ქართული OK!-ს აგვისტოს ნომრის მთავარი გმირი, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელ საქართველოს უყვარს. ეს ბიჭი ბევრჯერ და ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად შეგვიყვარდა. ევროპაზე გასასვლელი პირველი კარი რომ შეაღო პირველი პენალტით, დამაჯერებლად და დინჯად, აი, მაშინ; ჟორჟმა რომ პენალტი ააცილა, წამში რომ მის გვერდით გაჩნდა გასამხნევებლად, კიდევ მაშინ; ევროპაზე რომ კვეკვეს საფინალო გოლით გავედით და სტადიონი ლამის ემოციებისგან ჩამოინგრა, ბედნიერებისგან გაოგნებულმა მდუმარედ რომ წაივლო თავზე ხელები და ის გარინდება მჭექარე სტადიონზე ხმამაღალი იყო, მაშინაც; მერე რომ ევროპაზე ითამაშა მთელი გულით, ითამაშა ჟინით, აზარტით, ითამაშა თავისი გუნდისთვის და საქართველოსთვის. კი, ამ ბიჭმა ბევრჯერ შეგვაყვარა თავი.
ცხოვრებაშიც ისეთივე დარბაისელი და გაწონასწორებულია, როგორიც მოედანზე. თავისებურ ღირსების ხიბლს და შინაგან სიმშვიდეს ასხივებს, ხშირად იღიმის და კომუნიკაბელურია. შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი რომ მისი ხასიათის ნაწილია, არამარტო მოედანზე, ფოტოსესიის დროსაც გამოჩნდა. საკმაოდ დიდხანს, რამდენიმე საათის განმავლობაში, კახეთის თაკარა მზის ქვეშ ისე იმუშავა გადამღებ ჯგუფთან ერთად, ერთხელ არ დაუჩივლია. ქართული OK! წარმოგიდგენთ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრს, კლუბ „ლევანტეს“ ფეხბურთელს, გიორგი ქოჩორაშვილსა და მის ოჯახს.
გიორგი, ყველამ ვიცით, რომ ფაქტობრივად, ფეხის ადგმის დღიდან ბურთს თამაშობთ. რამდენად იყო ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეთ, ფეხბურთით სერიოზულად დაკავებულიყავით? ვინ იყო თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
(გიორგი): როგორც მეუბნებიან, ფეხი რომ ავიდგი, პირველი ნაბიჯები ბურთისკენ გადავდგი და ხუთი წლის ასაკიდან ჩემს გონებაში მხოლოდ ფეხბურთია. რა თქმა უნდა, დედა ყოველთვის ჩემს განათლებასა და სწავლაზე იყო ორიენტირებული. თუმცა ორივე, დედა და მამა, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რომ არცერთი ვარჯიში არ გამეცდინა, წვიმასა თუ ქარში მევარჯიშა. მოგვიანებით ლოგიკურად გაჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ტელევიზორში ფეხბურთს. ჩემები მეუბნებოდნენ, დავიღალეთ ამდენი ფეხბურთის ყურებით, გადართეო, მაგრამ მაინც სულ ფეხბურთი იყო ჩემს სახლში.
(როინ ქოჩორაშვილი, გიორგის მამა): გიოს ბურთის ისეთი სიყვარული ჰქონდა, რომ მისი ბავშვობიდან შეგუებული ვიყავით, ფეხბურთს რომ გაჰყვებოდა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. თავიდანვე სრული სერიოზულობით უდგებოდა თავის ამ გატაცებას. რა თქმა უნდა, მშობლებმა ხელი შევუწყვეთ. შვილს რა მიმართულება და ნიჭიც აქვს, ვფიქრობ, ყველა მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვმა ეს ნიჭი განავითაროს. მგონია, არც შევმცდარვართ. გვიხაროდა, რომ ფეხბურთი უყვარდა, ჩვენი მიზანიც იყო, ჯანსაღ გარემოში, სპორტული ცხოვრებით ეცხოვრა. ყველა მშობელი ამყარებს თავის შვილზე იმედებს და, ცხადია, ჩვენც ასე ვიყავით. გიომაც სრულად გაგვიმართლა იმედები.
(ნინო შანშიაშვილი, გიორგის დედა): გიორგი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მიზანდასახული და აზარტული, ბუნებრივად ლიდერი. ადვილად გამოსდიოდა სწავლა. მასწავლებლები სულ მსაყვედურობდნენ, გამოიყვანეთ ამ ფეხბურთიდან და გაჰყვეს ბავშვი რომელიმე მეცნიერებასო. გიომ კი აირჩია ფეხბურთი და ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ მხარში ამოვდგომოდით.
