ბოლო ორი წელია პანდემიამ დაგვანახვა, რომ ჩვენ, ყველა, ერთ ბრძოლაში ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს დიდი ძალა აქვს, რათა დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე გარშემომყოფებიც. ეს მხოლოდ პანდემიას არ ეხება, არამედ სხვა დაავადებებს, რომლებიც არსად გამქრალა და ისევ მძვინვარებს. ოქტომბერი მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს ამ თვეს და სიმბოლურად მას „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ. სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალბატონებში და ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველ ადგილზეა. სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია და ნაკლებად დამაიმედებელი.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ მიზანია გაზარდოს ცნობიერება მოსახლეობაში ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორების შესახებ, რომ კიბო განაჩენი არ არის. უმნიშვნელოვანესია საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ამ დაავადებაზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ისტორია იწყება აშშ-ში, გასული საუკუნის 90-იან წლებში და მისი ინიციატორი იყო ერთ-ერთი გადარჩენილი პაციენტი, რომელმაც პირველმა დაიწყო ცნობიერების ამაღლება ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ. მომდევნო წლებში ამ წამოწყებას შეუერთდა ამერიკული ჟურნალი Self Magazine, კოსმეტიკური გიგანტი კომპანია Estee Lauder და ეს კამპანია უფრო მასშტაბური და რეზონანსული გახდა. ამ პერიოდში შეიქმნა ვარდისფერი ბაფთის იდეაც, რომელიც დღეს უკვე აღიქმება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების სიმბოლოდ.
საქართველოში ბოლო წლების მონაცემებით, ძუძუს კიბო მნიშვნელოვნად გახშირდა და ქალთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. პრობლემა − დაგვიანებული მიმართვაა ექიმთან, რაც ძუძუს კიბოს განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ჟურნალ OK!-ის მკითხველებს გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს პროფესორ გია ნემსაძესთან და ონკო-ქირურგ, მამოლოგ დიანა ნემსაძესთან.
საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონკოლოგები − მამა-შვილი გია და დიანა ნემსაძეები, უკვე მრავალი წელია დგანან ჯანმრთელობის სადარაჯოზე, უფრო კონკრეტულად კი, მკურნალობენ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს.
მრავალი განკურნებული პაციენტი, დამარცხებული დაავადება და უამრავი ადამიანის სიყვარული − ეს არის მათი წარმატების ფორმულა.
მოგვიყევით თქვენზე, თქვენს გამოცდილებაზე.
(გია): ძალიან რთულია ისაუბრო საკუთარ თავზე. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და 1976 წელს მუშაობა დავიწყე ქალაქ ზესტაფონის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქირურგად. 1979 წელს სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში, ქ. ლენინგრადში აკ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელიც მაშინდელ საბჭოთა კავშირში საუკეთესო სამედიცინო ცენტრი იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დავიწყე „საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის“ ქირურგ-ონკოლოგად. მომდევნო 4 წელი ვიყავი ამავე ცენტრის პროქტოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1994 წწ. ცენტრის აბდომინური და პროქტოლოგიური სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, ხოლო 1994 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მამოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. 2011 წელს დავაფუძნე „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“. ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ონკო-ქირურგიაში. ამჟამად ჩემი ძირითადი მიმართულება ონკოლოგიაში არის მამოლოგია. 45 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ამ ხნის განმავლობაში ჩატარებული მაქვს უამრავი ქირურგიული ოპერაცია.
(დიანა): ვარ ექიმი-მამოლოგი, ზოგადი ქირურგი და ქირურგი-ონკოლოგი. 2002 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობა დავიწყე ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში უმცროს ექიმად. მომდევნო წლებში უკვე გავხდი ექიმი-ონკოლოგი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე ვმუშაობ კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში, ექიმ-მამოლოგად. ვსწავლობ დოქტორანტურაზე და ასევე ვმონაწილეობდი სხვადასხვა კლინიკურ კვლევაში.
სამი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ექიმს უპირობოდ სჭირდება…
(გია): უპირველესად, ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი, ასევე, უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმის დიდი სიყვარული და იყოს კეთილსინდისიერი. ეს სამი რამ ჩემი აზრით, იდეალური პოზიციაა ექიმისთვის.
