ქართული OK!-ის მაისის თვის მთავარი გმირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი საქმიანი ქალია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ “World Woman Club” მიერ, მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ 50 ქალთა შორის დასახელდა
სიამოვნებით წარმოგიდგენთ ნინო ჩიკვაშვილს − განათლების ადმინისტრირების დოქტორს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატს (მონტანა, სახელმწიფო უნივერსიტეტი), აშშ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარეს, წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის ეროვნულ წარმომადგენელსა და პრეზიდენტს საქართველოში, მსოფლიოს წარმატებულ ქალთა (World Women Club) ნაციონალურ დირექტორს, ბიზნესლიდერთა ასოციაცია Women 4 Tomorrow-ს წევრს და ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქსელის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამფუძნებელს. ნინო ჩიკვაშვილმა „პროგრესი“ 20 წლის წინ დააარსა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, წარმატებული და მოწინავე ზოგადსაგანმანათლებლო ცენტრია მთელი საქართველოს მასშტაბით. „პროგრესი“ საქართველოს სამ დიდ ქალაქში − თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი და დღეისათვის 1400 მოსწავლისთვის თანამედროვე სტანდარტის შესაბამის, უმაღლესი დონის განათლებისა მიღებისა და სააზროვნო უნარების გამომუშავებას ემსახურება.
ნინო, თქვენზე მოგვიყევით. როგორ გადაწყვიტეთ სკოლის დაარსება?
როგორც ოჯახში ხშირად იხსენებენ, ბავშვობიდანვე მახასიათებდა ნოვატორული სული. მე ექიმების ოჯახიდან მოვდივარ, ამიტომ ალბათ ადამიანებზე ზრუნვა, ჩემს შემთხვევაში − მათი გონებისა და აზროვნების განვითარებაზე, სულის გაჯანსაღებაზე ზრუნვა იყო ჩემი მთავარი ინსპირაცია. უკვე მაღალ კლასებში გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ბიზნესში, რომელიც დაუკავშირდებოდა პედაგოგიკას და განათლების სფეროს. ორი ფაკულტეტი დავამთავრე − უცხო ენისა და ეკონომიკის, ძირითადი პროფესიით უცხო ენების − ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ყოველთვის გატაცებული ვიყავი უცხო ენებით, შესაბამისად, კარგად ვფლობ ინგლისურ, რუსულ, საბაზისოდ − იტალიურ და ფრანგულ ენებს. თავიდანვე ვიცოდი, რომ დავაფუძნებდი სკოლას და მას „პროგრესს“ ვუწოდებდი, რადგან სწორედ ამ ცნების ირგვლივ გაერთიანდებოდა ჩვენი ფუნქციონირების მთავარი კონცეფცია.
გახსოვთ, როგორ შეიკრიბა „პროგრესის“ პირველი კლასი?
საქმიანობა ინგლისური ენის ცენტრის გახსნით დავიწყე, საიდანაც ჩემი ყველა − სამოცდათორმეტივე მოსწავლე გადმომყვა სკოლაში. აღმოჩნდა, რომ დავემთხვიეთ ერთმანეთს განათლების თანამედროვე, ახალი მიდგომების მიმართ დამოკიდებულებებში. უცხო ენების ცენტრში თავიდანვე საინტერესო გაკვეთილებით: ინტერაქციით, როლური თამაშებით, ვიდეოებით, სუბტიტრებიანი ფილმების ჩვენებით დავიწყე სწავლება. სპექტაკლებსაც კი ვდგამდით, სიმღერებს ვმღეროდით…
„პროგრესი“ უკვე 20 წლისაა. „პროგრესის“ სკოლის დაარსება იყო და არის ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და ცხოვრებისეული ნაბიჯი. ურთულესი წლები და დღეები გამოვიარე, მაგრამ არასოდეს მინანია. ათასობით მოზარდს ვაძლევთ თანამედროვე ხარისხის, პროგრესულ განათლებას. ისინი იზრდებიან როგორც თავისუფალი ადამიანები, რადგან განათლება უკვე თავისუფლებაა, ცხოვრება შეზღუდვების გარეშე.
