CSR-ში სოციალური გავლენის ინიციატივები მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავენ, პოზიტიური გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე. მათი განუყოფელი ნაწილია ინკლუზია, ის გულისხმობს შესაძლებლობების შექმნას და ბარიერების მოხსნას, რათა ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის. მოცემული საკითხის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ SDG პიონერ, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის (E&S) დეპარტამენტის ხელმძღვანელ, მაია ქობალიასთან.
რა ადგილი უჭირავს CSR-ს „კრისტალის“ სტრატეგიაში?
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) შედის ჩვენს ამჟამინდელ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის შემადგენლობაში და მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომპანიის დიდ სტრატეგიაში. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის ფაქტიც, რომ „კრისტალის“ დიდი სტრატეგიის ერთ-ერთი ბიზნესმიზანთაგანი სწორედ ეს შერჩეული 3 მდგრადი განვითარების მიზანია: #5 გენდერული თანასწორობა, #10 შემცირებული უთანასწორობა, #13 კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები.
როგორ ვლინდება „კრისტალის“ ერთგულება მრავალფეროვნებისა და ინკლუზიისადმი მის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში?
ვლინდება იმით, რომ ცალკე მიმართულებაა პასუხისმგებელი აღნიშნულ თემებზე (E&S), რომელიც გენერალური დირექტორის (CEO) დაქვემდებარებაშია და ასევე სისტემატურად ანგარიშვალდებულია კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე; ხოლო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში – ფინანსურთან ერთად. „კრისტალი“ ყოველთვის ითვალისწინებს გენდერული, გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის ასპექტებს, რომელთა განხორციელებაც დეკლარირებული აქვს სტრატეგიულ მიზნებში. მდგრადობის (sustainability) მიმართ მსგავსი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვთ კომპანიის უცხოელ ინვესტორებსაც; უფრო მეტიც – ტალანტების განვითარებისა და მართვის მიმართულებას; ასევე, აქტიურად აქვს გათვალისწინებული მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ასპექტები მათ გადაწყვეტილებებში.
შეგიძლიათ განიხილოთ კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც „კრისტალმა“ წამოიწყო, რათა ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებას და ჩართულობას თანამშრომლებთან და იმ თემებში, რომლებსაც ემსახურება?
ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა არის „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, რომელსაც წლების განმავლობაში 10 000-მდე ახალგაზრდა, ტრენინგგამოვლილი მეწარმე ჰყავს გაძლიერებული ცოდნით, სამეწარმეო უნარებითა და მრავალფეროვანი, მცირე საგრანტო პროექტებით. 2020 წლიდან ამას დაემატა ქალთა პიროვნული და ეკონომიკური გაძლიერების კონკრეტული ინიციატივები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად და კრისტალის შვილობილი კომპანია – „კრისტალ კონსალტინგი“, რომელიც ასევე ბიზნესმენტორობით ემსახურება ადგილობრივ თემებსა და პოტენციურ, ან „კრისტალის“ უკვე არსებულ მომხმარებელს.
თანამშრომლების ჩართულობისა და განვითარების მრავალფეროვანი, სხვადასხვა პროექტია, რომელთაგანაც გამოვარჩევდი „კრისტალის“ მენტორობის პროგრამას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women Georgia) და მათ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. აქვე თქვენი მკითხველისთვის საინტერესო შესაძლოა იყოს ისიც, რომ „კრისტალი“ ერთ-ერთი იყო იმ პირველ 5 კომპანიას შორის, რომლებიც 2016 წელს პირველები შეუერთდნენ WEP-ს (Women Empowerment Principals) ქალთა გაძლიერების პროექტებს.
ამ მიმართულებით „კრისტალი“ ბევრ საინტერესო, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტსაც ახორციელებს. სხვადასხვა დროს ეს ინიციატივები მოიცავდა რეგიონში ადგილობრივი ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, ადგილობრივი ბავშვთა სახლების ხელშეწყობასა და დახმარებას, ახალგაზრდების განვითარებასა და მხარდაჭერას. კომპანია აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერაზეც – ჩართულია მათ ტრენინგებში და მონაწილეობს მათთვის სამეურნეო რჩევების გაზიარებაში; „კრისტალი“ ასევე აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივი ინიციატივის ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
როგორ თანამშრომლობს „კრისტალი“ მოწყვლად ჯგუფებთან, რათა უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა ფინანსურ სერვისებზე და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებზე?
„კრისტალი“ ძირითადად ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციებისა და 50-მდე ფილიალის დახმარებით თანამშრომლობს მოწყვლად ჯგუფებთან. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), PH International-ი, სოციალური საწარმოები, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია ჩვენი ადგილობრივი, სანდო და ერთგული პარტნიორებისა. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს ალბათ, რომ თვითონ კომპანია ქალაქ ქუთაისში, 25 წლის წინ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დააფუძნეს, რასაც დაარსების დღიდან უდიდესი გავლენა აქვს კომპანიის პოზიტიურ „CSR დნმ-ზე“.
ასევე, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, „კრისტალი“ უმალვე შეეცადა აღმოეჩინა დახმარება უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. მათთვის ბიზნესსაქმიანობის მხარდასაჭერად „კრისტალი“ თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC/მსოფლიო ბანკი) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ოფისთან (UNHCR). ეს თანამშრომლობა, რომელიც საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დევნილების ფინანსურ ჩართულობასა და ეკონომიკურ მხარდაჭერას ეხებოდა, ასახულ იქნა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-შიც.
როგორ აფასებს „კრისტალი“ მისი მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ინიციატივების ეფექტურობას?
ეფექტურობის შეფასებისა და გაზომვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ჩვენი შიდა და გარე სოციალური გავლენისა (social impact measurement) და მომხმარებელთა და თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევებია. ასევე, სავალდებულო ანგარიშგებები, შესაბამისი აუდიტები და მონიტორინგები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, დონორებთან, ლენდერებსა და ინვესტორებთან.
უფრო მეტიც, სოციალურ რეიტინგში (Social Rating) საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „მიკროფინანზას“ (MFR) მიერ „კრისტალი“ შეფასებულია „A-“- ით.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სხვა მრავალრიცხოვან ქართულ ორგანიზაციებთან ერთად, „კრისტალის“ საქმიანობა ამ მიმართულებებით ფასდება, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ სხვადასხვა CSR და კორპორაციული მდგრადობის კონკურსებში. მაგალითად, „კრისტალი“ გახლდათ „მელიორას“ პირველი გამარჯვებული, როგორც ყველაზე პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია. კონკურსი ყოველწლიურად, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით იმართება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მიერ.
ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ „კრისტალი“ 2020 წლის ჯილდოს პირველი ადგილის მფლობელია. კონკურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით ხორციელდება.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) მიერ შვედეთის მთავრობასა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზებულ ყოველწლიურ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსშიც „კრისტალი“ რამდენიმე ნომონაციაშია გამარჯვებული. კერძოდ კი, სხვადასხვა წელს მიღებული აქვს ჯილდოები მდგრადი განვითარების 3 სხვადასხვა მიზანში (SDG): #5 – გენდერული თანასწორობა, #12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება, და #10 – შემცირებული უთანასწორობა.
რა როლს თამაშობს ლიდერობა „კრისტალში“ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ინიციატივებში და როგორ არის ეს ღირებულებები ინტეგრირებული კომპანიის სტრატეგიულ ღირებულებებსა და მისიაში?
„კრისტალის“ მენეჯმენტი სწორი მიდგომების დანერგვითა და მათი აქტიური მხარდაჭერით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის (D&I) გაძლიერებაში. კომპანია უზრუნველყოფს მკაფიო პოლიტიკის დანერგვას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზაციის მასშტაბით მრავალფეროვნებასა და ინკლუზიას. ჩვენი HR პოლიტიკა განსაზღვრავს რეკრუტირების, დაწინაურების, სწავლებისა და სამუშაო ადგილზე ქცევის პრინციპებს, ასევე კრძალავს დისკრიმინაციას და ხელს უწყობს ინკლუზიური კულტურის ფორმირებას.
როგორ ხელმძღვანელობს „კრისტალი“ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის სტრატეგიით ახალი თანამშრომლების აყვანისას?
„კრისტალი“ დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. გამოცხადებულ ვაკანსიაზე განვიხილავთ მიღებულ ყველა განაცხადს და მოთხოვნებიდან გამომდინარე, დასაქმების შანსი ყველას თანაბრად ეძლევა.
ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესში „კრისტალი“ მაქსიმალურად ცდილობს იყოს ობიექტური, სამართლიანი, ემპათიური. HR-ი პირველი საკონტაქტო პირია პოტენციურ კანდიდატთან, რომელიც სრულად წარმართავს პროცესს სატელეფონო კომუნიკაციიდან დაწყებული, მის საბოლოო შერჩევამდე. სწორედ ის უქმნის კანდიდატს პირველ შთაბეჭდილებას კომპანიის შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანია მას გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს პოტენციალი და განვითარების უნარი.
ასევე, ახალი ადამიანების შემოერთება ხომ იწვევს გუნდის ზრდას, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შემოტანას და არსებულთან ინტეგრაციას. შესაბამისად, როგორც ძველი, ასევე ახალი თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას, მათ ერთ გუნდად შეკავშირებას, ერთ მიზანზე ორიენტირებულობას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. ამიტომ კომპანია ზრუნავს შექმნას ჯანსაღი, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და ამით შეუწყოს ხელი თანამშრომლებს ადაპტაციაში, ასევე მათი მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის გათვალისწინებით.
რა არის „კრისტალის“ სამომავლო გეგმები და მისწრაფებები მრავალფეროვნებასა და ინკლუზიასთან დაკავშირებით?
„კრისტალის“ საყოველთაოდ აღიარებული კორპორაციული ღირებულებებიდან ერთ-ერთია პასუხისმგებლობა, ასევე – პარტნიორობა და გამჭვირვალობა, რომელიც რაც დრო გადის, მით უფრო მეტი მრავალფეროვნების მისწრაფებასა და ინკლუზიორობას მოიაზრებს. ინკლუზიურობის თემის მნიშვნელობის გაზრდა მოიტანა კომპანიის სიმწიფემაც, ამასთანავე, ბოლო პერიოდში, „საქართველოს ეროვნული ბანკისა“ და უცხოელი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილმა ინტერესმაც ამ თემების მიმართ.
უფრო მეტიც, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის (რომლის ხელმომწერიცაა „კრისტალი“) ერთ-ერთი პრინციპი არის პრინციპი #6, რომელიც გულისხმობს, რომ „უნდა გამოირიცხოს დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე და თანამშრომლების მიმართ“.
რომ შევაჯამო, „კრისტალი“ მომავალშიც აპირებს უერთგულოს მისთვის, მისი 1000+ თანამშრომლისთვის, ასიათასობით მომხმარებლისთვის, პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ღირებულ ამ მნიშვნელოვან ფასეულობას.