(დიანა): პროფესიული განათლება, ჰუმანიზმი და შრომისმოყვარეობა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონკოლოგი ბრძანდებით. გაგვიზიარეთ ის განსაკუთრებული საგანი თუ მოვლენა, რამაც თქვენს წარმატებაზე გავლენა იქონია.
(გია): წარმატება დაუღალავ შრომას მოაქვს. უპირველეს ყოვლისა, სწრაფვა სიახლეებისკენ, რამაც თვითრეალიზაციის საშუალება მომცა, ცოდნამ განვითარება, ხოლო შრომამ − მთავარი ღირებულებები ჩამომიყალიბა. ექიმობა რთული პროფესიაა და გაათმაგებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. დიდი დრო და ენერგია სჭირდება, რათა შენი საქმე იდეალურად შეასრულო.
საკუთარ წარმატებაში აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი ოჯახის როლი. მათი მხრიდან ყოველდღიურად ვგრძნობდი მხარდაჭერასა და თანადგომას, რაც კიდევ უფრო მაძლიერებდა და მეტ მოტივაციას მძენდა.
რომ არ ყოფილიყავით ექიმი, რომელ პროფესიას აირჩევდით?
(გია): შესაძლოა, არქიტექტორი ვყოფილიყავი. ძალიან მომწონს დაგეგმარება და მშენებლობა. ამდენი წელია სხვადასხვა კლინიკაში ვმუშაობ და ახლა აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ რთული ყოფილა სამედიცინო დაწესებულების დაგეგმარება. განლაგებასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი ფუნქციური თვისებებიდან გამომდინარე.
(დინა): აუცილებლად ვიქნებოდი მომღერალი.
მოგვიყევით თქვენი კლინიკის შესახებ − რა გეგმები გაქვთ და რატომ არა სახელობითი სახელწოდება, რაც დღეს ძალიან ტრენდულია?
(გია): ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ კლინიკის პერსონალიზებულ სახელწოდებებს. მგონია, რომ მარტო მე არ მიმიძღვის ღვაწლი ამ საქმეში, სხვებთან ერთად ვაკეთებდი ყოველთვის საქმეს.
„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ჩამოვაყალიბეთ 9 წლის წინ. 10 წლის იუბილეზე ვგეგმავთ ახალ შენობაში გადასვლას. წლების გამოცდილებამ და ჩვენი პაციენტების ნდობამ გაგვიჩინა ამბიცია, რომ კიდევ უფრო უკეთ გვეკეთებინა ჩვენი საქმე და გაცილებით სრულყოფილი გაგვეხადა. გადავწყვიტეთ ახალი კლინიკის აშენება, სადაც ჩვენს პაციენტებს შევთავაზებთ ევროპული სტანდარტის მომსახურებას: პროფესიონალი კადრები, გულისხმიერი მედპერსონალი, სრული დიაგნოსტიკური სპექტრი, სასიამოვნო გარემო, თანამედროვე ინტერიერი.
დიანა, მამის პროფესიას გაჰყევით. თავიდანვე გქონდათ ამ მიმართულებით ინტერესი, თუ მამამ იქონია გავლენა?
(დიანა): ცოტა გავლენა მაინც იყო მამის მხრიდან. ძალიან პატარა ასაკიდან ვათვალიერებდი ანატომიის ატლასებს და ეს მომწონდა, თუმცა უნდა გქონდეს მიდრეკილება ამის მხრივ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ დამაძალა, უბრალოდ, ისეთ სიტუაციასა და გარემოში გავიზარდე, რომ გადავწყვიტე ექიმი გავმხდარიყავი.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე?
(გია): მყავს მეუღლე − ნანა ცქიტიშვილი, სამი შვილი და 10 შვილიშვილი. შვილებიდან მხოლოდ უფროსმა ქალიშვილმა − დიანამ ისურვა ექიმობა, ჩემს კვალს გაჰყვა და დღეს უკვე ერთად ვმუშაობთ კლინიკაში. აგრეთვე დიანას ვაჟი − ნიკუშა ჯიქიაც მომავალი ექიმია, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ექიმის პროფესიის არჩევაში, არცერთ შემთხვევაში არ ჩავრეულვართ. გადაწყვეტილება თავად მიიღეს. ეს ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა.
ჩემი ვაჟი − ვანიკო არის კლინიკის დირექტორი განვითარების მიმართულებით. განათლება მიიღო ლონდონში, Westminster-ის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით და ამჟამად ხელმძღვანელობს ახალი კლინიკის სამშენებლო პროცესს.
ჩემი უმცროსი ქალიშვილი − მარიკა ნემსაძე კი ამჟამად ცხოვრობს ლონდონში. დაამთავრა Central saint martin უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტი, აქვს თავისი დიზაინ-სტუდია − Kiori studio, მუშაობს ცნობილ ადამიანებთან. 2021 წლის ზაფხულში კი პერსონალური გამოფენა ჰქონდა პარიზის ყველაზე ცნობილ ცენტრში La faiet.
რას ეტყვით იმ ქალბატონებს, რომლებიც ამ დაავადებას ებრძვიან?
(დიანა): უპირველესად, ვუსურვებ გამძლეობას, ფსიქოლოგიურ მდგრადობას და ძლიერებას, რადგან ამ დაავადებას მხოლოდ ექიმები ვერ დაამარცხებენ. ამისათვის საჭიროა პაციენტის მოტივაცია და მისი ჩვენ გვერდით ყოფნა. იფიქრონ მხოლოდ კარგზე, პოზიტივზე, და რომ ამას ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ. ხანდახან ექიმებსაც გვამარცხებს დაავადება, მაგრამ პირიქით უნდა ვიფიქროთ, რადგან პროცენტულად უფრო მეტი გამოჯანმრთელებულია და მინდა, ეს ქართველმა ქალებმა იცოდნენ.
რას ეტყვით იმ ქალბატონებს, რომლებიც თავს არიდებენ გამოკვლევებს სხვადასხვა მიზეზის გამო?
(დიანა): სტატისტიკურად, წელს, რა რაოდენობის ძუძუს კიბოს შემთხვევაც დადასტურდა საქართველოში, იმის დაახლოებით 30%-ის ოპერაცია გაკეთდა და ეს ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პანდემიაა. ადამიანებმა დააგვიანეს ამ სიმსივნურ დაავადებასთან ბრძოლის დაწყება. ამის გადადება კატეგორიულად არ შეიძლება. ამ ქალბატონებს მინდა მოვუწოდოთ, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ დროულად დაიწყონ მკურნალობა და არავითარი მიზეზით არ გადადონ. თამამად ვამბობ, რომ საქართველოში არ არსებობს არანაირი დეფიციტი იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს ვერ ვუმკურნალოთ.
თქვენი აზრით, რატომაა დღეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ყველაზე გავრცელებული დაავადება?
(გია): ზოგადად, ყველა სიმსივნურმა დაავადებამ იმატა. გარკვეულწილად, ეს განაპირობა დაბინძურებულმა გარემომ, კანცეროგენურმა საკვებმა და სტრესულმა ცხოვრებამ. ძუძუს კიბოს შემთხვევაში კი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს აბორტები, შობადობის კლება და უარის თქმა ლაქტაციაზე. ადრე ქალები უფრო ახალგაზრდა ასაკში თხოვდებოდნენ, ხდებოდნენ დედები და ძუძუთი კვებავდნენ შვილებს, რაც ერთგვარი პრევენციაა დაავადების თავიდან ასაცილებლად.
რა იგეგმება ახალ კლინიკაში და რა მოლოდინი გაქვთ?
(დიანა): ვფიქრობ, ამიერკავკასიაში ასეთი დონის კლინიკა, ჯერჯერობით არ არის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ჩანაფიქრი და დაუღალავი შრომა გამოიღებს ნაყოფს და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, საქართველოში მიიღონ ხარისხიანი, სრულფასოვანი მომსახურება და აღარ მოუწიოთ წასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ. პირიქით − გვინდა განვავითაროთ სამედიცინო ტურიზმი და მოვიზიდოთ სხვა ქვეყნების ვიზიტორები, რაც დამატებით საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ავამაღლოთ ექიმების კვალიფიკაცია, გავაუმჯობესოთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც. ჩვენი საბოლოო მიზანია, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ სრულყოფილებას − სწორედ ეს სჭირდება თანამედროვე ქართულ მედიცინას.
(გია): ახალი კლინიკა ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს. დღეს, როდესაც მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას და შესაბამისად ვიმოქმედოთ. სულ მალე, საქართველოში გვექნება ახალი სამედიცინო ცენტრი, სადაც პაციენტები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
ტექსტი: ანანო ჩხაიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი