„ნახატი უნდა იყოს განათლებული, თუ ის აზრს მოკლებულია და უბრალოდ არის ნახატი ნახატისთვის, არაფერი გამოვა, ვერასდროს დაიმსახურებ საზოგადოების გულწრფელ სიყვარულს“
იოსებ ჯორბენაძეს, იგივე ჯოზეფს, ბათუმელები ძალიან კარგად იცნობენ, იცნობენ ახალგაზრდა ბიჭს, რომლის არაერთი ნახატი ამშვენებს ბათუმის ქუჩებს. ამბობს, რომ ქუჩის მხატვრობა ის მიმართულებაა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა თავისი სათქმელი ბევრად მკაფიოდ და მასშტაბურად, ყველას გასაგონად გადმოსცეს, სათქმელი, რომელიც ხანდახან ძალიან ყველასია, ხანდახან ძალიან პირადი, თუმცა ყოველთვის ემოციური. ხელოვნებისადმი ინტერესი მაშინ დაეწყო, როცა ჯერ კიდევ პატარა ბავშვს ოჯახის წევრებისგან და ირგვლივ მყოფებისგან ესმოდა საოცარი ამბები საკუთარ ბაბუაზე, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული, არაჩვეულებრივად ხატავდა, მღეროდა, სხვადასხვა ინსტრუმენტს ფლობდა. სწორედ აღნიშნული ამბების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა ბაბუის სახელი ბოლომდე გაემართლებინა და მისნაირად შეეყვარებინა ხელოვნება. თვლის, რომ გაუმართლა, რადგან იმ სფეროშია, სადაც შეიძლება არასდროს ამოიწუროს შესაძლებლობა, აკეთო ის, რაც გსიამოვნებს. OK! ბათუმის ფურცლებიდან უფრო ახლოს გაეცანით ქუჩის მხატვარ იოსებ ჯორბენაძეს, რომელსაც სურს რადენიმე წელში ბათუმის ყველა ქუჩა საინტერესოდ და მრავალფერად იყოს მოხატული.
ხელოვნებისადმი სიყვარული…
ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი პერსონაჟი, დიახ, პერსონაჟი, რომელიც თვალით არასდროს მინახავს, მაგრამ გულით ყოველთვის ვგრძნობდი მის არსებობას და ეს პერსონაჟი ბაბუაჩემია, რომელიც გმირად მომევლინა. ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილა, თუმცა თავისი ადამიანობით, ნიჭიერებით, ირგვლივმყოფების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ამ ამბებმა იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და ისეთი სტიმული მომეცა, გააზრებულად გადავწყვიტე მისი სახელი უბრალოდ არ მეტარებინა და მეც ვზიარებოდი ხელოვნებას, რომელსაც შეუძლია დაუსრულებელ და საოცარ ლაბირინთებში გამოგზაუროს. პირველი იყო მუსიკა, რომელიც მძლავრად შემოვუშვი ჩემში და რომლის დამსახურებაცაა, რომ დღეს არაერთ მუსიკალურ საკრავზე ვუკრავ. შემდეგ ხატვა დავიწყე, დავიწყე და მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ…
ქუჩის მხატვრობა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რატომ აირჩიეთ აღნიშნული მიმართულება?
მახსოვს, როდესაც ადგილობრივ ხელოვანებთან უფრო ახლოს აღმოვჩნდი, მინდოდა გამოფენა გამეკეთებინა. იყო შემთხვევები, როცა მკვახე უარი მივიღე მათგან, რაც ძალიან ცუდად აისახა ჩემზე, რაღაც მომენტში უარიც კი ვთქვი ხატვაზე, უარი ვთქვი ფურცელზე, ტილოზე, თუმცა გულანთებული ახალგაზრდისთვის, რომელსაც გულწრფელად სურს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა და იბრძვის ამისთვის, აუცილებლად გამოჩნდება ბნელ ოთახში მზის სხივი. ასეც მოხდა, სრულიად შემთხვევით თავი ამოვყავი ქუჩაში, სადაც ხან ცარცით, ხან მარკერით ვხატავდი, მალევე მივხვდი, რომ ქუჩაში უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ქუჩის მხატვრობა იყო თვითგამოხატვის უდიდესი შესაძლებლობა, სადაც თავს არასდროს გრძნობ მარტო. ხალხთან კომუნიკაცია შედგა იმ ფორმით, რა ფორმაც ჩემთვის იყო კომფორტული. სხვათა შორის, ჩემი პირველი ნახატები ძალიან აგრესიული იყო, ალბათ, ამით ის პროტესტი გამოვხატე, რაც უსამართლობის განცდამ დააგროვა ჩემში. ქუჩაში ხატვა იმდენად დიდი თერაპიაა ჩემთვის არც კი ვიცი სხვა, ამაზე კარგი რა უნდა მეკეთებინა. დრო რომ უკან დაბრუნდეს, ერთადერთი რასაც შევცვლიდი არის ის, რომ უფრო ადრე გავაკეთებდი იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. როცა ქუჩის მხატვრობაში ხარ, როცა შენს ნამუშევარს ყველა ხედავს და აფასებს, შეცდომის უფლება არ გაქვს, ან რამე ისეთი მესიჯის დატოვების, რაც შესაძლოა ცუდად აისახოს თუნდაც ერთ ადამიანზე. გარდა იმისა, რომ მხატვარმა ქუჩაში ხატვისას არქიტექტურა, ლანდშაფტი, დიზაინი უნდა გაითვალისწინო, ამ ყველაფერზე ბევრად მნიშვნელოვანია შინაარსი, რომელიც თხემით ტერფამდე უნდა გქონდეს გაცნობიერებული. ნახატი უნდა იყოს განათლებული, თუ ის აზრს მოკლებულია და უბრალოდ არის ნახატი ნახატისთვის, არაფერი გამოვა, ვერასდროს დაიმსახურებ საზოგადოების გულწრფელ სიყვარულს.
თქვენეული ხელწერა…..
ძალიან მიხარია როცა მეუბნებიან შენი ნახატები ვიცანიო, ეს არის ის პროცესი, რომელიც თავს გამარჯვებულად მაგრძნობინებს. სასიამოვნოა, როცა მიუხედავად ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობის ნახატისა ადამიანები გრძნობენ შენს ხელწერას, ცნობენ შენს სათქმელებს. ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი მთავარი სატკივარი არის ბუნება, ბუნებაზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემები, რადგან ვთვლი, რომ სწორედ აღნიშნული პრობლემიდან მოდის ყველა სხვა სახის პრობლემა. ყველა მოვლენა, რაც გარეთ ხდება, არის სინთეზი ჩვენ შიგნით მიმავალი პროცესებისა. ჩემს ნახატებში ძალიან მიყვარს ცხოველების გამოსახვა. არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ თითქმის გაღმერთებული მყავს ცხოველები. ყველა ადამიანს ვისაც ვეცნობი ცხოვრებაში, ხან ფრინველად, ხან ცხოველად, ხან კიდევ მცენარედ წარმოვიდგენ ხოლმე. თუ დავაკვირდებით საოცარი ცხოვრებით ცხოვრობენ ცხოველები, სიტყვები არ სჭირდებათ, ბგერებით აშენებენ სახელმწიფოებს, ტერიტორიებს ნიშნავებ, ანგრევენ ოჯახებს, ქმნიან, ღალატობენ, გული სტკივათ, უხარიათ, იგივეს აკეთებენ მცენარეებიც. ამიტომაც, ყოველთვის ხან ცხოველების, ხან კიდევ მცენარეების სახელით ვამბობ ჩემს სათქმელს. მხატვრობაში მთელი სერია მივუძღვენი მელიას, რომელზეც ბავშვობიდან შთაგვაგონეს, რომ ძალიან გაიძვერა, ეშმაკი და ცუდია, რასაც საერთოდ არ ვეთანხმები და მეტიც, მგონია, რომ ცხოველთა მეფე არა ლომი, არამედ მელია უნდა იყოს. წარმოვიდგენდი ხოლმე როგორი ბულინგის მსხვერპლია და თანადგომის განცდა დამეუფლა, ასე დავმეგობრდით მე და მელაკუდა. ჩემს მხატვრობაში მელაკუდა სიმართლისთვის ვამუშავე, სხვადასხვა საინტერესო შინაარსის ბანერი დავაჭერინე ხელში და მივეცი შესაძლებლობა ხან რომელი კედლიდან გამოეჭყიტა და ეთქვა სიმართლე, ხან რომელი.
ვერასდროს შეველევი…
ქალაქს, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, რომელშიც ვაპირებ დავბერდე. ამ პატარა ქალაქს უდიდესი პოტენციალი, უდიდესი რესურსი და ლავირების საშუალება აქვს. ჩვენ, ახალგაზრდებმა ბოლომდე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩავდოთ ყველანაირი რესურსი და ძალისხმევა, რომ ბათუმი ყველა დროს და ყველა ასპარეზზე თავის ღირსეულ სიტყვას ამბობდეს. თუ ისევ ჩვენ, ბათუმელები ბათუმის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის არ გავერთიანდებით, ყოველთვის შემოვა დიდი ქალაქიდან, მეგაპოლისიდან, საზღვარგარეთიდან ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეეცდება გმართოს, ყველა მნიშვნელოვანი ადგილობრივი პროექტის გამარჯვებული გახდეს. ახალი თაობის ნიჭიერება და სიმყარე თუ არ დაანახე მათ, სხვანაირად არაფერი გამოვა, დიდი ვეშაპი ყოველთვის შეჭამს პატარა თევზს. მიმაჩნია, რომ ჩვენ პატარა თევზები ნამდვილად აღარ ვართ, გავიზარდეთ და გავძლიერდით, ბევრი სიკეთის მოტანა შეგვიძლია მშობლიური ქალაქისთვის. მგონია, რომ ის რასაც დღეს ბათუმისათვის ვაკეთებ, აბსოლუტურად ყველაფერი ჩრდილია იმ დიდი საქმისა, რასაც მომავალში გავაკეთებ.
ადგილი ბათუმში, სადაც ყველაზე მეტად გიყვართ განმარტოება…
ბოლო დროს ძალიან ჰარმონიაში მოვედი საკუთარ თავთან, ხშირად დამყავს ის სასეირნოდ. აბსოლუტურად ყველა კაფე-ბარში ვარ ნამყოფი სადაც ბათუმურ „კოფეს“ დალევ, ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის. მხოლოდ ბათუმში მსიამოვნებს მარტო სიარული კაფეში, კინოში, სასიამოვნო განცდაა როცა მარტო ხარ, თან არ ხარ მარტო, რადგან შეიძლება უამრავი ნაცნობი შეგხვდეს. ბავშვობაში ერთი სასწაული ადგილი აღმოვაჩინე, ეს არის ძველი აკვარიუმის შენობის სახურავი, საიდანაც საზღვაო აკადემია, ტბა, ზღვა, მთვარე და ვარსკვლავები ჩანდა, რომელზეც საათობით შემეძლო მეცქირა. ახლა არ ვიცი რა ხდება, დიდი ხანია არ ავმძვრალვარ, მგონი დროა მოვინახულო ბავშვობისდროინდელი მოგონებები…
საკუთარი ნახატი, რომელიც განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს თქვენში…
ძალიან რთულია რომელიმე ნამუშევრის გამოყოფა, რადგან თითოეული მათგანი იქმნება მთელი პრელუდიითა და ინდივიდუალური ისტორიით. მაგრამ, არის პატარა ნახატები, რომლებიც განსაკუთრებით გამახსოვრდება. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ულამაზესი ლილია, რომელიც ჩემს ყოფილ შეყვარებულს მივუძღვენი. ყველა მსგავსი ნახატი ჩემი საკუთარი ბიბლიოთეკაა, ემოციაა, რომელიც კონკრეტულ ამბავს ჰყვება.
სიყვარული…
ძალიან ხშირად მიყვარს. სიყვარული ჩემთვის მასტიმულირებელია. ძალიან პროდუქტიული ვიყავი როცა ხანგრძლივი და სტაბილური იყო ჩემი სიყვარილი, იმდენად პროდუქტიული, რომ ჰობი ვაქციე საქმედ, საქმე – ბრენდად. მართალია თავს არც ერთ სიტუაციაში არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას, ყოველთვის ვხატავ, მაგრამ საბოლოო ჯამში შეყვარებული იოსები მირჩევნია, იმიტომ რომ, როცა შეყვარებული ვარ, მაშინ უფრო საინტერესო რაღაცებს ვქმნი. ჩემ გვერდით კი ისეთი გოგო წარმომიდგენია, რომელთანაც თავს მშვიდად და კომფორტულად ვიგრძნობ.
ჰობი…
ძალიან მიყვარს ახალი პროფესიების შესწავლა. დიჯიტალ არტი ვისწავლე, ენების შესწავლაზე ვგიჟდები, რამდენიმე ენას ვსწავლობ ერთდროულად. ჰობად მექცა იმ რაღაცების შესწავლა რაც ადრე არ გამომდიოდა. მგონია, 30 წლამდე, შეძლებისდაგვარად ყველა ინვესტიცია უნდა ჩადო საკუთარ თავში. ყველაზე დიდი ჰობი მაინც საკრავებზე დაკვრაა. ღამე არ გავა ისე, რომ ან გიტარა, ან პიანინო, ან ტუჩის გარმონი არ გავაჟღერო. საკუთარი თავისთვის დროის დათმობა, საკუთარი შესაძლებლობების ძიება, ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ასევე, არსებობს რამდენიმე პოეტური ადგილი ბათუმში, სადაც ფოთოლცვენა გიჟური სანახავია, ასეთ ადგილებში სიარული, ყავის წრუპვა, ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის. ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჰობი დამემატა. ვსწავლობ ისეთი რაღაცების ტარებას, როგორიცაა ბაიკი, კვადროციკლი და დიდი სურვილი მაქვს თვითმფრინავის მართვის სწავლასაც შევეჭიდო.
