ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ საექთნო სამსახურის ხელმძღვანელთან
12 მაისს ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ პროფესიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ეწევიან ფასდაუდებელ შრომას. შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის გამოჯანმრთელება მათ მიერ სწორად და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზეც არის დამოკიდებული. ჟურნალი OK! დაინტერესდა, თუ როგორია ექთნის ერთი დღე და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს პროფესია დღეს. გთავაზობთ ინტერვიუს „ნიუ ჰოსპიტალსის“ საექთნო სამსახურის ხელმძღვანელთან, მარიამ ბურდულთან.
მარიამ, რატომ აირჩიეთ ექთნის პროფესია?
ყოველთვის მომწონდა ადამიანებზე ზრუნვა და თანადგომა. პროფესიაც სწორედ ისეთი შევარჩიე, რომელიც ამის შესაძლებლობას მომცემდა.
20 წელია სამედიცინო სფეროში ვარ, ვმუშაობდი როგორც პრაქტიკოსი ექთანი, ხოლო 2019 წლიდან ვარ „ნიუ ჰოსპიტალსის“ საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი, სადაც ამჟამად დასაქმებულია 425 პროფესიონალი ექთანი და 169 ექთნის თანაშემწე.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში საექთნო სამსახური გამოყოფილია ცალკე სტრუქტურულ ერთეულად, რომელშიც მნიშვნელოვანი მენეჯერული ფუნქციებით ოპერირებენ უფროსი ექთნები. ამით ხაზგასმულია ექთნების როლი და მნიშვნელობა პაციენტისთვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და საბოლოო გამოჯანმრთელების პროცესში.
რა ფუნქციები აქვს ექთანს და როგორია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექთნის ერთი სამუშაო დღე?
ექთნები ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია. მათი მიზანია პაციენტის ჯანმრთელობაზე უსაფრთხო და ეფექტური ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, დაავადებებისა და დაზიანებების პრევენცია, დაავადებისგან განკურნების ხელშეწყობა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესებში ჩართვით კი მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ექთნის სამუშო დღე დილიდან აქტიურად იწყება, ყოველი დღე სავსეა სიახლეებითა და, შესაბამისად, ახალი გამოწვევებით. დღე დატვირთულია სამედიცინო პროცედურებითა და მრავალმხრივი ურთიერთობებით, სირთულეებითა და მიღწევებით, დამღლელ სამუშაო დღეს კი გუნდური მუშაობა და მეგობრული გარემო გვიმსუბუქებს. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი თანაგრძნობა, გამოცდილება და ერთგულება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
რა როლს ასრულებენ ექთნები პაციენტთა ჯანმრთელობისთვის? და რამდენად მნიშვნელოვანია ექთნის როლი კლინიკისთვის?
საექთნო სამსახური სამედიცინო დაწესებულებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის საყრდენს წარმოადგენს. პაციენტთან ყველაზე დიდ დროს ექთანი ატარებს, აქედან გამომდინარე, პაციენტის გამოჯანმრთელება დამოკიდებულია ექთნის მიერ სწორად და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე, შესაბამისად, მისი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩატარებული სამედიცინო პროცედურების ხარისხს და გამოჯანმრთელებული პაციენტის კმაყოფილებას, რაც, უპირველესად, მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებისთვის.
რა განსაზღვრავს ექთნის პროფესიონალიზმს? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას?
ექთნის პროფესიონალიზმი განისაზღვრება მისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიხედვით, კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებით, ექთანი აუცილებლად უნდა იყოს ემპათიური, ყურადღებიანი და გულისხმიერი.
პროფესიის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, პაციენტის უფლებების, ავტონომიის, ღირსებისა და ღირებულებების პატივისცემა, ეთიკური და სამართლიანი დამოკიდებულება.
ამასთანავე, ექთანი მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე, რომლის მიზანიც პროფესიული ცოდნის, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება და გაუმჯობესებაა.
რა გამოწვევები აქვს საექთნო პროფესიას?
საექთნო პროფესია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, დიდი გამოწვევების წინაშეა. ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია მაღალკვალიფიციური საექთნო პერსონალის არსებობა. ამჟამად ქვეყანაში ექთნების სამუშაო ძალის გადინება ხდება, ეს კი პროფესიონალი კადრის დეფიციტს იწვევს, რაც გამოწვეულია აღნიშნული პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდების ნაკლებობით.
მისასალმებელია და იმედის თვალით ვუყურებთ ცვლილებას ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, სადაც ექთნის პროფესია დამოუკიდებელი საქმიანობაა და ექვემდებარება რეგისტრაცია/სერტიფიცირებას. ცვლილებები ხელს შეუწყობს საექთნო საქმიანობის განვითარებას, მეტად დაფასებასა და პოპულარიზაციას.
12 მაისს ექთნების დღეა, შეგიძლიათ მიულოცოთ თქვენს კოლეგებს…
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო „ნიუ ჰოსპიტალსის“ საექთნო საქმის ყველა წარმომადგენელს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, იმ სიყვარულისა და თანადგომისთვის, რასაც თითოეული პაციენტისადმი იჩენენ. ვულოცავ ექთნების საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებას პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი