ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხანაში, სადაც მნიშვნელოვანია ფეხი ავუწყოთ ამ ყველაფერს. Robo Coder-ი არის საგანმანათლებლო მიმართულების სივრცე ბავშვებისთვის, სადაც სწავლება დაფუძნებულია Lego საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღნიშნული სწავლება ეხმარება მოზარდს ტექნიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. უფრო ვრცლად Robo Coder-ის სასწავლო პროგრამაზე, ქართული OK! მის დამფუძნებელსა და დირექტორს − ნინა ბექაურს ესაუბრა.
ნინა, უპირველესად გაგვაცანით „რობო კოდერი“. რა იყო მისი შექმნის მთავარი მიზანი?
Robo Coder-ი არის დამატებითი განათლების სივრცე, სადაც ბავშვები და მოზარდები სწავლობენ და ეუფლებიან მომავლის უნარებს, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს Lego-კონსტრუქტორების დახმარებით. სწავლება დაფუძნებულია Lego education საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მორგებული და ადაპტირებულია ქართველი ბავშვების თავისებურებებზე და მოთხოვნებზე.
ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში შეიცვლება მომავალი პროფესიები, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ. ამიტომ უნდა ვეცადოთ ბავშვებს მივცეთ ის უნარები და ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება მათ თამამად შეხვდნენ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ მომავალს. სწორედ ეს იყო Robo Coder-ის შექმნის მთავარი მიზანი − ბავშვებისთვის შექმნილიყო სივრცე, სადაც მათ მივცემდით ტექნიკური და შემოქმედებითი უნარების მიღების საშუალებას თანამედროვე მიდგომებით.
რას მოიცავს Lego საგანმანათლებლო პროგრამა და რომელ ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი?
Lego education დაფუძნებულია დანიაში, 1980 წელს. ამ ხნის განმავლობაში საკუთარი ინოვაციური პროდუქტებით, კომპანია ხელს უწყობს პედაგოგებს მთელი მსოფლიოდან, საგანმანათლებლო პროცესი გახადონ ბევრად საინტერესო. პრაქტიკული სასწავლო კურსი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტზე და თამაშით ავითარებს მოსწავლეების ინტერესს ტექნიკური საგნების მიმართ. ყველასთვის საყვარელი Lego კონსტრუქტორი ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ბავშვები ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, იძენენ ცოდნას, უნარებს, ურთიერთობენ და უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ შემოქმედებას.
Robo Coder-ის პროგრამები გათვლილია 3-იდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებზე. ჩვენი პროგრამები დაგეგმილი და გაწერილია სხვადასხვა ასაკის განვითარების თავისებურებათა გათვალისწინებით და მიზნად ისახავს ასაკისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობას.
სკოლამდელი ასაკის პროგრამები (3-იდან 6 წლამდე) ეხმარება პატარებს მეტყველების უნარების ფორმირებით, სოციალურ-ემოციური განვითარებით, მათემატიკისა და კონსტრუირების საფუძვლების შესწავლით, უკეთესად გაიცნონ გარესამყარო.
დაწყებითი სკოლის ასაკის პროგრამების (6-იდან 10 წლამდე) დახმარებით ბავშვები სწავლობენ მექანიზმების მუშაობის პრინციპებს, კონსტრუირებას და ვიზუალური პროგრამირების დახმარებით აცოცხლებენ Lego-სგან აწყობილ მოდელებს. რობოტოტექნიკის შესწავლით, ბავშვები იძენენ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს − პროგრამირების საფუძვლებს, უყალიბდებათ წარმოდგენა, თუ როგორ იქმნება კომპიუტერული პროგრამა.
საბაზისო სკოლის ასაკის პროგრამა (10-იდან 15 წლამდე) ეხმარება მოზარდებს საკუთარი პროექტების შექმნით შეისწავლონ პროგრამირების საფუძვლები, იმუშაონ გუნდში, იაზროვნონ კრიტიკულად და შეიძინონ პრეზენტაციის უნარები. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მათ თავდაჯერებულობას, სწავლისადმი ინტერესის ჩამოყალიბებას და ტექნოლოგიების სწორად გამოყენებას.
ყველა პროგრამა მჭიდრო კავშირშია გარემოს დაცვის საკითხებთან და ბავშვებისთვის გასაგები მეთოდებით ეხმარება ისეთი საკითხების ათვისებაში, როგორიც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, ნარჩენების მართვა, ცხოველების გადარჩენა, ჯანსაღი კვება და სხვ.
გვესაუბრეთ Robo Coder-ის გუნდზე.
Robo Coder-ის გუნდი დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ ბავშვების განვითარებას, დახმარებას, საჭირო ცოდნის მიცემას უახლესი მიდგომებით.
ჩვენ შერჩეული გვყავს სხვადასხვა სპეციალისტები, რომელთა პროფესია და კომპეტენცია შეესაბამება ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს სხვადასხვა პროგრამაზე. ჩვენი პედაგოგები არიან სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ინჟინრები და IT-სფეროს წარმომადგენლები. თუმცა მთავარი, რაც გვაერთიანებს, არის საერთო მიზნები: მივცეთ ახალ თაობას ჯანსაღი, სწორი განვითარების საშუალება; მივიღოთ თითოეული ბავშვი ისეთი, როგორიც არის და საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ მას, ვისწავლოთ და ვიყოთ მუდმივ განვითარებაში, ხოლო შემდეგ ეს ცოდნა გადავცეთ მოსწავლეებს, გავხსნათ მათში არსებული შემოქმედებითი უნარი და რა თქმა უნდა, Lego-ს სიყვარული.
როგორია მშობლის ჩართულობა ამ დროს?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევხვდეთ ჩვენი მოსწავლეების მშობლებს, გავუწიოთ მათ საჭირო კონსულტაცია, მივიღოთ მათგან რჩევები და სურვილები. ყოველი გაკვეთილის ბოლო 10 წუთი ეთმობა მშობლებს, მათ ეძლევათ საშუალება შვილებთან ერთად გაიზიარონ საგაკვეთილო პროცესის შედეგით მიღებული ემოციები, რაც დადებითად მოქმედებს და დამატებით სტიმულს სძენს ბავშვებს მომავალში.
სამომავლო გეგმები…
კომპანიის გახსნა და განვითარება მოხდა პანდემიის პერიოდში, მაგრამ ჩვენ შევძელით ფუნქციონირება რეგულაციების მკაცრი დაცვით. ამ ეტაპზე არსებობს ერთი ფილიალი, თუმცა მოსწავლეების რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც გამოხატავს ამ სფეროსადმი გაზრდილ ინტერესს და ჩვენი კომპანიის მიმართ ნდობას. განსაკუთრებით სასიხარულოა გოგონების აქტიური ჩართულობა და მათი რაოდენობის ზრდა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალში უფრო მეტი ქალი აირჩევს პროფესიას IT-ის მიმართულებით.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკუთარი სერვისების გაფართოებაზე ყველა ასაკობრივი მიმართულებით, ახალი ფილიალების გახსნაზე როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა საქართველოში მიიღოს საშუალება, გამოცადოს საკუთარი თავი რობოტოტექნიკაში და გაიღრმაოს ცოდნა STEAM-პროგრამების დახმარებით.
ტექსტი: სოფიო მალანია