OK! Travel Book-ი ავსტრიაში მოღვაწე ქართველ გიდს, თამარ ახალშენიშვილს გაგაცნობთ, რომელიც უკვე 19 წელია ვენაში ცხოვრობს და ჩასულ ტურისტებს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ტურებს უგეგმავს სხვადასხვა მიმართულებით, რაზეც უფრო ვრცლად თავად ქალბატონი თამარი გვიამბობს.
თამარ, უპირველესად გაგვეცანით.
მე ვარ თამარ ახალშენიშვილი, პროფესიით ისტორიკოსი, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული უკვე მე-20 წელია შემოვრჩი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.
გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ. როდის და როგორ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით გიდი?
თავდაპირველად ჩემი მიზანი გერმანული ენის საფუძვლიანი შესწავლა და უცხოეთში ცხოვრების გამოცდილების შეძენა იყო. ვენის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში შემეძინა შვილები და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გამიჭირდა. იმისათვის, რომ პროფესიული თვალსაზრისით დრო არ დამეკარგა, გადავწყვიტე გავმხდარიყავი თავისუფალი დროის პედაგოგი და რამდენიმე წელი სკოლაში ვმუშაობდი. გამომდინარე იქიდან, რომ დამთავრებული მქონდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი, უფლება მქონდა ავსტრიაში თავისუფალი დროის პედაგოგად მემუშავა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამის გამოცდილება უკვე მიღებული მქონდა საქართველოში. ამის შემდეგ 2017-2019 წლებში გიდების სკოლაში ვისწავლე, რომელიც ვენის ეკონომიკის პალატაში არსებულ ეკონომიკის განვითარების ინსტიტუტშია. შემდეგ ჩავაბარე სამი სახელმწიფო გამოცდა ავსტრიის ეკონომიკის პალატაში, რათა მიმეღო გიდის ლიცენზია, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედებს. აქ დავეუფლე უამრავ სხვადასხვა მიმართულებას როგორც პრაქტიკულად, ასევე თეორიულად. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც გიდის მოღვაწეობა ავსტრიაში.
როდესად გიდების სკოლა დავამთავრე, 2020 წლის მარტში, ავსტრიაში დაიწყო კარანტინი, ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა, ამიტომ ჩემს კოლეგასთან ერთად გადავწყვიტე გადაგვეღო ფილმები ქალაქ ვენის რაიონების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ვენაში 23 რაიონია და ტურისტი მხოლოდ ცენტრალური 1 რაიონის ნახვას ასწრებდა, გადავიღეთ 15-წუთიანი ფილმები მათ შესახებ. პირველი კარანტინის პერიოდში, ქალაქის 5 რაიონის შესახებ მოკლე შემეცნებითი ფილმების გადაღება შევძელით.
სად მოღვაწეობთ ამ ეტაპზე? რას მოიცავს თქვენი მომსახურების სფერო?
როგორც აღვნიშნე, ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ავსტრიაში. თუმცა, ასევე ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქართულ კომპანიასთან და კერძო პირებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ავსტრიის რესპუბლიკაში ტურების მოწყობით.
ჩემი საქმიანობის სფერო, როგორც გიდის, მოიცავს სამუზეუმო, ქალაქის საფეხმავლო ტურებს, საავტომობილო მარშრუტებს დიდ ჯგუფთან ერთად.
ზოგჯერ საქველმოქმედო ტურებიც მაქვს მათთვის, ვისაც არ აქვს თანხის სრულად გადახდის საშუალება. ამ თანხით შემდეგ ვეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება, თუნდაც სამედიცინო კუთხით.
ასევე ძალიან მიყვარს ბავშვებისთვის ექსკურსიების მოწყობა, რადგან თავადაც სამი შვილის დედა ვარ და დიდ სიამოვნებას მანიჭებს მცირეწლოვან ბავშვებთან ურთიერთობა.
როგორ მოხვედით დღევანდელ დღემდე?
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მოგზაურობა და სიახლეების აღმოჩენა. ჩემი თინეიჯერობის და სტუდენტობის პერიოდი 90-იან წლებს დაემთხვა და, მიუხედავად იმ რთული ეპოქისა, ფეხით მოვიარე საქართველო. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ჩემს პროფესიას.
ლაშქრობის მარშრუტებს თავად ვადგენდით, ხშირად სპონტანურადაც კი. ბევრჯერ, სადაც დაგვიღამდებოდა, იქვე ვრჩებოდით კარვებით, კოცონის გარშემო. 2002-2003 წლებში ვმონაწილეობდი ჯავახეთის სტუდენტურ ექსპედიციაში, ფოკაში ფარავნის ტბასთან, ასევე არქეოლოგიურ ექსპედიციებში. ამ წლებში ასევე მოვიარე ჯავახეთი და სამცხე.
მოგეხსენებათ, 90-იან წლებში არ არსებობდა ნავიგაცია, მიმართულების მაჩვენებლები, ამიტომ ძველი სამხედრო რუკებით გვიწევდა ხელმძღვანელობა, ასევე ჩვენს ინტუიციასა და სხვა ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობა.
პატარა ექსკურსია ჩაგვიტარეთ. რისი ნახვა შეგვიძლია ავსტრიაში?
ავსტრიაში განსაკუთრებით მინდა გამოვყო რამდენიმე უსაყვარლესი ტური, რომლებზეც საკმაოდ ხშირი მოთხოვნაა და მეც დიდი სიამოვნებით ვუძღვები.
ქალაქ ვენის ტურებიდან გამოვყოფდი საიდუმლო და მიწისქვეშა ვენას, სადაც ძველი უბნების იდუმალი ქუჩებით ჩავდივართ მიწისქვეშა ტაძრებში, კატაკომბებში, თურქების ალყის დროინდელ და მეორე მსოფლიო ომის დროსაც მოქმედ მიწისქვეშა თავშესაფრებში.
ვენის 1 რაიონი, ანუ ისტორიული ცენტრი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე გალავნით იყო შემოსაზღვრული, ცნობილია თავისი მიწისქვეშა გვირაბებით და სახლების ქვეშ არსებული მრავალსართულიანი მიწისქვეშა თავშესაფრებით, რომელთა დანიშნულება თურქების ალყისა და შემოსევების დროს თავდაცვა იყო, ფუნქციონირებდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როგორც მიწისქვეშა თავშესაფარი.
ვენის სტუმრების უსაყვარლესი ტურია მუსიკალური ვენა, ანუ მუსიკოსთა ნაკვალევზე, აქ ყველა ქუჩას თავისი ამბავი აქვს მოსაყოლი, ამბავი, რომელიც ჰაიდნს, მოცარტს, ბეთჰოვენს, შუბერტს უკავშირდება.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ვახაუს რეგიონი, რომელიც 2000 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა. ეს მხარე ვენიდან სულ რაღაც 80 კილომეტრში მდებარეობს და ცნობილია მეღვინეობით, მთის ფერდობზე შეფენილი ტერასებით, სადაც ჯერ კიდევ კელტური და შემდეგ რომაული ეპოქიდან მისდევდნენ მევენახეობას, მდინარე დუნაის კლიმატი განსაკუთრებით არომატული ყურძნის ჯიშებისგან საოცარი ღვინის დაყენების საშუალებას იძლება.
ვახაუს ტურები საინტერესოა როგორც მეღვინეობით, ისე ისტორიით დაინტერესებული მოგზაურისთვის. აქ მდებარეობს შუა საუკუნეების რამდენიმე ციხე-სასახლე, მათ შორის დურნშტაინის ციხე, სადაც მე-12 საუკუნის ბოლოს თავად რიჩარდ ლომგული იყო დატყვევებული, ასევე აგშტაინის და შპიცის ციხეები, საიდანაც დაუვიწყარი ხედები იშლება ვახაუს რეგიონზე, თავისი თვალწარმტაცი ბუნებითა და ქალაქების არქიტექტურით.
ძალიან საინტერესოა ავსტრიის მთებში მდებარე პატარა სოფელი – ჰალშტატი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა. აქ ყველაფერი ისეა შემორჩენილი, როგორც 4 საუკუნის წინ. ზემოთ მთაზე მდებარეობს მარილის საბადო. ჰალშტატის მონახულება წელიწადის ნებისმიერ დროს ნამდვილი საოცრებაა.
ასევე მინდა აღვნიშნო ულამაზესი ალპური ტბა თრაუნზე და მის სანაპიროზე მდებარე ტრაუნკირხენი და გმუნდი.
კიდევ ალპური ტბა ათაზე, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ზაფხულს ატარებდა ავსტრიელი მხატვარი გუსტავ კლიმტი. სწორედ ათაზეს საოცარი ბუნება, ფერები, სანაპიროები იქცა გუსტავ კლიმტისთვის ინსპირაციად, აქაც წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი სამანქანო ტური და საფეხმავლო ლაშქრობა.
როგორ გიპოვოთ სოციალური ქსელების მეშვეობით?
მაქვს პირადი ვებგვერდი – tamarvienna.com. ასევე YouTube არხი – tamar_vienna, ინსტაგრამი tamar_vienna და Facebook-ი Tamar Akhalshenishvili.