დღეს ჯანსაღად კვება ერთგვარ ტრენდად იქცა, მაგრამ არასწორ ჭურჭელში შენახული და მომზადებული საკვები ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა სურსათის უვნებლობის სპეციალისტს, საჯარო მმართველობის მაგისტრსა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტ მარიამ ჩაჩუას.
მარიამ, გვესაუბრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით. რამდენად აქტუალურია დღეს ეს საკითხი საზოგადოებაში?
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი გვიუმჯობესებს ჯანმრთელობას, განწყობას, გარეგნობას და გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1946 წელს განსაზღვრა ტერმინი „ჯანმრთელობა“, როგორც „ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობა, და არა მხოლოდ დაავადების არარსებობა“. ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოგადად, ხასიათდება, როგორც ადამიანის სხეულის, ჯანმრთელობისა და გონების ჰარმონიული მდგომარეობა, რომელშიც დიდ როლს სწორედ რომ სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ასრულებს. ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ რით ვიკვებებით, კონკრეტულ სურსათში რა რაოდენობის საკვები ნივთიერებები და ვიტამინებია, და როგორ მოვიხმაროთ ის სწორად, რათა არ შევამციროთ პროდუქტის სასარგებლო თვისებები. ამისათვის კი, უპირველესად, საჭიროა ეტიკეტის სწორად წაკითხვა. ეს ცალკე ვრცლად სასაუბრო თემაა.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა პროდუქციის შენახვის წესების დაცვაა. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება ჭურჭლის მასალის სახეობას?
მალფუჭებადი საკვები მაცივარში დროულად (მომზადებიდან მაქს. 2 საათში) უნდა მოვათავსოთ, რათა თავიდან ავირიდოთ კერძებში ბაქტერიების გამრავლება და ამით არ შევუქმნათ საფრთხე ჩვენს ჯანმრთელობას.
განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევა იწვევს ამ სურსათში არა მარტო ლპობის, არამედ პათოგენური მიკროორგანიზმების სწრაფ გამრავლებასაც, რაც, თავის მხრივ, იწვევს კვებით მოწამვლას და მწვავე ნაწლავური დაავადებებისა და სხვადასხვა ტოქსიკოზის აღმოცენების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაცივარში საკვები შევინახოთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. პროდუქტების მჭიდრო შეფუთვა არა მხოლოდ გაახანგრძლივებს მათი შენახვის ვადას და არ მისცემს სუნის არევის საშუალებას, არამედ ასეთ დროს პროდუქტი მეტად ინარჩუნებს საკუთარ გემოსა და გარეგნულ იერსახეს.
რაც შეეხება შეფუთვას და ჭურჭელს, რაშიც საკვებს ვამზადებთ და ვინახავთ, იგი არ უნდა ცვლიდეს პროდუქტის ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა მდგრადობა, კონსისტენცია, ფერი, სუნი, გემო. ჩვენს მკითხველს ეს „დეტალები“ შესაძლოა უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, სინამდვილეში კი არსებობს ისეთი სახის ჭურჭელი, რომელიც რეაქციაში შედის მარილიან, მჟავე საკვებთან, გაცხელებისას გამოყოფს მავნე, ტოქსიკურ ნივთიერებებს და სხვა. ამ ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფისგან გვიცავს ჭურჭლის ზედა საფარი, რომელიც სპეციალურად არის დამუშავებული, რათა ადამიანის ჯანმრთელობა დაიცვას. იმისთვის, რომ ქვაბები და ტაფები უსაფრთხო იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ამასთანავე, დიდხანს გვემსახუროს, მნიშვნელოვანია მათი სწორად მოვლა და ზედაპირის სრულყოფილად შენარჩუნება.
