Travel Book გაგაცნობთ სასტუმრო Holiday Borjomi-ს, რომელიც 6 თვის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და საზოგადოების წინაშე მყუდრო და კომფორტული ნომრებით წარდგა. სასტუმრო უნიკალურია თავისი ადგილმდებარეობით, საიდანაც იშლება ბორჯომის ულამაზესი ხედი. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს სასტუმროს ერთ-ერთ დამფუძნებელ გიორგი რუსიტაშვილთან, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
გაგვაცანით სასტუმრო Holiday Borjomi. რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?
სასტუმრო „ჰოლიდეი ბორჯომის“ დაარსების იდეა გაჩნდა 2020 წლის დასაწყისში, კოვიდპანდემიის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის მთლიანად ოჯახური ბიზნესი და შექმნილია საკუთარი ფინანსებითა და „თიბისი“ ბანკის სესხით, რომლის თანადაფინსებაშიც მონაწილეობს „აწარმოე საქართველო“-ს სახელმწიფო პროგრამა. რომ არა ამ პროგრამის თანამონაწილეობა, დამოუკიდებლად არსებული საპროცენტო განაკვეთებით შეუძლებელი იქნებოდა ნულიდან სასტუმროს აშენება და მისი ფუნქციონირება.
მიუხედავად პანდემიის პერიოდისა, არ გავჩერდით და შევუდექით სანებართვო და არქიტექტორულ პროექტზე მუშაობას. საბოლოოდ 2021 წლის თებერვალში მივიღეთ მშენებლობის ნებართვა და მალევე დავიწყეთ მშენებლობის პროცესი. იმედი გვქონდა, რომ პანდემია 2022 წლისთვის დასრულდებოდა და გვსურდა 2022 წლის ზაფხულში გავმასპინძლებოდით პირველ სტუმრებს.
გეგმა ზუსტად ჩანაფიქრის მიხედვით განხორციელდა და 2022 წლის 5 ივლისს სასტუმრო ოფიციალურად გავხსენით. ასე რომ, უკვე 6 თვეა, რაც სასტუმრო „ჰოლიდეი ბორჯომი“ საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს.
რას სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?
სასტუმრო მთელი წლის განმავლობაში ემსახურება დამსვენებლებსა და ტურისტებს. გარდა ტრადიციულად სასტუმროში განთავსებისა, სტუმრებს ვთავაზობთ სხვადასხვა ექსკურსიას სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ტრანსფერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ აეროპორტებში. სასტუმროს აქვს ღია ვერანდა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან სხვადასხვა სასმელი და თან ბორჯომის ხეობის სილამაზით დატკბნენ.
თუმცა ჩვენი მომსახურების მთავარი პრიორიტეტი სისუფთავე და კომფორტია, ამ კუთხით კომპრომისი დაუშვებელია. ამას ერთხმად ადასტურებს ჩვენი სტუმრების შეფასება.
სასტუმროს აქვს საკუთარი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც გათვლილია 25 სტუმარზე, აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით, რაც საჭიროა შეხვედრების, კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩასატარებლად.
უფრო კონკრეტულად გვიამბეთ სასტუმროს შესახებ. რამდენ და რა ტიპის ოთახს მოიცავს Holiday Borjomi?
სასტუმროში გვაქვს 3 ტიპის ოთახი, რომლებიც ერთმანეთისგან ძირითადად საწოლის ტიპით განსხვავდება. საერთაშორისო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ესენია:
- King size ოთახი, რომელიც ფართობით უფრო მეტია, ვიდრე სხვა ოთახები და ამ ტიპის ოთახებში მოთავსებულია ყველაზე დიდი საწოლი.
- Queen size ოთახი – ეს არის სტანდარტული ორსაწოლიანი ოთახი
- Twin ოთახი – სადაც განთავსებულია 2 ერთადგილიანი საწოლი.
ყველა ოთახში, ცხადია, არის ინდივიდუალური სააბაზანო. ასევე, ნებისმიერ სტუმარს დახვდება ერთჯერადი ჩუსტი, ჰიგიენური საშუალებები, ხალათი და ფენი.
გვიამბეთ სამზარეულოს შესახებ. რა კერძებს სთავაზობთ სტუმარს?
ჩვენს სტუმრებს ძირითადად ვთავაზობთ საუზმეს. სასტუმროს არ აქვს ცალკე რესტორანი კლასიკური გაგებით, თუმცა სტუმრის მოთხოვნის გათვალისწინებით შეგვიძლია შევთავაზოთ სხვადასხვა კერძი და სასმელები.
სასტუმროს პროექტირებისას გათვალისწინებული იყო სასადილოსა და სამზარეულოს გამოყოფა შუშის ვიტრაჟით, რაც განხორციელდა კიდეც. ვფიქრობ, ეს საკმაოდ იშვიათი პრაქტიკაა, შესაბამისად, ჩვენი უპირატესობა. სტუმარი თავისი თვალით ხედავს, რა პირობებში მზადდება მისთვის განკუთვნილი კერძი, როგორ მუშაობს მზარეული და როგორ არის უპირველესად დაცული სისუფთავე და ის სტანდარტები, რაც უნდა იყოს სამზარეულოში.
