OK! Decor Book გთავაზობთ ინტერვიუს „ოუშენ კაპიტალის“ მთავარ დიზაინერ ნინო არზიანთან. კომპანია ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმკლასის უძრავი ქონების − როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების პროექტებს. კომპანიის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებელი ხანგრძლივი ვადით საუკეთესო ხარისხით და მასზე მორგებული ექსკლუზიური სერვისით.
„ოუშენ კაპიტალი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ნერგავს საერთაშორისო გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ეფექტიანობასა და მაღალ ხარისხს. კომპანია აბარებს პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს დღევანდელი ბაზრის იმ სეგმენტში, რომელშიც არცთუ იშვიათია დანაპირების დარღვევის შემთხვევა. „ოუშენ კაპიტალის“ მისიაა მომხმარებელს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მაღალი ხარისხის, მდგრადი და ენერგოეფექტური, საუკეთესო დიზაინის შენობები ჩააბაროს, რომლებიც ნამდვილი ღირსშესანიშნაობები გახდება და მორგებული იქნება თითოეული მცხოვრებლის მოთხოვნებზე.
როგორია მუშაობის პროცესი, რომელია ის ყველაზე მნიშვნელოვანი წესები და პუნქტები, რომლებსაც არასოდეს არღვევს და რა ადგილი უჭირავს „ოუშენ კაპიტალს“ ნინო არზიანის ცხოვრებაში − ყოველივე ამის შესახებ რესპონდენტი თავად გვიამბობს.
უპირველესად, გაგვაცანით თქვენი საქმიანობა Ocean Capital-ში.
Ocean Capital-ის მთავარ დიზაინერად ვმუშაობ კომპანიის დაარსების დღიდან, უკვე თითქმის ხუთ წელზე მეტია. ჩართული ვარ ყველა მიმდინარე პროექტში. თითოეული პროექტისთვის ვამზადებ ინტერიერის კონცეფციას, ვამუშავებ იდეას და „ოუშენ კაპიტალის“ გუნდთან ერთად ვარჩევ მასალებს. მოგეხსენებათ, „ოუშენ კაპიტალი“ არის საერთაშორისო კომპანია და ყოველთვის მაძლევს საშუალებას, წავიდე საერთაშორისო გამოფენებზე და გავეცნო ახალ ტენდენციებს. მუდამ ვგრძნობ მხარდაჭერას და არ მაქვს არანაირი შეზღუდვა იმისა, რომ დავნერგო და შემოვიტანო ის სიახლეები ჩვენს პროექტებში, რომლებიც აქტუალურია მსოფლიო ბაზარზე.
გვესაუბრეთ მუშაობის პროცესზე.
„ოუშენ კაპიტალის“ თითოეულ მობინადრესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. ძალიან მნიშვნელოვანია მათთან შეხვედრა, აზრების გაცვლა და მათი შინაგანი სამყაროს შეცნობა, რათა ისეთი დიზაინი შევთავაზო, რომელიც მათ საჭიროებებსა და გემოვნებაზე იქნება მორგებული. უპირველეს ყოვლისა, არქიტექტორებთან ერთად ვმუშაობ ბინის დაგეგმარებაზე, ვიძლევით რჩევებს, ასევე ვითვალისწინებთ ბინის მესაკუთრის სურვილებს და ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო პროცესი − ინტერიერის 3D-მოდელების დამზადება. სამუშაო საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ამავდროულად, ეს პროცესი არის თავისუფალი და კრეატიული.
რა გძენთ ყველაზე დიდ შთაგონებას?
მოგზაურობა და მიღებული შთაბეჭდილებები, ემოციები, ჩემთვის ახალი შთაგონების წყაროა და ყოველთვის აისახება ჩემს ნამუშევრებში.
რას ითვალისწინებთ პროექტზე მუშაობისას?
უპირველეს ყოვლისა, ვითვალისწინებ სწორ გეგმარებას, სივრცის მაქსიმალურად სწორად განაწილებას და კონკრეტული ინტერიერის მთლიანი სტილის დაცვას.
რა სახის მასალების გამოყენებას ანიჭებთ უპირატესობას?
მასალებთან მუშაობა და სიახლეების გაცნობა მაძლევს მეტ შესაძლებლობას, უფრო საინტერესო გახდეს სამუშაო პროცესი. ტენდენციები მუდმივად იცვლება, და ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად მრავალფეროვანი მასალა გამოვიყენო. ძალიან მიყვარს ბუნებრივ მასალებთან ურთიერთობა და მათი გამოყენება, იმიტომ, რომ მძენს სხვადასხვა ინსპირაციას და ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როდესაც ვაკეთებ ამ მასალების ერთმანეთთან შერწყმას. ყველანაირი საშუალება გვაქვს იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დახვეწილად და გემოვნებით იყოს შესრულებული ამა თუ იმ პროექტში.
გვესაუბრეთ გუნდზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად მუშაობ და როგორ გარემოში გიწევს დროის დიდი ნაწილის გატარება. ასევე, უმნიშვნელოვანესია გუნდი, რომელიც გვერდით გიდგას. მე კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ერთი გუნდი და ყველაფერს ვაკეთებთ ერთობლივად, რათა მივიღოთ ჩვენთვის და მომავალი მობინადრეებისთვის სასურველი შედეგი. ყოველთვის ვცდილობთ, ერთად საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
რა ადგილი უჭირავს Ocean Capital-ს თქვენს ცხოვრებაში?
ძალიან დიდი შრომა და ენერგია უნდა გაიღო ყველა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებ და რაც გიყვარს, მე კი ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ოუშენ კაპიტალის“ გუნდის წევრი გახლავართ და შემიძლია საკუთარი წვლილი შევიტანო კომპანიის საქმიანობაში. შესაბამისად, „ოუშენ კაპიტალი“ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს მოიცავს. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ჩემი მეორე სახლი, სადაც ყოფნა დიდი ბედნიერებაა. იქ ვიხარჯები თავიდან ბოლომდე და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
არსებობს წესები, რომლებსაც ინტერიერში არასდროს დაარღვევთ?
რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ზღვარი. ვფიქრობ, ინტერიერზე მუშაობის დროს უნდა ვეცადოთ დავიცვათ ერთიანი სტილი, თუმცა კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად ვითვალისწინებ დამკვეთის აზრს. აუცილებელია გაიცნო მისი ხასიათი, საბოლოოდ მოარგო მის სურვილებს და შინაგან სამყაროს.