ბრენდი რექლეს.Reckless სალომე გველესიანმა ამქვეყნად ყველაზე ღრმა, სამუდამო კავშირს − დედა-შვილური სიყვარულის მარადიულობას და ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვას მიუძღვნა. შვილის მეგობრებს მისი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ განსაკუთრებით დაუმეგობრდა, დაუახლოვდა, სრულად შეხსნა მათი მგრძნობიარე სამყაროს კარი და მოზარდების ფერადოვნებისა და სილაღის მიღმა გაყუჩებული პრობლემები და ტკივილები აღმოაჩინა, მათი ცხოვრების ის ნაწილი გაიზიარა, რომელიც ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. გადაწყვიტა, ამ ყველაფერზე შვილის მიერ სიცოცხლეში შექმნილი და მისგან დატოვებული მუსიკის, ნახატების, ანიმაციების საშუალებით მოეყოლა საზოგადოებისთვის და რაც მთავარია, შეექმნა ახალგაზრდებისთვის თვითგამოხატვის კომფორტული სამყარო, რომლის ნიმუშებს ტანზეც კი მოირგებენ და სიამოვნებით ატარებენ. ასე დაიბადა „რექლესი“.
სალომე, მოგიყევით „რექლესის“ შესახებ. როგორ დაარსდა ბრენდი და მომხმარებლების რომელ სეგმენტზეა გათვლილი?
„რექლესის“ იდეა უკავშირდება ჩემს შვილს − ნიკუშას. მისი დაღუპვის შემდეგ, ნიკუშასგან დამრჩა დიდი რაოდენობით მასალა ნახატების, ანიმაციების, მუსიკის სახით, და ეს ყველაფერი ჩემთვის ინსპირაციად იქცა, რომ მისთვის ახალი სიცოცხლე მიმენიჭებინა. ვფიქრობ, მხოლოდ დედას შეიძლება ჰქონდეს ამის უნარი. ასეთი შემთხვევების შემდეგ, თავდაპირველად უზარმაზარი ენერგია გროვდება ადამიანში, რომელსაც ჯერ აფეთქების სახე აქვს, შემდეგ კი ყველას უწევს გააგრძელოს ცხოვრება და მიიღოს ახალი რეალობა, მაგრამ არა დედას − ის მუდმივად, ყოველდღიურად ამ ამბავში იხარშება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნიკუშას ამბის შემდეგ აღარაფერი მიკვირს და ტკივილის შემსუბუქების ნებისმიერი ფორმა გასაგები და მისაღებია ჩემთვის, რადგან ასეთ დროს თუ რაიმე ოდნავ მაინც გეხმარება, აუცილებლად უნდა გააკეთო და დაგროვილი უზარმაზარი ტკივილი გამოუშვა ამა თუ იმ ფორმით.
ფორმა, რომელიც მე ავირჩიე, ნიკუშასთან ყველაზე ახლოსაა. თავიდან ჩემი ეს წამოწყება ახლობლებს უბრალოდ ახირება ეგონათ, რომელიც იმ ეტაპზე მეხმარებოდა და არავინ ელოდა, რომ ამ რეალობამდე მივიდოდი. მე კი ზუსტად ვხედავდი და ვხედავ იმას, სადამდეც ეს გზა უნდა მივიდეს. არასოდეს მიფიქრია „რექლესზე“ მხოლოდ ემოციურად. ვიცოდი, რომ ბევრი მექნებოდა საშრომი და ეს უზარმაზარ ენერგიასა და დროს წაიღებდა. ისიც ვიცოდი, რომ თუ „რექლესის“ კეთებას დავიწყებდი, ნიკას ამბიდან ვერასოდეს გამოვიდოდი. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად მიშველიდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მუდმივად მომიწევდა ამ საშინელ ტკივილთან ურთიერთობა, მისი დამორჩილება. ნიკას მუსიკასთან, ესკიზებთან თითოეული შეხება ჭრილობების ყოველდღიურ რეჟიმში გახსნაა ჩემთვის. ეს ყველაფერი იმ ოთახის კარის ხშირად შეღებას ჰგავს, რომელიც, როგორც წესი, გამოკეტილი აქვთ ხოლმე. მაგრამ ეს ისტორია ჩემზე დიდია, ჩემზე მნიშვნელოვანია, ჩემი და ნიკას ისტორიაზე მაღლა დგას. ამიტომ მასზე უარს ვერ ვიტყვი.
„რექლესი“ − ეს არის ბრენდი მოზარდებისთვის. რა ამბავს ჰყვება „რექლესი“? რა არის ბრენდის ძირითადი კონცეფცია? ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ…
კიდევ ერთი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა კონკრეტულად ტანსაცმლის ხაზის გაკეთება, ისაა, რომ ნიკას ამბის შემდეგ, მის თანატოლებს, მეგობრებს, განსაკუთრებით დავუმეგობრდი. მათთვის აღარ ვარ მხოლოდ მეგობრის დედა, ვისთანაც გარკვეული ბარიერი ჰქონდათ და თქვენობით მიმართავდნენ. გაიხსნა კარი მათ სამყაროში და ისინი ბოლომდე გაიხსნენ ჩემთან. დავინახე, რომ ის ფერადოვნება და სილაღე − ამ თაობაზე ჩვენი წარმოდგენა, არცთუ ახლოს დგას რეალობასთან. დღევანდელი მოზარდების გარეგნული მხარე მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი შინაგანი თავისუფლების განცდისგან. ის, რაც ამ ასაკს ახასიათებს − სიმარტოვის განცდა, გაუცხოება, იდენტობის ძიება, ადგილის პოვნა, საკუთარი სხეულის მიუღებლობა − ეს საყოველთაო დამოკიდებულებებია და ერთნაირად ეხება როგორც ქართველ, ისე მსოფლიო მოზარდებს. მომინდა, მათი ეს მხარე საზოგადოებისთვის მეჩვენებინა და ამაზე მელაპარაკა. „რექლესის“ საშუალებით, გამეჟღერებინა ამ ბავშვების ხმა, რომელიც საქართველოში კიდევ უფრო ჩუმად ისმის, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. თბილისში მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობაა ამ მხრივ, ჩვენს უახლოეს გარემოცვაში ეს პრობლემები და დამოკიდებულებები არ ჩანს ისე მძაფრად, როგორც ამ გარემოცვის გარეთ, მაგალითად, საქართველოს რეგიონებში. მინდოდა ეს ყველაფერი გადმომეცა და მგონი ვახერხებთ კიდეც თემატური, კონცეპტუალური კოლექციებით, რომელიც სკოლას, ოჯახს, მოზარდების ირგვლივ გარემოს უკავშირდება. ასევე, იმ სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს, საიდანაც მათ გაქცევა უნდათ. „რექლესის“ დიზაინერები ბოლომდე გამომყვნენ ამ საქმეში და სრულად ვიაზრებთ იმ ღირებულებებსა და მიზნებს, რომელსაც ეს ბრენდი ემსახურება.
სალომე, როდის დაარსდა ბრენდი?
2020 წლის 31 აგვისტოს ჩაეშვა „რექლესი“, ნიკუშას დაბადების დღეზე. გაზაფხულზე გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოვასწარით მისი ჩაშვება. ბოლოს ესეც სიმბოლურად მივიჩნიეთ და გადავწყვიტეთ, ეს მნიშვნელოვანი თარიღი ნიკას დაბადების დღისთვის დაგვემთხვია. პანდემიურ რეალობაში საქმის დაწყება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, წარმოების პროცესი პრობლემური გახდა, მასალების იმპორტის დრო გაიწელა და სხვა უამრავ სირთულეს შევხვდით, მაგრამ არ დავნებდით და ჯერჯერობით წინ მივიწევთ.
რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვის იქმნება „რექლესის“ კოლექციები?
13-19 წლამდე მოზარდებისთვის. თუმცა, გაყიდვების მიხედვით, განსაკუთრებით ლიდერობენ 15-16 წლის მოზარდები.
მოზარდებს მოსწონთ თქვენი ბრენდი?
ძალიან მოსწონთ. ყველაზე მეტად ეს მიხარია. მართალია, შინაარსს ყოველთვის მეტაფორულად ვაჩვენებთ, მაგრამ მათ ზუსტად ესმით, რაზეც ვსაუბრობთ. მუსიკას თუ ფოტომასალას, რომელსაც ვიყენებთ, სრული სიზუსტით აღიქვამენ და იგებენ. ახალგაზრდები საკმაოდ პრეტენზიულები არიან. რთულია, იყო მათთვის მოდური. ამიტომ ვცდილობთ, პულსი არ გაგვექცეს, მაქსიმალურად მობილიზებულები და ყურადღებიანები ვიყოთ. სოც-პლატფორმებიც, ვფიქრობ, სწორად დავალაგეთ და ალბათ დიდხანს არ გადაიხედება მისი პოლიტიკა.
როგორც ვიცით, „რექლესი“ მხოლოდ ბრენდის ონლაინმაღაზიაში იყიდება. ასეა?
„რექლესი“ ონლაინმაღაზიაა, თუმცა ჩვენი პროდუქცია ასევე, იყიდება მაღაზიებში BAYERS და IERI. ასევე გვაქვს ექსკლუზიურად შექმნილი ნივთები Qari Eleqtric-ისთვის, რომელიც მათ საიტზეა იყიდება. გარდა ამისა, კიევში არის მაღაზია Planet B, სადაც განთავსებულია ჩვენი პროდუქცია. თავიდან სატესტოდ წაიღეს ნივთები და შემდეგ გაგრძელდა ეს თანამშრომლობა.
ექსპორტის მიმართულებით უფრო კონკრეტული გეგმები თუ გაქვთ?
გაგზავნილი გვაქვს ნიმუშები სხვადასხვა ქვეყანაში და კონკრეტული ბაიერების დაინტერესების შემდეგ, უფრო გავაღრმავებთ ექსპორტს, ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს არის. არ გვინდა, მხოლოდ თბილისის მასშტაბებში დავრჩეთ. ძალიან გვაინტერესებს აზიის ბაზარი, რადგან ჩვენი მსგავსი ბრენდები განსაკუთრებით პოპულარულია სამხ. კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში. ეს სტილი ახლოსაა მათთან. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ, ეს ყველაფერი განვახორციელოთ. ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც არის გარკვეული პროგრამები ქართული მოდის მხარდასაჭერად და ამ მხრივაც მოვსინჯავთ ძალებს.
სალომე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, „რექლესის“ გარდა, სხვა საქმიანობაც გაქვთ − „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობთ. როგორ ახერხებთ ამ ორი, საოცრად შრომატევადი საქმის შეთავსებას?
სიმართლე გითხრათ, რთულია ორ საქმეზე კონცენტრირება, მით უმეტეს, რომ „ვისოლი“ და „სმარტი“ დიდი სიახლეებისთვის ემზადება და უამრავი მსხვილი თუ წვრილმანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, სამუშაო დროის განაწილებას ვერანაირად ვერ ვახერხებ. ფაქტობრივად, ჩემი თავისუფალი დროის უდიდესი ნაწილი „რექლესს“ ეთმობა. დიდი გუნდი არ ვართ ამ ეტაპზე და ბევრი საქმეა. ახლა სტაჟიორების აყვანას ვაპირებთ და იმედია, ნელ-ნელა გადავინაწილებთ შრომას.
სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
ვინაიდან საზღვარგარეთ ჩვენი ბრენდის მიმართ ინტერესი იზრდება და გვიჩნდება უცხოურ მაღაზიებში შესვლის შესაძლებლობა, უნდა დავაჩქაროთ ინვესტორების მოძიების პროცესი, რის გარეშე შორს ვერაფრით წავალთ. ამიტომ ჩვენი პირველი და აუცილებელი გეგმა ინვესტიციების მოძიებას უკავშირდება.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ნატა სოფრომაძე, მასუ მწარიაშვილი