ინტერვიუზე როცა მივდივარ, ყოველთვის ვნერვიულობ ხოლმე, ამ გრძნობას რვა წელია ვერაფერი მოვუხერხე…. თანაც ამჯერად ჟურნალისტის, ნანა ჯაფარიძის შვილთან მივდიოდი სტუმრად, რომელიც ნოვატორი და პროფესიონალი იყო თავის საქმეში და ეს ფაქტი ორმაგ პასუხისმგებლობას იწვევდა ჩემში. თუმცა, ჭიშკარი რომ გაიღო, თანაც ჩემს საყვარელ უბანში, ვერას ვგულისხმობ, სადაც დავიბადე და ჩემ წინ ულამაზესი ეზო გადაიშალა, საოცარი ადამიანებით სავსე, მივხვდი, რომ აქ ნერვიულობა არ ღირს – იმდენად ბუნებრივი, ჯანსაღი და სიყვარულით სავსე გარემო დამხვდა… სახლში რომ შევედი, ყველა დეტალი თვითონ ჰყვებოდა ოჯახზე, რომლისთვისაც ეს ქუჩა, ეს ქალაქი, ერთმანეთი და ჩვენი ხალხი – ყველაფერი ძვირფასია… სადაც კედლები სიყვარულით არის გაჟღენთილი და მრავალწლოვანი ფიჭვებიც იმ ისტორიის დარაჯად დგანან, რაც ექვსმა თაობამ დაწერა სახლში, რომელსაც რომ უყურებ – შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს სახლი არის როგორც ციხესიმაგრე იმ ოჯახის, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა ყოველთვის იყო, არის და იქნება – ოჯახი, სამშობლო, ადამიანი… მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუს ნანა ჯაფარიძის შვილთან, ბიზნესმენ ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილსა და მის დიდ ოჯახთან: ელიჩკა ნადარეიშვილთან, ნანკა და კირა გვარიშვილებსა და ბუბა ჭოღოშვილთან… და მოგიყვებით ქართულ-აფხაზური სიყვარულის ამბავს იმ რწმენით, რომ სიყვარულია მხოლოდ მშობელი ერთიანობის…
ბატონო ალექსანდრე, ოჯახი, სადაც გაიზარდეთ… მამა, მამუკა გვარიშვილი და დედა – ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტი, ნანა ჯაფარიძე, რომელმაც პირველმა შესთავაზა მაყურებელს თოქ-შოუს ფორმატის გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მამუკა არეშიძესთან ერთად. ეს სრულიად ახალი სიტყვა იყო ქართულ სატელევიზიო სივრცეში… რამდენად ახერხებდა დედა, ყოფილიყო პროფესიონალი თავის საქმეში და ამასთანავე, ყურადღება არ მოეკლო თქვენთვის, ოჯახისთვის…
ალექსანდრე (ბაკუნა): დედა ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი იყო. თანაბრად შეეძლო ყოფილიყო ჩართული, როგორც ოჯახურ საქმიანობაში, ისე სამსახურში. შვილებისთვის დრო არასდროს მოუკლია, რადგან ოჯახი იყო მის ცხოვრებაში მთავარი ფასეულობა. კარგად მახსოვს დედას გადაცემა, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა ხოლმე… მამაჩემი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ და მიუხედავად მისი ძალიან დაკავებული რეჟიმისა, ისიც ყოველთვის ახერხებდა ჩვენთან ყოფნას. ამ სახლში ერთად 4 თაობა ვცხოვრობდით: მე და ჩემი და, ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა და დიდი ბებია-დიდი ბაბუა – ყველას ყოველთვის გვეცალა ერთმანეთისთვის, რადგან ოჯახის ყველა წევრისთვის ოჯახის სიმტკიცე ყოველთვის იყო ამოსავალი ღირებულება.
ასეთ დიდ და სამაგალითო ოჯახში გაიზარდეთ, რა ისწავლეთ ყველაზე მთავარი თქვენი წინაპრებისგან?
იცით, როგორ ოჯახში გავიზარდე? სადაც ადამიანის ყველაზე კარგი დახასიათება იყო: „ისეთი პატიოსანი ადამიანია, რომ უჭირს“-ო. სიმდიდრე უხერხულობად და ნაკლად მიიჩნეოდა… ისიც კარგად მახსოვს, პირველი ჯარი რომ იქმნებოდა, ჩემი ოჯახის ყველა წევრმა და ახლობელმა როგორ გაიღო თავისი ძვირფასეულობა იმისთვის, რომ სამშობლოს უკეთეს მომავალში, მშვიდობასა და კეთილდღეობაში ჩაედოთ. შესაბამისად, მეც ეს ორი რამ ვისწავლე: ადამიანი მხოლოდ თავისი ღირსებით უნდა შეაფასო და სამშობლო უანგაროდ გიყვარდეს. სამწუხაროდ, დღეს პატრიოტიზმი ისეთი გაცვეთილი სიტყვა გახდა, რომ ამაზე საუბარიც არ მინდა… მაგრამ ერთ რამეს გეტყვით – არც შენი სამშობლო და არც ადამიანი ჭირში არ უნდა მიატოვო, ასე გამზარდეს და სხვანაირად ცხოვრება, უბრალოდ, არც ვიცი…
ოჯახი არის თქვენი ციხესიმაგრე?
ალექსანდრე (ბაკუნა): თითქმის ნახევარი საუკუნის ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრება არ შედგება თეთრისა და შავისგან და უმეტესობა ნაცრისფერია, მაგრამ ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის, რომ რაც შეიძლება მეტი სინათლე და სითეთრე იყოს ამ ცხოვრებაში. ადამიანი ადამიანისთვის უნდა იყოს დასაყრდენი, უნდა გჯეროდეს მისი. როცა ადამიანის რწმენას კარგავ, მერე ძალიან რთულია ცხოვრება. ჩემი რწმენაც და ჩემი დასაყრდენიც ოჯახია, რომელიც მაძლევს ძალასა და მოტივაციას.
მე ვერაზე დავიბადე და გავიზარდე, იმ თბილისში, სადაც ქურთიც, ებრაელიც, რუსიც, აისორიც, სომეხიც და ქართველიც ერთად ცხოვრობდა და არასდროს ეროვნული ნიშნით არ ვარჩევდით ერთმანეთს. ქალს რომ დავინახავდით, ფეხზე წამოვდგებოდით და უფროსთან სიგარეტის მოწევას ვერ ვბედავდით… აი, ამას უნდა გადარჩენა და ამას უნდა მოფრთხილება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთად თანაცხოვრება ისევ შევძლოთ, ჩვენი შვილების, ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის.
ძალიან საინტერესო გაგრძელება აქვს თქვენს ოჯახს: ქართულ-აფხაზური ოჯახი შექმენით… ელიჩკა, რამდენად რთული აღმოჩნდა სახლის დატოვება?
(ელიჩკა): ბაბუაც და დედაც აფხაზები არიან. მეც სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ბაბუაჩემი, გოგი ალანი სულ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და ომი რომ დაიწყო, არ დატოვა იქაურობა. მახსოვს, როცა სოხუმი აიღეს და თვითონ ჩვენს აგარაკზე, მერხეულში შეაფარა თავი – იქაურობა სულ ქართველებით იყო სავსე – ყველა გადაარჩინა, უკანა ოთახში დამალა მთელი სოფელი. შემდეგ ისინი ჩუმად გადმოვიდნენ სვანეთიდან. ბაბუა არ დაბრუნდა… სიცოცხლის ბოლო წუთამდე ყურსასმენებში გონაშვილს უსმენდა – ძალიან უყვარდა საქართველო.
ბავშვობიდან განებივრებული და უზრუნველი თბილისში რომ წამოვედით მე და ჩემი დები, გვეგონა, ორ კვირაში უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ ვეღარ დავბრუნდით. მერე გავიცანი ბაკუნა, მალევე ვიქორწინეთ და მალევე წავიდა ბაკუნა აფხაზეთში საომრად. მახსოვს, როგორი რთული დღეები გავიარე, როცა ყოველ წამს მეგონა, რომ ცუდ ამბავს მეტყოდნენ… სამშობლო უანგაროდ უნდა გიყვარდესო, თქვა ბაკუნამ და მართლა ასეა, ჩვენი ლონდონში წასვლაც და უკან დაბრუნებაც ამას ემსახურებოდა…
ალექსანდრე (ბაკუნა): ინგლისში რომ წავედით, მე ინგლისური არ ვიცოდი, გერმანულენოვან სკოლაში ვსწავლობდი… მახსოვს, ელიჩკას უდიდესი ძალისხმევა, დღეში მინიმუმ 80 სიტყვას რომ მასწავლიდა… რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ერთმანეთით…
(ელიჩკა): არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდით საქართველოში, ყოველ ჯერზე მეშინოდა, რომ ბაკუნა უკან აღარ გამომყვებოდა – ძალიან ენატრებოდა საქართველო… სწავლა რომ დავასრულეთ, დავბრუნდით კიდეც, იმიტომ, რომ მას ყოველთვის უნდოდა თავისი ქვეყნისთვის დაეხარჯა ყველანაირი ცოდნაც და ძალისხმევაც. მერე მის ცხოვრებაში იყო თანამდებობებიც, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ბიზნესის მიმართულებით ეკეთებინა ისეთი საქმე, რაც მის ქვეყანასა და ხალხს გამოადგებოდა. ზუსტად ამიტომ აირჩია სოფლის მეურნეობის სფეროც – მარნეულში მიწების უცხოელებისგან გამოსყიდვა დაიწყო და ნუშის ბაღები გააშენა, სადაც ადგილობრივები დაასაქმა. თავისი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა რომ უნდა, ამიტომაც ყიდულობს ისტორიულ შენობებს, უტარებს რეაბილიტაციას და მათ ახალ სიცოცხლეს, ახალ დანიშნულებას სძენს; მუსიკალური ინდუსტრიითაც იმიტომ დაინტერესდა, რომ სურს უნიჭიერესი, ხელოვანი ხალხი ჩვენს ქვეყანაში უფრო დაფასდეს… ბაკუნას ძალიან უნდა, რომ საქართველო კრეატიული ინდუსტრიის ჰაბი გახდეს რეგიონში და ამ მიმართულებითაც ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს. და იცით, რა არის მთავარი მოტივაცია, რაც ამ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებს აერთიანებს? სურვილი იმისა, რომ საქართველო გახადოს უკეთესი, რომ გარშემო მყოფების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. იმიტომ, რომ მას არ შეუძლია ბედნიერი იყოს, თუკი გარშემო მყოფებს რაიმე უჭირთ… ხანდახან ისეც ხდება, რომ დაპირისპირებული ძალები წესების გარეშე იბრძვიან, მაგრამ ამასაც არ შეუშინდა, რადგან შუა გზაში საქმის მიტოვება მისი ხასიათი არ არის…
წესების გარეშე ბრძოლა ახსენეთ და საავტორო უფლებების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გამახსენდა, როცა ალექსანდრეს ისიც კი დააბრალეს, რუსული ინტერესების გამტარებელიაო – ეს გულისტკენა იგულისხმეთ?
(ელიჩკა): დიახ, სამწუხაროდ, ეს სფერო აღმოჩნდა ისეთი, სადაც ყველანაირი მორალი და ეთიკა დაირღვა და კონკურენტი კომპანიის ხელმძღვანელმა ისეთი რამ დააბრალა ჩვენს ოჯახს, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩვენთვის. მე რუსებმა გამომაგდეს ჩემი სახლიდან და ჩემი ქმარი მათ წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთში. იბრძოდა იმისთვის, რომ ჩემი სახლი დაებრუნებინა… ეს ტკივილი ჩვენმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოიარა და ამ დროს ვიღაც ასეთ რამეს რომ დაგაბრალებს, ძალიან რთულია… მიუხედავად ამისა, ბაკუნამ არ მიატოვა თავისი მეგობრები და ბოლომდე ჩაება ამ ბრძოლაში.
ალექსანდრე (ბაკუნა): სიმართლე გითხრათ, ჩემი ამ სფეროთი დაინტერესება სულ შემთხვევით მოხდა, ჩვენმა მეგობრებმა დააფუძნეს ორგანიზაცია „გერა“, რომელსაც მათი სიყვარულის გამო დავუდექი გვერდში. გზადაგზა ბევრი სირთულე და უსამართლობა აღმოვაჩინე საავტორო უფლებების სფეროში, მაგრამ ნელ-ნელა მგონი სწორ რელსებზე დავაყენებთ ამ სფეროს. ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ,რომ მუსიკოსებს მნიშვნელოვნად გავუუმჯობესეთ ფინანსური მდგობარეობა. საკანონმდებლო ბაზაც შეიცვალა, ცოტა ხანში იქნება აკრედიტაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რეალურ შედეგს დაანახვებს მუსიკოსებს. ჩემი მიზანი ისაა, რომ ეს სფერო კანონიერ ჩარჩოებში მოექცეს, იყოს გამჭვირვალე და იმ ადამიანების უფლებები არ დაირღვეს, რომელთა ჰონორარებიც წლების განმავლობაში იკარგებოდა და არავინ იცოდა, სად მიდიოდა ან საერთოდ, როგორ ითვლებოდა…
ორი შვილიდან ერთ-ერთი ბებიის სახელს ატარებს, ნანკა თუ ჰგავს ბებიას და კირაზეც რომ მოგვიყვეთ…
(ელიჩკა): ნანკა ხასიათით ძალიან ჰგავს ბებიამისს – საოცრად შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია. ყველა მიზნის მიღწევას დამოუკიდებლად ცდილობს და კიდევაც ყოველთვის აღწევს… ახლა უკვე ორნი არიან და თავის ქმართან, ბუბასთან ერთად საკუთარი ხელებით შეუდგნენ სახლის შენებას, რომელიც ისევ მის ბავშვობასა და მის ისტორიასთან არის დაკავშირებული – ამიტომაც ძალიან ეძვირფასება… კირასა და ნანკას შორის სხვაობა 17 წელია… ნანკა რომ გაგვიჩნდა, მე და ბაკუნაც პატარები ვიყავით. შეიძლება ითქვას, რომ ერთად გავიზარდეთ… კირამ, რომელიც ახლა 8 წლისაა, კიდევ უფრო სხვა სიმშვიდე შემოიტანა სახლში. ძალიან ორგანიზებული, მოწესრიგებული, მშვიდი და მიზანდასახული ადამიანია. ნანკას დედობამ ბევრი რამ მასწავლა კირასთან ურთიერთობაშიც… თუმცა ორივეს განსხვავებული ხასიათი აქვს: თუკი ნანკას შემთხვევაში ვიცოდით, რომ ხელოვნებისკენ წავიდოდა, რადგან ამ სფეროს მიმართ ინტერესს ბავშვობიდან ავლენდა, კირას უნდა, რომ მეცნიერი ან ექიმი გამოვიდეს… მისთვის ნანკა არის ყველაფერში სამაგალითო.
ნანკა, დღეს თითქოს ღირებულებები გაიცვითა და გაუფასურდა, თუ გრძნობ შენს წილ პასუხისმგებლობას შენი ოჯახის, შენი ფესვების მიმართ?
(ნანკა): ვინც მიცნობს, ყველა იცის, რამდენად სერიოზულად ვუყურებ ამ თემას. ყველა ისტორია და ლეგენდა ვიცი, რაც ჩვენს ოჯახსა და ჩვენს გვარს უკავშირდება. როგორც ბაბუა მიყვებოდა: ჩვენი გვარი სვანეთიდან მოდის – დადეშქელიანები ვართ – დიდგვაროვნებს რომ დევნიდნენ, მაშინ გვარის გადაკეთება მოგვიწია და ჩემმა დიდმა ბაბუამ: „კაი გვარისშვილი ვარ და ასე ჩაწერეთო“… მერე „კაი“ ჩამოგვშორდა და გვარიშვილები დავრჩით… როგორ შეიძლება ამ ადამიანების მიმართ, ჩემი წინაპრებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა არ ვიგრძნო? ჩემს თაობაში ბევრი რამ განელდა და ბევრი რამეც გაუფასურდა, მაგრამ ჩემთვის ოჯახი არის ხელშეუხებელი… სულ ვუყურებდი ბაბუაჩემის ამხელა სიყვარულს ბებიაჩემის მიმართ და მის მუდმივ აღფრთოვანებას ამ ქალით… დედაჩემისა და მამაჩემის შემყურე გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ორ ადამიანს უყვარდეს ერთმანეთი ბავშვურად, გულწრფელად და აღტაცებით 30 წლის მერეც… ამ სიყვარულით გავიზარდე და, ბუნებრივია, ჩემს ოჯახში მე რაც არ მინახავს, ის ჩემთვის არის მიუღებელი.
ამბობენ, მამას და გოგო შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთო, თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
(ნანკა): მამაჩემი ჩემი სიამაყეა და საოცარი დასაყრდენი, ახლა უკვე ჩემი მეუღლე – ბუბაც… ძალიან ბევრი ვეცადე, რომ მამაჩემი გამხდარიყო ნანკას მამა და გახდა – იმიტომ, რომ სულ მინდოდა ჩემით ეამაყა. ბაკუნა არის ადამიანი, რომელიც ყველას მეგობარია, ყველას გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვს. 50 წლის ხდება და მგონია, რომ 150 წლის ცხოვრება აქვს გავლილი – არასდროს არ ისვენებს და არ ჩერდება. მისთვის მთავარი ფასეულობა არის ოჯახი. ალბათ, ამიტომაცაა ასეთი ძლიერი ადამიანი. ხშირად მაოცებს მამაჩემი – იმდენად უშუალო და იმდენად ჩვეულებრივია ეს არაჩვეულებრივი ადამიანი…
ბუბა, რთულია სახლში ორი მსახიობი? რამდენად უზიარებთ ხოლმე ერთმანეთს გამოცდილებას, შენიშვნებს…
რთული არ არის, უბრალოდ, ერთად თუ არ ვთამაშობთ, სულ ერთმანეთს ვეძებთ ან სცენაზე, ან დარბაზში. მე ყოველთვის ყველა დეტალს ვინიშნავ ხოლმე, ნანკა სად იყო გადასარევი, სად რა როგორ თქვა და ვუზიარებ, ასეა, თვითონაც.
ოჯახის ყველაზე პატარა წევრი კირა გვარიშვილი
უყვარს: ოჯახის გარემოში ყოფნა
არის: ძალიან მიზანდასახული, მოწესრიგებული, ჭკვიანი და მშვიდი
აინტერესებს: მეცნიერება და მედიცინა
მისაბაძი ადამიანი: ნანკა, უფროსი და
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: მარიამ გაბედავა