უკვე მეორე თვეა, რაც საქართველოს პირველი არხი, ყოველ შაბათს, 22:00 საათზე მსოფლიო მეგაშოუ „ვოისის“ ქართულ ანალოგს სთავაზობს აუდიტორიას. ქართველი მაყურებელი თითოეული გადაცემის ეთერს მოუთმენლად ელის, სადაც მელომანებს დიდი სიამოვნება, ხალისი და ხარისხიანი მუსიკის სამყაროში თავდავიწყებით გადაშვება ელით. ქართული OK! სიამოვნებით გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს „ვოისის“ ჟიურის წევრებთან/მენტორებთან, რომლებიც უამრავი ქართველისთვის საყვარელი და პატივსაცემი მუსიკოსები − ნიკოლოზ რაჭველი, სტეფანე მღებრიშვილი, სალიო და ნიაზ დიასამიძე არიან.
გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი დამოკიდებულება და ემოცია „ვოისის“ მიმართ. რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ამ მეგაშოუს ნაწილი?
(სალიო): ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გახლავართ, ჩემს მეგობრებთან ერთად. მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი, მუსიკალური ადამიანები გავიცანი. ძალიან მაგარი გუნდი მყავს, ასევე ძალიან მომწონს დანარჩენი გუნდის წევრებიც, ერთმანეთისგან განსხვავებული და დასამახსოვრებელი ბავშვები არიან, ყველას თავისებური სტილი და სცენისთვის საინტერესო გარეგნობა აქვს.
(ნიკა): საერთოდ, „ვოისის“ ჟიურის წევრობა განსხვავდება სხვა კონკურსებისგან, სადაც კი მე მუშაობის გამოცდილება მქონია. ამ განსხვავებას მენტორობა განაპირობებს. შეფასებითი ნაწილის გარდა, პრაქტიკულად, მთლიანად ჩართული ვართ საკუთარი გუნდის დაკომპლექტებაში, ამ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის რეპერტუარის შერჩევის პროცესით. მუშაობა, შემოქმედებითი პროცესიც ჩვენი ხელმძღვანელობით ხორციელდება და რაც ყველაზე რთულია, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებენ: საკუთარ ნაშრომს თავადვე ვაფასებთ. ამ შეფასების დროს საკმაოდ კრიტიკულები უნდა ვიყოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, ვინ დატოვოს პროექტი. „ვოისში“ მუშაობა გაცილებით დიდი დატვირთვაა, ვიდრე უბრალოდ ჟიურის წევრობა. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, აქ ყოველთვის მომიხარია, რადგან ჩემ გვერდით ასეთი ძვირფასი კოლეგები არიან და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. შესანიშნავად დაემთხვა, რომ ოთხივეს აღმოგვაჩნდა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით ამ შოუს ნაწილი. ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ ამით.
(სტეფანე): „ვოისში“ მეგობრული ენერგია ტრიალებს, მოგვწონს ყველაფერი, რაც აქ კეთდება და როგორც კეთდება. ამ შოუს შესაქმნელად, დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის და იმედია, ასეც გაგრძელდება.
(ნიაზი): მე, ფაქტობრივად, არ ვიცოდი, სად მოვდიოდი. ამ ადამიანების − ჟიურის სხვა წევრების სახელები რომ გავიგე, გამიხარდა. შემდეგ გავიცანი ჩემი გუნდის წევრები, ეს დიდი შენაძენია ჩემთვის და პროექტის შემდეგაც ასე დარჩება. ვმუშაობთ ბევრს, რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის.
საინტერესოა, რაიმე სხვაობას თუ ხედავთ ამ მეგაშოუს ქართულ და უცხოურ ანალოგებს შორის?
(სტეფანე): არანაირი განსხვავება არ არის, სწორედ იმიტომ, რომ მას პროფესიონალთა გუნდი აკეთებს და შოუ სტანდარტში სრულადაა მოქცეული. მენტალურ სხვაობას რაც შეეხება, ჯერ ამ ეტაპამდე არ მოვსულვართ. მაყურებლების გადაწყვეტილებები იქნება მანიშნებელი იმისა, თუ მენტალურად რა სტილისკენ იხრება ჩვენი ქვეყანა. თუმცა შოუ არის ზუსტად ისეთი, როგორიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ტარდება. როგორც თქვენთვის ცნობილია, „ვოისი“ ჰოლანდიური პროექტია და როცა ჰოლანდიელების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, რათა დაკვირვებოდა აქაურ პროექტს, გაოცებული და აღფრთოვანებული იყო კონკურსანტების ნაკადით − ასეთი კარგი მომღერლები თუ დახვდებოდა, არაფრით ელოდა.
(ნიკა): უცხოელმა სტუმარმა აღნიშნა, თუ რამდენი ნიჭიერი მომღერალი გვყოლია ამ პატარა ქვეყანაში, რაც აისახა კიდეც პროექტზე. და ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენი კონკურსანტების გარდა, კიდევ რამდენი ნიჭიერი მუსიკოსი და მომღერალია საქართველოში… ის, რომ მდიდარი მუსიკალური ტრადიციებისა და ვოკალის ქვეყანა ვართ, „ვოისმაც“ დაამტკიცა − როგორც უცხოელების, ასევე ჩვენი საზოგადოების წინაშე. ზოგ შემთხვევაში, ძალიან გვიჭირდა შერჩევა. კარგსა და კარგს შორის არჩევანის გაკეთება რთულია. შეიძლება ითქვას, რომ გემოვნების თამასა ოთხივეს ერთნაირი გვაქვს, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრისა და სტილის მუსიკას ვქმნით. აქედან გამომდინარე, ისე დალაგდა, რომ ყველამ განსხვავებული სტილისა და გემოვნების გუნდის წევრები ვიპოვეთ. ამიტომაც არ ჰგავს გუნდები ერთმანეთს. თუმცა, შორიდან რომ შეხედო, ვისაც მოვუსმინეთ, ყველა იმსახურებს, რომ სცენაზე გამოვიდეს. ცხადია, ბევრი მუშაობა სჭირდებათ და მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, თუმცა დღეს ისეთი დრო მოვიდა, რომ ყველამ გააცნობიერა − თუ მაქსიმალურად არ იშრომებს, ვერ შედგება როგორც პროფესიონალი. თანაც მუსიკა ისეთი სფეროა, სადაც არც ნეპოტიზმი შველის, არც მიხმარება და ვერც ფინანსური შესაძლებლობები…
(სალიო): აქვე დავამატებ, რომ მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია ერთგვარი ხრიკის პოვნა, კარგი გაგებით, საკუთარი მიმართულების, ნიშის აღმოჩენა, რითაც განსხვავებული იქნება სხვებისგან. ეს შეიძლება თავისით აღმოაჩინოს ადამიანმა, ან სხვების დახმარებით.
(ნიკა): ჩვენი საქმე ამ პროექტში სწორედ ესაა, რომ თუკი ვინმემ ვერ იპოვა საკუთარი თავი, ჩვენი გამოცდილების საფუძველზე შევთავაზოთ მისი ნიშა, სადაც ვხედავთ მას, როგორც მუსიკოსს.
(ნიაზი): დრო ცოტა გვაქვს, თუმცა, როცა ხდება აზრების, გამოცდილების გაცვლა, ეს უკვე დიდი საქმეა. მონაწილეები ერთ და თუნდაც შვიდ კვირაში საბოლოო, საუკეთესო შედეგს ვერ მიიღებენ, ცხადია. ჩვენ ვართ ერთი პატარა დეტალი ამ ადამიანების პროფესიულ ცხოვრებაში, დამატებითი ინფორმაციის წყარო, არ ვუმალავთ საკუთარ გამოცდილებას, ღიად ვუზიარებთ და ერთად ბევრს ვმსჯელობთ. ძალიან საინტერესო პროცესია და ამ დროს ჩვენც ვსწავლობთ. ხომ იცით, ადამიანისთვის სწავლის პროცესი არასოდეს სრულდება.
როდესაც გამომსვლელებისგან ზურგით სხედხართ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? რა მიზეზით ტრიალდებით? თითოეული თქვენგანისთვის რა არის ხოლმე გადამწყვეტი ასეთ დროს?
(ნიაზი): ჩვენ ყველა, ოთხივე, ერთნაირ დონეზე აღვიქვამთ, რასაც ვისმენთ. შემდეგ დგება ორჭოფობის მომენტი. მე უნდა მომატრიალოს გულწრფელობამ. უნდა მივხვდე, რომ იმ მუსიკოსს სჯერა იმის, რასაც ჩვენ გვასმენინებს. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სიმღერის დროს ადამიანს მარტივად ეტყობა, თავისი ნამღერის სჯერა თუ უბრალოდ კარგი სმენა და ხმა აქვს.
