ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ…
ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, რომელიც 11 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და სტუდენტებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია. ამასთანავე, გახლავთ ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრობის სტატუსი მოიპოვა. აღნიშნული გამოცდილება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს სტუდენტებს შესთავაზოს არაერთი საერთაშორისო პროგრამა ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიდლსექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ლინცის განათლების უნივერსიტეტი (ავსტრია), ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ნიქოზიის უნივერსიტეტი (კვიპროსი) და სხვა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ ორიენტირს წარმოადგენს სტუდენტების კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც თანამედროვე განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. უნივერსიტეტის პროგრამებსა და სხვა საინტერესო თემებზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უმაღლესი განათლების ექსპერტ-კოორდინატორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი გვესაუბრა.
ბატონო კახაბერ, როგორია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის შექმნის ისტორია?
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2013 წელს დაარსდა. თავდაპირველად სტუდენტებს ვთავაზობდით მხოლოდ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, თუმცა ძალიან მალე, 2015 წლიდან ჩვენს უნივერსიტეტში დაინერგა ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის სადოქტორო პროგრამები. ხოლო 2020-21 წლებში მიდლსექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა შევიმუშავეთ. აღნიშნულ პროგრამას სათავეში ჩაუდგა მიდლსექსის უნივერისტეტის პროფესორი პოლ გიბსი და სწორედ ის გახდა სადოქტორო კვლევების ცენტრის დირექტორიც.
გვესაუბრეთ იმ ფაკულტეტების შესახებ, რომლებსაც მომავალ სტუდენტებს სთავაზობთ.
მიმდინარე ეტაპზე გვაქვს ოთხი ფაკულტეტი, ესენია: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ინჟინერიის, ჯანდაცვისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტები. აქედან სამ ფაკულტეტზე დანერგილია სამივე საფეხური: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე ექვსი წელია, რაც წარმატებით მიმდინარეობს სწავლება მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან პროგრამაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები. ამჟამად მიმდინარეობს სკოლანდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის დანერგვა, რომელიც მიდლსექსის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება და საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის დამატების პროცესი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უპირატესობები:
უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის მიგვეცა ხარისხიანი განათლება, ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებენ. აღნიშნული მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპული გამოცდილების გაზიარება და ამ გამოცდილების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვა. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ამ მცირე დროში აღიარება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია გახლავთ ინტერნაციონალური არეალის გაფართოება და საერთაშორისო მასშტაბით წარმატებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარება. დღესდღეობით 40-მდე საერთაშორისო ინსტიტუციასთან ვთანამშრომლობთ, მათ შორისაა: ევროპის, ამერიკის, კანადისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტები.
ორი წლის წინ, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მივმართეთ ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიას. აკადემიის წევრობის სრული სტატუსის მოსაპოვებლად, პროცედურების გავლის შემდეგ გავხდით ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის სრული წევრის სტატუსი გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა ტრენინგები და სწორედ ბრიტანელი ექსპერტების მიერ მოხდა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრობის სტატუსის მოპოვების ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმი სორბონის უნივერსიტეტთან, წელს ვგეგმავთ პირველად გავუშვათ სტუდენტები აღნიშნულ უნივერსიტეტში. თავად გახლავართ მიწვეული პროფესორი სორბონის უნივერსიტეტში და იქაურ კოლეგებთან ერთად ვხელმძღვანელობ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიდლსექსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება. თავდაპირველად, ამ უნივერსიტეტთან გავაფორმეთ მხარდამჭერი კონტრაქტი, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის თაობაზე, შემდეგ ურთიერთთანამშრომლობა გადავიდა ახალ ეტაპზე, სწორედ მიდლსექსის უნივერსიტეტთან ერთად შევიმუშავეთ სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამა, მიდლსექსის აკადემიური პერსონალის ჩართულობით და აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია პროფესორი ანჯელა სქოლანი.
როგორც აღნიშნული ფაქტებიდან ჩანს, ჩვენი უნივერისტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხი. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ კვლევითი პოტენციალის გაზრდასა და საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებაზე. ეს გვეხმარება, რომ ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები წარმატებულად ფუნქციონირებდეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა არქიტექტურის, ფსიქოლოგიის, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამები, რასაც ყოველ წელს სტუდენტთა მზარდი რაოდენობა ადასტურებს.
