„ემის“ ჯილდოსა და ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჯენიფერ ენისტონი 1969 წლის 11 თებერვალს, ლოს ანჯელესში დაიბადა. შემსრულებელმა კინოსადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, თუმცა ოჯახი მის გადაწყვეტილებას მხარს არასდროს უჭერდა. შემსრულებლის დედა პროფესიით მსახიობი და მოდელი იყო, რომელიც მის თითოეულ ნაბიჯს გამუდმებით აკრიტიკებდა და ხშირად ტელევიზორის ყურების უფლებასაც კი არ აძლევდა, იმ იმედით, რომ არსებული ინტერესი გაუქრებოდა და გადაწყვეტილებას შეიცვლიდა.
ჯენიფერი პირად ცხოვრებასა და კარიერულ წინსვლაზე ყოველთვის გულწრფელად საუბრობს და აღნიშნავს, თუ რამდენად რთული გზა გაიარა წარმატების მისაღწევად. როგორც მსახიობი იხსენებს, ოჯახის წევრების გარდა მას ახლობლებიც ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ მსახიობი ვერასდროს გახდებოდა და გასართობ ინდუსტრიაში წარმატებასაც ვერ მიაღწევდა.
“მამა გამუდმებით მიმეორებდა, რომ აზრი უნდა შემეცვალა და არასწორი გზიდან უნდა გადამეხვია: “გახდი ექიმი, ან ადვოკატი, ნუ აირჩევ სამსახიობო კარიერას, იცოდე, რომ შეცდომას უშვებ, ეს არ გააკეთო!” მიუხედავად იმისა, რომ გარშემო არავინ მამხნევებდა და ამის გამო საკმარისი თავდაჯერებულობა არ გამაჩნდა, ჩემს ოცნებაზე უარი არასდროს მითქვამს. სხვების ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს სურვილს კიდევ უფრო აძლიერებდა. დედა ყოველთვის მაკრიტიკებდა და მაქსიმუმს მოელოდა ჩემგან, ის მოდელი იყო, გარეგნული მონაცამებით გამოირჩეოდა, რაც ყოველთვის ყველას ყურადღებას იპყრობდა, მის გვერდით თავი ლამაზად არასდროს მიგრძვნია, სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავი განსაკუთრებული სილამაზის მქონდე ქალად არც ახლა წარმომიდგენია.”
ჯენიფერი ბავშვობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის იყო ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა დედა და მისგანაც იმავეს ითხოვდა, თუმცა მისი გადატვირთული გრაფიკის გამო მასთან დიდ დროის გატარებას ვერასდროს ახერხებდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯენიფერი 9 წლის იყო, როდესაც მამამ მიატოვა, ყველა პრობლემას დედასთან ერთად აგვარებდა. შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უფრო მიმტევებელი გახდა და პატიება ისწავლა.
“ დედა ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდა, რომ ძალიან ვუყვარდი, შესაძლოა ჩემს მიმართაც ამიტომ იყო ყოველთვის კრიტიკული და მომთხოვნი. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივია. ის იყო მარტოხელა ქალი, რომელსაც ოჯახის რჩენა უწევდა და ბევრი პრობლემა ჰქონდა.”
ჯენიფერმა საკულტო როლებამდე არაერთი პროფესია მოირგო, ის გარკეული პერიოდის განმავლობაში რესტორანში მიმტანად მუშაობდა, თუმცა 1990 წელს ნიუ-იორკი დატოვა და ოცნების ასახდენად ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ჯენიფერმა 90-იან წლებში არაერთ სატელევიზიო პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სამწუხაროდ წარუმატებლობის გამო მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. იმედგაცრუებულმა ჯენიფერმა ყველაფრისთვის თავის დანებება და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა უორენ ლითლფილდმა დაარწმუნა, რომ ძალიან მალე მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.
მართლაც, ჯენიფერ ენისტონი უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია, იმ დღიდან, რაც საზოგადოებას სერიალ „მეგობრების“ საკულტო პერსონაჟი რეიჩელ გრინი წარუდგინა. 90-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სიტუაციურმა კომედიამ, რომელიც მაყურებელმა პირველად 1994 წელს იხილა, მსახიობის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სატელევიზიო შოუ იმდენად პოპულარული გახდა, რომ მსახიობის შემოსავალი სერიალის დასასრულს (2004 წელს) თითო სერიაში 1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
“საკუთარი თავი „მეგობრების“ გადასაღებ მოედანზე აღმოვაჩინე, გავხდი თავდაჯერებული მსახიობი, რომელმაც საკუთარი თავის დაფასება ისწავლა. ძალიან მენატრება ძველი დრო, რადგან ეს სამუშაო ჩემთვის მხოლოდ სამსახური არ იყო, ყველა ოჯახის წევრებივით მიყვარდა, ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავდით და ყველანაირ დაბრკოლებას ერთად ვლახავდით. როდესაც წლებისწინანდელ ფოტოებს ვუყურებ, ვერ წარმოვიდგენ, რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო, ამ შოუმ ჩემი წარმატება განაპირობა.”
“როდესაც გარშემო გყავს ადამიანები, რომლებიც იმავეს გრძნობენ და განიცდიან რასაც შენ, ეს დიდ ძალას გმატებს. ვიცი, რომ გულში ყოველთვის გვექნება ერთმანეთისთვის გამოყოფილი მნიშნელოვანი ადგილი და ამას დრო ვერ შეცვლის. სერიალის წყალობით შევიძინე ნამდვილი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ალბათ ცხოვრების ბოლომდე მექნება.”
ჯენიფერის განცხადებით “მეგობრებში“ მონაწილეობამ პროფესიული საქმიანობის წარმატება განაპირობა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს ეს ერთგვარი “კურთხევაა”, ამავდროულად კი “წყევლა”, რადგან საზოგადოებაში მის შესახებ კონკრეტული აზროვნება ყალიბდება და ადამიანები მისგან მეტს ელიან.
მიუხედავად ცხოვრებაში არსებული უამრავი სირთულისა, ჯენიფერი ყოველთვის ინარჩუნებს დადებით განწყობას, მისი აზრით მეგობრების ყოლა თითქმის ყველანაირი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება, რადგან ზოგჯერ ემოციის გამოხატვა და გაჭირვების სხვისთვის გაზიარებაც კი საკმარისია, ადამიანების დახმარება და რთულ წუთებში გამხნევება კი პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსახიობი ახალგაზრდობის პერიოდსა და პირველ შთაბეჭდილებას იხსენებს, როდესაც ახლო მეგობრები არ ჰყავდა და ხალხმრავალ ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.
“რა მაძლევს მოტივაციას არ დავკარგო იმედი, როდესაც ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ? ალბათ ეს ყველაფერი ჩემს ბავშვობას უკავშირდება, მე გავიზარდე დესტაბილიზებულ ოჯახში, სადაც თავი უსაფრთხოდ არასდროს მიგრძვნია. ვუყურებდი ჩემს გარშემომყოფი ადამიანების ქცევას და ვამბობდი: “მე არ მინდა ამის გაკეთება, მე არ მსურს ვიყო ასეთი.” არ მინდა ადამიანებთან ნეგატიური კავშირი მქონდეს, ამისთვის ნაწილობრივ მადლობას მშობლებს უნდა ვუხდიდე. როდესაც პრობლემა გაქვთ თქვენ შეგიძლიათ გაბრაზდეთ, ან დამშვიდდეთ და თქვათ: “გაქვს ლიმონი? მაშინ გააკეთე ლიმონათი.”
“როდესაც ლოს ანჯელესში ჩამოვედი 20 წლის ვიყავი, შევამჩნიე, რომ ჩემს გარშემო იყვნენ გოგონები, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ და ერთმანეთთან საკუთარ პრობლემებზე საუბრობდნენ, მე არასდროს მყოლია ისეთი სანაცნობო წრე, ამიტომაც გამუდმებით ვფიქრობდი “ღმერთო ჩემი, არადროს ჩუმდებიან კალიფორნიელები,” ისინი საკუთარ გრძნობებზე ღიად საუბრობდნენ და ერთმანეთის თანდასწრებით ტიროდნენ. გასართობი ინდუსტრია მკაცრია, ხშირად ვერ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გაგამხნევებენ და მხარს დაგიჭერენ, ქასთინგებზე გოგონები არასდროს მესაუბრებოდნენ, მხოლოდ მაშინ შეეძლოთ წამოეწყოთ საუბარი, როდესაც მათი გამოსვლა დასრულებული იყო და დანარჩენების ყურადღების გაფანტვას ცდილობდნენ.”
წარმატებული სამსახიობო კარიერის პარალელურად ჯენიფერ ენისტონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად არამხოლოდ საკულტო როლების, არამედ პირადი ცხოვრების გამოც ექცევა. შემსრულებელი გულწრფელად აღნიშნავს, რომ მისთვის ოჯახის შექმნა ამჟამად პრიორიტეტული არაა.
“საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კლიშეები და სტერეოტიპები, რომ ქალები გარკვეულ ასაკში უნდა დაოჯახდნენ და გააჩინონ შვილები. მე ამჟამად კარიერაზე ვარ კონცენტრირებული და საერთოდ არ მაწუხებს ის აზრი, რომ შესაძლოა არასდროს შევქმნა ოჯახი.”
“ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, როდესაც ქალები 40 წლის ხდებოდნენ, მათ ავალდებულებდნენ სამუშაოსთვის თავი დაენებებინათ, ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, რადგან ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაზის გავლა საყვარელი საქმიანობის კეთების პარალელურად გვიწევს.“
აღსანიშნავია, რომ მსახიობი 51 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება, შემსრულებელი გამუდმებით ვარჯიშობს და ცდილობს ჯანსაღი პროდუქტებით იკვებოს. მიუხედავად ყველაფრისა, მისი აზრით ლამაზი სხეულის საიდუმლო ნატურალურ საკვებსა და ვარჯიშში არ მდგომარეობს, რადგან ადამიანებს საკუთარი თავი ისეთი უნდა უყვარდეთ, როგორებიც სინამდვილეში არიან.
“თუ თქვენი სხეული სუსტდება, მაშინ სუსტდება თქვენი გონებაც… ჩვენი სხეული ლამაზია, ამიტომ კომფორტულად უნდა ვიგრძნოთ მასში თავი, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხართ, ან როგორ გამოიყურებით, მთავარია იყოთ თავდაჯერებულები.”
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯენიფერ ენისტონის სამსახიობო კარიერა ათწლეულებს ითვლის, თუმცა, ყველაზე პოპულარული პროექტი, რომელმაც ჯენიფერის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა ეს “მეგობრებია.” 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო სერიალი, რომელიც მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს, მაყურებელმა პირველად 1997 წელს იხილა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სერიალის სპეციალური ეპიზოდის გამოსვლა ოფიციალურად დადასტურდა, რომელსაც HBO Max შემოგვთავაზებს. გლობალური პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული ვითარების ჟამს სერიალის გადაღებები არაერთხელ გადაიდო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ლისა კუდროუმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გადაღებები დაწყებულია. სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.