გვიამბეთ სასტუმროს ადგილმდებარეობაზე…
ვფიქრობთ, სასტუმროს ადგილმდებარეობა უნიკალურია და, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბორჯომი ხელისგულზე მოჩანდა, მაინც ჩვენი აღმოჩენილია. სასტუმრო „ჰოლიდეი ბორჯომი“ მდებარეობს ბორჯომის დასაწყისში, ვაშლოვანის უბანში. ცენტრალური გზიდან 300 მეტრით ვართ დაშორებული, მაგრამ საკმაოდ შემაღლებულ ადგილზეა შენობა განლაგებული და ამიტომ სასტუმროს ყველა ოთახიდან საოცარი ხედები იშლება.
ამავე დროს სასტუმრო მდებარეობს ბორჯომის ნაკრძალის ძირში. სტუმრებს პირდაპირ ეზოდან შეუძლიათ საფეხმავლო ბილიკებით გაისეირნონ ნაკრძალში ან სამანქანო გზით მივიდნენ გარკვეულ ადგილამდე და შემდეგ ფეხით გააგრძელონ გზა.
ბორჯომში ჩამომსვლელი ქართველი დამსვენებელი პირველ რიგში კითხულობს, რამდენად ახლოს არის სასტუმრო ბორჯომის ცენტრალურ პარკთან, შეეძლება თუ არა იქამდე ფეხით მისვლა. ამაზე ვცდილობთ ავუხსნათ, რომ სასტუმრო მდებარეობს ქალაქის დასაწყისში, სამაგიეროდ ბევრად უფრო დიდ პარკთან – რასაც ჰქვია ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალი.
ამ მდებარეობის უპირატესობა განსაკუთრებით ნათელია ზაფხულში: როდესაც ქალაქის ცენტრში სიცხეა, ბორჯომის ტყიდან ჩვენკენ მუდმივად უბერავს გრილი სიო. ასევე ზამთარში – როდესაც ქალაქის ცენტრში თოვლი სრულიად დამდნარია, ჩვენთან ჯერ ისევ დათოვლილია. რაც მთავარია, სასტუმრო „ჰოლიდეი ბორჯომი“ შორს არის ქალაქის ხმაურისგან, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე. ამდენად, იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდი დასვენება უყვარს, ამავე დროს, თუკი საჭიროება მოითხოვს, 3-5 წუთში შეგიძლიათ მიხვიდეთ ბორჯომის ცენტრამდე.
რატომ უნდა ავირჩიოთ Holiday Borjomi, რა პრივილიგიებით გამოირჩევა?
პირველი და მთავარი, რის გამოც უნდა ავირჩიოთ სასტუმრო „ჰოლიდეი ბორჯომი“, ეს არის:
- მაღალი სისუფთავის სტანდარტი – რაზეც არ დაიშვება არანაირი კომპრომისი. ყველა სტუმარს, როდესაც ოთახში შედის, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის არის აქ პირველი დამსვენებელი.
- კომფორტი ოთახში – რასაც, პირველ რიგში, სტუმარი იგრძნობს უკომფორტულეს საწოლზე – სტატისტიკის მიხედვით კი სტუმარი ოთახში გატარებული დროის 70%-ს საწოლზე ატარებს.
- სასტუმროს აქვს საკუთარი დიდი და გამწვანებული ეზო, რაც განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს სათამაშოდ. მშობლებიც მშვიდად არიან, როცა ბავშვები სასტუმროს შიგნითა ტერიტორიაზე ეგულებათ.
- ღია ვერანდა – რომელიც გადაჰყურებს ბორჯომის ხეობას და იდეალური ადგილია როგორც დასასვენებლად, ასევე სამუშაოდ (კარგ ამინდში).
- თუ თქვენ გსურთ ასევე სხვადასხვა ღონისძიების გამართვა, ჩვენი სასტუმრო ამ შემთხვევაშიც გთავაზობთ საჭირო ტექნიკით და ავეჯით გამართულ სივრცეს. სასტუმროში „ჰოლიდეი ბორჯომი“ შეგიძლიათ დაგეგმოთ კორპორაციული ღონისძიების ყველა ეტაპი – დაწყებული სტუმრების განთავსებიდან, დამთავრებული ღონისძიებების ჩატარებით დახურულ თუ ღია სივრცეებში.
დაბოლოს, გაგვანდეთ თქვენი სამომავლო გეგმები…
ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 6 თვეა რაც ვმუშაობთ, ახალბედებისთვის საკმაოდ წარმატებულად დავიწყეთ მუშაობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ლოკაცია ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებას, რათა უფრო მეტად მოვიზიდოთ დამსვენებლები. ამაზე უკვე დავიწყეთ ზრუნვა და შემოვიერთეთ ჩვენ გვერდით დამატებით 400 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი, სადაც გვინდა მოვაწყოთ აუზი და რამდენიმე საოჯახო ტიპის ნომერი, სადაც შედარებით დიდი ოჯახების (5-6 წევრის) განთავსებას ერთ სივრცეში შევძლებთ.