ზუსტად იცოდნენ, რომ დასახულ მიზანს, ჰქონოდათ საკუთარი კლინიკა, აუცილებლად მიაღწევდნენ. ასეც მოხდა, თითქმის 20 წლის წინ, აჭარაში პირველად, კერძო ქირურგიული კლინიკა დააარსეს და მას შემდეგ არც ერთი წუთი არ გაჩერებულან, ყოველდღიურ რეჟიმში დგანან ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მიაჩიათ, რომ განათლება, ახლის ძიება, მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, გაძლევს შესაძლებლობას აკეთო ის საქმე, რაც გიყვარს, რაც სიკეთის მომტანია არა მარტო შენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. ზუსტად ამ შრომისუნარიანობით, მიზნისკენ სისტემატური წინსვლით, მოახერხეს ის, რომ დღეს „საგიტარიუსს“ყველა სანდო სამედიცინო დაწესებულებად იცნობს. OK! ბათუმის საშუალებით გვინდა კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის, „საგიტარიუსის“ დამფუძნებლები, დები ეკატერინე გვარიშვილი და ელიტა ხვედელიძე, ადამიანები, რომლებიც უდიდესი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ კლინიკაში მისულ თითოეულ პაციენტს ხარისხიანი და დროული დახმარება აღმოუჩინონ.
ეკატერინე გვარიშვილი, ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
გზა ბავშვობიდან პროფესიის არჩევამდე…
ბავშვობა ოქროს ხანაა, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ. ძალიან ბედნიერი და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. მახსოვს, 5 წლის ვიყავი, როდესაც გავაცხადე ოჯახში, რომ ექიმობა მსურდა. ჯანმრთელობის გამო, ექიმებთან ურთიერთობა ხშირად მიწევდა, მეტად, ვიდრე სხვა ბავშვებს. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი. ბებია ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდა, ხშირად დავყვებოდი სამსახურში, ვიცვამდი ჩემთვის შეკერილ ხალათს, დავდიოდი პალატებში, ვეთამაშებოდი ბავშვებს, ხშირად საჩუქრებით მივდიოდი მათთან. შემდეგ, სკოლის ბოლო კლასებში, ამავე საავადმყოფოში სანიტრადაც ვმუშაობდი. მიზანდასახულად მივიწევდი ოცნებისკენ, გავმხდარიყავი ექიმი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტი, ასპირანტურა და დოქტორანტურა.
ოყო ექიმი უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო კარგი ექიმი, ნიშნავს…
„გახდე ექიმი“ – ეს არ უნდა იყოს მშობლის გადაწყვეტილება. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ოჯახური ბიზნესი, არ არის ჩვევა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იყო კარგი ექიმი, ეს მოწოდებაა.
სოკრატემ თქვა: „ყველა პროფესია არის ხალხისგან და მხოლოდ სამია ღვთისგან: მასწავლებელი, მოსამართლე და ექიმი“.
მედიცინაში ბევრი ფაქტორია: პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების სიცოცხლეზე, რთული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების აუცილებლობა და იმის გააზრება, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე. თუმცა, ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერი ეს შეზავებულია მუდმივ სწავლასთან. მედიცინაში მუდმივად ჩნდება რაღაც ახალი, ხდება მკურნალობის მეთოდების კორექტირება, შესაბამისად, ექიმმა უნდა იცოდეს ყველა სიახლე და აღმოჩენა, მუდმივად ხელი უნდა ედოს პულსზე. პროფესიონალიზმს საბუთებისა და სერტიფიკატების რაოდენობა არ განსაზღვრავს. პროფესიონალიზმი არის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა, ყველა ცალკეულ მომენტსა და შემთხვევაში. მედიცინა ხელოვნებაა და ხელოვნების შესწავლა შეუძლებელია, ისევე, როგორც თეატრალური ხელოვნებისა ან პოეზიის. შეიძლება იყო, კარგი თეორეტიკოსი, მაგრამ პრაქტიკაში პაციენტებთან ვერ შედგე როგორც ექიმი. სამედიცინო დეონტოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პაციენტის პიროვნებისადმი განსაკუთრებული, ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ექიმის მოვალეობაა, არა მარტო უმკურნალოს პაციენტს, არამედ მორალურად დაუჭიროს მხარი. ჩემთვის ექიმი უფრო მეტია, ვიდრე პროფესია – ცხოვრების პოზიციაა, რომელიც პრაქტიკაში მყარ ალტრუიზმშია გამოხატული. აქედან გამომდინარე, ჰუმანიზმი არის ექიმის პიროვნების განმსაზღვრელი თვისება.
როგორ გაჩნდა კლინიკა „საგიტარიუსის“ დაფუძნების იდეა?
იმ თაობას მივეკუთნები, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაიზარდა. 14 წლის ასაკში მშობლებს ჩემი სურვილი გავუზიარე – „ექიმი რომ გავხდები, საკუთარ კლინიკას გავხსნი…“- იმ დროს კერძო საკუთრების ცნებაც კი არ არსებობდა საზოგადოებაში. ამიტომ ჩემი ხმამაღალი განაცხადი, ცოტა არ იყოს თინეიჯერულ მაქსიმალიზმად მიიღეს. 2002 წელს დავბრუნდი მოსკოვიდან, იქ მივიღე განათლება, დავიცავი დისერტაცია… ძალიან დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დავიწყე მუშაობა ბათუმში ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში. გახსოვთ, ალბათ, იმ დროს რა ეკონომიკური მდგომარეობა იყო საქართველოში, როგორი პირობები იყო სამედიცინი დაწესებულებებში. ვფიქრობდი, დროა ჩემი ბიზნესი წამოვიწყო-მეთქი. ჩემი გადაწყვეტილება ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს, ჩემს დას გავუზიარე, ჯერ კიდევ მოსკოვში დოქტორანტურაზე სწავლის დროს. მხარში დამიდგა და დავიწყეთ მუშაობა პროექტზე. რა თქმა უნდა, ჩავრთეთ ჩვენი მშობლებიც, რომლებიც გვენდნენ და გაიზიარეს ჩვენი იდეა. ვინაიდან ორივე და ოფთალმოლოგები ვართ, 2005 წელს დავაარსეთ ოფთალმოლოგიური კლინიკა. 2010 წელს გადავწყვიტეთ გავფართოებულიყავით. მივხვდით, რომ უკვე გარკვეული გამოცდილება გვქონდა და გავაკეთეთ რეორგანიზაცია – სერვისების და განყოფილებების დამატება, ამავე დროს მეზღვაურთა სამედიცინო შემოწმების უფლება მოვიპოვეთ. ერთი წუთითაც არ შეგვპარვია ეჭვი, სისტემურად მივდიოდით ჩვენი მიზნისკენ, ბევრი საქმე იყო და უბრალოდ, ეჭვებისა და შიშებისთვის დრო არ გვრჩებოდა. როცა იწყებ ფიქრს „მე მაინც კარგად ვარ“, ნიშნავს, რომ როგოც პროფესიონალი კვდები. მხოლოდ მაშინ, როცა ახალ მიზნებს დაისახავ, იზრდები როგორც პერფექციონისტი. ჩვენ შევქმენით კომფორტული სამუშაო პირობები თანამშრომლებისთვის და მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი.
სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობთ საზოგადოებას, რა გამოგარჩევთ სხვა კლინიკებისგან, რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი თქვენზე?
ჩვენი კლინიკა სთავაზობს მოსახლეობას ოფთალმოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, პლასტიკური ქირურგიისა და ამბულატორიულ სრულ სპექტრს. ეს არის თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მიმართულია სამედიცინო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებზე. კლინიკა „საგიტარიუსი“ აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროფესიონალების გუნდით, რაც დღეს შესაძლოა ბევრმა სხვა სამედიცინო დაწესებულებამ თქვას თავის თავზე, მაგრამ ჩვენი უპირატესობა არის პაციენტზე ორიენტაცია. მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია და თუ გნებავთ კორპორატიული მრწამსიც კი!..
გამოცდილება, რომელიც გიქმნით სიმყარისა და წარმატების გარანტიას პროფესიაში…
ვფიქრობ, რომ სიმყარის შეგრძნებას, მე პირადად, მიქმნის ცოდნა, ერუდიცია და განათლება. ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, რაც არ უნდა ჭკვიანი იყო, ან რამდენი წელიც არ უნდა იყო გარკვეულ სფეროში. მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შესაძლებლობა და გამოწვევა, მოითხოვს ახლის სწავლას, ამიტომ, მუდმივად ვსწავლობ. როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა: „სწავლა არის გამოცდილება, ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ინფორმაციაა“…
ყველაზე ამაღელვებელი სიტყვები, რაც თქვენი მისამართით მოგისმენიათ…
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, პაციენტის განათებული სახე და მადლიერი თვალები უდიდესი სტიმულია.
მოგვიყევით ოჯახზე, გაგვაცანით ისინი…
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული – ოჯახია. ჯერ ის, რომელშიც დავიბადე და შემდეგ ის, რომელიც თავად შევქმენი. „კარიერა – სახლში არ გელოდება, წარმატება და ფული – ცრემლებს არ მოგწმენდს“. ჩემი ოჯახი არის ის, რითიც ვამაყობ, ჩემი უდიდესი საყრდენია. მყავს მეუღლე, ორი ვაჟი, რძალი და შვილიშვილი. მეუღლე პროფესიით პოლიტოლოგია, განათლების სისტემაში მუშაობს, შვილები განათლებით – ფინანსისტები არიან, რძალი – დიზაინერი.
იყო წარმატებული პროფესიაში, იყო საუკეთესო დედა და მეუღლე, გამოიყურებოდე არაჩვეულებრივად – როგორ მოგყავთ ეს ყველაფერი სინთეზში, რა თვისებები გეხმარებათ აღნიშნულში…
ქალებს ბევრი როლი გვაქვს, რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ყოველდღე გვაქვს უამრავი დავალების ჩამონათვალი, რომლებიც დროულად უნდა შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია იყო მოქნილი და მრავალფუნქციური. მხოლოდ საკუთარი თავის დისციპლინა მეხმარება, ყველაფერი ვაკონტროლო და დღის ბოლოს შედეგით დავკმაყოფილდე. რა თქმა უნდა, ერთი დღის ფარგლებში არ ვგეგმავ ყველაფერს, რაც თავში მომივა. დასვენებისთვის ცოტა დრო აუცილებლად უნდა დატოვო, თორემ, უბრალოდ, გადაიწვები. ყველაფრის გადაკეთების დრო არ მაქვს, მაგრამ ვისწავლე საღამოს არ ვიყო საკუთარი თავით გაღიზიანებული და უკმაყოფილო. დღეს, უმეტეს წილად, ქალები ინტერესდებიან იმით, როგორ იპოვონ სრულყოფილი ბალანსი თანამედროვე ცხოვრების ორ მნიშვნელოვან ასპექტს შორის, კარიერა-სამსახური და ოჯახი. ვფიქრობ, შესაძლებელია იყო ბედნიერი ქალი ოჯახში და წარმატებული საქმიანობაში. ამ ბალანსს აღწევ დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა იხვეწები, იზრდები, სწავლობ და საბოლოოდ იღებ სასურველ შედეგს.
მოგზაურობა და მისგან მიღებული ენერგიები…
მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ წელიწადში 1-2 ჯერ მაინც სადმე გავემგზავრო. ჩემთვის მოგზაურობა გამოცდილების, სწავლისა და შთაბეჭდილებების მიღების ერთ-ერთი ხერხია. ეს ის ენერგიაა, რომელიც შინაგანი ძალების გამოკვებას ახდენს ჩემში. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში ვმოგზაურობ თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. პეიზაჟის შეცვლა აუცილებელია. განსხვავებულ კულტურასა და ცხოვრების წესში ჩართვა, გვაიძულებს უფრო მოქნილები, მომთმენები და ემოციურად ძლიერები ვიყოთ, რის შედეგადაც იზრდება თვითშეფასება. უსაზღვრო რაოდენობის შთაბეჭდილებები და ემოციები მეხმარება ცხოვრებაში ახალი ფერების შემოტანაში.
გუნდური მუშაობის პრინციპს მოაქვს…
სრულყოფილი ბალანსი გუნდისა და ბიზნესის ინტერესებს შორის. საკადრო საკითხი ყველაზე რთულია ნებისმიერ საქმეში, ყველაზე რთული კი არის „ადამიანის პოვნა ხალხში“. ჩვენ საკმაოდ მჭიდროდ ვურთიერთობთ მთელ გუნდთან, როგორც სამსახურში, ასევე თავისუფალ დროს. კარგად ორგანიზებული გუნდი ფუნდამენტია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის უწყვეტ განვითარებას. ჩვენი გუნდის თითოეული თანამშრომელი თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მნიშვნელოვან ამოცანებს ერთად ვწყვეტთ.
ყველაზე მეტად რით ამაყობთ…
შესაძლოა ბანალური ვიყო, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი დიდი ოჯახით ვამაყობ, იქ ვისწავლე რა არის ღირსება, წესიერება, პატიოსნება და სინდისი. ოჯახმა ჩამომიყალიბა ფასეულობები და პრინციპები, იმის გააზრება, რომ ყოველთვის პასუხისმგებელი უნდა იყო შენს სიტყვებსა და ქმედებებზე, იყო გულწფელი საკუთარ თავთან და სხვებთან.
როგორია მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის, „საგიტარიუსის“, სამომავლო გეგმები, რა დამატებითი სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლებისთვის?
ჩვენი კლინიკის მომავალი სტრატეგია არის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პერსონალის მუდმივი გადამზადება და ხარისხის მონიტორინგი, გვინდა, უფრო ღრმად ჩავერთოთ ციფრული მედიცინის განვითარებაში.
ელიტა ხვედელიძე, ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
იყო კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი, გრძნობდე საზოგადოების ნდობას და სიყვარულს – რა ემოციებს იწვევს თქვენში….
ვფიქრობ, პიროვნული რეალიზაციის, საზოგადოებრივი პასუხისგებლობისა და ამასთან ერთად სიხარულის ემოციას. თითქმის ოცი წლის წინ, მე და ეკამ აჭარაში პირველი კერძო, ქირურგიული კლინიკა დავაარსეთ. ახლა რომ ვუკვირდები, ადვილი ნამდვილად არ იყო 25-30 წლის ნაზი ქალბატონებისთვის საპასუხისგებლო სამედიცინო საქმიანობის აწყობა. მრავალ ფუნქციას შევეჭიდეთ – ვიყავით კლინიკის წამყვანი ექიმები, ქირურგები და მენეჯერები. ერთდროულად გვევალებოდა პაციენტთან ურთიერთობა, იურიდიული და სამეურნეო საქმიანობა, კოლექტივის შეკვრა და მის ხარისხზე ზრუნვა. რა გვეხმარებოდა? უდავოდ ის, რომ ვიყავით ერთად, ორი უნისონში მოაზროვნე დები, ასევე უზომო შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა, ოჯახის წევრების დიდი ნდობა და რწმენა. შევეცადეთ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. ზოგჯერ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებასაც ვებრძოდით. ვინაიდან, ჩვენ, პირველ რიგში, მოქმედი ექიმები ვიყავით, ჩვენი საქმიანობის პოლიტიკა ექიმზე, პაციენტზე და სამედიცინო აღჭურვილობის ხარისხზე იყო მიმართული და არა საბაზრო ეკონომიკურ მოგებაზე, რამაც თავიდანვე შეგვაძლებინა ბათუმში სანდო სამედიცინო დაწესებულების სახელის მოხვეჭა. ამ რეპუტაციას კლინიკა დღემდე ინარჩუნებს. მახარებს ჩვენი კლინიკის მრავალი მადლიერი პაციენტი, და ჩვენი თანამშრომლების სიამაყე, რომ მოღვაწეობენ კლინიკა „საგიტარიუსში“. ვფიქრობ, რომ ჩემ სოციალურ-მოქალაქეობრივ მოვალეობას ნათლად ვასრულებ და როგორც არ უნდა წარიმართოს ჩემი გზა მომავალში, „საგიტარიუსი“ არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნათელი და საამაყო გვერდი. ექიმობა კი ჩემთვის არის რთული პროფესია, სადაც ყოველდღე შეგიძლია ადვილად აკეთო კეთილი საქმე.
მადლიერი პაციენტი კლინიკისთვის, ექიმისთვის…
ერთი მხრივ, მადლიერი პაციენტების რაოდენობა კლინიკისა და ექიმის ხარისხიანი, პროდუქტიული, პროფესიული მოღვაწეობის ობიექტური შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხარისხის მართვის სისტემაში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კრიტერიუმის მაჩვენებელი ჩვენ კლინიკაში ყოველ წელს სტაბილურად მაღალია. მეორე მხრივ, ექიმობა, მუდმივი პროფესიული ზრდის გარდა, ითხოვს დიდ ემოციურ ხარჯვას და ჰუმანურ პასუხისგებლობას. კერძოდ, ჩემთვის, პაციენტის მიერ გამოთქმულ მადლიერებას დადებითი მუხტი მოაქვს ყოველდღიურ მუშაობაში. ვივსები შეგრძნებით, რომ დიდ თუ პატარა სიკეთეს ვაკეთებ, ეს მოტივაციას მაძლევს ვიყო უკეთესი პროფესიონალი და, რაც მთავარია, მუდამ მიყვარდეს ყველა ჩემი პაციენტი და თანავუგრძნო მათ.
რას მიიჩნევთ „საგიტარიუსის“ წარმატების ფორმულად…
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიმაჩნია, რომ „საგიტარიუსის“ წარმატება განაპირობა კეთილსინდისიერმა, ექიმზე, პაციენტზე და ხარისხზე მიმართულმა მუშაობამ.
მოგვიყევით თქვენზე, თქვენს ოჯახზე, სიყვარულზე, რომელიც გაძლევთ ძალას, გამოიყურებოდეთ ყოველთვის არაჩვეულებრივად და პროფესიაში იყოთ მუდამ წარმატებული…
გულწრფელად ვთვლი, გამიმართლა, რომ დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ბათუმში. მიყვარს ის, ჩემი ახდენილი ოცნებების ქალაქია, მუდმივი სიამოვნებისა და შთაგონების წყაროა. პროფესიას თბილისში და შემდეგ მოსკოვში დავეუფლე. საკმაოდ ადრეულ ასაკში დავოჯახდი, მყავს მეუღლე, რომელიც ჩემი დიდი სიყვარული და ყველაზე ახლო მეგობარია, ორი ვაჟიშვილი, უფროსი დაოჯახებულია და სულ რაღაც ერთი წელია, რაც ბებია გავხდი. ჩემი არაჩვეულებრივი, არ შემეშინდება ვთქვა, განსაკუთრებული დედ-მამიდან დაწყებული, მეუღლის და დის ოჯახთან ერთად, ერთსულოვნად მოვდივართ და ტრივიალურობაში არ ჩამითვალოდ, ჩემი ოჯახი არის უფლის დიდი საჩუქარი, ურთიერთობა, სიყვარული, ძალა და სიამაყე, რომელიც პიროვნულად მზრდის, თვითრეალიზაციას მაღწევინებს და ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია.
გატაცება, ერთგვარი ჰობი, რომელიც ემოციებით გავსებთ…
ჩემი მთავარი ჰობი კითხვაა. ახლა უკვე იშვიათად ვკითხულობ მხატრულ ლიტერატურას, მიზიდავს ფილოსოფია, მეტაფიზიკა, ფუტუროლოგია, თეოლოგია – მიყვარს ფიქრი მარადიულ ფასელებებზე. იშვიათად, მაგრამ ვხატავ.
ქვეყანა, რომელში მიღებული შთაბეჭდილებებიც არასოდეს დაგავიწყდებათ…
არ დამავიწყდება იტალიის ესთეტიკა და მალდივის კუნძულების წყლის სამყარო.
ჩაცმის სტილი, რომელშიც კომფორტულად გრძნობთ თავს…
მიყვარს ელეგანტური ყოველდღიურობა, ანუ, ეგრეთ წოდებულ „yuppie“ სტილს ვანიჭებ უპირატესობას.
წარმატება მოაქვს…
წარმატების ზუსტი ფორმულის შემადგენელნი ვარიაბელურია ყველა კონკრეტული, წარმატებული ადამიანის ისტორიაში. ჩემი წარმატების ფორმულის მთავარი შემადგენელია: განწყობა, იყო წარმატებული, თავდაჯერებული, მიზანდასახული, მუდმივად იღებდე ცოდნას, ახალ ინფორმაციას, იყო შრომისუნარიანი, კაცთმოყვარე, დაკვირვებული, შინაგანი კულტურის მქონე და, რა თქმა უნდა, უმთავრესია უფლის წყალობა.
იყო ძლიერი ქალი, ნიშნავს…
ჩემთვის ძლიერი ქალია, ვინც შეძლო იყოს ბედნიერი.
ყველაზე მეტად მსურს…
ყოველთვის ვიყო ისეთი ბედნიერი, როგორიც ახლა ვარ, ვემსახურო და სიყვარული გავუზიარო ჩემ გვერდით მდგომ ხალხს.
ტექსტი:ნანა აბულაძე