დაზიანებული თუ ამოტეხილი ადგილებიდან ხდება კერძში მძიმე ლითონების მოხვედრა, რომელიც შემდგომში ადამიანის ორგანიზმში გროვდება. დაზიანებული საფარის საშუალებით, ტენიანობა ადვილად აღწევს ლითონში და იწყება კოროზია. ამ შემთხვევაში, ჟანგი მიგრირებს საკვებში და მასთან ერთად ლითონის მავნე მინარევებიც. ამ მინარევების არსებობა შესაძლოა საკმაოდ ბევრიც იყოს, რომელშიც მძიმე მეტალებიც მოიძებნება. ეს ყველაფერი აკუმულირდება ადამიანის ორგანიზმში, მისი გამოდევნა კი ძალიან რთული, თითქმის წარმოუდგენელია. შედეგად, ასაკთან ერთად, მოდის სხვადასხვა ტკივილი სახსრებში, მუხლებსა თუ სხეულის სხვა ნაწილებში, და არავინ არ აკავშირებს ამას არც სურსათთან და არც იმ ჭურჭელთან, რომელსაც მოვიხმართ − ეს არის შეცდომა.
ჭურჭელი, რომლის შეძენისა და მოხმარების შემთხვევაში ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ…
დღეს, ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით, ყველა სამზარეულოში შეგხვდებათ, რადგან იგი ძალიან მოსახერხებელია − მსუბუქია, საჭმელს არ იკრავს, ცხიმი არ სჭირდება. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ზედაპირი ძალიან მარტივად ზიანდება, ამიტომ საკმაოდ საფრთხილოა ტეფლონის, იგივე ტეფალის ტაფა-ქვაბის მოხმარება. არსებობს მეცნიერული მოსაზრებები, რომლის მიხედვით ტეფლონი მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით გამოყოფს ტოქსიკურ − პერ ფტორ ოქტანის მჟავას, რომელიც კრისტალური ნივთიერებაა, თუმცა მაღალ ტემპერატურაზე ლღვება და ადვილად შესაძლებელია აირად მდგომარეობაში გადავიდეს. ამ დროს ჰაერში გამოიყოფა აქროლადი წვრილი ნაწილაკები და ტოქსინები, ჩვენ კი ამას ვისუნთქავთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელს ზედაპირი არ ჰქონდეს დაზიანებული, რადგან სწორედ დაზიანებული ადგილებიდან გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერება. ამიტომ თუ შინ გაქვთ ტეფლონის ჭურჭელი, რომელსაც ზედაპირი დაზიანებული აქვს, გირჩევთ ახლავე გადააგდოთ, გარისკვად არ ღირს. ტეფლონის დაფარვის მქონე პროდუქციის შეძენისას გაითვალისწინეთ: რაც უფრო ბევრი ფენით არის დაფარული ჭურჭელი, მით უფრო ხარისხიანი და უსაფრთხოა. ფენების რაოდენობა კი შეფუთვაზე უნდა იყოს მითითებული.
რჩევა: საკვების მომზადების დროს არ გამოიყენოთ მეტალის კოვზი და არ გარეცხოთ ტაფა თუ ქვაბი უხეში სარეცხი ღრუბლით, რადგან ამგვარად მის საფარს მარტივად დააზიანებთ. სწორი მოხმარების შემთხვევაში ტეფლონის დაფარვის მქონე ჭურჭლის გამოყენების ვადა 5 წელია.
ალუმინი − ადრე ძალიან პოპულარული იყო, და დარწმუნებული ვარ, ყველას შემოგვრჩა შინ ალუმინის ჭურჭელი. ალუმინი რბილი მეტალია, ძალიან სწრაფად თბება და ადვილად რეაგირებს მჟავე და ტუტე გარემოზე. გარდა ამისა, მეტალის კოვზით მორევისას (როდესაც ძლიერად ეხება კედლებს და მსუბუქად აზიანებს მას), მისი პატარა ნაწილაკები კერძში მარტივად ხვდება. ასეთი ჭურჭლის ხშირი გამოყენების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ორგანიზმში დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტი ალუმინი დაგროვდება. მჟავე და ტუტე გარემოში იზრდება ალუმინის ხსნადობა, ამიტომ ალუმინის ჭურჭელი არ შეიძლება გამოვიყენოთ რძის, ხორცის, თევზის, ბოსტნეულის, დამჟავებული პროდუქტების ან ხილის შესანახად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ამჟავდება, ვიტამინები კი სრულად განადგურდება.
