სოფო ხელაძის „სხვა“ ბათუმი და პროფესია, რომელმაც ის ყველა სირთულისთვის მოამზადა
საზოგადოების ნდობა რომ დაიმსახურო, პროფესიონალურად უნდა აკეთო ის საქმე, რაზეც პასუხისმგებლობას აიღებ, – მიაჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, სოფო ხელაძეს, რომელიც მაყურებელმა ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიღო და შეიყვარა. სურს ტელეეკრანიდან ხშირად უყვებოდეს საზოგადოებას პოზიტიურ ამბებს, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას ეხება. გვაცნობდეს ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი განათლებითა და ნიჭიერებით ქვეყანას წარმატება მოუტანეს. მიაჩნია, რომ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს, სულ სხვა ემოციებითა და სიცოცხლით ავსებს, რომ სწორედ ბათუმს შეუძლია მიგიღოს და შეგიყვაროს ზუსტად ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ. რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია დღეს, რომელმა ქვეყნებმა მოახდინეს მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება, რა იქნება ახალი გადაცემის მთავარი სათქმელი, რომელსაც მეგობართან ერთად აჭარის რადიოში გაუძღვება – „OK! ბათუმის“ საშუალებით კიდევ უფრო უფრო ახლოს გაეცანით ჟურნალისტ სოფო ხელაძეს.
ბავშვობის თბილი მოგონება…
ბავშვობის ყველა მოგონება ბათუმსა და იმ ადამიანებს უკავშირდება, ვისთან ერთადაც ეს პერიოდი გავატარე. თქვენს კითხვაზე პასუხად პირველი ჩემი გამზრდელი ბებო – ნინა გამახსენდა, რომელიც ყოველდღე მასეირნებდა „პიონერთა პარკში“ (მაშინ ასე ერქვა). ჩვენი რიტუალი გვქონდა, რომელიც შესაძლოა მოსაყოლად რაიმე განსაკუთრებულ ისტორიას არ ქმნის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ვერთობოდი საქანელებზე, ვკრეფდით ყვავილებს, ვაგროვებდით ფოთლებს… ბოლოს კი აუცილებლად შევივლიდით ზოოპარკში. ტკბილი მოგონებები უკავშირდება ჩემი ბავშვობის სახლსაც, რომლის აივანიც სწორედ პარკს გადაჰყურებდა. მეფიქრება ჩემს დიდ, ბათუმურ ეზოზე, სადაც 20-მდე ბავშვი ათას მოგონილ თამაშს ვთამაშობდით. თითქოს სხვანაირი ჟრიამული იყო მაშინ. გული მწყდება, რომ ეს დღეს ჩემი შვილებისთვის უცხოა. ტკბილად მახსენდება საზაფხულო, საშობაო და სააღდგომო არდადეგები, ტრადიციები, რომელიც ჩემს დიდ ოჯახს უკავშირდება. თბილი მოგონებაა ჩემი ყოველდღიური ჩანაწერებიც, რომელსაც გულმოდგინედ ვაკეთებდი და დღემდე შენახული მაქვს.
იყო ჟურნალისტი, პირდაპირი ეთერიდან უყვებოდე საზოგადოებას რეგიონის და ზოგადად, ქვეყნის მთავარ ამბებს, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოგვიყევით განცდებზე, რომელიც ტელევიზიაში მუშაობას, კონკრეტულად კი საინფორმაციოს წაყვანას ახლავს…
ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საქმე და პროფესია, რომელსაც პროფესიონალურად უდგები, საპასუხისმგებლოა. თუმცა ჟურნალისტიკას თავისი სირთულეები და თავისებურებები ნამდვილად აქვს. კონკრეტულად საინფორმაციოს წაყვანა არ არის მარტივი, არ ვგულისხმობ პირდაპირი ეთერის სირთულეს, რომელიც პირველ წლებში მეტად შესამჩნევია. ვსაუბრობ სანდოობასა და ოპერატიულობაზე, რომელსაც მუდმივად ელის მაყურებელი. ვფიქრობ, კეთილსინდისიერებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ საქმიანობაში. თუმცა, სირთულეების გარდა, საინფორმაციო სამსახურში მუშაობა სასიამოვნოც არის, ადრენალინია. ეს ტემპი, რიტმი, წამებში დაგეგმილი ან შეცვლილი ბადე, ეს სიცოცხლე არ მგონია ბევრ სხვა სფეროში იყოს. ხანდახან ვხუმრობ, რომ „ჟურნალისტიკაგამოვლილს“ სად უნდა გამიჭირდეს მუშაობა-მეთქი… სხვათა შორის, ეს ტემპი ცხოვრებაშიც გადამედო და მუდმივად სწრაფ-სწრაფად მიყვარს რაღაცების კეთება, ვჩქარობ და ვცდილობ გადაწყვეტილებებიც ადვილად მივიღო.