(გიორგი): იყო მომენტები, როცა დედა მეუბნებოდა, იცოდე, გაკვეთილს თუ არ მოამზადებ, ვარჯიშზე არ გაგიშვებო. კიდევ კარგი, რომ არცერთხელ არ შეასრულა ეს მუქარა.
როგორი განცდაა, როცა შენი შვილი მთელ ქვეყანას, მთელ ერს უყვარს?
(როინ ქოჩორაშვილი): ყველაზე მაგარი! მშობლისთვის ყველაზე მთავარია შვილის წარმატება. გიორგი იმდენად შრომისმოყვარე ადამიანია, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს წარმატება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვიდოდა.
(ნინო შანშიაშვილი): ეს არის საოცარი შეგრძნება, ენით ვერ აღვწერ.
გიორგი, თქვენ გამოირჩევით დროული და გონივრული საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვით. გამოდის, რომ პროფესიულად თუ საზოგადოებრივად იქ ხართ, სადაც ქვეყანას სჭირდებით. როგორ ფიქრობთ, რა აკლია დღეს ჩვენს ქვეყანას და როგორ საქართველოს ისურვებდით, რომ გენახათ?
(გიორგი): ფეხბურთმა ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის ისიც, რომ, როცა მოედანზე ვარ, დავიცვა ჩემი გუნდელები. როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, ვცდილობ მათ დავეხმარო და ზურგი გავუმაგრო. ეს მოდელი მაქვს გადმოტანილი ქვეყანასთან მიმართებაშიც. მინდა იქ ვიდგე, სადაც საქართველოს ვჭირდები. შეიძლება დღეს ქვეყანაში ის მოცემულობა არ იყოს, რაზეც მე ვოცნებობ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბევრად წინ წავიდეთ და გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ისტორია და ძალა. ეს არის ჩემი მისია, რომ ფეხბურთით იქნება თუ სხვა მიმართულებით, გულით ვატარო ჩემი ქვეყანა და დავიცვა, როცა საჭირო იქნება.
(როინ ქოჩორაშვილი): რა თქმა უნდა, ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ბედნიერი და წარმატებული ქვეყანა. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ჩვენი ქვეყანა სწორად და ღირსეულად წარმოვაჩინოთ მსოფლიო არეალზე. პირველ რიგში, გვჭირდება სიყვარული და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.
გიორგი, რაიმე რიტუალი თუ გაქვთ თამაშის წინ, რომელიც კარგად გაქვთ დაცდილი?
სანამ თამაში დაიწყება, ყოველთვის გავდივარ სტადიონზე, შევხედავ გულშემატკივარს, ვაკვირდები გარემოს, შემდეგ ვბრუნდები გასახდელში, ვემზადები და როცა მოედანზე გავდივარ, ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ.
მივადექით ჩემთვის ძალიან საინტერესო თემას. რა ხდება ფეხბურთელების გასახდელში საპასუხისმგებლო მატჩების წინ? როგორ ემზადებით, რა გარემოა?
გასახდელში არის ღელვა. ყველას ჩვენი მომზადების რიტუალი გვაქვს. ხმამაღლა ჩართულია სიმღერა, რომელსაც ვუსმენთ. ზოგი ყურსასმენებში უსმენს მუსიკას. მე პირადად ასეთ დროს სიჩუმე მირჩევნია, რომ ყურადღების კონცენტრაცია საქმეზე მოვახდინო. სანამ გავალთ სტადიონზე, ყველა თავისებურად ემზადება.
კაპიტანი ყოველი გასვლის წინ მოგმართავთ?
ზოგჯერ კაპიტანი მოგვმართავს, ხან რომელიმე გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც შეიძლება არ უწევდეს იმ დღეს თამაში, მაგრამ მთავარი სიტყვა მას ეკუთვნოდეს, გამოცდილების გამო. მეც შემიძლია სიტყვის თქმა. ბოლოს მახსოვს, ხვიჩამ თქვა თავისი სიტყვა გასვლამდე. ასე ვამხნევებთ ერთმანეთს.
ნაკრების ბიჭებიდან ყველაზე ახლოს ვისთან მეგობრობთ?
ყველასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ სანდრო ალთუნაშვილი და მე, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ, ერთი აკადემიიდან მოვდივართ და მასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს.
გიორგი, რომელია ის თვისება, უნარი, რომელიც საკუთარ თავში მოგწონთ და პირიქით, რას შეცვლიდით საკუთარ ხასიათში ან თვისებებში, რა არ მოგწონთ?