როდისაა უსაფრთხო ალუმინის გამოყენება?
არაფერს ვრისკავთ, თუ ვიყენებთ მარცვლეულის, მაკარონის, კარტოფილის, უცხიმო ხორცის, წვნიანის მოსამზადებლად. მჟავე კომბოსტოს, ბოსტნეულის მწნილს, დამარილებულ თევზს, რძემჟავა კერძებს კი არ გირჩევთ. ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულად ეხება ალუმინის ფოლგასაც. შეიძინეთ ალუმინის თანამედროვე ჭურჭელი, რომლის ზედაპირზე დამცავი ფენებია. თუ ასეთ ჭურჭელს შეიძენთ, გაითვალისწინეთ, რომ ტაფისა და ქვაბის ფსკერი არ უნდა იყოს 3 მილიმეტრზე ნაკლები და არ გამოიყენოთ მასთან მეტალის კოვზები და ჩანგლები. ასევე, არ გარეცხოთ ის უხეში საშუალებებით.
რომელია ყველაზე უსაფრთხო ჭურჭელი?
ჩემი რჩეულია უჟანგავი მეტალისა და ბიოგრანიტის ჭურჭელი, მთავარია ხარისხიანი იყოს. კარგი უჟანგავი ლითონის ჭურჭელს ფსკერზე უნდა ეწეროს 18/10. ეს ნიშნავს, რომ მასში 18% ქრომია, 10% – ნიკელი, ანუ იგი ლითონების შერევის სათანადო პრაქტიკით არის დამზადებული და მისი გამოყენება ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. არცთუ იშვიათად, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ჭურჭელზე ამ ციფრებს უთითებენ, თუმცა ის სხვა შემადგენლობისაა. ამ ფალსიფიკაციის გამოსავლენად არსებობს რეკომენდაციებიც. მაგალითად, ჭურჭლის ყიდვისას თან უნდა იქონიოთ მაგნიტი. უჟანგავი ლითონის ჭურჭელს, რომელსაც 18/10 აწერია, მაგნიტი გვერდებზე არავითარ შემთხვევაში არ მიეკრობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უჟანგავი ლითონის ქვაბისა და ტაფის ფსკერის ზომა – არ უნდა იყოს 7 მმ-ზე ნაკლები. ტაფებისა და ქვაბების ფსკერი უნდა იყოს თანაბრად სწორი და მყარად იდგეს ქურაზე, რადგან ამ შემთხვევაში ტემპერატურა თანაბრად განაწილდება, ფსკერი არ მიიკრავს და კერძიც მეტად გემრიელი გამოვა.
რაც შეეხება ბიოგრანიტს, ჭურჭლის ზედაპირზე გრანიტის ნაფხვენით წარმოქმნილი დამწვრობის საწინააღმდეგო აპკი გამოირჩევა ნაკაწრებისადმი მაღალი მდგრადობითა და გამძლეობით. ამ მაჩვენებლებით გრანიტის ტაფები ტეფლონისა და კერამიკის ჭურჭელთან შედარებით უფრო გამძლე და მდგრადია. გრანიტის საფარველი ეკოლოგიურია, მაღალი ტემპერატურის მოქმედებით არ იშლება და არ ხვდება საკვებში.
გრანიტის ტაფების კიდევ ერთი უპირატესობა არის თანაბარი გაცხელება, რის შედეგადაც საკვები ერთნაირად კარგად მზადდება როგორც ცენტრში, ისე კიდეებში, მინიმალური ცხიმის გამოყენებით. გრანიტის ან მარმარილოს ნაფხვენით ფარავენ როგორც იაფფასიან ალუმინის ტაფებს, ისე უფრო ძვირ, მყარ მასალასაც, ამიტომ ტაფის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ძირის (არანაკლებ 6მმ) და კედლების (არანაკლებ 3,5მმ) სისქეს.
უსაფრთხო ჭურჭელთა სიაშია მინის, მომინანქრებული და კერამიკული ჭურჭელიც. არარეაქტიული მასალის გამო, არც გამოყოფენ მავნე ელემენტებს საკვებში და არც შთანთქავენ სასარგებლო ნივთიერებებს მისგან. ასეთ ჭურჭელში შეგიძლიათ მოამზადოთ და შეინახოთ ნებისმიერი საკვები. აგრეთვე, დაამარილოთ და დაამარინადოთ პროდუქტი, რადგან არ რეაგირებს მჟავე, მარილიან და პიკანტურ გემოებზე. ერთადერთი, რაც ამ ჭურჭლის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა ჰქონდეს ბზარები, არ უნდა იყოს საეჭვოდ მსუბუქი. თუ კერამიკული ჭურჭლის გამოყენება გსურთ, დარწმუნდით, რომ იყიდეთ მძიმე კერამიკული საფარით. რაც შეეხება მომინანქრებულ ჭურჭელს, უსაფრთხოა, სანამ მისი ზედაპირი დაუზიანებელია. არ არის რეკომენდებული ერთხელაც კი ისეთი მომინანქრებული ქვაბის გამოყენება, რომელსაც ზედაპირზე ამოტეხილი საფარი აქვს, მისი სისტემატურად მოხმარება კი საერთოდ დაუშვებელია.
თუჯის ტაფა და ქვაბი − შესაძლოა მძიმეა, მაგრამ მარადიული. თუჯის, ისევე, როგორც უჟანგავი ლითონისა და გრანიტის ზედაპირი, ძნელად ზიანდება და მათი გამოყენება, სხვა ტაფებთან შედარებით, უფრო დიდხანს შეიძლება. რეცხვისას ვერანაირი უხეში ღრუბელი მას ვერაფერს დააკლებს. საუკეთესო თუჯის ჭურჭელი უნდა იყოს მძიმე, 3-ლიტრიანი ხარისხიანი თუჯის ქვაბი უნდა იწონიდეს მინიმუმ 4 კილონახევარს, გარდა ამისა, თუჯის ჭურჭელი არ უნდა იყოს პრიალა ზედაპირიანი − რაც უფრო დიდი ფორები აქვს მას და რაც უფრო მუქია, უკეთესია. თუჯის ჭურჭელი უსაფრთხოა, თუმცა მასში კერძის მომზადებას ბევრი ცხიმი სჭირდება.
რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
უმთავრესი რჩევაა კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს უვნებელი სურსათი და რა გზას გადის, ვიდრე ჩვენამდე მოვა. როდესაც ვსაუბრობთ სურსათის უვნებლობაზე, იგულისხმება როგორც ადამიანის, ასევე ცხოველისა და გარემოს უსაფრთხოება. One Health მსოფლიო ორგანიზაციების ჰარმონიული მიდგომაა, რომელიც გულისხმობს მთლიან პროცესს − „მინდვრიდან სუფრამდე“ (from farm to table). ესე იგი, იმისათვის, რომ ჩვენს სუფრაზე უსაფრთხო საკვები მოხვდეს, აუცილებელია ცხოველი იყოს ჯანმრთელი, იქამდე კი გარემო იყოს ჯანსაღი და ვარგისი ამ ცხოველის გამოსაკვებად − ასე იკვრება ეს ჯაჭვი მინდვრიდან სუფრამდე, სადაც ყველა რგოლს საკუთარი მისია აქვს შესასრულებელი. მომხმარებლისთვის კი ეს მისია ინფორმაციის მიღებაა ამ სფეროს შესახებ, საკუთარი თავის დასაცავად და ბიზნესოპერატორების პასუხისმგებლობის მოსამატებლად. უნდა ვიცოდეთ რის მოთხოვნა შეგვიძლია და რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს კვების ობიექტი, მწარმოებელი. საბოლოოდ, ეს ქვეყანაში სურსათის წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. OK!-ის მკითხველს ვურჩევდი, მუდმივად გაეცნოს სურსათის უვნებლობის სიახლეებს, რისთვისაც თვალი უნდა ადევნოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს − nfa.gov.ge აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებგვერდს − srca.gov.ge სადაც მომხმარებლისა და ბიზნესოპერატორებისთვის საჭირო ინფორმაციის გარდა, ძალიან ღირებული აგრორჩევებიც დახვდებათ.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი