მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, სადაც ირგვლივ ყველა მღერის და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავს. ბუნებრივია, აღნიშნულმა გარემომ მასზეც მოახდინა გავლენა და როგორც ამბობს, ბავშვობიდანვე გააცნობიერა, რომ ხელოვნება იქნებოდა ის სფერო, რომელსაც მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდა. სხვადასხვა ბენდთან ერთად არაერთი წელი განვლო, არაერთ წარმატებას მიაღწია. ამბობს, რომ ყოველი ახალი გამოწვევა, რომელიც ცხოვრების გზაზე ხვდებოდა, ისევ მუსიკასთან იყო დაკავშირებული და გრძნობდა, საქმე, რომელსაც სიყვარულით აკეთებ, გაძლევს საშუალებას, შენი ძალები სხვა ინტერესებისკენაც მიმართო და გამარჯვების გჯეროდეს. გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადაწყვიტა საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია, ჰქონოდა სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ მისვლას, დასვენებას, გემრიელი კერძების დაგემოვნებას და, რაც მთავარია, იმ მუსიკის მოსმენას, რაც მათ თუნდაც რუტინულ დღეს ემოციურად პოზიტიურსა და დასამახსოვრებელს გახდიდა. ასეც მოხდა და დღეს ის რესტორან Golden Hall Georgia-ს გენერალური დირექტორია, სივრცის, რომელიც მუდამ ხალხითა და პოზიტიური ენერგიითაა სავსე. „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან გაეცანით ჯაბა აბულაძის გზას ბავშვობიდან წარმატებულ ბიზნესმენობამდე.
ბავშვობა… მუსიკასთან კავშირი…
მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. ბიძა მუსიკის პედაგოგია, მამაჩემიც ყოველთვის ძალიან ახლოს იყო მუსიკასთან, ჩემი და-ძმაც მღეროდა. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ დედაჩემის გარდა ყველა ხელოვანი იყო სახლში, ბებოს ჩათვლით. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ, როდესაც ყოველდღე მუსიკის ფონზე გეღვიძება, ოჯახში ყველა მღერის, შენშიც გაიღვიძოს მისდამი დიდმა სიყვარულმა. ასეც მოხდა და ნელ-ნელა დავიწყე სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა, სკოლის გუნდში ვმღეროდი როგორც სოლისტი. რა ხმაც სჭირდებოდა იმ ეტაპზე და აკლდა გუნდს, მგონი ყველა ხმა ვიყავი და ჩემთვის ეს მუსიკალურად განვითარების ძალიან კარგი საშუალება იყო. ხანდახან, როცა გაკვეთილის გაცდენა მინდოდა, რომელიმე საგანი არ მქონდა მომზადებული, ბიძაჩემს ვთხოვდი ხოლმე, გავეყვანე გუნდში და თავი გადამერჩინა. მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი „გადამრჩენელი“ და ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმიანობას ვეწევი, მუსიკა არის ის, რაც ყოველგვარ ნეგატივს მაშორებს და ბედნიერების განცდას ამძაფრებს ჩემში. ვერ წარმომიდგენია ხელოვნების გარეშე ჩემი ყოველდღიურობა. იყო პერიოდი, ცოტა ხნით ჩამოვშორდი მუსიკას და მივხვდი, რომ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. სწორედ მაგიტომ, ისევ დავუბრუნდი სიმღერების ჩაწერას. თუმცა, მანამდე სხვადასხვა ბენდში ვმღეროდი, ასევე ვუკრავდი ბას-გიტარას, სხვადასხვა ლოკაციაზე ვმუშაობდით, გვქონდა გასვლითი პროგრამები. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, ისეთი, როცა შენს თავს აცნობ საზოგადოებას და მათგან სასიამოვნო უკუკავშირს იღებ. ბევრი დრო და ეტაპი დამჭირდა იმისათვის, რომ პროფესიულად გავზრდილიყავი და სცენაზე ის შეცდომები აღარ დამეშვა, რაც კარგმა მომღერალმა არ უნდა დაუშვას. გადავწყვიტე სიმღერები სტუდიურად ჩამეწერა, რაც დამეხმარებოდა იმ ხარვეზების აღმოფხვრაში, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ყოველთვის მომწონდა დათო კენჭიაშვილის, ასევე ალუდა ქეთელაურისა და თორღვას სიმღერები, რომელიც ემოციურად ჩემთან ყოველთვის ძალიან ახლოს იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა ჟანრის მუსიკას მოვუსმინო, მაინც სევდიანი, პატრიოტული სულისკვეთების სიმღერები სწვდება ჩემს გულს და სხვანაირად მანთებს. აღნიშნული მომღერლების სიმღერების ჩაწერის შემდეგ, უკვე ძალიან მალე, საკუთარი სიმღერითაც წარვდგები მსმენლის წინაშე, რაც ჩემთვის სასიამოვნოცაა და ორმაგად საპასუხისმგებლოც.
როგორ აქციეთ საყვარელი საქმე ბიზნესად…
არასდროს მქონია კომპლექსი, მეურთიერთა ჩემზე მაღალი დონის მომღერლებთან, სულ მათ წრეში ვტრიალებდი, მათგან ვსწავლობდი. ბოლო სამი წელია მუსიკალურად მაღალი დონის განვითარება მივიღე, დავიხვეწე, ჩემი მუსიკალური კარიერა უფრო და უფრო წინ წავიდა. ვმღეროდი ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ჩემს მოსასმენად ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა, რასაც უფროსები ხედავდნენ. მოხდა ისე, რომ, გარკვეული მიზეზების გამო, გადავწყვიტე ამ რესტორნიდან წამოვსულიყავი, რესტორნის მეპატრონემ კი შემომთავაზა, არ წავსულიყავი სხვაგან, მე და მას გაგვეხსნა რესტორანი, რამაც დამაფიქრა. სულ მინდოდა რაღაც ბიზნესში ჩავრთულიყავი და ეს ყველაფერი კავშირში ყოფილიყო ისევ და ისევ მუსიკასთან. შესაბამისად, შემოთავაზება მივიღე და სამმა ადამიანმა რესტორანი გავხსენით. შემდეგ მოხდა ისე, რომ რაღაცები აირია, ბევრი ხარვეზი გამოჩნდა და ბიზნესის მართვა საკუთარ თავზე ავიღე. რესტორნის საქმე ვიცოდი მხოლოდ სცენიდან, წარმოდგენა არ მქონდა შიდა სამზარეულოზე. ნელი სვლებით, სწავლით, ხალხთან სწორი ურთიერთობით რესტორნის მომხმარებელთა რიცხვი გავზარდე და უკვე ორ წელიწადში სივრცე აღარ გვყოფნიდა, რომ მსურველები დაგვეტია. გადავწყვიტე შემეცვალა ლოკაცია და ამეღო დიდი რესტორანი, რაც დიდ რისკებსა და თანხებთან იყო დაკავშირებული. აქაც გავრისკე, როგორც იტყვიან, „შიშველი ხელებით“ შევეჭიდე ახალ გამოწვევას და Golden Hall Georgia დღეს ბათუმში ერთ-ერთი სასურველი რესტორანია, რომელიც ცდილობს ადამიანებს სრული კომფორტი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შეუქმნას. ამიტომაცაა, რომ, მიუხედავად სარესტორნო ბაზარზე დიდი კონკურენციისა, Golden Hall Georgia ყოველთვის სავსეა ადამიანებით, რომლებიც ყოველდღიურად დიდ ნდობასა და სიყვარულს გვიცხადებენ. აღსანიშნავია, რომ რესტორნის გახსნამდე მოლაპარაკებები მქონდა საუკეთესო მუსიკოსებთან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და მუშაობდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე. ისინი მენდნენ და ჩემთან წამოვიდნენ. ჩვენ ერთად და მთელი ძალისხმევით შევუდექით საქმეს, რომელმაც მიგვიყვანა გამარჯვებამდე და ნდობა მოგვაპოვებინა. ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ბიჭებს იმაში, რომ დღეს ჩემი რესტორანი წარმატებულია და მომხმარებელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. მუშაობის პროცესში ის, რომ მათი მეგობარი ვარ, მეორე ადგილზეა გადაწეული, ყველა ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით ერთ დიდ საქმეს. რესტორანში მე სხვა ჯაბა ვარ, ყველა რგოლს ვაკონტროლებ, რომ მორგებული ვიყოთ მომხმარებლის ინტერესებს. სწორი მენეჯმენტი ნიშნავს ყოველდღიურად სწრაფვას წარმატებისა და განვითარებისაკენ. იმდენად კარგად შევისწავლე სარესტორნო მიმართულება, მართვა, დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნებისმიერ რესტორანს, თუ მოვინდომე, ნულიდან ამოვიყვან და ფეხზე დავაყენებ. გამოცდილებას მოაქვს საჭირო თვისებების გამომუშავება, რაც შემდგომ გეხმარება, სწორად განსაზღვრო მოსალოდნელი შედეგები.
თვისება, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ…
როგორი ცხოვრებითაც ვცხოვრობდი, ზუსტად იმ სტილით, იმ ხაზით ვაგრძელებ ცხოვრებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დარჩე იმად, ვინც ხარ. უნდა გწამდეს ღმერთის, საკუთარი შესაძლებლობების, ყურადღებას არ უნდა აქცევდე, რას გამოიგონებენ შენზე და უნდა იარო მხოლოდ წინ, მიზნისკენ, ახალი გამოცდილებებისა და წარმატებების მისაღებად. შენი ბიზნესი რომ უკეთ წავიდეს, ამის გამო სხვა არ უნდა დააზარალო, სიმართლით უნდა მიუდგე ყველა საქმეს და სუფთად, ვაჟკაცურად აკეთო. როცა მოინდომებ სხვას ავნო შენი კეთილდღეობისთვის, არ არსებობს, სადმე არ გაიხლართო, არ დაეცე, არ გაჩერდე ისე, რომ შეიძლება ცხოვრებაც დასრულდეს შენი. ძალიან რთულია დღეს მსგავსი პრინციპით ცხოვრება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ არ გადავუხვიო ცხოვრებაში არჩეულ სიმართლის ხაზს.
თქვენ ისაუბრეთ ნდობაზე, გკითხავთ: მიუხედავად სარესტორნო ბიზნესში კონკურენტუნარიანი გარემოსი, როგორ მოახერხეთ ასეთი რაოდენობის მომხმარებლის მოზიდვა?
ჯანსაღი ურთიერთობა და ყურადღება არის ის, რაც ადამიანებში ნდობას იწვევს. ხარვეზი აღმოჩნდა? არ უნდა გაერიდო, თვალები არ უნდა დახუჭო, უნდა მიხვიდე, გაარკვიო, თუ ბოდიშია მოსახდელი, უნდა მოიხადო. ძალიან კომუნიკაბელური და ყურადღებიანი მენეჯერი ჰყავს რესტორანს, ყოველთვის დროულად რეაგირებს ნებისმიერ ნიუანსზე, მაგრამ, თუ რამე გამორჩა და იქვე ვარ, არ ვტოვებ მენეჯერის იმედზე, ყოველთვის თავად მივდივარ მომხმარებელთან. პირადად ვხვდები ჩემს რესტორანში მოსულ განაწყენებულ თუ მადლიერ ადამიანს. ვცდილობ რესტორნიდან არავინ გავიდეს უკმაყოფილო, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ კმაყოფილი მომხმარებელი ისევ მოვა შენთან, ან მეგობრებს ურჩევს, რომ მოვიდნენ. ხშირად ვპატიჟებთ ადამიანს ყავაზე, ვუკეთებთ ფასდაკლებებს როგორც კერძებზე, ასევე სასმელზე, ვცდილობ ყურადღება მივაქციო ნაცნობსა თუ უცნობს, ვინც Golden Hall Georgia-ზე გააკეთებს არჩევანს. ხშირად ვდგავარ ბართან, ვაკონტროლებ რესტორნის მუშაობის ყველა რგოლს. მაგალითად, მოდის ვიღაცა, ყავა უნდა, წყალი უნდა, არ ვახდევინებ ფულს. ერთ ჭიქა წყალში ფულს ნამდვილად ვერ გამოვართმევ ადამიანს, რომელიც ჩემს რესტორანში ზის სუფრასთან და იმ წუთში ისე აღვიქვამ, როგორც ჩვენი დიდი ოჯახის წევრს. ასეთი ბევრი შემთხვევაა და ამას ადამიანები ხედავენ. წყალია, ორი და სამი ლარი ღირს, ელემენტარულია თითქოს, მაგრამ ადამიანი გრძნობს ყურადღებას და სიამოვნებს. არ უნდა დაიღალო საქმით, რომელსაც აკეთებ. რესტორანში რომ მივდივარ, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, შემიძლია მთვრალ ადამიანს მოვუსმინო ორი საათიც კი, ოღონდ ის არ გავანაწყენო. მიმაჩნია, სწორედ ჩემი ასეთი მიდგომაა მიზეზი, რომ რესტორანს სტუმარი არ აკლია.
