„მეტრო ატლას ჯორჯია“ − ეს არის კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითადი კურსს სამშენებლო ბიზნესი წარმოადგენს. კომპანია მოიცავს საკმაოდ ფართო მიმართულებას, რაშიც ჩართულია პროფესიონალთა გუნდი. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ჟურნალი OK! კომპანიის ოპერირების დირექტორს, დიანა ფარტენაძეს ესაუბრა, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მომსახურებებისა და განვითარების ეტაპების შესახებ.
მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე. როგორ მოხვედით დღევანდელ დღემდე?
ფერადი ბავშვობა მქონდა. ვიზრდებოდი ტრადიციულ, ქართულ-აფხაზურ ოჯახში, სისხლში გამჯდარი ოჯახური ღირებულებებითა და ერთმანეთის მიმართ უსაზღვრო სიყვარულით.
სკოლა წარჩინებით დავასრულე, ორი უმაღლესი განათლება მივიღე: ჰუმანიტარული − ფრანგული ენა და ლიტერატურა, და სამართალმცოდნეობის, იურიდიული ფაკულტეტი. კვალიფიკაცია ბრიუსელსა და ლიეჟში ავიმაღლე, ტურიზმის სფეროში. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სამყაროს ვარდისფერი სათვალით შევცქეროდი, მჯეროდა სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების. მჯეროდა, რომ მე შეცდომას არ დავუშვებდი და ყველა ოცნებას ავიხდენდი შრომით, ნებისყოფითა და რწმენით…
ცხოვრების გარდამტეხი სვლა − ქორწინება. გაუაზრებელი, პატარა ასაკი, ნდობა, სიყვარული, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. პიროვნება, რომელმაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ჯოჯოხეთად მიქცია, მორალურად გამტეხა და საკუთარი თავის რწმენა დამაკარგვინა. იყო უამრავი ცრემლი, იმედგაცრუება, პატიება, სტრესი, ფსიქოლოგიური ძალადობა.
გვესაუბრეთ თქვენს შვილებზე.
უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი შვილებია. ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. სწორედ მათ გადამატანინეს ჩემი ცხოვრების საშინელი 6 წელი. შვილები ცალკე, ხელშეუხებელი სამყაროა, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ იგივე შეცდომები არ დაუშვან.
6-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გადამეხარშა ყველაფერი და შეკითხვაზე − რატომ? რატომ მე? რასაც ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, პასუხი თავადვე გამეცა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ საკუთარი ცხოვრების მმართველნი, უბრალოდ, გვიჭირს შეცდომების აღიარება და ვაბრალებთ ბედისწერას. უფალი ყოველთვის გვაძლევს არჩევანის შანსს, მაგრამ სამწუხაროდ, სწორად ვერ ვიყენებთ და მოგვიანებით შედეგს ვიმკით. თუმცა ვფიქრობ, თითოეული დაცემა გვაძლიერებს და გვასწავლის, სამომავლოდ როგორ ვიცხოვროთ. ხანდახან მგონია, რომ ამქვეყნად უკვე ვერაფერი გამაკვირვებს და შემაშინებს, ვერანაირი დაბრკოლება ვერ გამტეხს. იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ…
იმედის სხივი, რომელმაც თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა…
2016 ჩემს ცხოვრებაში გამოდგა რადიკალური ცვლილებების წელი. გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც ჩემი უსუსური ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ისევ მასწავლა საკუთარი თავის სიყვარული, დამიბრუნა რწმენა, ჯადოსნური ზღაპრის გმირად გარდამქმნა და ჩემი ცხოვრების ყოველი დღე დღესასწაული გახადა. მე მჯერა, რომ სიყვარული მთავარი მოტივატორია, ან იქნებ ჩემს შემთხვევაში ასე აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ გრძნობამ მომცა ძალა, მებრძოლა, ყველაფერი თავიდან დამეწყო, დაუღალავად მეშრომა და მიზნისთვის მიმეღწია. თუმცა მიმაჩნია, რომ წინ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი, რათა მოვახდინო საკუთარი თავის სრული რეალიზება. მე მას დავპირდი, რომ ოდესმე დავწერ მასზე და მოხუცებულობაში შვილიშვილებს წავუკითხავ ამ საოცარ ისტორიას. მე მას საჯაროდ მინდა გადავუხადო მადლობა არსებობისთვის. ყოველდღე უფალს ვუხდი მადლობას, რომ ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. უმიზეზოდ არაფერი ხდება, მან მე გადამარჩინა…
გვესაუბრეთ თქვენს კარიერულ წინსვლაზე.
2016 წელი ჩემს პროფესიულ კარიერაშიც იღბლიანი აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით, მეგობრის დაჟინებული თხოვნით გავიარე გასაუბრება ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „მეტრო ჰოლდინგში“, რომელიც დღეს უკვე ჩემი მეორე სახლია. დავიწყე ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობა ორ ცვლაში. თავდაუზოგავად ვშრომობდი. რამდენიმე თვეში დამაწინაურეს H/K მენეჯერად, შემდეგ რესეფშენიც გადმომაბარეს, რამდენიმე წელიწადში კი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი − „მეტროსითი ფორუმ ბათუმის“ დირექტორის პოზიცია შევითავსე. დღეს კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიას“ ოპერირების დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობ და ვარ უბედნიერესი. მიყვარს ჩემი სამსახურის ყველა წევრი, პროფესიონალთა გუნდის თავდაუზოგავი შრომით განხორციელებული უამრავი პროექტი. ვამაყობ ჩვენი კომპანიის მიერ ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის განხორციელებული სასიკეთო საქმეებით. კომპანიის დამფუძნებელია ბატონი გალიფ ოზთურქი − პიროვნება, რომელმაც უამრავი ქართველი დაასაქმა და მათ შეუქმნა საოცრად კომფორტული სამუშაო გარემო. ასევე, მინდა გამოვხატო მადლიერება ჩვენი გუნდის ხელმძღვანელის, ბატონ რაულ კახაძის მიმართ, რომელიც მუდმივად ზრუნავს გუნდის ყველა წევრის პროფესიულ განვითარებაზე და გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ყველა რესურსი, გავიაროთ კურსები, ტრენინგები, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია.
როდის დაფუძნდა „მეტრო ატლას ჯორჯია“ და რა არის კომპანიის ძირითადი მიმართულება?
კომპანია დაფუძნებულია საქართველოში 2010 წელს. კომპანიის ძირითადი კურსი არის სამშენებლო ბიზნესი – საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურების მშენებლობა და მართვა, იურიდიული და ფინანსური კონსულტაციები, მგზავრთა ტრანსპორტირება, სატვირთო მომსახურება, ტურიზმი, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, კომერციული ფართების იჯარით გაცემა, საკვები და სამედიცინო პროდუქტების, გარდა ამისა სამშენებლო მასალების წარმოება/რეალიზაცია, ასევე, სხვა მიკრო და მაკრობიზნესები.
ჩვენი პროექტები:
- სასტუმრო Intourist
- სასტუმრო Sky tower
- სასტუმრო Business Legend Batumi
- სასტუმრო Legend
- სასტუმრო Euphoria
- სასტუმრო Metrocity Appartments
- სასტუმრო Goderdzi sky resort
- სასტუმრო City Batumi
- სავაჭრო ცენტრი Metrocity Forum Batumi
- პროექტი Jasmin
- მანქანების ყიდვა-გაქირავება Rent a car
- საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგური Metro Georgia
- ტურისტული სააგენტო City Travel
- სუროგაციის ცენტრი Stork ivf
- სამშენებლო კომპანია Metro Constraction
- ავტოგასამართი სადგური Metro Petrol
- სადაზღვევო კომპანია Green Insurance
რას ეტყოდით ჩვენი ჟურნალის მკითხველ ქალბატონებს?
მინდა მივმართო ყველა იმ ქალს, რომელიც კარგავს საკუთარ „მე“-ს, ფიქრობს, რომ გამოსავალი არ აქვს, ეგუება ძალადობას, აპატიებს და ჰგონია, რომ ამით იცავს შვილების ღირსებას. არ შეეგუოთ, იბრძოლეთ, უღირსს არ მისცეთ უფლება დაგჩაგროთ, შვილებზე იფიქრეთ, რომლებიც მუდმივ სტრესში იმყოფებიან, გაიზრდებიან და უამრავი შეკითხვა გაუჩნდებათ, ეს კი მათ ცხოვრებაზე არასასიკეთოდ აისახება. უფალი ყოველთვის გვაძლევს შანსს. ირწმუნეთ ეს და ძალა მოიკრიბეთ. უთხარით „არა“ ძალადობას!