უპირატესობის ნაწილში აუცილებელია აღინიშნოს უნივერსიტეტის ახალი კამპუსი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი თანამედროვე არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, სადაც გათვალისწინებულია როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო, ასევე სტუდენტური და სპორტული სივრცეები, კამპუსი აღჭურვილია თანამედროვე მრავალფუნქციური ტექნოლოგიებითა და მოდერნიზებული ბიბლიოთეკით.
სამომავლო გეგმები:
ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, შესაბამისად, ჩვენს სტუდენტებს კიდევ არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამას ვპირდებით. უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა სტუდენტთა ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტუდენტების კეთილდღეობის საკითხებზე. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, გვსურს შევისწავლოთ, როგორ უნდა ვიზრუნოთ სტუდენტების ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. ჩვენი დიდი სურვილია, მიღებული შედეგები სხვა ქართულ უნივერსიტეტებსაც გავუზიაროთ.
მოგეხსენებათ, დღეს მეცნიერების ინტეგრირება სასწავლო პროცესში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამის ნათელი მაგალითია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაც. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ამ მიმართულებითაც აქვს ბევრი საინტერესო გეგმა, რომლის შესახებ უფრო ვრცლად პოლ გიბსი – EEU-ს განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, EEU-ს აფილირებული პროფესორი, სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი, მიდლსექსის უნივერსიტეტში განათლების კვლევებისა და სტიპენდიების ცენტრის დამაარსებელი, New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი გვესაუბრა.
პოლ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებისგან?
პოლ გიბსი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლების ხარისხით, კვლევითი პოტენციალით, სტუდენტთა კეთილდღეობაზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნებით. უნივერსიტეტის თითოეული წარმომადგენელი აცნობიერებს, რომ სტუდენტებს ხარისხიან განათლებასთან ერთად სჭირდებათ კარიერული წინსვლა. ისინი სტუდენტებს მხარს უჭერენ, რათა გახდნენ პროფესიონალები, უკეთესი ადამიანები და სრულყოფილად გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი არა მხოლოდ ინარჩუნებს კავშირებს სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებთან, არამედ მუშაობს მათთან ერთად სტუდენტებისა და მეცნიერების საკეთილდღეოდ. ვამაყობ, რომ ამ უნივერსიტეტის ნაწილი ვარ.
როგორ დაიწყო თქვენი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლობა?
პოლ გიბსი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტის ექსპერტებთან საქმიანი ურთიერთობა 5-6 წლის წინ დავიწყეთ. თავდაპირველად ჩვენი თანამშრომლობა შემოიფარგლებოდა პროფესიული სადოქტორო განათლების შესახებ იდეების გაზიარებით. დღესდღეობით ჩვენი საქმიანი ურთიერთობის არეალი ძალიან გაიზარდა. ვთანამშრომლობთ როგორც სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, ისე სკოლამდელი განათლებისა და სხვადასხვა სამეცნიერო პროექტების ფარგლებში. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შევიტანო ქართული უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში და ვიმუშაო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან საერთაშორისო მასშტაბის კვლევით პროექტებზე. წინ ბევრი საინტერესო პროექტი და გეგმაა, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან ერთად.
გვესაუბრეთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არსებულ განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო პროგრამის შესახებ…
ეს არის ახალი, აკრედიტებული პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ქართული, ისე ევროპული საგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების ყველა კრიტერიუმს. განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა მრავალფეროვან პერსპექტივებს და დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს მიზანმიმართულ მეცნიერებსა და მათ იდეებს. აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაიარონ სპეციალიზაცია სამი მიმართულებით: დაწყებითი განათლება, სავალდებულო განათლება და უმაღლესი განათლება. მას აქვს სწავლების სავალდებულო კომპონენტები და არჩევითი საგნები სტუდენტის სპეციალიზაციის მხარდასაჭერად. აღნიშნული კურსები საშუალებას აძლევს დოქტორანტს, ჩაატაროს ხარისხიანი კვლევა სადისერტაციო ნაშრომისთვის. განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის აკადემიური პერსონალის გადამზადება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს, მუდმივად მივიღოთ სიახლეები და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო დონის სადისერტაციო ნაშრომების შექმნას.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი