თანამედროვე ქართული საგამომცემლო საქმის ლიდერი კომპანია − „გამომცემლობა პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა. წამყვანი პოზიციების დაკავებამდე, გამომცემლობამ ძიებით სავსე გზა განვლო და განახორციელა არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი.
მათ შორის იყო ინოვაციები, რომლებსაც მანამდე ქართულ საგამომცემლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნდა. ამ მხრივ, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია ორიგინალური სამგანზომილებიანი წიგნები, რომლებიც პირველად „პალიტრა L“-ში შეიქმნა. ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, გამომცემლობამ განსაკუთრებული მიმზიდველობა მიანიჭა საყმაწვილო-შემეცნებით გამოცემებს.
„პალიტრა L“ გამოსცემს ყველაზე მრავალფეროვან ლიტერატურას და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ქართულ მწერლობას. ამასთან, გამომცემლობის მიზანია, წიგნი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახადოს − როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამ მიზანს ემსახურება, ბეჭდური გამოცემების პარალელურად, ელექტრონული და აუდიოწიგნების პლატფორმის − „გუდას აუდიოწიგნების“ შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომია ანდროიდისა და აიფონის მომხმარებლისთვის.
„პალიტრა L“ სოციალური პასუხისმგებლობითაც გამორჩეული კომპანიაა. სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობისა და მათი ათასობით წიგნით მომარაგების გარდა, კომპანია ახორციელებს ასევე უანალოგო მასშტაბურ პროექტს − „მაკულიტერატურა“.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია წარმატებული თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან. წლების განმავლობაში გამომცემლობამ მოიპოვა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია და სტაბილური საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ისეთ წამყვან გამომცემლობებთან თუ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Disney, Penguin Random House, Harper Collins, Curtis Brown, Bloomsbury, Oxford, Scolastic და სხვ.
ამგვარად, დღეს „პალიტრა L“-ის სახით საქართველოს საგამომცემლო სფეროში საქმიანობს ძლიერი, პროგრესული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანია, რომელიც განაგრძობს არჩეულ გზას, მუშაობს მკითხველისთვის და აპირებს, სულ უფრო ძლიერად დაუდგეს მხარში თანამედროვე ქართულ მწერლობას.
თინა ასათიანი, კომპანიის დირექტორი:
„გამომცემლობა პალიტრა L“-ის სათავეში 2010 წლიდან ვარ და, შეიძლება ითქვას, ჩემს გამომცემლობასთან ერთად ვიზრდები. ამ წლების განმავლობაში არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განვახორციელეთ და საშუალება მივეცით ქართველ მკითხველს გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებითა თუ ინოვაციური პროექტებით. ჩვენ გამოვცემთ მრავალფეროვან ლიტერატურას ყველა გემოვნებისა და საჭიროების მკითხველისთვის. გამოცემებს ვაჯგუფებთ თემატურ თუ ჟანრობრივ სერიებად, რითაც მკითხველს სასურველი არჩევანის გაკეთებას ვუადვილებთ. ამასთან, ვზრუნავთ, რომ ჩვენმა მკითხველმა მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას და პირობებში მიიღოს თავისივე გემოვნებით შერჩეული ხარისხიანი ბეჭდური, ელექტრონული და აუდიოწიგნები. ამ გზითაც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ცოდნის გავრცელებასა და წიგნიერების ამაღლებას.
„გამომცემლობა პალიტრა L“, ბაზარზე ლიდერის პოზიციის დამკვიდრებისა და შენარჩუნების პარალელურად, მუდმივად იზრდება და ვითარდება. წარმატებით დავნერგეთ მასშტაბური პროექტები − „გუდას აუდიოწიგნები“ და „მაკულიტერატურა“. ჩვენს მკითხველს უკვე შეუძლია ასობით კლასიკოსი თუ თანამედროვე ავტორის წიგნებს, უმაღლესი ხარისხის ჩანაწერით, მისთვის მოსახერხებელ დროსა და გარემოში მოუსმინოს, ძველი და გამოუსადეგარი წიგნებისა თუ ჟურნალ-გაზეთების ახალ წიგნებში გადაცვლით კი ჩვენ უკვე 150 000-ზე მეტი ხე გადავარჩინეთ.
მკითხველის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება მხოლოდ ძლიერი და კომპეტენტური გუნდის მეშვეობითაა შესაძლებელი, რაც „პალიტრა L“-ის ძალიან ძლიერი მხარეა. ვამაყობ ჩვენი გუნდით. ჩვენ ერთად ვცდილობთ, ყოველთვის გავამართლოთ საკუთარი მრავალრიცხოვანი მკითხველის ნდობა“.