ჩვენი სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს − College Board-ის მიერ.
2019 წლიდან „პროგრესს“ ამერიკული სკოლების მააკრედიტებელი ორგანოსგან მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია − Advanced.
„პროგრესს“ აქვს ოფიციალური უფლებამოსილება, ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით („პროგრესში“ სწავლების ენა არის ქართული და ინგლისური), ასევე, გასცეს უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში.
რამდენადაც ვიცით, „პროგრესს“ სამი ფილიალი აქვს. პირველად სად გაიხსნა?
თავდაპირველად „პროგრესი“ ქუთაისში − ჩემს მშობლიურ ქალაქში გავხსენით. შემდეგ მას მოჰყვა ბათუმისა და თბილისის ფილიალები. ამჟამად ბათუმში ახალი კამპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს იქნება ქართულ-ამერიკული აკადემიის ახალი მოდელი, შესაბამისი შენობითა და ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სტანდარტის ინვენტარით, ლაბორატორიებით, საკალათბურთო სპორტდარბაზით, ბიბლიოთეკებით, ინდივიდუალური სკოლამდელი და დაწყებითი განათლების ცენტრით, ფსიქოლოგიისა და ინკლუზიური განათლების სპეციალური კაბინეტებით, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებითა და კაფეტერიებით, სტემის, ბიზნეს და მეწარმეობის განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების საკლუბო სივრცეებით…
რამდენი მოსწავლე სწავლობს ამჟამად „პროგრესში“?
1400 მოსწავლე სწავლობს სამივე სკოლაში. აქ ისინი იღებენ მაღალხარისხიან, თანამედროვე განათლებას, ეჩვევიან თავისუფლად აზროვნებას, მიზნისთვის ბრძოლას, ერთმანეთის გვერდით დგომას და სხვა მნიშვნელოვან აკადემიურ და პიროვნულ ღირებულებებს, რაც განათლებასთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის წარმატებისთვის და ბედნიერებისთვის.
ნინო, „პროგრესში“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ უცხო ენების პროფესიულად შესწავლას. ასეა?
დიახ, ასეა. ჩვენს სკოლაში ინგლისური ყოველთვის ისწავლებოდა როგორც მეორე უცხო ენა, ასევე, როგორც აკადემიური ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ „პროგრესელს“ შეუძლია გამოიყენოს ინგლისური მისი აკადემიური და პროფესიული მიზნებისთვის. ასევე, „პროგრესში“, ინგლისურის გარდა 2 უცხო ენა სავალდებულოდ ისწავლება, და კიდევ ერთი, დამატებით, არჩევითია (რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო).
ამას ემატება და ხელს უწყობს ფაქტი, რომ „პროგრესი“ ყოველთვის ბედნიერია მისი მულტიკულტურული, ერთმანეთზე პატივისცემისა და ანგარიშვალდებულებაზე ორიენტირის, ტოლერანტული გარემოთი.
სამწუხაროდ, უმაღლეს სასწავლებლებში ისევ დგას უცხო ენის პროფესიულ დონემდე მიღწევის პრობლემა. ამიტომ, ჩვენ საკუთარი რესურსებით ყოველწლიურად ვახორციელებთ პროფესიული განვითარების პროექტს „გახდი პროგრესის მასწავლებელი“, სადაც ყოველწლიურად შეირჩევა 25 მოტივირებული ახალგაზრდა, რომლებიც გადიან როგორც პროფესიული განვითარებისა და სტაჟირების კურსს, ასევე გადამზადდებიან და აიმაღლებენ ინგლისური ენის პროფესიულ კომპეტენციას.
რამ გადაგაწყვეტინათ ამ პროექტის განხორციელება?
ცხადია, საჭიროებამ. ამ საჭიროებას განსაზღვრავს კვლევები, რაზეც ადამიანური კაპიტალის მენეჯერები მუშაობენ, სკოლის ხელმძღვანელებთან ერთად. ტარდება კვლევები მოთხოვნების შესახებ, თუმცა კვლევის გარეშეც ვხედავთ ამ საჭიროებას. ჩემი აზრით, როცა განათლების სისტემაში ხარ, აუცილებლად უნდა იზრუნო საზოგადოების „გამოკვებაზე“ იმ საჭიროებების მიხედვით, რაც მას იმ მომენტში აქვს.
ნინო, როგორ გარისკეთ რეგიონებში გასვლა?
ეს ერთგვარი რისკი იყო. ზოგადად რისკი კეთილშობილური საქმეაო, ასე ამბობენ და ჩემს შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. ეს არ გახლდათ ბრმა რისკი. ეს იყო საზოგადოების მხრიდან დიდი მოთხოვნა და საჭიროება, და ჩვენ მათ ვუპასუხეთ. მე აღმოვჩნდი კარგი მსმენელი და შემფასებელი. ამგვარად მიღებული ინფორმაცია და რისკ-ფაქტორები ერთმანეთს შევახვედრე. ბათუმი ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. აჭარაში „პროგრესის“ სახით აუცილებლად იქნება საუკეთესო სკოლა-აკადემია, მაღალკლასელებს შევთავაზებთ წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს, რათა მოზარდი მზად იყოს და სკოლაშივე გამოიმუშაოს საუნივერსიტეტო უნარები და კომპეტენციები. ბათუმის ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასაყრდენი სასკოლო განათლების ადგილი.
რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი, სამომავლო გეგმები?
მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის „პროგრესი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი სკოლა, ასე რომ 2024 წლიდან თბილისშიც მასშტაბური ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი განხორციელდება.
ნინო, დროის რა ნაწილს უთმობთ საქმეს და გრჩებათ თუ არა დრო საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის?
ყველაფერთან ერთად გამუდმებით ვსწავლობ. ახლაც ვსწავლობ მაგისტრატურაში, ბიზნესის სკოლაში. ჯერ კიდევ 2006 წელს გავდიოდი ლონდონში დროისა და კრიზისის მენეჯმენტის კურსს, რომელზეც მაშინ ჩვენთან არც კი საუბრობდნენ. ამან იმდენად მკვეთრი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, რომ ყოველთვის ვიცოდი რა მჭირდებოდა. ცხადია, დროის მენეჯმენტი არა მხოლოდ თეორიულად, გამოცდილებითაც ისწავლება. ვცდილობ, დროსთან, რისკთან, გარემოსთან შესაბამისი ვიყო. ძალიან მეხმარება ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. ვერ გეტყვით, რომ მაქვს ოჯახთან ურთიერთობის დეფიციტი − ვანაწილებ დროს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება მეტ დროს ვუთმობდე ოჯახს, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ სწორად და ხარისხიანად ვხარჯავ ჩემს დროს.
ნინო, რას ურჩევთ ადამიანებს, როგორ იპოვონ საკუთარი თავი და მოიპოვონ წარმატება?
ახალგაზრდები ხშირად საქმდებიან იქ, სადაც მათი ადგილი არ არის. ხშირად მათი შრომისუნარიანი ნაკადი იქ მიედინება, სადაც შემოსავალია და არა ამ ადამიანების ინტერესი. ასეთ შემთხვევებზე გული მწყდება, რადგან ვიცი მათი უნარები და შესაძლებლობები. წლები გადის ისე, რომ ახალგაზრდები რუტინულ საქმეს მიჰყვებიან და საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ავითარებენ. რთულია რაიმე ურჩიო ადამიანს, როცა შემოსავალია მისი პრიორიტეტი, თუმცა ერთი კარგი რეკომენდაცია მაინც მექნება: არ შეწყვიტონ განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა, სწავლა, განათლება. ეს უნდა იყოს მუდმივი და უწყვეტი პროცესი. ყველანაირი ძალებით უნდა მოახერხონ, რომ იმუშაონ და თან ისწავლონ. არასდროს დასჯერდნენ იმას, რაც დღეს აქვთ.
თავისუფალ დროს სპორტით ხართ დაკავებული?
მიყვარს ცეკვა და თავისუფალ დროს ვცეკვავ. ძალიან მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს ფიზიკური აქტივობა. ყველას ვურჩევ, აუცილებლად დაკავდნენ სპორტით ან ცეკვით, რაც აუცილებელია საკუთარ თავთან ჰარმონიისთვის.
ფრაზა რომელსაც ხშირად იყენებთ??
მე მიყვარს და ხშირად ვიყენებ ამერიკელ ასტრონავტ ნილ არმსტრონგის ციტატას: „ეს არის ჩვენი პატარა წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის“.
თავიდანვე ვიცოდი, რომ დავაფუძნებდი სკოლას და მას „პროგრესს“ ვუწოდებდი, რადგან სწორედ ამ ცნების ირგვლივ გაერთიანდებოდა ჩვენი ფუნქციონირების მთავარი კონცეფცია. საქმე, რომელსაც ვაკეთებ ჩემს უძლიერეს პროგრესულ გუნდთან ერთად, არის ჩემი ღირსება“
ნათია კილაძე – ქუთაისისა და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ აღმასრულებელი დირექტორი
წლების წინ, როდესაც გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი სკოლის ხელმძღვანელი, გააზრებული მქონდა, რომ მექნებოდა შესაძლებლობა, მეზრუნა და ჩემი წვლილი შემეტანა პროგრესულად მოაზროვნე მომავალი თაობების აღზრდაში. სწორედ საერთო ხედვამ, მიზნებმა, ფასეულობებმა და ღირებულებებმა მომიყვანა ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დავუკავშირე ერთ დიდ, პროგრესულ ოჯახს, სადაც ერთმანეთის შესაძლებლობებს ვაღიარებთ, ხელს ვუწყობთ პიროვნულ განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას. წარმატებული აკადემიური მიდგომების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ხომ თანამშრომლობითი კულტურაა. სწორედ ეს კულტურაა „პროგრესის“ სასწავლო გარემოს ხერხემალი.
ვფიქრობ, რომ ის, რაც თითოეული სკოლის ხელმძღვანელს სურს, არის ხარისხიან განათლებაზე, შედეგებზე, ფასეულობებზე, ღირებულებებზე ორიენტირებული მიდგომა. ჩვენ შევძელით პროგრესულად მოაზროვნე, ტოლერანტული თაობების აღზრდა.
შეკითხვაზე კი, თუ რატომ „პროგრესი“? გიპასუხებთ ჩვენი „პროგრესელი“ მოსწავლის სიტყვებით: „ჩემი სკოლა „პროგრესი“ არის განვითარების ულიმიტო შესაძლებლობა“.
ნანა მონიავა − სკოლა პროგრესის აკადემიური მრჩეველი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი)
ადამიანები მუდმივად სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „პროგრესი“ ჩემთვის სწორედ ის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა. „პროგრესში“ იღვწიან ადამიანები, რომლებიც განვითარებასა და წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი. აქ სწავლობენ ახალგაზრდები, რომლებმაც კარგად იციან, რა სურთ. ასეთ გარემოში გეძლევა საშუალება საკუთარ და სხვის რეალიზებას შეუწყო ხელი, გახდე განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებული.
ნანა ჩარექიშვილი − ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის დირექტორი
სკოლა „პროგრესი“ ჩემთვის არის მუდმივი მოძრაობა, უწყვეტი წინსვლა და მდგრადი განვითარება. 20 წელია „პროგრესის“ გუნდის წევრი ვარ და შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ეს არის გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე ღირებულია თავისი ინდივიდუალური მახასიათებლებით, მისწრაფებებით და სუსტი თუ ძლიერი მხარეებით. ჩვენი მიზანია აღსაზრდელს ნებისმიერ საფეხურზე მივაწოდოთ პრაქტიკული ცოდნა, შევძინოთ მნიშვნელოვანი უნარები, გამოვუმუშაოთ ემოციური ინტელექტი, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ გარემოებაში შეძლოს დროული რეაგირება და გამოსავლის პოვნა.
აქ შექმნილი მულტიკულტურული, ლაღი და ამასთანავე აკადემიური გარემო მოსწავლეს უქმნის ფართო მსოფლმხედველობას, აყვარებს ლიტერატურას, ხელოვნებას, მეცნიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და უბიძგებს შეუქცევადი პროგრესისკენ. ჩვენი მასწავლებლები ცოდნასთან ერთად სამოქალაქო თვითშეგნებასა და ემპათიას აღვივებენ მოსწავლეებში.
საქართველოს სამივე ქალაქში − იქნება ეს თბილისი, ბათუმი თუ ქუთაისი, ერთიანი სტანდარტითა და ხარისხით ჩვენ ვზრდით მსოფლიო მოქალაქეებს, რომლებიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ სხვადასხვა დარგში და დიდ სიკეთეს მოუტანენ თავიანთ ქვეყანასა და კაცობრიობას.
ხათუნა არწივიძე − თბილისის ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ სასწავლო პროცესის მენეჯერი
„პროგრესი“ ჩემთვის ასოცირდება წინსვლასთან და მუდმივ განვითარებასთან. მისი მიზანია აღზარდოს პროგრესულად მოაზროვნე ლიდერთა თაობა, რომელიც ისწრაფვის უწყვეტი განათლებისკენ, პროგრესისა და უკეთესი მომავლისკენ ჩვენს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში. სკოლის გუნდი, რომელიც გამოირჩევა საქმისადმი ერთგულებით, თავდადებით, ენთუზიაზმით, შრომისმოყვარეობითა და გუნდურობით.
სკოლა ყოველთვის იძლევა საშუალებას, შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინო და ყველა ინოვაციური იდეა განახორციელო. „პროგრესში“ არსებული აკადემიური მიმართულებები პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი მოსწავლეები აღიზარდონ ტოლერანტები უცხო კულტურების, რელიგიებისა და ღირებულებების მიმართ. ეს კი ჩვენი მოსწავლეების სწავლის მოტივაციის, ცნობისმოყვარეობისა და პატივისცემის საწინდარია.
სოფიო დაშნიანი − თბილისის ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ამერიკული სწავლების ხელმძღვანელი
ყოველთვის ვფიქრობდი ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც სიახლეებითა და გამოწვევებით იქნებოდა სავსე. საქმე, რომელიც ბედნიერებასა და თავისუფლებას მომანიჭებდა. ჩემი და სკოლა „პროგრესის“ ისტორია 12 წელზე მეტს ითვლის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებულია.
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, ბავშვებითა და ახალგაზრდებით სავსე. ბავშვებზე ზრუნვა და მომავალი თაობების სწორი ფასეულობებით აღჭურვა თუ საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბება კი ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. სკოლის წლები ხომ იმ მყარ საძირკველს ქმნის ადამიანის ცხოვრებაში, რაზეც ნათელი და წარმატებული მომავალი უნდა აშენდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლას ჰქონდეს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რის შედეგადაც ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამყაროში ადაპტირებას.
დღეს ჩემი შვილებიც „პროგრესელები“ არიან და მეამაყება, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ეზიარონ ისეთ დემოკრატიულ, ტოლერანტულ გარემოს და მიიღონ განათლების ის შესაძლებლობები, როგორიც „პროგრესშია“.