მოწონება არ ვიცი, მაგრამ ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა დისციპლინებულად მივყვები გრაფიკს. ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს დისციპლინას და საერთოდ, სპორტულ კარიერაში წარმატების უდიდესი ფაქტორია დისციპლინა. რაც შეეხება იმას, თუ რისი გამოსწორებაც მინდა, უნდა დავფიქრდე… აქაც ალბათ ისევ დისციპლინაზე გავაკეთებდი აქცენტს. ადამიანის უნარებს და მათ დახვეწას ლიმიტი არ აქვს და მეც ვისურვებდი, დისციპლინის მიმართულებით მეტად ვიმუშაო საკუთარ თავზე.
რომ არა ფეხბურთი, სად იქნებოდით, რომელ სფეროში?
მახსოვს, ერთხელ, როცა პატარა ტრავმა მქონდა, ოჯახის წევრებთან შევედი და ვუთხარი, მე მგონი ფეხბურთის ნაცვლად სჯობს, ჩოგბურთს დავუთმო დრო-მეთქი. თვალს ვადევნებდი რაფაელ ნადალს, ფედერერს და ძალიან მიზიდავდა ჩოგბურთი. ჩოგანიც მქონდა სახლში და თავისუფალ დროს ვთამაშობდი. ახლა უკვე იშვიათად ვთამაშობ, რადგან მინდა მთელი ენერგია ფეხბურთს მოვახმარო.
როცა მარტო რჩებით და გაქვთ თავისუფალი დრო, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუთმოთ, რას აკეთებთ განტვირთვისთვის?
საკუთარი თავისთვის ასეთი დროის გამოყოფა ყველასთვის საჭიროა. ამ დროს ვიყენებ შეყვარებულთან გასატარებლად, დავდივართ ჩვენს საყვარელ ადგილებში. თუ არის საშუალება, ოჯახის წევრები ჩემთან ჩამოვიდნენ, მათთან ერთად ვატარებ თავისუფალ დროს.
აი, ახსენეთ თქვენი ულამაზესი შეყვარებული, სანდრა, და მოდი, გკითხავთ, მოეწონა საქართველო?
ძალიან მოსწონს. სამჯერ იყო უკვე საქართველოში, რა თქმა უნდა, მოედანზეც მოდიოდა ნაკრების საგულშემატკივროდ. ცოტა ხნის წინ ზღვაზეც ვიყავით ერთად. ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო. მეც ვცდილობ, უფრო მეტად გავაცნო ჩვენი კულტურა და ქვეყანა.
თქვენს ურთიერთობაზე გკითხავთ. რომელი უფრო თბილი და ემოციური ხართ?
მე მგონია, რომ ორივე თანაბრად.
ეჭვიანი ხართ?
ვფიქრობ, ყველას აქვს ეჭვიანობის უფლება, მაგრამ თუ იცნობ ადამიანს და მისი გჯერა, იქ ეჭვის ადგილი არ არის. სანდრას მიმართ ეჭვის უფლება არ მაქვს, მისი 100%-ით მჯერა.
სამზარეულოში ტრიალი თუ გეხერხებათ?
კი, სამზარეულოში ტრიალი დავიწყე პანდემიის პერიოდში. ხაჭაპურიც კი გავაკეთე, დედაჩემისა და დეიდაჩემის რეცეპტით. მაგრამ ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, როცა ცოტა დრო მაქვს ამ თემისთვის დასათმობად. ვცდილობ, მყავდეს პროფესიონალი, რომელიც ჩემს სრულფასოვან კვებას თავიდან ბოლომდე მიხედავს.
კინო თუ გიყვართ?
მიყვარს, უფრო ხშირად სერიალებს ვუყურებ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, თუ დრო მაქვს, მირჩევნია წიგნი წავიკითხო ან ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო.
არის ისეთი ნიჭი, როგორსაც ისურვებდით გქონოდათ?
უჩინარი ვყოფილიყავი. ან ფრენის უნარი მქონოდა, რომ შემომეფრინა მთელი მსოფლიო, ყველაფერი მენახა, ყველა კუთხე-კუნჭული.
გიორგი, რა კრიტერიუმით აფასებთ ადამიანებს? რომელია ის თვისებები, რომელიც პიროვნების პატივისცემას იწვევს თქვენში და პირიქით, ადამიანის რომელი თვისებები გაღიზიანებთ და არის თქვენთვის მიუღებელი?
სიმართლე არის ის, რასაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემთვის მთავარია ისეთი ხალხი მყავდეს გვერდით, ვინც ყოველთვის სიმართლეს მეტყვის, ჩემთან გულწრფელი იქნება. რთულია ასეთი ადამიანების პოვნა, მაგრამ თუ მიაგენი, ისინი სიცოცხლის ბოლომდე გამოგყვებიან, მე ასე მჯერა. რაც მაღიზიანებს, ეს არის ტყუილი. ვცდილობ არ მქონდეს კონტაქტი მატყუარებთან.
საქართველოში ყველაზე მეტად რა ან ვინ გენატრებათ ხოლმე? რას აკეთებთ პირველ რიგში, როცა აქ ჩამოდიხართ?
მშობლები, ოჯახი და მეგობრები, ჩემი უსაყვარლესი კახეთი, სადაც ყოველთვის ჩამოვდივარ.
ქართული ტრადიცია, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ?
უფრო კულტურული მიმართულებით გაგცემთ პასუხს და გეტყვით, რომ ქართული ნაციონალური ცეკვა მომწონს ძალიან. მე თავად არ გამომდის, მაგრამ როცა, მაგალითად, სუხიშვილების კონცერტზე მივდივარ და მათ ვუყურებ, საოცარი ემოციები მოდის, პატრიოტულ გრძნობებს ამძაფრებს ჩემში.
თქვენი კლუბის, „ლევანტეს“ სოცმედია მენეჯერზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად, რომელიც ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე წერს პოსტებს, რაც, სავარაუდოდ, თქვენი ქართველი გულშემატკივრების არმიის სოცაქტიურობის დამსახურებაა. თქვენ შორის პატარა დიალოგიც კი გაიმართა ერთ-ერთი პოსტის ქვეშ, სადაც ქართულის თარჯიმნობა შესთავაზეთ.
დიახ, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია. ხშირად მწერს ვოთსაფზე. გუშინ მივიღე მისგან ასეთი შეტყობინება: „ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა შენ, რომ ვართ ესპანეთის ტოპხუთეულში“. ჩემთვის ძალიან საპატიოა, რომ „ლევანტეს“ არამხოლოდ ფეხბურთში, პოპულარიზაციაშიც ვეხმარები. თან არამხოლოდ მე, მთლიანად ჩემი ქვეყანა.
თმის სიგრძესთან შელევა გაგიჭირდათ?
ცოტა შევიმოკლე, პირობა რომ შემესრულებინა. არც მწვადი დავწვი და არც შამფური.
ვიცი, რომ კითხვა გიყვართ. ახლა შუაგული ზაფხულია, დასვენებების, შვებულებების პერიოდი. ხომ არ ურჩევდით ქართული OK!-ს მკითხველებს თქვენი გემოვნებით საზაფხულო საკითხავს?
ყველას თავისი ლიტერატურული გემოვნება აქვს. მე მიყვარს ავტობიოგრაფიული, ფსიქოლოგიური ხასიათის წიგნები. სპორტსმენებს ვურჩევდი დენ კარტერის წიგნს, რომელმაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. მაჩვენა, რომ სპორტში დისციპლინა და მიზანდასახულობა არის უმნიშვნელოვანესი. საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარა ეს წიგნი და ყველას ვურჩევ, წაიკითხონ.
ვიცი, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აწმყოთი ცხოვრობს და არ უყვარს გრძელვადიანი გეგმების დასახვა. და მაინც დაგისვამთ ამ კითხვას: ხანდახან, როცა მომავლისკენ გაგეპარებათ ფიქრები, სად ხედავთ თავს რამდენიმე წელიწადში?
ძალიან კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა, ვცხოვრობ დღეს, აწმყოთი და მინდა ყოველი დღით ვისიამოვნო, მაგრამ მეც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს ამ კითხვას: სად ვიქნები რამდენიმე წელში? მინდა იმდენი გამოცდილება დავაგროვო, რომ წლების შემდეგ ჩემს პატარა მეგობრებს გავუზიარო, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, 10-15 წელიწადში იმაზე გაცილებით დიდ წარმატებას მოუტანენ ქვეყანას, ვიდრე ჩვენ, დღევანდელი ეროვნული ნაკრების ბიჭებმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევძელით.
გიორგი, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ მთელი ჟურნალის სახელით.
დიდი მადლობა თქვენ, ძალიან სასიამოვნო იყო.
ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: თაკო გვაზავა
ლოკაცია: AMBASSADORI KACHRETI GOLF RESORT