მსახიობი გიორგი შავგულიძე მაყურებელმა საინტერესო საშემსრულებო მანერით და დასამახსოვრებელი როლით უკვე გაიცნო. ამ პროფესიის მიმზიდველობასა და მშობლიურ ქუთაისზე ვრცლად მოგვიყვება.
ქუთაისში დავიბადე, წმ. ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. მოსწავლეობისას დიდი ბედნიერება იყო სკოლის სახელით ამა თუ იმ საღამოზე გამოსვლა. სკოლამ ჩემში წარმატების განცდა დიდი დოზით შემოიტანა და კიდევ უფრო მიმაახლოვა მომავალ პროფესიას. ყველა მასწავლებელს, განსაკუთრებით კი დამრიგებელს – მაია ახვლედიანს მინდა მადლობა გადავუხადო. მქონდა ბედნიერება, ამ სკოლაში განსაკუთრებული დრო გამეტარებინა. იმასაც დავამატებ და გეტყვით, რომ ხშირად ჩემი ატანაც უწევდათ (იღიმის).
შემდეგ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. დღემდე ჩემი პროფესიით ვსაქმიანობ. მყავს მეუღლე და სამი შვილი.
არაერთი სახასიათო როლი შექმენით, როგორ დაიწყო ყველაფერი?
უნივერსიტეტში ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში, ჩემმა პედაგოგმა, ბატონმა გიზო ჟორდანიამ მთელი ჯგუფი სპექტაკლში დაგვაკავა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში, საიდანაც ჩემი პროფესიული ცხოვრება დაიწყო. ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, ამავე თეატრში სხვდასხვა რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლებში ვთამაშობდი.
2013 წელს დავიწყე თანამშრომლობა ბატონ დიმა ხვთისიაშვილთან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც კარიერას დღემდე ვაგრძელებ. აგრეთვე „ილიაუნის“ თეატრში ვთამაშობ. ჩემი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში მითამაშია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების თეატრების სცენაზე.
რაც შეეხება როლებს, მიმაჩნია, რომ ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა როლმა პროფესიული გამოცდილება დამიგროვა და ის სიამოვნება მომანიჭა, რასაც მსახიობობა ჰქვია. ამიტომ გამიჭირდება კონკრეტულის გამორჩევა.
თეატრის პარალელურად, მაყურებელმა კინოშიც გიხილათ…
თეატრისაგან განსხვავებით, კინო ჩემს ცხოვრებაში უფრო ნაკლები დოზით არის. თუმცა გამოვარჩევდი ჩემს ბოლო პროექტს, სადაც ვითანამშრომლე ისეთ კინოკომპანიასთან, როგორიც არის netflix-ი. იქ გატარებულ დროს სხვა სამყაროს დავარქმევდი. გადაღებები პრაღაში მიმდინარეობდა. დღემდე დაუვიწყარია ის ემოცია, იქაური გადასაღები მოედნის ამბებს რომ ვიხსენებთ.
მშობლიური ქუთაისი რას ნიშნავს თქვენთვის?
მიუხედავად იმისა, რომ 16 წლიდან თბილისში ვცხოვრობ, ქუთაისთან ურთიერთობა არცერთი წუთით არ გამიწყვეტია. ჩემთვის ეს ქალაქი ბავშვობასთან, მეგობრობასთან, სიყვარულსა და ურთიერთობასთან ასოცირდება. სწორედ ამ თვისებებით ვსაზრდოობ დღემდე. ქუთაისს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ბედნიერი წლები, რომელიც სკოლას უკავშირდება, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი ცხოვრების განვითარებასა და ჩემს ჩამოყალიბებაში. ქუთაისს უკავშირდება ბევრი მოვლენა და ბუმბერაზი ადამიანები, ქვეყნის განვითარებაში დიდი როლი რომ ითამაშეს, სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობაა, გერქვას ქუთაისელი და ღირსეულად ატარო მისი სახელი.