ფერი, რომელიც მუდმივად თან გდევთ…
ძირითადად ყველა ფერს ვიყენებ, მაგრამ შავი არის ის ფერი, რომლითაც ყველა ნახატს ვიწყებ და ვასრულებ. შავი ფერის გამოყენების გარეშე ფიზიკურად ნახატს ვერ ვხატავ, შესაბამისად, ძალიან დამოკიდებული ვარ მასზე.
პროექტი, რომელიც ბათუმის გალამაზებასა და გამრავალფეროვნებას ემსახურება…
პროექტი, რომელიც დღედღეზე დაიწყება, ეს არის „არტ კვარტალი“, აღნიშნული პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით წელს უკვე მეორედ გაიმართება. პროექტში ახალგაზრდა მხატვრები ჩაერთვებიან, ქალაქში არაერთი ახალი ნამუშევარი გაჩნდება. რაც შეეხება ჩემს მეორე პროექტს, რომელმაც გასულ წელს პროექტიდან „შენი იდეა ბათუმს“ პირველი ადგილი აიღო, ქუჩის ხელოვნების მოძრაობის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც „ბაფიტის“ სახელით არის ცნობილი. „ბაფიტი“ არის ბათუმური გრაფიტი, ეს იქნება მოძრაობა, რომელიც ჩემი ორგანიზებით გააკეთებს აბსოლუტურად ყველა სახის სთრით არტ პერფორმანსს ქალაქში. აღნიშნული პროექტის მერე, რომელიც ორ თვეში დაიწყება, აჭარას შეუძლია თქვას, რომ ჰყავს სთრით არტ პერფორმერები, რომელიც „ბაფიტის“ სახელით არის ცნობილი და აბსოლუტურად ყველა სახის ქუჩის არტი მათთან შეთანხმებით და მათთან თანამშრომლობით გაკეთდება. აღარ ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, რომ ვიღაცისთვის გვჭირდებოდეს ხვეწნა, იგივე თბილისისთვის, იგივე უცხოეთისთვის. ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე ფერადი ფესტივალი რაც კი აჭარაში გაკეთებულა, ძალიან ბევრი უბნის კედლები მოიხატება, თემატიკა იქნება სხვადასხვა, ეს იქნება ყველაზე მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ფესტივალი.
სახასიათო გარეგნობა გაქვთ, კინოში ხომ არ გიფიქრიათ გეცადათ ბედი…
პატარა გადაღებები როცაა, მეძახიან. მაგალითად, საიმიჯო ვიდეორგოლებში, თუმცა, მართალი გითხრათ, არ მაკმაყოფილებს, კინოში მინდა. ბევრ როლს მოვსინჯავდი, მინდა თამაში, რადგან მგონია, რომ არტისტული ვარ. თუ დაინტერესდებიან ჩემით, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი რაიმე საინტერესო როლს.
რამდენიმე წლის შემდეგ…
ალბათ, ყველაფერი მოხატულია ბათუმში, სხვანაირად ვერ ვხედავ. არსებობს სტრიტ არტის სახელობის პატარა სკვერი, სადაც ხელოვანები გაერთიანდებიან, მიირთმევენ ჩაის, ყავას, ისაურებენ, ბევრი გამწვანება იქნება ქალაქში… 10 წლის შემდეგ, ალბათ, მოკლე თმით ვიქნები, ისევ პიჯაკი მეცმევა, ჰალსტუხი მეკეთება და მაინც მოტოციკლზე ვიჯდები. აღნიშნულ სკვერს პოეტები ესტუმრებიან ხშირად, ადამიანები, რომლის პოეზიამაც უდიდესი ენერგია მომცა და მაძლევს დღემდე: გენრი დოლიძე, როი აბუსელიძე, ნიკოლოზ ფუტკარაძე, ის ადამიანები რომელთა პოეზიამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა და გაზარდა ჩემში ხელოვანი.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე