მიშა ავსაჯანიშვილი – „ბოკუზდორ საქართველოს“ პრეზიდენტი
მიშა, საიდან დაიწყო კულინარიის მიმართ თქვენი დაინტერესება?
კულინარია ბავშვობიდან მიტაცებდა, დედაჩემს ვეხმარებოდი ხოლმე კერძების მომზადებაში და ვფიქრობ, სწორედ მისი დამსახურებაა კულინარიის მიმართ ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. შესაბამისად, ყოველთვის ვისწრაფოდი ამ პროფესიისკენ, თუმცა მოგეხსენებათ, ამ პერიოდში არცთუ პოპულარული და მოთხოვნადი გახლდათ ეს საქმიანობა. ამიტომ თავდაპირველად, სულ სხვა პროფესია ავირჩიე და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა განვაგრძე კულინარიის აკადემიაში. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ამ სფეროში საქმიანობის პირველი ნაბიჯები.
თითქმის 10 წელია შეფმზარეული ვარ. თავდაპირველად, მზარეულობით დავიწყე, თუმცა საკმაოდ ბევრი ეტაპი გავიარე და საბოლოო ჯამში, შეფმზარეულთან ერთად, გავხდი „ბოკუზდორ საქართველოს“ პრეზიდენტი. მიმუშავია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ბოლოს ვმუშაობდი კიევში, სადაც ვიყავი 12 რესტორნის ბრენდშეფი.
გვესაუბრეთ „ბოკუზდორის“ მნიშვნელობაზე.
„ბოკუზდორი“ არის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კულინარიული ჩემპიონატი. 2019 წელს პირველად წარვადგინეთ საქართველო, რამაც ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და დაამყარა უფრო დიდი კონტაქტები „ბოკუზდორის“ ადმინისტრაციასთან. მას შემდეგ ჩართულები ვართ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც დავალებული გვაქვს მათი მხრიდან.
რამდენი ხანია, რაც „ბოკუზდორის“ ღონისძიება იმართება?
„ბოკუზდორის“ ჩემპიონატი იმართება 1983 წლიდან და როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ქვეყანა 2019 წლიდან გახდა ამ ოჯახის ღირსეული წევრი. აღსანიშნავია, რომ გარკვეული სტანდარტიდან გამომდინარე, ეს წოდება ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ საოცნებოა.
რამდენად მნიშვნელოვანია „ბოკუზდორის“ როლი ქვეყნისთვის?
ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი, „ბოკუზდორის“ როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემპიონატი ტარდება სექტემბერში და ეყოლება 50 000-დან 60 000-მდე ვიზიტორი. ეს ადამიანები არიან გასტრონომიით და კულინარიით დაინტერესებული პირები მთელი მსოფლიოდან. მათი მიზანია, ნახონ და გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულინარიული ისტორია და კულტურა. შესაბამისად, საქართველოსთვის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ჩემპიონატს. ღონისძიება გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში.
რა სახის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა იმისათვის, რომ გახდეს „ბოკუზდორის“ წევრი?
ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კულინარიული ისტორია. თუ არ აქვს, მაშინ ახალი უნდა ჰქონდეს იმ დონემდე განვითარებული, რომ „ბოკუზდორმა“ მიიღოს თავისი ოჯახის წევრად.
ჩვენს ქვეყანას კიდევ უამრავი კერძი აქვს, რომლებსაც ჯერ ისევ ვპოულობთ და ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ვიყოთ ამ საპატიო ჩემპიონატის წევრები.
პირადად თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს სტატუსი?
სულ რაღაც ნახევარი წელია, რაც გავხდი „ბოკუზდორ საქართველოს“ პრეზიდენტი, ფარული კენჭისყრით ამირჩიეს ჩვენს ქვეყანაში მომუშავე მზარეულებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტს.
გარდა იმისა, რომ ეს წოდება ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, რადგან ძალიან მიყვარს ქართული კულინარია და მინდა, მსოფლიოს ასპარეზზე გავიტანოთ.
თავიდანვე ვაანალიზებდი, ჩემი კანდიდატურა რამდენად დიდ პასუხისმგებლობასთან და დროის რესურსთან იყო დაკავშირებული, თუმცა მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის მხრივ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
25 სექტემბერს ჩვენ – ქართველი მზარეულები, მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა არა როგორც მონაწილეები, რადგან გასავლელი გვაქვს გარკვეული ეტაპები.
ვაპირებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. იმ შემთხვევაში, თუ ათეულში მოვხვდებით, გავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე. უნდა წარვადგინოთ მნიშვნელოვანი ქართული კერძები ჩვენი ღვინით. მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენებთ და გავაცნობთ ქართული კულინარიის გემოების სიმდიდრეს. პარალელურად, დაგეგმილი გვაქვს სამეფო სასახლეში ქართული გალა-ვახშამი, რომელსაც დაესწრებიან ამ სფეროსთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, კულინარიული კრიტიკოსები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ინფლუენსერები.
ფოტოგრაფი:
George Van De Kamp
სტუდია:
Full moon shoots