„ფოსტაზე“ პირველი, ალბათ, ყველას ქართული ფილმი „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ გაახსენდება. წარსულს ჩაბარდა ფოსტალიონების ტყავის ჩანთები, ტექნოლოგიებმა ბევრი რამ შეცვალეს, მაგრამ ერთი − საქმის საოცარი სიყვარული „ფოსტის“ თანამშრომლებს დღემდე ვერაფერმა ჩაუნაცვლა. მათთვის საქმე, რომელსაც აკეთებენ, მხოლოდ შემოსავლის მომტანი არაა. მათთან საუბრისას შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ზემოთ ხსენებული ფილმის თანამედროვე ვერსიას ვუყურებდით.
ნინო თოფურია
კურიერი
2 წელია, რაც „საქართველოს ფოსტაში“ ვმუშაობ. აღმოვაჩინე, რომ ჩემი გატაცება ორბორბლიანი ტრანსპორტია და ძალიან გამიხარდა, კურიერად მუშაობის შესაძლებლობა რომ მომეცა. ძალიან მახალისებს გაკვირვებული სახეები, გოგო კურიერის დანახვისას. დიდ სითბოს ვგრძნობ მომხმარებლისგან. ოცდამეერთე საუკუნეში, როგორც იქნა, დავამსხვრიეთ ქალებმა სტერეოტიპები და „კაცური“ პროფესიები შევითავსეთ.
ნათია ბიძინაშვილი
გაყიდვების ოპერატორი
2017 წლიდან „ფოსტაში“ ვმუშაობ. ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს. მომწონს ჩემი საქმე და ხალხთან ურთიერთობა. მომსახურების სფეროში ადრეც ვმუშაობდი, მაგრამ ასეთი საინტერესო სამსახური მანამდე არ მქონია. მომსახურების სფერო ძალიან რთულია და აქ გულახდილი ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობ, ისე მოვემსახურო ადამიანებს, როგორც მე მინდა, რომ მომემსახურონ.
ეკა ლომიძე
გაყიდვების ოპერატორი
2016 წლიდან ვმუშაობ „საქართველოს ფოსტაში“. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს კომუნიკაცია ადამიანებთან. მაქსიმალურად ვცდილობ, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. ადამიანი რასაც მოინდომებს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მთავარია, რასაც აკეთებს, მაქსიმალურად კარგად აკეთოს და სული და გული ჩადოს საქმეში. დიდი საქმე პატარა დეტალებისგან შედგება.
ლიაკო ბაინდურაშვილი
გაყიდვების ოპერატორი
წელიწად-ნახევარია, რაც „საქართველოს ფოსტას“ დიდ გუნდს შევუერთდი. ხშირად ვადარებ ერთმანეთს ჩემს თავს აქ მოსვლამდე და დღეს როგორი ვარ. ძალიან ბევრი რამ მასწავლა „ფოსტამ“. საკუთარი მიზნების შესრულებაში ჩემი სამსახური საოცრად მეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამსახური, სადაც მისვლა მთელი გულით მიხარია.