ფანტაზია, გემოვნება, შრომა და ძალიან დიდი სურვილი ინდივიდუალურობის. სწორედ ამ იდეამ გააერთიანა ორი მეგობარი – თამარ ნადირაშვილი და ანი გუდაძე, რის შედეგადაც შეიქმნა მართლაც ძალიან განსხვავებული მაღაზია – „ფიდელი“, სადაც საზოგადოებას საშუალება აქვს, მოხვდნენ უჩვეულო და საინტერესო გარემოში, თან შეიძინონ ვინტაჟური სამოსი. როგორი იყო განვითარების ეტაპები და რა გზა გაიარეს დღევანდელ დღემდე, ამას ინტერვიუში წაიკითხავთ. ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ OK! Fashion Book დამფუძნებლებს პირადად ესაუბრა.
ეს, უბრალოდ, ქალისა და მამაკაცის სამოსის მაღაზიაა თუ უფრო მეტი?
ეს მაღაზია საერთოდ არ არის. ეს „ფიდელის“ ცხოვრებაა, სადაც ყველა ინაწილებს მის განწყობას, ხასიათს, ემოციას.
როგორი ქალები დადიან? მოგვიყევით მათზე.
ბევრი და ბევრნაირი. ჩვენთვის ყველა მათგანი თავისებურად განსხვავებულია და ინდვიდუალურად ლამაზი.
რამე რეცეპტი გაქვთ სასიამოვნო გარემოსა და განწყობის შესაქმნელად?
უბრალოდ, ნამდვილი უნდა იყო.
რა არის ის, რასაც ყველა სტუმარს ეუბნებით?
მობრძანდით!
ერთი და იგივე ქალები და კაცები ხშირად ბრუნდებიან?
ისინი სულ ჩვენთან არიან.
იდეა საიდან გაჩნდა?
პირველ რიგში, მეგობრობით დაიწყო. გადავიკვეთეთ ორი ისეთი ადამიანი, რომელთაც გვაქვს საერთო ინტერესი, გვიყვარს ლამაზად ჩაცმა, გვაქვს განსხვავებულობის სურვილი, რის საშუალებასაც ვინატაჟი იძლევა და ამ ყველაფრის გაზიარება მოგვინდა თქვენთვის.
რა იყო ამ გარემოსა და ასეთი უჩვეულო ატმოსფეროს წყარო?
ფანტაზია, გემოვნება, შრომა და ძალიან დიდი სურვილი ინდივიდუალურობის, რასაც „ფიდელი“ ქმნის.
ლამაზი ქალის გჯერათ?
შეიძლება სილამაზის არ გჯეროდეთ?
უჩვეულო ინსტაგრამგვერდი გაქვთ, შთაგონებული ლამაზი ადამიანებით, უნიკალური კინოკადრებითა და დასამახსოვრებელი ფოტოებით, როგორ აკეთებთ?
ჩვენთვის ეს მარტივია. აკეთებ იმას, რაც მოგწონს და რისიც გჯერა.
ყველაზე ლამაზი ერთი ნივთი ამ წლების მანძილზე რომელი იყო? რა იყო?
რთულია გამოვყოთ, თუმცა ერთ ისტორიას გავიხსენებთ. ერთ-ერთი ავსტრიული პიჯაკის ჯიბეში ვიპოვეთ სასიყვარულო წერილი, სადაც გერმანულად ეწერა: „ich werde dich immer lieben“ (ყოველთვის მეყვარები). შემდეგ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ, განვიცადეთ, ვიოცნებეთ.
„ფიდელის“ ყველაზე დიდი მიღწევა რა არის?
ჩვენ მიმართ თქვენგან მიღებული ნდობა და სიყვარული!
ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც „ფიდელზე“ უთქვამთ…
„ეს არის ადგილი, სადაც წარსულის ნივთები დროში ტრანსფორმირდება, როგორც ავთენტური სიახლე“.
როგორი მომავალი აქვს წარსულის ტანსაცმელს და „ფიდელს“?
ისეთივე განსაკუთრებული, როგორიც თავად „ფიდელია“.