი, მიშელ ობამა, მაია ანჯელოუ, ემა უოტსონი, ნატალი პორტმანი, და სხვ. იტანჯებოდნენ იმპოსტერის ფენომენით, მიუხედავად მასშტაბური აღიარებისა.
ამ სინდრომის ადრეულ ეტაპზე გაცნობიერება და მასთან გამკლავების მეთოდებზე ინფორმაციის მიღება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით ქალებში, მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება მათ თავიანთი ღირებულებებისა და შესაძლებლობების სწორად აღქმაში, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მხარდამჭერი გარემოს შექმნაში, რაც ზრდის მათი წარმატებისა და კეთილდღეობის შანსებს.
ძალიან მინდა, რომ ამ წიგნმა ძალა მისცეს იმ გოგონებს, რომლებიც ამ დაბრკოლებებს მარტო აწყდებიან და შთააგონოს მათ, რომ არასოდეს დანებდნენ.
საიდან მოვიდა წიგნის დაწერის იდეა და როგორ შემოიკრიბეთ თქვენ გარშემო ლიდერი ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან?
ყოველთვის მინდოდა წიგნის დაწერა, თუმცა არ ვიცოდი, ამას რა პლატფორმით და როდის მოვახერხებდი. უკვე რამდენიმე წელია ისეთ ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ მიგნებებს ვინიშნავ, რომელიც ხშირად მხოლოდ ძილის წინ მოდის და მეორე დღესვე ქრება ხოლმე.
ამავე წლის მაისში უინძორში, ინგლისში გაიმართა ლიდერ ქალთა გლობალური სამიტი და დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით 300 ქალი ვიყავით წარდგენილი. ამ არაჩვეულებრივ ქალბატონებს შორის კი, რომლებთან ერთადაც ნომინირებული ვიყავი იორკის ჰერცოგინიის ლიდერობის ჯილდოზე, დამასახელეს 9 ფინალისტს შორის. რამდენიმე ქალმა კი აქედან, მათ შორის მეც, მივიღე შეთავაზება, რომ წიგნის ერთ-ერთი თანაავტორი ვყოფილიყავი.
პირველი ქართველი თანაავტორი ვარ ამ პროექტის ფარგლებში, რაც ძალიან მეამაყება. არ ველოდი, რომ ეს ნაბიჯი ჩემი ცხოვრების ასე ადრეულ ეტაპზე მოხდებოდა. თუმცა, როცა რაღაც ძალიან გინდა, თითქოს უხილავად იზიდავ შესაძლებლობებს.
მოგვიყევით თქვენი საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. რამ განაპირობა, რომ ხუთ ქვეყანაში სწავლისა და მუშაობის შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდით?
ჩემი საერთაშორისო განათლების გზა დაიწყო 2009 წელს, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი გავხდი, Future Leaders Exchange Program-ის ფარგლებში. პროგრამამ საშუალება მომცა, მესწავლა ერთი გაცვლითი წელი შეერთებულ შტატებში. შემდგომში კი ერასმუს მუნდუსის სრული სტიპენდია მოვიპოვე და მაგისტრატურა გავიარე ტალინის უნივერსიტეტში, ესტონეთში.
თურქეთის, ბულგარეთისა და ესტონეთის შემდეგ, 3 წელი ამერიკაში დავყავი H1B სამუშაო ვიზით. სამუშაო კონტრაქტის დასრულების შემდეგ ვგრძნობდი, რომ უკვე ოჯახთან ერთად, ერთ ადგილას დაფუძნების დრო იყო. შემოთავაზებები მქონდა ესტონეთსა და ფინეთში, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტეთ.
სამშობლოში დაბრუნება გარდაუვალი იყო ჩემს გეგმებში, უბრალოდ, დროის კუთხით არ ვიყავი დარწმუნებული, როდის. ამ გადაწყვეტილების მიღება იმ ფაქტორმა დააჩქარა, რომ პანდემიის ფონზე უფრო მომრავლდა ვირტუალური სამსახურები, რამაც მეტი თავდაჯერება შემმატა. სამწუხაროდ, მანამდეც ვცადე საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ არ მომეცა ის შესაძლებლობები, რასაც ვფიქრობდი, რომ ვიმსახურებდი. დღეს კი, საქართველოს გარდა, ვმუშაობ საერთაშორისო ორგანიზაციის ლონდონის ოფისისთვის, რაც ფინანსურად უფრო ადვილს ხდის აქ დარჩენას.
წინა წელს, დუბაიში, განათლების საერთაშორისო ჯილდოს – GESS Education Award-ის 13 ფინალისტს შორის დასახელდით „განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ასევე, ნომინირებული იყავით იორკის ჰერცოგინია, სარას ლიდერი ქალების ჯილდოზე. სულ ცოტა ხნის წინ კი, GISR საერთაშორისო ფონდმა „წლის ცვლილების აგენტ ქალად“ დაგასახელათ. რას ნიშნავს ეს ჯილდოები თქვენთვის?
ჩემთვის ეს აღიარება ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ საქართველოში დაბრუნება სწორი არჩევანი იყო. აშშ-ის შტატის დეპარტამენტისა და ევროკავშირის გრანტების მოპოვების შემდეგ, რამაც ამერიკასა და ევროპაში უფასო სწავლის შესაძლებლობა მომცა, ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. ამ ინსტიტუტებს ღრმად სჯეროდათ, რომ ჩემნაირ ახალგაზრდებში ინვესტიციით ისინი საქართველოს მომავალს ეხმარებოდნენ. ხუთ ქვეყანაში სწავლისა და მუშაობის გამოცდილების შემდეგ საქართველოს დავუბრუნდი დიდი მოტივაციით, რომ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება აქ მომეხდინა, ხოლო ეს აღიარება დასტურია იმისა, რომ სწორი გზით მივდივარ.
როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?
ძნელია კონკრეტული ფორმულის ჩამოყალიბება, რადგან ეს ინდივიდუალური გამოცდილებაა ყველასთვის. თუმცა, ვფიქრობ, მთავარ როლს მაინც ისეთი ფაქტორების კომბინაცია თამაშობს, როგორიცაა: შრომისმოყვარეობა, მკაფიო მიზნებისა და ხედვის ქონა, „ჯიუტი“ მიზანსწრაფულობა, თვითდისციპლინა, დროის ეფექტურად მართვა და პოზიტიური განწყობა. ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანს სირთულეების გადალახვაში, მოტივაციის შენარჩუნებასა და შესაძლებლობის სწორად გამოყენებაში.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ანა აბესაძე