ხუთი წლის წინ, როდესაც ანი იარალიშვილი პროფესიას ირჩევდა, დიდ ბრიტანეთში სწავლა გადაწყვიტა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, გაამართლებდა თუ არა ეს ქვეყანა მის მოლოდინს და შეძლებდა თუ არა საკუთარი თავის პოვნას. მალევე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – ერთი წლის ვადით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა. 21 წლის გოგონასთვის საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, თუმცა თავი შესანიშნავად გაართვა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მიზანი საშუალებას ამართლებს. დღეს კვლავ განაგრძობს სწავლას, არ უშინდება გამოწვევებს და ფიქრობს, რომ ეს გრძელი გზა მიიყვანს იქ, სადაც ყველაზე დიდი მიზანია.
(ანი იარალიშვილი): ვფიქრობ, დღეს ქართველი ქალი ბევრად უფრო ძლიერი და მიზანდასახულია. ეს, ალბათ, იმან განაპირობა, რომ ქალებმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეს. როდესაც გჯერა და მიზნისკენ მიისწრაფვი, შეუძლებელი არაფერია. სწორედ ჩემი მიზნებია ჩემი მთავარი მოტივატორიც.
ქალებს კი ვეტყოდი, რაოდენ ბანალურიც უნდა იყოს, არასდროს დანებდნენ და მიჰყვნენ თავიანთ მიზნებს.
ანი, რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საზღვრებს გარეთ სწავლა გადაწყვიტეთ?
ეს გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა. სკოლის პერიოდში ხშირად მიწევდა სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა. აღნიშნულმა გამოცდილებამ კარგად დამანახა, თუ როგორი განსხვავებული იყო განათლების სისტემა საზღვარგარეთ. ვგულისხმობ, განათლების გაცემა-მიღების პროცესს, რომელიც მთლიანადაა ორიენტირებული სტუდენტსა და კონკრეტული ცოდნის მიღებაზე.
დიდი ბრიტანეთი
13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი დიდ ბრიტანეთში სასწავლო პროგრამით. დღემდე მახსოვს ის ემოციები. სწორედ მაშინ დავისახე მიზნად, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ დიდი ბრიტანეთი იქნებოდა ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სწავლას გავაგრძელებდი. ასეც მოხდა, 2019 წელს ლონდონში სასწავლებლად ჩამოვედი – ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება.
ახალი ქვეყანა ახალ შესაძლებლობებს გაძლევს და ახალი ცხოვრების სტილს გთავაზობს. დიდმა ბრიტანეთმა ჩემი მოლოდინები, რა თქმა უნდა, გაამართლა, ამ ქვეყანამ მასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და მომცა საშუალება, უფრო კარგად გამეცნო ჩემი თავი. აქ შევძელი საკუთარი თავის პოვნა.
ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ დავრწმუნდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს, შეუძლებელი არაფერია და რაც გულით გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ.
მნიშვნელოვანი წარმატება – ახალგაზრდა ელჩი
2021 წელს მივიღე მონაწილეობა საკონკურსო პროექტში „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და ერთი წლის ვადით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გავხდი.
აღნიშნულ პროექტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით 2018 წლიდან ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდა ელჩებს“ შესაძლებლობა ეძლევათ, მათ თანატოლ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს მიაწოდონ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს დიდ ბრიტანეთში ნდობის გამოცხადებისა და გვერდში დგომისთვის. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი და ჩემი წვლილიც შემეტანა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში.
ეს ყველაფერი დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, ვინაიდან 21 წლის ასაკში მომიწია ასეთ საპასუხისმგებლო საქმესთან შეჭიდებამ. ამ პროექტმა კიდევ უფრო გამზარდა და უდიდესი გამოცდილება მომცა.
ზოგადად, მსგავსი პროექტები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმიანობებში.
დღეს…
წელს ვამთავრებ ბაკალავრიატს, შესაბამისად, მხოლოდ სწავლით ვარ დაკავებული. განსაკუთრებულად დატვირთული რეჟიმი მაქვს.
დღის განმავლობაში უნივერსიტეტში ვარ, ლექციების დასრულების შემდეგ მთელ დროს მეცადინეობას ვუთმობ. ასეთ დატვირთულ რეჟიმში დროის სწორად გადანაწილება ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ყველაფერი მოასწრო.
რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვისაც საზღვრებს გარეთ სწავლის გაგრძელება სურთ?
ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ საზღვრებს გარეთ სწავლა დაუვიწყარი გამოცდილებაა. გახსოვდეთ, რომ წარმატება მარტივად არ მოდის, ის დიდი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია. მიზნის მისაღწევად გამოიყენეთ ყველა გზა და რესურსი. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, ცხოვრებისგან ერთი „არა“დასასრულს არ ნიშნავს. უდიდესი შემართება და შრომა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და ყველაფერი დაგიფასდებათ.
სამომავლო გეგმები…
სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს. ამ ეტაპზე გეტყვით, რომ წელს, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვაპირებ. გრძელვადიან გეგმებს კი მოგვიანებით გაგანდობთ.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: Labelle London