მაია ალუდაური, მთავარი რედაქტორი:
„საგამომცემლო საქმე, შეიძლება ითქვას, ხელისგულზეა გადაშლილი − ყოველდღე, ყოველ წამს, უამრავი ადამიანი შლის შენ მიერ გამოცემულ წიგნებს, რომლებსაც სულსა და გულს ატან, და ამოწმებს შენი მუშაობის ხარისხს. ეს ნიშნავს, რომ უწყვეტად აბარებ გამოცდას მკითხველს, რომელიც კრიტიკულია, მომთხოვნია, განათლებულია, წიგნიერია, ინფორმირებულია, ხანდახან ახირებულიც არის… მუშაობ და გამუდმებით ფიქრობ მათზე. ეს საინტერესოზე მეტია. ეს უკვე ცხოვრების წესია. შეიძლება არჩევანიც დავარქვათ, რადგან ნებით ხარ გადაშვებული მასში. ამ პროცესს მოაქვს ყოველდღიური შფოთვა − რაიმე არ გამოგრჩეს, სადღაც ყურადღება არ მოგიდუნდეს, კვალში ედგე მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს… მაგრამ ეს ბედნიერების მომტანი შფოთვაა, რადგან, საბოლოოდ, უმაგრეს საქმეს ემსახურები უმაგრეს კოლეგებთან ერთად.
„პალიტრა L“-ს თითქმის 12 წლის წინ დავუკავშირდი. ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არსებული გამომცემლობა რთულ გზას გადიოდა. ამ სირთულეებს მეტ-ნაკლებად ვართმევდით თავს, თუმცა გარკვეულ ეტაპზე საკუთარი როლი ვეღარ დავინახე და წავედი. ხუთიოდე წლის წინ ჩემმა გამომცემლობამ ისევ „დამიძახა“ და დღეს აქ ვარ − თანამედროვე ტიპის, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებულ უძლიერეს კომპანიაში, რომელიც ყოველდღიურად განიმტკიცებს ადგილს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ხვალინდელი დღის განმაპირობებელ უმნიშვნელოვანეს სფეროში და ცდილობს, მუშაობის, ავტორებთან და მკითხველთან ურთიერთობის სულ უფრო მაღალი სტანდარტი დაამკვიდროს. ასეთად ეს კომპანია ერთად ვაქციეთ − ეს ჩვენი ღირებულებითი არჩევანია.
ამ არჩევანის ერთგულია „პალიტრა L“-ის სარედაქციო გუნდი, მისი „ოქროს ფონდი“: რედაქტორები, მთარგმნელები, დამკაბადონებლები, კორექტორები, დიზაინერები… სწორედ ისინი ქმნიან იმ წიგნებს, რომლებითაც შემდეგ ათასობით ადამიანს ვუხარებთ გულს და თამამად ვეუბნებით: #იკითხესაუკეთესო“.
დიზაინერების გუნდი:
დიზაინი ასრულებს წიგნის მომზადების პროცესს და, გარკვეულწილად, გადამწყვეტი როლი აკისრია წიგნის წარმატებაში, მკითხველის გულამდე მიღწევაში. ამიტომ წიგნის დიზაინერს ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება და ღრმად დაფიქრება უწევს. უმნიშვნელოვანესია ტექნიკური მხარეც − საბოლოო პროდუქტი სტამბას უნდა მიეწოდოს, ტექნიკურად გამართული და სრულყოფილი. თუმცა ყველაზე მთავარია შემოქმედებითი ხედვა, საქმისადმი სიყვარული და მკითხველისთვის კეთილსინდისიერი გარჯა. ჩვენი გუნდი ამ პრინციპით მუშაობს.
საერთაშორისო პროექტების გუნდი:
პროექტის მენეჯერი წარმართავს წიგნის გამოცემის სრულ პროცესს − ნაწარმოების არჩევიდან სტამბამდე. ეს არის ძალიან საინტერესო და შრომატევადი გზა, რომელსაც თითოეულ ნაწარმოებთან ერთად სრულად გადიხარ. უცხოელ გამომცემლებთან თუ ქართველ ავტორებთან ურთიერთობა, მოლაპარაკება, უფლებების აღება − ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. რედაქტორთან, დამკაბადონებელთან და დიზაინერთან ერთად, საბოლოოდ ტექსტს ის იერსახე ეძლევა, რომელიც ჩვენს მკითხველს მაღაზიაში ხვდება. თითოეული ეტაპი ჩვენგან უდიდეს ყურადღებას მოითხოვს, რათა ახალი გამოცემები იყოს ხარისხიანი, საინტერესო და მიმზიდველი.
გამოცემის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ნაწარმოების შერჩევა. ყურადღებას ვაქცევთ სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს, თუმცა ვითვალისწინებთ გამოხმაურებებს, პროფესიონალებისა თუ მკითხველთა შეფასებებს, ბაზრის მოთხოვნას. ახალი პროექტების მოძიებაში ძალიან გვეხმარება წიგნის საერთაშორისო გამოფენებიც.
„პალიტრა L“ დიდი გამომცემლობაა. ჩვენი მკითხველები სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა თუ ინტერესების ადამიანები არიან. შესაბამისად, ჩვენი გამოცემებიც მრავალფეროვანია და აერთიანებს როგორც საბავშვო და მოზარდთა მიმართულებას, მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურას, ასევე სხვადასხვა ჟანრს − იქნება ეს დეტექტივი, ტრილერი თუ ფენტეზი. ბოლო წლებში ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტად ბიზნესლიტერატურა, თვითგანვითარებისა და სამოტივაციო თემატიკის წიგნები იქცა და ეს მიმართულებაც წარმატებით ვითარდება.
დროსთან ერთად მკითხველის ქცევა და სურვილებიც იცვლება. ამიტომ არც ერთი წუთით არ გაქვს უფლება მოდუნდე, ჩამორჩე მოვლენებს და მუდმივად არ იფიქრო სიახლეებსა და განვითარებაზე.
გაყიდვების გუნდი:
„გამომცემლობა პალიტრა L“-ის, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი გამომცემლობის, გაყიდვების სამსახურის მთავარ მიზანს წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, თითოეული წიგნის მკითხველის ხელში მოხვედრა ჩვენი გუნდისთვის ამ მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ჩვენ ხელთ არსებული ყველა ბერკეტით ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ სხვადასხვა გემოვნებისა თუ ასაკის მკითხველის მოთხოვნა წიგნებზე, გავზარდოთ წიგნებზე ხელმისაწვდომობა როგორც მრავალფეროვანი საფასო კატეგორიის, ასევე მყიდველისთვის მაქსიმალური კომფორტის შეთავაზებით.
მკითხველებს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეიძინონ წიგნები საქართველოში არსებულ ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში. ბოლო წლებში კიდევ უფრო ახლოს მივიტანეთ წიგნები მკითხველთან და წარმოდგენილი ვართ თითქმის ყველა სააფთიაქო თუ სუპერმარკეტების ქსელში, საკანცელარიო მაღაზიასა თუ მცირე სავაჭრო ობიექტში. დავხვეწეთ ონლაინშეძენის მიმართულებაც. ჩვენს მკითხველს უპრობლემოდ შეუძლია სასურველი წიგნების შეძენა შინიდან გაუსვლელადაც − ვებგვერდზე Palitral.ge ასევე, ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად განახლების პროცესშია თითქმის ყველა ონლაინპლატფორმაზე, რომელიც წიგნების მიმართულებით მუშაობს საქართველოში.
ჩვენი კრეატიული გუნდი ყოველდღიურად მუშაობს მკითხველის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით სხვადასხვა აქციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ვაწყობთ ლიტერატურულ ტურნეებს რეგიონებში. წიგნების ეს ერთგვარი მცირე ფესტივალები ხელს უწყობს მკითხველისთვის თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორების გაცნობას, ახალთარგმნილი და გამოცემული წიგნების პოპულარიზაციას.
გვიხარია, რომ ვართ იმ დიდი საქმის თანამონაწილე, რომელსაც საქართველოში წიგნის გავრცელება და წიგნიერების ამაღლება ჰქვია.
მარკეტინგის გუნდი:
საგამომცემლო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი და საინტერესო მიმართულებაა მარკეტინგი. წიგნის გამოცემიდან დაწყებული, მისი მკითხველთან მიტანით დამთავრებული, თითქმის ყველა ასპექტს ეხები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი მკითხველი, რა უყვარს მას და რა სჭირდება. განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეა წიგნების სწორი პოზიციონირება, რათა გაიზარდოს წიგნების მიმართ ინტერესი და, შესაბამისად, წიგნიერების დონე. ვცდილობთ, ხშირად დავგეგმოთ კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და სულ სხვა კუთხით აგრძნობინებს მკითხველს კითხვის დადებით გავლენას მის ცხოვრებასა თუ ყოველდღიურობაზე.
საგამომცემლო მიმართულებით მარკეტინგი გულისხმობს თანამედროვე ავტორებთან კომუნიკაციას და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას. ჩვენი ერთ-ერთი ორიგინალური პროექტია „გახდი ბესტსელერის ავტორი“ და „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ნიჭიერი მწერლების აღმოჩენას და თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებას. აქვე ვიტყვი, რომ უდიდესი პატივია, იცნობდე და თანამშრომლობდე XXI საუკუნის ქართველ თუ უცხოელ ავტორებთან, გააცნო ქართველ მკითხველს მათი შემოქმედება, მოაწყო საჯარო შეხვედრები და მისცე ადამიანებს შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ თავიანთ საყვარელ მწერლებს თუ პოეტებს, ისაუბრონ მათთან ერთად ლიტერატურაზე და მასთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ საკითხებზე.
ასე რომ, იყო დიდი გამომცემლობის წევრი − ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, უაღრესად საინტერესო, მრავალფეროვანი და შთაბეჭდილებებით სავსე ცხოვრების წესი.