რა გამოწვევების წინაშე დგას მედია დღეს…
ქართული (ისევე როგორც მსოფლიო) მედიაგარემო სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი საკითხი ისევ ჟურნალისტების უსაფრთხოებაა, რადგან, ბოლო პერიოდში, მედიის წევრების მიმართ ძალადობის არაერთი მაგალითი ვნახეთ. ამას ემატება ონლაინსივრცეში დეზინფორმაციული კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ. მედიის პოლარიზაცია, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა და ეთიკის საკითხები დღეს ისევ აქტუალურია.
დაიმსახურო მაყურებლის ნდობა და სიყვარული, ნიშნავს…
იმას, რომ ესე იგი სწორად გიკეთებია შენი საქმე. შესაძლოა ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწიო ადამიანმა, მაგრამ ნდობასა და სიყვარულს დაუმსახურებლად ნამდვილად ვერ მოიპოვებ.
თქვენთვის რა არის ბედნიერება…
ალბათ, ისევე როგორც ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც ბედნიერება სიმშვიდეა. მშვიდად კი მაშინ ვარ, როცა ირგვლივ ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ჯანმრთელები და ბედნიერები მყავს. ბედნიერებაა კარგად აღზრდილი შვილები, კარგი ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმის კეთება. ვცდილობ ბედნიერება პატარ-პატარა, თითქოს უმნიშვნელო დეტალებშიც კი ვიპოვო. ოჯახთან ერთად გატარებული ერთი მშვიდი საღამო ბედნიერებას მგვრის… გაზაფხულის მზიან ბათუმში გასეირნება მავსებს სიცოცხლით… ბავშვების ხელით დაწერილი პატარ-პატარა ბარათები, ჩანახატები ჩემი ბედნიერების წყაროა და ასე დაუსრულებლად… ხშირად მიფიქრია, რომ ბოლომდე ბედნიერი ადამიანი ვერ იქნები, სამწუხაროდ, ირგვლივ ბევრი ცუდი რამ ხდება, სტიქიები, დაკარგული, დაღუპული ახალგაზრდები და ასე შემდეგ. სოციალურ სივრცეშიც ძალიან მოხშირდა ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მოქმედებს.
ხშირად მოგზაურობთ, რომელმა ქვეყანამ ან ქალაქმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება და რით…
მოგზაურობა ჩემი თერაპიაა, გაფიქრებისთანავე კარგ ხასიათზე ვდგები. ეს არის ჩემთვის თავგადასავალი, ახალი კულტურის გაცნობა, საუკეთესო ემოციებისა და მომენტების შეგროვება. მეც და ჩემს მეუღლესაც განსაკუთრებით გვიყვარს მოგზაურობა, ძირითადად, მეგობრებთან ერთად. ერთად გატარებული ყველა დღე დასამახსოვრებელია. ერთ ქვეყანაში სტუმრობისას, ვცდილობთ რამდენიმე ქალაქი ვნახოთ. ჩემი საყვარელი ქვეყანა ესპანეთია, სადაც უკვე რამდენჯერმე დავბრუნდი. ბოლო მოგზაურობის დროს, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სევილიამ დატოვა. ანდალუსიის დედაქალაქი მრავალფეროვანი ქალაქია ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურითა და ცეცხლოვანი ფლამენკოთი. ჩემთვის სევილია ყველაზე მკვეთრად გამოხატავს ესპანური ხასიათის თავისებურებებს. ანდალუსიის რეგიონშია ქალაქი გრანადა, სადაც სანახავი ბევრია, თუმცა ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი არის ალჰამბრას ციხესიმაგრე, რომელიც ისეთ აქტუალურ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა, რომ ის მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებისთვისაც კი იქნა შეთავაზებული. როგორც ამბობენ, არაბები მიწიერი სამოთხის შექმნას ცდილობდნენ. ასევე გამოვარჩევდი ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკს, მას „ადრიატიკის მარგალიტს“ უწოდებენ და ის თითქმის ნახევარი საუკუნეა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია, და ამას ქალაქის ქუჩებში სეირნობის დროს კარგად გრძნობ. ასევე, განსაკუთრებით მიყვარს იტალია და საფრანგეთი, სადაც რამდენჯერაც არ უნდა ჩახვიდე, სანახავი კიდევ ბევრი რამ რჩება.
აჭარის რადიოში, მეგობართან ერთად, დაიწყეთ ახალი გადაცემა, რა მიზანი აქვს აღნიშნულ გადაცემას, რა სათქმელებით წარდექით მსმენლის წინაშე…
რადიოში წლების წინ ვმუშაობდი და განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. ჩემი მეგობრის, მარიტა მანგალაძის იდეა იყო, რომელიც ამავდროულად ჩემი თანამშრომელიცაა, დაგვეწყო ერთობლივი გადაცემა, ერთად შევთანხმდით გადაცემის შინაარსსა და ფორმატზე. ვსაუბრობთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ზოგადად, ჩემთვის ცხოვრების ნორმალური რეჟიმი, სწორი კვება და ვარჯიში მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს მკაცრად ვაკონტროლებ ჩემს შვილებთანაც. დღევანდელი დატვირთული სამუშაო და ცხოვრებისეული რეჟიმიდან გამომდინარე, რაშიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რუტინულად არის ჩართული, გადავწყვიტეთ საინტერესო და კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად გვესაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესზე. დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა და გართულებების თავიდან არიდებაა ჩვენი გადაცემის – „სილამაზის ფორმულა“ – მთავარი სათქმელი.
ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ….
ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში ვცხოვრობ, ალბათ, იმიტომ, რომ მშობლიურია. როგორც ინტერვიუს დასაწყისში ვახსენე, ჩემი ცხოვრების თბილი მოგონებები და ყველა ეტაპი ამ ქალაქს უკავშირდება. აქ დავიბადე და გავიზარდე. აქ არიან ჩემი მეგობრები და მშობლები. აქ ყველა ქუჩა, შესახვევი, ყველა სახლი ჩემთვის ნაცნობია. ბათუმის ქუჩებში რომ დავდივარ, თავს უცხოდ არ ვგრძნობ, აქ თითქოს ყველა ნაცნობია. თუ ვიღაცას პირადად არ იცნობ, სახეზე მაინც გეცნობა, რადგან უკვე არაერთხელ შეგხვედრია ქალაქის ქუჩებში, ბულვარში ან პორტში სეირნობის დროს. ბათუმელები განსაკუთრებულად თბილი ხალხია. ქალაქის აურას ხომ ხალხი ქმნის, ჰოდა, ამიტომაც არის ეს ქალაქი ასეთი თბილი, სტუმართმოყვარე, ადვილად შესაყვარებელი. ჩემთვის აქ ცხოვრებას სხვანაირი – ბათუმურ ყავასავით განსაკუთრებული და არომატული გემო აქვს. ჩემს ქალაქში ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლაა, განსაკუთრებით მიყვარს, ცა ნარინჯისფრად რომ იღებება. ბათუმი ზოგს მხოლოდ ზაფხულში უყვარს, მე კი ყველა სეზონზე. მიყვარს მზიანი და წვიმიანი ბათუმიც. ხანდახან წვიმიანი დღეები რომ გადაებმება, ეს ჩემთვისაც მოსაბეზრებელია და მეც ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს. ბათუმი ყველაფერია: სიყვარული, მეგობრობა, ზღვა, მზე და წვიმა.
თქვენს ხასიათთან ჩაცმის კლასიკური სტილი უფრო ახლოს დგას თუ სპორტული?
ვფიქრობ, უფრო კლასიკური, რადგან სამსახურიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად პიჯაკი მაცვია. შესაბამისად, გარდერობში ყველაზე დიდი ადგილი კლასიკურ სამოსს უჭირავს. თუმცა მიყვარს სპორტული ტანსაცმელიც, რადგან თავისუფალ დროს, ძირითადად, ბავშვებთან ერთად ზღვისპირა პარკში ვსეირნობთ.
მუსიკა, რომელიც სულ გდევთ…
მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მე არც ვუკრავ, არც ვმღერი, თუმცა ვარ მსმენელი. ჩემთვის მუსიკა ფიქრთან, განტვირთვასა და პოზიტივთან ასოცირდება. მუსიკა ჩემს შვილებსაც განსაკუთრებით უყვართ. არ არსებობს ჩვენი დღე, რომელიც მუსიკით არ იწყება ან არ მთავრდება.
ნივთი, რომელიც სულ თან გაქვთ…
საყვარელი ნივთი, რომელიც სულ თან მაქვს და რის გარეშეც სახლიდან არ გავდივარ, ჩემთვის, ისევე როგორც, ალბათ, უმრავლესობისთვის, მობილური ტელეფონია. ჩემთვის სმარტფონი არა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებაა, იგი რამდენიმე სხვა ნივთის ფუნქციასაც ასრულებს და ყოველდღიურ ცხოვრებას მიმარტივებს. ამიტომაც ვართ მასზე დამოკიდებულები, რაც ცუდია, თუმცა მაინც საყვარელ ნივთთა სიაში პირველ ადგილზეა.
ოჯახი…
ოჯახი ჩემთვის უპირველესია. ჩემი მთავარი საზრუნავი, მამოძრავებელი ძალა, ჩემი სიძლიერე და სიმდიდრეა. ჩემთვის ჩემს ძალიან დიდ ოჯახს ალტერნატივა არ აქვს.
ამბები, რომელზეც გინდათ ყველაზე ხშირად უყვებოდეთ მაყურებელს, მსმენელს…
ჩემი ოცნებაა, ახალი ამბები გადარჩენილ სიცოცხლეებს, ქვეყნის ერთიანობას, განვითარებასა და წინსვლას ეხებოდეს. თუმცა რეალობა, რა თქმა უნდა, სხვაა. ყოველდღიურად იმ ამბების მოყოლა გვიწევს მაყურებლისთვის, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. მათ შორის ბევრია მძიმე და დამთრგუნველი, ემოციები კი დიდხანს მიმყვება, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი პროფესია ასეთია, აქ ემოციებისა და შელამაზების არც დროა და არც ადგილი.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე