17 წლის წინ დასთან, იზაბელა ზანანიანი-დეზირასთან ერთად მეზღვაურთა დასაქმების სააგენტო „პოსეიდონი“ დააარსა და მას შემდეგ, როგორც აღნიშნა, არცერთი დღე არ გაუტარებია საქმიანობის გარეშე, რომელშიც მთელ თავის გულს და ენერგიას დებს. „OK! ბათუმის“ სტუმარი „პოსეიდონის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ანა ზანანიანია, რომელსაც მიაჩნია, რომ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მეზღვაურებისა და გემთმფლობელების მიმართ მათი წარმატებისა და ბაზარზე გრძელვადიანი ლიდერობის საწინდარს წარმოადგენს.
გვიამბეთ „პოსეიდონის“ შექმნისა და განვითარების ეტაპებზე…
2006 წელს, საზღვაო ინდუსტრიაში გამოცდილებით და მეზღვაურებისა და გემთმფლობელების საჭიროებების ცოდნით, გადავწყვიტეთ გაგვეხსნა სააგენტო „პოსეიდონი“, როგორც დამოუკიდებელი და ოფიციალურად რეგისტრირებული საკრუინგო კომპანია. თავიდანვე ჩვენი მისია იყო ეკიპაჟის შერჩევის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება და მეზღვაურებსა და გემთმფლობელებს შორის საიმედო შუამავლად ჩამოყალიბება. ჩვენმა პირველმა პარტნიორმა, ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთმა ცნობილმა ნავთობკომპანიამ, დაგვავალა მათი გემების სპეციალისტების შერჩევა და დასაქმება. ეს ჩვენი შემდგომი ზრდის საწყის წერტილად იქცა. წლების განმავლობაში გავაფართოეთ თანამშრომლობა წამყვან კომპანიებთან არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღეს ვამაყობთ, რომ მეზღვაურებით უზრუნველვყოფთ მსოფლიოს უმსხვილეს გემთმფლობელებს კონტეინერმზიდებზე, ქიმიურ ტანკერებსა და ნედლი ნავთობის ტანკერებზე სამუშაოდ. ჩვენი წარმატება იმ ნდობისა და მაღალი რეპუტაციის შედეგია, რომელიც მოვიპოვეთ მომსახურების ხარისხით, პროფესიონალიზმითა და საიმედოობით. ყოველთვის გვესმოდა, რომ მეზღვაურები ნებისმიერი საზღვაო საქმიანობის საფუძველია. მათი გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე შეუძლებელია გემების უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კვალიფიციური კადრების შერჩევას. ჩვენი სპეციალისტები არიან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ საზღვაო განათლება და გამოცდილება ფლოტში. ისინი არა მხოლოდ ფლობენ საჭირო ცოდნასა და უნარებს, არამედ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს: უსაფრთხოებას, პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმს. ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი მახასიათებელია ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტის მიმართ. ჩვენ გვესმის, რომ გემთმფლობელების საჭიროებები შეიძლება განსხვავდებოდეს გემის ტიპის, მარშრუტებისა და სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით. ჩვენი გუნდი მზადაა იმუშაოს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რათა უზრუნველყოს გემთმფლობელებისთვის ეკიპაჟის შერჩევასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის სწრაფი და ხარისხიანი გადაწყვეტა. წლების განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ გავაფართოეთ ჩვენი თანამშრომლობის გეოგრაფია, არამედ შევქმენით სანდო ურთიერთობების ქსელი ჩვენს კლიენტებსა და მეზღვაურებთან. ვაგრძელებთ განვითარებას და ზრდას, ვაღიარებთ, რომ გლობალური საზღვაო ბაზარი მუდმივად იცვლება და ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები და სწრაფად მოვერგოთ ხოლმე ახალ გამოწვევებს. მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება. ეს არის ჩვენი მაღალი სტანდარტებისადმი ერთგულება და ისეთი მომსახურების გაწევის მისწრაფება, რომელიც აკმაყოფილებს როგორც გემთმფლობელების, ასევე მეზღვაურების საჭიროებებს. ამგვარად, სააგენტო „პოსეიდონმა“, შექმნის მომენტიდან დღემდე, პატარა რეგიონული სააგენტოდან უნაკლო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიამდე გზა გაიარა.
აღნიშნულ ბაზარზე 17-წლიანი მუშაობის პერიოდში რა გამოწვევების გადალახვამ მოგიწიათ იმისთვის, რომ ლიდერებად რჩებოდეთ დღემდე?
საკრუინგო მომსახურების ბაზარზე 17-წლიანი მუშაობის პერიოდში დავძლიეთ მრავალი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან, კულტურულ განსხვავებებთან, სერვისის ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და ისეთ გარე კრიზისებთან, როგორიცაა პანდემია. ყველა ეს გამოწვევა დაგვეხმარა, გავხდეთ უფრო ძლიერები, უფრო მოქნილები და გავაგრძელოთ მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, დავიმსახუროთ ჩვენი მომხმარებლის უწყვეტი ნდობა და პატივისცემა.
რატომ უნდა მიმართონ თქვენს სააგენტოს?
სააგენტო „პოსეიდონში“ მიმართვისას თქვენ ირჩევთ სანდო და მტკიცე პარტნიორს 17-წლიანი გამოცდილებით საკრუინგო ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა მეზღვაურების შერჩევის ხარისხიანი და პროფესიონალური მომსახურების მიწოდება, რასაც ადასტურებს მთელი მსოფლიოს წამყვანი გემთმფლობელების ნდობა. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ჩვენ შევიძინეთ მყარი რეპუტაცია თავისი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლიანობით. მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის ისტორია ადასტურებს, რომ შეგვიძლია მივაწოდოთ მაღალკვალიფიციური პერსონალი ყველაზე რთული და პასუხისმგებელი ამოცანების შესასრულებლად. სააგენტო „პოსეიდონში“ პრიორიტეტს ვანიჭებთ ნდობას, ხარისხსა და დეტალებისადმი ყურადღებას, რაც გვაქცევს ლიდერებად საკრუინგო ბიზნესში. ჩვენთან მომართვისას შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ინტერესები ყოველთვის საიმედო ხელში იქნება.
კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობს „პოსეიდონი“ მომხმარებელს?
სააგენტო „პოსეიდონი“ გთავაზობთ საკრუინგო მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე გემთმფლობელების მოთხოვნებს და ეხმარება მეზღვაურებს ღირსეული სამუშაოს პოვნაში. ჩვენი ძირითადი სერვისები მოიცავს: ეკიპაჟის შერჩევას, მეზღვაურების დასაქმებას, მივლინებების ორგანიზებას, ლოჯისტიკურ და დოკუმენტურ მხარდაჭერას. ასევე, ჩვენი სააგენტო ახორციელებს კონსულტაციებს საზღვაო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ეხმარება მეზღვაურებს გადამზადებაში და დამატებითი ტრენინგების გავლაში ბაზრის ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ ვუწევთ 24/7 მხარდაჭერას როგორც მეზღვაურებს, ასევე გემთმფლობელებს. ასევე, ვმართავთ ადამიანურ რესურსებს. სრულ მხარდაჭერას ვუწევთ მეზღვაურთა კონტრაქტებს, მათ შეცვლასა და განახლებას. აღნიშნული სერვისები საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმისა და ხარისხის მაღალი დონე, რაც ჩვენს მომხმარებელს არწმუნებს იმაში, რომ მათი გემები დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით, რომელიც მზად არის უსაფრთხო და ეფექტური მუშაობისთვის.
გარდა ჩამოთვლილი საქმიანობისა, რა განიჭებთ ჰარმონიასა და სიმშვიდეს?
პროფესიული საქმიანობის გარდა, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნის შესაძლებლობას ჩემთვის ჰარმონია და სიმშვიდე მოაქვს. სამუშაოს გარეთ ვცდილობ ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც მეხმარება ძალების აღდგენასა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებაში. ასევე, ვაფასებ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებთან გატარებულ დროს. ოჯახთან ურთიერთობა, სასიხარულო მომენტები და ურთიერთგაგება მაძლევს ძალას და მახსენებს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარიერული მიზნების მიღწევა, არამედ ჩვენი ცხოვრების ძვირფას ადამიანებთან ყოფნა. კითხვა და თვითგანათლება ჰარმონიის შეძენის კიდევ ერთი გზაა.
ბათუმი ძლიერი საზღვაო ტრადიციების მქონე ქალაქია. როგორი განცდაა, როცა ცდილობ წვლილი შეიტანოთ მის განვითარებაში?
ამ ქალაქს ღრმა კავშირი აქვს ზღვასთან და საკრუინგო ბიზნესში მუშაობა ნიშნავს არა მხოლოდ მომსახურების გაწევას, არამედ ამ საზღვაო კულტურის განვითარებაში მონაწილეობას. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მეზღვაურების წვლილი ქალაქის ეკონომიკასა და ცხოვრებაში და ვგრძნობთ ამ ტრადიციების მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას. ჩვენთვის ამ ტრადიციების ნაწილად ყოფნა არა მხოლოდ პატივია, არამედ შესაძლებლობა, დავტოვოთ ჩვენი კვალი ბათუმის ისტორიაში. აქტიურად ვმუშაობთ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქალაქი და რეგიონი საერთაშორისო ასპარეზზე ხარისხიანი სერვისებითა და საიმედოობით. საზღვაო ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანით ჩვენ ვეხმარებით ბათუმს, შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი საზღვაო ცენტრის სტატუსი და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს მეზღვაურთა მომავალი თაობებისთვის.
გუნდური მუშაობის ძალა…
სააგენტო „პოსეიდონის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. როდესაც მეზღვაურები ჩვენთან 17 წელს რჩებიან, ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, გრძელვადიანი თანამშრომლობა. ეს ადასტურებს ნდობას, პატივისცემას და ურთიერთგაგებას, რომელიც ჩვენ დავამყარეთ ამ წლების განმავლობაში. მათი დადებითი გამოხმაურება არ არის მხოლოდ ჩვენი შრომის აღიარება, ეს არის დადასტურება იმისა, რომ სწორად ვასრულებთ ჩვენს მისიას, მხარს ვუჭერთ და ვუქმნით პირობებს პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. საზღვაო ინდუსტრიაში დაუღალავი სამსახური ნიშნავს ყოველდღიურად სრული თავდადებით მუშაობას, იმის გაგებას, რომ ყველა დეტალი, ყველა სიტუაცია მოითხოვს ყურადღებას და პასუხისმგებლობას. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ პროფესია, ეს მოწოდებაა. გუნდური მუშაობა ნიშნავს იმას, რომ გუნდის თითოეული წევრი, იქნება ეს სააგენტოს თანამშრომელი თუ მეზღვაური, გრძნობს თავის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. გვაერთიანებს საერთო მიზანი და გვჯერა, რომ ჩვენი წარმატება მხოლოდ თანამშრომლობით, ურთიერთდახმარებითა და ერთმანეთის პატივისცემით არის შესაძლებელი.