თბილისი ძალიან მიყვარს, მაგრამ ზუსტად ქუთაისის სიყვარულით, იმ ურთიერთობებით, დარიგებებით, მართალი სიტყვის მოსმენით მინდა ვთქვა, რომ მიმარტივდება აქ ცხოვრება. ქუთაისის სიყვარული ბევრი მხრიდან შემიძლია ავხსნა, ბევრი ვისაუბრო მასზე და ვიამაყო ქალაქით, სადაც დავიბადე, გავიზარდე და დღემდე ვივსები ჩემს ქალაქში ყოფნით.
თაობების განსხვავებული ხედვების შესახებ რას ფიქრობ?
თაობებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება მათ ღირებულებებშია. ბუნებრივია, დროსა და სამყაროს განვითარებასთან ერთად იცვლება ადამიანიც, მისი ინტერესებიც. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დროსა და სივრცეში თაობებმა, მათი განსხვავებულობის მიუხედავად, პატივი უნდა სცენ ერთმანეთს, მათ აზრებს. გავუფრთხილდეთ ძველს და ხელი შევუწყოთ ახალს.
როლთან ურთიერთობის შესახებ გვიამბეთ.
როლი და როლთან ურთიერთობა ამ პროფესიის დიდი ნაწილია. ჯერ მისი მიღებით, შემდეგ ძიებით. სხვადასხვა რეჟისორთან მუშაობა და პარტნიორებთან ურთიერთობა ჩემთვის სხვადასხვა ეტაპზე ახალ გამოცდილებას ქმნის. ამიტომ ყველა როლი თავისებურად განსაკუთრებულია. ამ პროფესიის მიმართ ხიბლი და გატაცება ბავშვობიდანვე გამიჩნდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ბიძა – მსახიობი ონისე ონიანი. ის დღემდე ჩემი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. პროფესიასთან ჩემი პირველი ნაბიჯები უკავშირდება ბატონ ავთო სახამბერიძეს. ამ ადამიანის მეშვეობით არაერთხელ ვმდგარვარ ჩემი სკოლის სახელით ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ვფიქრობ, მესხიშვილის თეატრი ყოველთვის ქართული და არამარტო ქართული თეატრის წინა პლანზე დგას და დღესაც ჩემთვის საამაყო ხალხი მოღვაწეობს იქ.
მესხიშვილის თეატრში სკოლის ღონისძიებები რომ ტარდებოდა, ბევრჯერ ვიდექი სცენაზე და სკოლის დამთავრების შემდეგაც არ გამიწყვეტია ურთიერთობა. 2007 წელს მქონდა პირველი გასტროლი მარჯანიშვილის თეატრიდან სპექტაკლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“.
მას შემდეგ ბევრი სხვადასხვა სპექტაკლით ჩავსულვარ ქუთაისში. განსაკუთრებული ემოციებით ვივსები და ვცდილობ მეც სხვა სიყვარულით ვითამაშო ქუთაისელ მაყურებელთან.
ამ ყველაფერმა მიმიყვანა თეატრალურ უნივერსიტეტამდე, სადაც მოვხვდი ბატონ გიზო ჟორდანიას ჯგუფში. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გამართლება იყო. მასთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის ბედნიერების შეგრძნებაა. დღითიდღე ვიზრდებოდი, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. დღემდე მომყვება ის განცდა და ემოცია, რასაც ბატონ გიზო ჟორდანიასთან ურთიერთობა ჰქვია. ის ჩემთვის მთავარი მასწავლებელი იყო პროფესიის მიმართულებით.
დაკავებული გრაფიკის ფონზე, ყოველდღიურობა როგორია?
ძირითადად ბავშვებთან ურთიერთობით ვიწყებ: სკოლა, ბაღი… შემდეგ გრძელდება თეატრით, საღამოს ისევ ოჯახით. არსებობს გამონაკლისი დღეებიც (იღიმის).
რას ეტყვით მკითხველს?
გამოიყენეთ ყოველი წამი, სიცოცხლე მშვენიერია!
ტექსტი: ნანა კუკულავა
ფოტო: ალექსეი სეროვი