(სალიო): ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო დაკვირვება, როგორ იცვლებოდა კონკურსანტების ხმის ტემბრი ჩვენი შემოტრიალების შემდეგ. იმდენად ძლიერი ემოციის ქვეშ იყვნენ და ისე ნერვიულობდნენ, რომ ზოგმა კარგად გაართვა თავი, სხვები კი პირიქით − ჩვენი მოტრიალების შემდეგ უფრო დაიბნენ. მე მივყვებოდი მათ ემოციებს, ენერგეტიკას, ხმას, და გარკვეულ მომენტში სხეულში ჟრუანტელი რომ დამივლიდა, ვხვდებოდი, რომ ამ მუსიკოსთან მუშაობის სურვილი მიჩნდებოდა. შემდეგ უკვე მოდიოდა ინტერესი, თუ როგორი გარეგნობისა და ტიპაჟის ადამიანი იყო. მინდოდა, ხმის მოსმენის გარდა, თვალებშიც ჩამეხედა.
(ნიაზი): კონკურსანტებისგან ზურგით ჯდომისას მივხვდი ერთ რამეს − ამ შოუში ხომ ამ მომენტს თამაშის დატვირთვა აქვს, მაგრამ სინამდვილეში, მომღერლისა და პუბლიკის დამოკიდებულებაც ზუსტად ასეთია. როცა სცენაზე გადიხარ და შენ წინ 10 000 ადამიანი დგას, ყველა შენკენ მოტრიალებული არ არის, შენ − მომღერალმა უნდა მოახდინო მათზე ისეთი შთაბეჭდილება, რომ შენკენ შემოატრიალო მსმენელი. ალბათ, იმიტომაც დევს „ვოისში“ ეს სახასიათო დეტალი, რომელიც ძალიან ახლოს დგას მასშტაბურ კონცერტზე მუსიკოსებისა და მსმენელების დამოკიდებულებასთან.
(სტეფანე): ამ შოუს ერთი სპეციფიკა აქვს − ვიდრე ჩვენამდე მოვლენ, კონკურსანტები გარკვეულ ეტაპებს გადიან. შესაბამისად, „ვოისი“ სხვა მსგავსი პროექტებისგან იმით განსხვავდება, რომ მენტორებამდე მეტ-ნაკლებად კარგი და მომზადებული მომღერლები მოდიან.
(ნიკა): როცა ზურგით ზიხარ, აკვირდები ინტონაციას, ბგერების სისუფთავეს, გულწრფელობას და მუსიკალურობას, ტემბრს, ინდივიდუალიზმს… ასე ვერც ჩამოწერ ყველაფერს. პირველად რომ დავჯექი იმ სავარძელზე, თავადაც არ ვიცოდი, რა იქნებოდა არჩევის პრიორიტეტი. ახლა მახსენდება, ერთ მომღერალს ოთხივე მენტორი შემოვუბრუნდით და მერე არ ვიცოდით, რა გველაპარაკა. ოთხივეს მოგვეწონა იმიტომ, რომ ის ენერგია ვიგრძენით, რაც სიტყვით ვერ გამოითქმება და ასე, ერთმანეთთან შეუთანხმებლად ყველა შემოვბრუნდით. ასეთი მონაწილეები ყველას გვყავს გუნდში, რომელიც ოთხივეს ძალიან მოგვეწონა და შემოვატრიალეთ სავარძლები.
(ნიაზი): აი, ეს დეტალიც მინდა აღვნიშნო − „სავარძლების შემობრუნება“ და კონკურსანტებისგან არარჩევის გამოცდილება ჩვენც ემოციურად გავიარეთ ამ შოუში. თუ სხვა პროექტებში ჟიური მუდამ მართალია და თითქოს აღმატებით პოზიციაშია, აქ ჩვენც გავიარეთ ის ეტაპი, როცა არ აგვირჩიეს. ეს ძალიან საინტერესო დეტალია და სრულ თანასწორობას ქმნის მენტორებსა და კონკურსანტებს შორის.
რამდენად ნაყოფიერია გუნდებთან მუშაობის პროცესი?
(სტეფანე): კონკურსანტები პატივისცემით არიან ჩვენ მიმართ განწყობილი. ცხადად ჩანს, რომ მოსწონთ ის ადამიანები, რომლებიც სავარძლებში დახვდათ. გვისმენენ და რა თქმა უნდა, გვენდობიან. ურთიერთპატივისცემა არსებობს ჩვენსა და ჩვენი გუნდის წევრებს შორის.
(სალიო): ძალიან ბედნიერი ვარ ამ მეგაშოუში მონაწილეობით. ერთი სული მაქვს ხოლმე, მოვიდე და ჩემს მეგობრებთან, გუნდის წევრებთან ერთად საქმეს შევუდგე.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: გიორგი ცაავა