ნინი, უპირველესად გვიამბეთ თქვენ შესახებ.
მე ვარ ვიზუალური არტისტი და ტანსაცმლის დიზაინერი. ვმუშაობ როგორც ეთიკურ, ასევე ეკოლოგიურ მასალებსა და თემებზე. ჩემი არტისტული კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია გენდერული იდენტობები.
თქვენ შექმენით ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი. როგორ დაიბადა და რა იყო თქვენი მიზანი?
კოლექციების მზადების დროს ხშირად ვიყენებდი სკულპტურულ მასალებს. თხევადი სილიკონისგან მინდოდა გამეკეთებინა ისეთი ზედაპირები, რომლებიც კანის იმიტაციას შექმნიდა. სწორედ ამ პროცესის დროს გადავწყვიტე შემექმნა მასალა, რომელსაც გავზრდიდით და იქნებოდა როგორც ვეგანური, ასევე ბიოდეგრადირებადი.
იდეის გაჩენის შემდეგ შევიკრიბეთ ადამიანები, რომელთა დახმარებით გავიარეთ ბევრი ეტაპი. მიზანი არის კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება და ჩართვა ამ პროექტში და ტყავის დახვეწა.
დეტალურად გვიამბეთ ამ მასალაზე. როგორ ხდება მისი დამუშავება?
ეს მასალა არის ბაქტერიული ცელულოზა, რომელსაც ვზრდით სითხის ზედაპირზე ორიდან სამ კვირამდე, გაზრდის შემდეგ ხდება მასალის ექსტრაქცია და შემდგომი დამუშავება.
როგორია საზოგადოების მხრიდან დაინტერესება?
საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს გავაგრძელოთ მუშაობა, მიუხედავად ბევრი სირთულისა. ვფიქრობ, ბევრი ასეთი აქტივობა ეხმარება საზოგადოებას გახდეს მსგავსი თემების მიმართ სენსიტიური და ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს.
თქვენს კოლექციაზეც გვიამბეთ. რამდენად ხშირად იყენებთ ამ მასალას?
როგორც უკვე გითხარით, მასალაზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული, ამიტომ აქტიურად არ ვიყენებ მას, თუმცა კვლევის პარალელურად ვტესტავ როგორც ტყავს, ასევე მის მახასიათებლებს. როცა შესაძლებელი იქნება მისი აქტიურად გამოყენება, აუცილებლად პირველად მე გამოვიყენებ.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წამოწყების განვითარება?
ამ ეტაპზე კვლევისა და ტესტირების პროცესში ვართ, ვიკვლევთ ბიოდეგრადირებადი მასალებით დამუშავების ტიპებს.