სპორტი თქვენს ცხოვრებაში…
მიყვარს სპორტი, ბრძოლა წესების გარეშე არის ჩემი გატაცება. ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. თავისუფალი დრო რომ მქონდეს, შემიძლია ყოველდღე დავკავდე სპორტით, ერთი წამითაც კი არ დამეზარება.
მიზანი…
ჩემი მთავარი მიზანია მქონდეს რესტორნების ქსელი, რამდენიმე რესტორანი საქართველოს მასშტაბით და არამარტო. ეს ყველაფერი მარტივი არ იქნება, შეიძლება ბევრი წელი დასჭირდეს განხორციელებას, მაგრამ მივიწევ წინ და მჯერა საკუთარი შესაძლებლობების.
მომღერალი, ვისთან ერთადაც დუეტში ისურვებდით სიმღერას…
იქიდან გამომდინარე, რომ დათო კენჭიაშვილის სიმღერებს ხშირად ვმღერი, ზემოთ აღვნიშნე კიდევაც, რომ მისი სიმღერები ჩემს ხასიათსა და გემოვნებასთან ახლოს დგას, დათო კენჭიაშვილთან ერთად ვიმღერებდი.
ბათუმი თქვენთვის…
ვფიქრობ, ბათუმის გარდა ვერსად ვერ ვიცხოვრებდი. მიმაჩნია, რომ ამ ქალაქში ადამიანური ურთიერთობები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. იციან მეგობრობა, გვერდში დგომა, სითბოსა და სიყვარულის სულ სხვანაირად გამოხატვა. ვიცნობ ბათუმის ხასიათს, მორგებული ვარ მასზე და სულ მინდა ეს ქალაქი ჩემი ყველა წარმატების თანაზიარი იყოს.
გატაცება…
ავტომანქანები. ამ ეტაპისთვის სამი მყავს უკვე, ამ მხრივ „მანიაკი“ ვარ. მიყვარს ექსტრიმი, „ესერტე“, რომელიც მყავს, 6 და 4 ძრავითაა, რომელსაც მსოფლიოში ვერცერთი მანქანა ვერ უსწრებს.
რას ეტყოდი ჯაბას ბავშვობიდან…
ვეტყოდი იმას, რასაც ყოველდღიურად ვეუბნები – იყავი ისეთი, როგორიც ხარ. არ მინდა წარმატებამ, ფულმა „გამაფუჭოს“, მინდა არასდროს შევიცვალო. პირველ რიგში, მადლობელი ვარ ჩემი თავის, რომ გამოვფხიზლდი. ორი წელია ალკოჰოლიან სასმელს საერთოდ არ ვეკარები, რაც დამეხმარა იმაში, რომ უფრო დიდი წარმატებებისთვის მიმეღწია. როცა ვსვამდი, შეიძლება ითქვას, ჭაობში ვიყავი ჩაძირული, რა დროსაც იყო ბევრი ხარვეზი, შეცდომა, პრობლემა. მაგრამ შევძელი, გამოვნახე ძალა და საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ალბათ, თუ მკითხავთ, რომ შემეძლოს რას წავშლიდი ჩემი ცხოვრებიდან, გიპასუხებდით, რომ იმ 3-4 წელს, რომელმაც ბევრი შეცდომა დამაშვებინა. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იბრძოლეთ უკეთესი მომავლისთვის.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე