ფერების მაგია გზამკვლევი აღმოჩნდა თეკო გელაშვილის ცხოვრებაში – ჯერ ადამიანების სხეულის შეფუთვა დაიწყო ფერადი და ლამაზი სამოსით, მერე იყო კრიზისი, დაცემა, წამოდგომა და ისევ ფერებით – ნეიროგრაფიკით ჯერ საკუთარი სურვილები გააშიშვლა და მერე ამ მეთოდით სხვების გამოღვიძებას შეუდგა. ამბობს, რომ მთავარი „მინდა“-ში დაბრუნებაა. წარსულში წარმატებული დიზაინერი ახლა ნეიროგრაფიკის მასწავლებელი და სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ფასილიტატორია. თეკო გელაშვილი გადატვირთვის ამბავს გვიყვება.
თეკო გელაშვილი: ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს ვუყურებ დიდი მადლიერებით. აქ და ახლა ამ წერტილში ვერ მოვხვდებოდი, რომ არა ის გამოცდილება, რაც განვლილმა ცხოვრებამ მომცა. არის თვისებები, რომელიც ძველ თეკოსაც ჰქონდა და ახალსაც აქვს. ეს ის ნაწილია, რომელმაც ძველი გარდაქმნა ახლად, რომელმაც რეალურად გაუძლო კრიზისს. მე ჯერ უკუსვლა განვიცადე – ჯერ დავივიწყე ჩემი მისწრაფებები და მერე მივუბრუნდი. თითქოს სამი ნაწილისგან შევდგები – პირველს დავუბრუნდი ტრანსფორმაციის შემდეგ. ეს იყო თეკო, რომელიც მიისწრაფოდა განვითარებისკენ, გიჟდებოდა სიახლეებზე, შთაბეჭდილებებზე. მაგრამ მერე მაინც ჩაჯდა სტერეოტიპში – შეუყვარდა ბიჭი, გაჰყვა ცოლად და იმდენად ბედნიერი იყო, რომ დაავიწყდა პირადი მისწრაფებები. მერე მივხვდი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ქორწინებით, მყავს უნიკალური შვილები, მაგრამ ვეღარ ვხედავ ჩემს ოცნებებს. 30 წლისა მივედი იმ მდგომარეობამდე, როცა ვუთხარი საკუთარ თავს – კი მივაღწიე კარიერულ პიკს ბიზნესსფეროში, ტოპპოზიციას – მენეჯმენტში, მაგრამ ამას არ მოჰქონდა ბედნიერება. დავიწყე იმით, რომ წამოვედი სამსახურიდან და დავუბრუნდი ჩემი ბავშვობის ოცნებას – ხატვას და ტანსაცმლის შექმნას. ერთ წელიწადში ჩემით გავიარე ყველა ის პროცესი, რასაც 4–5 წელი გადიან უნივერსიტეტებში. მოვახერხე იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა და ეს შეუძლია ყველას. გავედი კონკურსზე, სადაც გავიმარჯვე და მოვხვდი მილანში ერთ–ერთ საუკეთესო აკადემიაში, რომელმაც „ვოგი იტალიასთან“ ერთად დამიფინანსა მაგისტრატურა და წავედი სასწავლებლად. ეს იყო გარდამტეხი ეტაპი ჩემს ტრანსფორმაციაში. მაშინ მივხვდი, რომ თუ მოუსმენ შენს თავს და მიჰყვები ნაბიჯ–ნაბიჯ, შედეგი გარდაუვალია. მილანში გავიარე საოცარი პერიოდი, ძალიან გავიზარდე პიროვნულად. მივხვდი, რა მაგარია, როცა ირჩევ საკუთარ თავს და რა არის ამის საჩუქრები. სწორედ ამან მომცა გამბედაობა და თვითრწმენა, რაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა. მილანში ძალიან დიდი მიღწევები მქონდა, ვმუშაობდი მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან – „ჯილ სანდერთან“, „მარნისთან“, „ვერსაჩესთან“, მქონდა სამსახურის შემოთავაზება „გუჩისგან“. აი, აქ არ მეყო გამბედაობა – მილანში უნდა დავრჩენილიყავი საცხოვრებლად, ოჯახი ვერ მომყვებოდა, ვერ ავიღე პასუხისმგებლობა, ამიტომ არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გავაკეთე და დავბრუნდი. თავიდან ვგეგმავდი ჩემი ბრენდის გაკეთებას, მაგრამ ვერ ავეწყვე ქართულ მოდას. რაზეც ვოცნებობდი, იმაზე ვთქვი უარი და ეს ძალიან ძნელი იყო. ვერაფრით ვერ მივიღე და ვერ დავიტიე ჩემი არჩევანი. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ეს კრიზისი, მე დღეს არ ვიქნებოდი აქ, ამ მდგომარეობაში. აღმოვჩნდი წელიწადნახევრიან დეპრესიაში. ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი ამ ცუდად ყოფნას.
კრიზისი
კრიზისი ცუდი გვგონია, არადა, სხვანაირად ვერ იზრდები. ისე ვართ მოწყობილები, რომ ბოლომდე თუ არ ჩაგვაჭერს, ვერ ვხვდებით, რომ რაღაც გვაქვს შესაცვლელი. ახალი ვერ მოვა, თუ ძველს არ გამოათავისუფლებ. ბოლომდე თუ არ ჩაიწვი, ვერ აღდგები განახლებული. 32 წლის ვიყავი, როცა ვთქვი, რომ აღარ შემიძლია, ჩავწექი ლოგინში და ჩემი დროის რაღაც ნაწილი ჩავრეცხე. დრო არის ერთადერთი რესურსი, რომელსაც ვერ დაიბრუნებ. კრიზისის დროს ხვდები, რომ შენი არჩევანია, აღარ იყო იქ, სადაც ხარ. უნდა მოიკრიბო ძალა და აირჩიო საკუთარი თავი. სიახლის გვეშინია, ძველს ვერ ველევით და გვავიწყდება, რაც წასასვლელია, წავა და რაც საჭიროა, დარჩება.
ფერების მაგია
მერე იყო კოვიდის პერიოდი, რა დროსაც ისევ მივუბრუნდი ფსიქოლოგიას, რომელიც სულ მაინტერესებდა, მაგრამ არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ ჩემი ცოდნა და რესურსები გამომეყენებინა. ამ დროს მქონდა პანიკური შეტევები, შფოთვითი აშლილობა, ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი მეუღლე მორალურად თუ ფინანსურად ყოველთვის გვერდში მედგა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ფინანსისტია და საერთოდ არ ესმოდა, რას ვაკეთებდი და ყოველ ჯერზე ფიქრობდა, რომ რაღაც ახალი სისულელე მოვიგონე. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ მისი. ასე მივუბრუნდი ფსიქოლოგიას და სხვადასხვა ტექნიკით დავიწყე საკუთარი თავის დახმარება. დავუბრუნდი იოგას, ვიტარებდი სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციებს. ჰიპნოთერაპიის სესიის დროს, ღრმა ტრანსულ მდგომარეობაში მყოფმა, ნეიროგრაფიკა დავინახე. მომეწონა და გადავირიე ამ ნახატებზე და ქვეცნობიერად ისევ ჩემი პროფესიისკენ წავედი. დავუბრუნდი ფერებს და ქაოსურ ჰარმონიას. ჯერ ამ ფერების დიზაინში გამოყენება ვცადე, მაგრამ მერე დავიწყე ხატვა და ისეთი პროცესები დაიძრა, რომ მივხვდი, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფერების ჰარმონია და გავყევი პროცესს. ვხატავდი ძალიან ბევრს, ვფიქრობდი ძალიან ბევრს. ასე გახდა ნეიროგრაფიკა ჩემი ცხოვრების ნაწილი. მერე გავბედე და სოციალურ ქსელში დავწერე პოსტი – თუ გაინტერესებთ ნეიროგრაფიკა, შემომიერთდით–მეთქი და ეგრევე 30 კაცი მოვიდა. შოკში ჩავვარდი, არ იყო ადვილი საკუთარი თავის ასე პოზიციონირების გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ დავიწყე თავიდან – ახალი პროფესია, ახალი თავი ცხოვრების წიგნში და ეს შინაგანი წინააღმდეგობები გადავლახე საკუთარი თავისთვის. ძალიან არ მინდოდა იქ დაბრუნება, სადაც ვიყავი. სისავსის განცდა პირველივე სესიის მსვლელობისას მოვიდა – ძალიან მესიამოვნა, რომ ადამაინებს ვეხმარებოდი. მოვიდა უამრავი მესიჯი – კარგად ვარ, ძალიან დამეხმარა, შფოთვები მომეხსნა. იმდენნაირი შედეგი იყო და იმდენნაირი გამოხმაურება, რომ ამან დიდ აზარტში შემიყვანა. მერე დავიწყე ფსიქოსომატიკის შესწავლა, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩავსულიყავი და შემედგინა ისეთი ალგორითმები, რომელიც მაქსიმალურად მოერგებოდა იმ ადამაინების ჩელენჯს, რომლებიც მომყვებიან.
აირჩიე საკუთარი თავი
როცა ხედავ, რომ აღარაფერი გახარებს, აღარ არსებობს „მინდა“, – ვერც წარმოგიდგენია, რომ აქედან გამოსავალი არსებობს. „მინდა“ არის შემოქმედებითი ენერგია, თუ არ გინდა – არ მოდის ენერგია. შფოთვითი აშლილობა არის სხეულის სიგნალი, რომ დახმარება გჭირდება. ტკივილი გარდამავალი ფაზაა – შეიძლება ჩაწვე და მიეჩვიო, ან გამოგაფხიზლოს და დაბრუნდე „მინდა“-ში. ყველასთან ინდივიდუალურად მოდის აქედან გამოსვლის გზა. ყველას თავისი პერსონალური ფსკერი აქვს – ან რჩება იქ, ან დაარტყამს ფეხს და ამოდის ზედაპირზე ახალი ძალებით სავსე. ეს უნდა გააკეთო საკუთარი თავისთვის – შენი თავი უნდა აირჩიო. ძალიან დიდი და ღრმა პროცესები გავიარე და შედეგად აბსოლუტურად სხვა ადამიანი დაიბადა. არ მახსოვს, როდის დაბრუნდა თვითრწმენა, სიმყარე გადაწყვეტილებაში, თავდაჯერებულობა. თითქოს ყველაფერი ერთდროულად დაბრუნდა და გავმთლიანდი. მთავარია, გესმოდეს, რომ ცუდად ხარ და დახმარება გჭირდება. კავშირი უნდა აღადგინო სხეულთან, მენტალურ ნაწილთან და საკუთარ თავთან. შესაძლებელია ძალიან ღრმა დეპრესიიდან გამოხვიდე და ყველაფერი თავიდან დაიწყო, მთავარია გინდოდეს. რადგან გამომივიდა მე, გამოგივა შენც.
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი