საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას მომხმარებელი ძირითად მნიშვნელობას მყუდრო, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ანიჭებს. სწორედ ეს ყველაფერი წარმოადგენს „დვ დეველოპმენტისთვის“ პრიორიტეტს. სამშენებლო კომპანია მშენებლობის ხარისხითა და ინფრასტრუქტურით გამოირჩევა და ქუთაისში ძველთან ადაპტირებული თანამედროვე არქიტექტურის პროექტებს ქმნის. მობინადრეებს ინტერიერის დიზაინის მომსახურებასაც სთავაზობს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! დირექტორსა
და თანადამფუძნებელს – თეკლა დვალიშვილს გაესაუბრა.
უპირველესად, გაგვაცანით Dv Development. რას გვეტყვით კომპანიის საქმიანობის შესახებ?
„დვ დეველოპმენტის“ ძირითადი მიმართულება სამოქალაქო მშენებლობაა. კომპანია მიწის რამდენიმე სტრატეგიულ ნაკვეთს ფლობს ქუთაისში, სადაც სხვადასხვა პროექტის დამუშავება მიმდინარეობს. მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ, რომ მომხმარებელს განსხვავებული და კომფორტული საცხოვრებელი ბინები შევთავაზოთ.
გვიამბეთ კომპანიის შექმნის ისტორია.
ჩვენი ოჯახი 90-იანი წლებიდან ბიზნესსფეროში მოღვაწეობს. ოჯახის უფროსი ძველი თაობის წარმომადგენელი გახლდათ, ბაბუ – რევაზ დვალიშვილი, რომლის დაუღალავი შრომის შედეგად ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია შეიქმნა. საოჯახო ბიზნესი საკმაოდ წარმატებული იყო და საქართველოს მასშტაბით მაღალი ხარისხის, ნატურალურ პროდუქციას აწარმოებდა.
მშენებლობის სფეროს მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო და პარალელურად სხვადასხვა დანიშნულების მცირე ობიექტებს ვაშენებდით. მამაჩემის, ამბერკის, ერთ-ერთი თანადამფუძნებლის ინიციატივითა და პირადი ფინანსებით, საკუთარ მიწის ნაკვეთზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, რომელიც შემდგომ ეპარქიას გადაეცა.
სამოქალაქო მშენებლობაში აქტიურად ჩართვა 2020 წელს გადავწყვიტეთ. ქუთაისისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და სიყვარულის გამო, პრინციპულად დაისვა საკითხი, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი ქუთაისში ძველთან ადაპტირებული თანამედროვე არქიტექტურის პროექტების შექმნა იქნებოდა. ეს კი უნიკალური არქიტექტურის მქონე ქალაქს კიდევ უფრო გაალამაზებს და ახალ შტრიხებს შესძენს. ჩვენი პირველი პროექტის „ჭავჭავაძე Residence“ მშენებლობა 2021 წელს საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით დაიწყო.
ვინ არიან კომპანიაში დასაქმებული ადამიანები? გვესაუბრეთ გუნდის შესახებ.
სამუშაოს კვალიფიციური შესრულებისთვის აუცილებელი წინაპირობაა პროფესიონალიზმი, გუნდურობა და კეთილსინდისიერება, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. ბაზარზე დღეს სერიოზული დეფიციტია, როგორც გამოცდილი ინჟინრების, ასევე მუშა-პერსონალის მხრივ. თუმცა ამ სირთულეს ჩვენმა კომპანიამ მარტივად გაართვა თავი და საწყის ეტაპზე გუნდი მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით დავაკომპლექტეთ. მშენებლობას გამოცდილი ინჟინერი ხელმძღვანელობს, რომლის ზედამხედველობით არაერთი საპასუხიმგებლო ობიექტი აშენდა. უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ეთმობა, გამოცდილი მუშა-პერსონალის სწავლება/დატრენინგება მუდმივად მიმდინარეობს.
გამომდინარე იქიდან, რომ „დვ დეველოპმენტი“ დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენს, ჩვენ გაყიდვების შესანიშნავი გუნდი გვყავს. მათ ყველა მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა აქვთ. ამასთანავე, მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ საქმიანობაში. ნინი დვალიშვილი, ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, პროფესიით იურისტია და იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. დამფუძნებლები სოციალური მედიის მართვით, შესყიდვებითა და გაყიდვებით ვართ დაკავებული.
რა არის მთავარი ნიშა, რომელიც Dv Development-ს გამოარჩევს?
პირველ რიგში, „დვ დეველოპმენტი“ ყურადღებას თანამედროვე არქიტექტურით, მშენებლობის ხარისხითა და ინფრასტრუქტურით იპყრობს. ჩვენთვის პრიორიტეტს მობინადრეებისთვის მყუდრო, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა წარმოადგენს. არქიტექტურა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, დახვეწილი, ელეგანტური და თანამედროვეა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილმდებარეობა. მიმდინარე პროექტი ქალაქის საუკეთესო და სტრატეგიულ ლოკაციაზე გვაქვს.
რა მომსახურებას სთავაზობთ მობინადრეებს?
კომპანია საცხოვრებლის ოპერირების მომსახურებას უზრუნველყოფს, რაც სადარბაზოს, სარეკრეაციო ზონისა და პროექტის სრულ მოვლას გულისხმობს. ასევე, ჩვენს მობინადრეებს სრულ სარემონტო და ინტერიერის დიზაინის მომსახურებას ვთავაზობთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მობინადრეებს მოქნილი შიდა განვადების სარგებლობა შეუძლიათ გადახდის რამდენიმე სისტემით. რაც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ბინა მისთვის ხელსაყრელი გადახდის გრაფიკით შეიძინოს.
რა სახისა და ხარისხის მასალას იყენებთ მშენებლობისას და როგორია მუშაობის პროცესი?
ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. შესაბამისად, ყოველთვის მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობთ. მასალებს ჩვენი გუნდი საგულდაგულოდ არჩევს. მშენებლობისას პრემიუმხარისხის გამოყენებული მასალები სერტიფიცირებულია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ადგილობრივ კლიმატს, უსაფრთხოებას და ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს ვითვალისწინებთ.
ქუთაისი აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს. ამის გათვალისწინებით, საცხოვრებლის უსაფრთხოებისთვის პროექტის „ჭავჭავაძე Residence“ საძირკველი მოწყობილია მონოლითური რკინა-ბეტონის მთლიან ფილაზე. 1 მეტრის სისქის ფილა შენობის მთლიან კონტურზეა დასხმული. მიწისძვრის დროს მონოლითური რკინა-ბეტონის ფილა შენობას მოძრაობის საშუალებას აძლევს და მის მთლიანობას ინარჩუნებს. მსგავსი ტიპის საძირკვლები აღმოსავლურ კულტურაშია გავრცელებული. მაგალითად, იაპონიაში, რომელიც სეისმურად აქტიური ზონაა. ჩვენი მიმდინარე პროექტი 9-ბალიან მიწისძვრაზე არის გათვლილი. ქუთაისში მხოლოდ ჩვენს პროექტებში შეხვდებით შპს „ბედეგის“ წარმოების ენერგოეფექტურ ბეტონის იზობლოკს, რომელიც თბო და ხმის მაღალ იზოლაციას უზრუნველყოფს. მისი გამოყენება ყველაზე ცუდ კლიმატურ პირობებშიც კი მაქსიმალურად ამცირებს სახლის ენერგოდანახარჯებს. თეთრი კარკასის ბინებში მობინადრეებს შპს „ალუტექ ჯორჯიას“ წარმოების ალუმინის პროფილების კარ-ფანჯრის სისტემას ვთავაზობთ, რომელიც ბინას ენერგოეფექტურობასთან ერთად ელეგანტურობასაც სძენს. ჩვენი შენობის მზიდი კონსტრუქცია მონოლოთური რკინა-ბეტონის კარკასისაა. მშენებლობისას „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, უმაღლესი ხარისხის ბეტონს და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის არმატურას ვიყენებთ. ბეტონის ხარისხის შემოწმება ლაბორატორიულად ხდება. მასალის ხარისხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია საჯაროა და ნებიმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.
