ვინსენტ კასელი, კორენტენ ფილა და ნადია ტერეშკევიჩი „The White Lotus“-ის მე-4 სეზონის მსახიობთა შემადგენლობას შეუერთდნენ.
ფრანგი მსახიობი ვინსენტ კასელი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა „Black Swan“, „La Haine“ და „Ocean’s Twelve“.

ისინი უკვე ადრე გამოცხადებულ მსახიობებთან ერთად ითამაშებენ, რომელთა შორის არიან: სანდრა ბერნჰარდი, ჰელენა ბონემ კარტერი, სტივ კუგანი, კეილებ ჯონტე ედვარდსი, დილან ენისი, არი გრეინორი, მარისა ლონგი, ალექსანდერ ლუდვიგი, კრის მესინა და ეი-ჯეი მიჩალკა. HBO-ს ინფორმაციით, კასტინგის პროცესი კვლავ გრძელდება და მომავალში კიდევ სხვა მსახიობებიც გამოცხადდებიან.

„The White Lotus“ მაიკ უაითის შექმნილი სატირული დრამაა, რომელიც გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და Emmy-ის არაერთი ჯილდო მოიპოვა.
ჰავაის, იტალიისა და ტაილანდის შემდეგ, „The White Lotus“-ის მეოთხე სეზონის მოქმედება საფრანგეთში გადაინაცვლებს და ერთი კვირის განმავლობაში სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების ახალი ჯგუფის ისტორიას მოგვიყვება. დამატებითი დეტალები სიუჟეტისა და პერსონაჟების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ანტოლოგიური სერიალი მდიდარი დამსვენებლებისა და ელიტური კურორტის პერსონალის ურთიერთობებს ასახავს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელა იკვეთება დაძაბულობა, ორმაგი სტანდარტები და ძალაუფლების დინამიკა, რომლებიც იდეალური დასვენების მიღმა იმალება. თითოეული სეზონი ახალ ლოკაციაში ვითარდება და ახალ პერსონაჟებს გვაცნობს, რომელთა იდილიური დასვენება საბოლოოდ ქაოსად იქცევა.

როგორც ადრე Variety წერდა, სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებები სავარაუდოდ 2026 წლის აპრილის ბოლოს დაიწყება და ოქტომბრამდე გაგრძელდება. ახალი სეზონის მოქმედება საფრანგეთში განვითარდება.
გადაღებები დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის პარიზსა და საფრანგეთის რივიერაზე. სერიალში მთავარი კურორტის ლოკაციად გამოყენებული იქნება სენ-ტროპეში მდებარე ძვირადღირებული სასტუმრო Château de la Messardière, რომელიც სერიალის გამოგონილი „White Lotus“-ის ფონს შექმნის.