გაგვაცანით მიმდინარე პროექტები. რა უპირატესობები აქვს Dv Development-ის პროექტებს?
„დვ დეველოპმენტის“ მიმდინარე პრემიუმკლასის პროექტის „ჭავჭავაძე Residence“ მშენებლობა ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მიმდინარეობს. პროექტი თავის მხრივ უნიკალურია, მოიცავს თანამედროვე დიზაინის ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კორპუსს, 2000 კვ. მ კეთილმოწყობილ ეზოს, 200 კვ. მ საბავშვო მოედანს, გამწვანებულ საერთო სარგებლობის ტერასასა და ღია ავტოსადგომებს. პროექტი სრულად აღჭურვილია ხანძრის უსაფრთოების სისტემებით და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ასევე, გათვალისწინებულია 24/7 უსაფრთხოების სისტემა. იმისათვის, რომ ჩვენს მობინადრეებს მაქსიმალურად მყუდრო გარემო შევუქმნათ, კომპლექსით მხოლოდ მობინადრეები ისარგებლებენ. რაც შეეხება საბავშვო მოედანს, იგი იზოლირებულ და უსაფრთხო სივრცეს წარმოადგენს ბავშვების ჯანსაღი აქტივობებისა და განვითარებისთვის. ამაში ვგულისხმობთ, რომ საბავშვო სივრცე ერთმეტრიან პიედესტალზეა განთავსებული და სრულად იზოლირებულია სამანქანე გზისგან.
„ჭავჭავაძე Residence“ პროექტში მობინადრეებს კეთილმოწყობილი ლობი და თანამედროვე წარმოების დიდი ზომის ლიფტი დახვდებათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სადარბაზოს ვიზუალური ესთეტიკის შენარჩუნებისთვის დერეფნები აბსოლუტურად თავისუფალია საკომუნიკაციო კვანძების ხილვადობისგან. ამის უზრუნველსაყოფად შენობის ყველა სართულზე ტექნიკური სივრცეები მოეწყო.
„ჭავჭავაძე Residence“-ის ექსტერიერი თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებით გამოირჩევა. კერძოდ, ალუმინის ვიტრაჟებით, დეკორატიული დარაბებით და ვერტიკალური გამწვანებით. ეს უკანასკნელი ქუთაისის არქიტექტურაში სიახლეს წარმოადგენს და პროექტის პრემიალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
„ჭავჭავაძე Residence“ არის პროექტი, რომელიც თავის მობინადრეებს მშვიდ, კომფორტულ და ჯანსაღ გარემოს სთავაზობს.
გვესაუბრეთ აქციების შესახებ, რომელსაც მომხმარებელს პერიოდულად სთავაზობთ.
თითქმის ყოველ დღესასწაულზე გვაქვს აქციები და ფასდაკლებები ერთიანი გადახდის შემთხვევაში. გარდა ამისა, ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს მობინადრეებზე და ვცდილობთ, დღესასწაულებზე სიმბოლური საჩუქრებით გავანებივროთ.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ქუთაისის განვითარებისთვის, თანამედროვე არქიტექტურის ელემენტების შემოტანისა და მშენებლობის პრემიალური ხარისხის დანერგვისთვის ვაპირებთ, სამომავლოდ ინვესტიციები კვლავ ჩვენს საყვარელ ქალაქში ჩავდოთ. რამდენიმე სამომავლო პროექტი გვაქვს, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. გვსურს, რომ ქალაქთან ერთად ჩვენც განვვითარდეთ და ადგილობრივებს კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ. ამასთანავე, სამომავლოდ მშენებლობას სხვადასხვა ქალაქში ვგეგმავთ.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ნინი გორდაძე