„მიყვარს ბათუმის სული, ენერგეტიკა, ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელი, ზღვიდან მონაბერი ნიავი, საოცარი აისები და დაისები, ბევრი კომპონენტის ერთიანობაა ბათუმი, რაც ჩემში მაგიურ განწყობას ქმნის“
მაშინ, როცა სურს ახლებური ენერგიით, პოზიტივითა და შემართებით განაგრძოს ცხოვრება, რამდენიმე დღით უბრუნდება მშობლიურ ბათუმს და უკან იტოვებს ყველა სიმუქეს, მიაჩნია, რომ ბათუმი არა მარტო მისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის ერთგვარი თერაპიაა, ის ადგილია, რომელიც სულს კურნავს. ბავშვობიდანვე სურდა ისეთი პროფესია აერჩია, რომლითაც ადამიანების დახმარებას შეძლებდა, შესაბამისად, როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე ბევრი არ უფიქრია. სასიამოვნო განცდა ეუფლება, რომ დღემდე ბავშვური ღირებულებების ერთგული დარჩა, როგორც წარსულში, აწმყოშიც სჯერა ადამიანების სამართლიანობის, თანადგომის, სიკეთისა და სიყვარულის. რომელმა გახმაურებულმა საქმემ შესძინა დიდი გამოცდილება. რომელ ციხეზე გაიცნო მომავალი მეუღლე და რომელია ის დამატებითი პროფესია, რითაც მომავალში ასევე აპირებს წარმატებით მუშაობას – OK! ბათუმის სტუმარი ახალგაზრდა, წარმატებული ადვოკატი მია ზოიძეა.
ბათუმური ემოციები რომლებიც დღემდე გათბობთ…
ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე, სადაც ამჟამად ჩემი მშობლები ცხოვრობენ. ამავე ქუჩაზე, მეექვსე სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომ, მთელი ბავშვობა ბულვარში მაქვს გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების ბავშვობა მქონდა, ქაოსი მაინც არ იგრძნობოდა, რადგან ამ ქალაქში ყოველთვის იყო ფერად ემოციებთან წილნაყარი ზღვა, თაკარა მზე და განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობები. მახსოვს, ბავშვობაში წავიკითხე ასეთი წიგნი, გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“ და მას შემდეგ მგონია, რომ ჩვენი ბათუმი და ბავშვობა სწორედ ამ პატარა ქალაქის ფერადი და ჯადოსნური ზღაპრებია. ამ ქალაქში ყველაფერი მიყვარს, ყველა ის ემოცია, რაც მაშინ მქონდა, დღემდე მათბობს. დღეს უკვე, როცა თბილისში ვცხოვრობ, რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, მაქვს განცდა, რომ ბათუმში უნდა დავბრუნდე, აქ უნდა გავაანალიზო და მერე ყველაფერი მოგვარდება. ბათუმი არის ადგილი სადაც ვიწყებ „რესტარტს“ ყველა რთულ სიტუაციაში და ვიღებ რესურსს. მიყვარს ბათუმის სული, ენერგეტიკა, ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელი, ზღვიდან მონაბერი ნიავი, საოცარი აისები და დაისები, ბევრი კომპონენტის ერთიანობაა ბათუმი, რაც ჩემში მაგიურ განწყობას ქმნის. ბათუმს აქვს რესურსი არა მარტო ბათუმელებს, არამედ ნებისმიერ მის სტუმარს მისცეს ის ენერგია, რაც მას სჭირდება, ბათუმი ერთგვარი თერაპიაა.
პროფესიად იურისტობა აირჩიეთ, დღეს რამდენად თვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?
ორი პროფესია მაქვს, ვარ იურისტი, რომლითაც უფრო ფართო საზოგადოება მიცნობს, თუმცა ასევე ვარ ფსიქოლოგი და მომავალში მექნება ფსიქოთერაპევტის სტატუსი. ორივე პროფესია სრულიად გააზრებულად ავირჩიე, ძალიან იდეალისტური მიზანი მქონდა, დავხმარებოდი ადამიანებს. მოგვიანებით მივხვდი, რომ ცოტა რთულია ამ იდეალით იყო აღნიშნულ პროფესიაში, მაგრამ მგონია, რომ საბოლოოდ ბავშვური ღირებულების ერთგული დავრჩი და ალბათ ჩემი უპირატესობაც ეს არის, ბავშვურად მჯერა სამართლიანობის, მჯერა ადამიანების დახმარების, ერთმანეთისთვის ხელის გაწვდის. ეს არის ძირითადი ძრავი, რაც დღემდე მოტივაციას მაძლევს. თუ არ გიყვარს შენი პროფესია, ადამიანები, ვერ შეძლებ გაუმკლავდე გამოწვევებს, ხელი არ ჩაიქნიო და ბოლომდე გაჰყვე იმ რთულ პროცესებს, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში ეჯახები.
იყო ადვოკატი, ნიშნავს…
ძალიან რთული და ამავდროულად ძალიან კეთილშობილური საქმეა. იურიდიულ კონსულტანტთან ერთად, ხშირად ადამიანებისთვის, რომლებიც მოგმართავენ, ხარ ფსიქოთერაპევტიც, მეგობარიც, დამცველიც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იყო ამ საქმის ერთგული, რადგან მარტო ხელშეკრულებით გაწერილი გარკვეული ქმედებების გაწევა არ არის საკმარისი, ეს არის ორი ადამიანის ურთიერთნდობაზე დამყარებული კავშირი. ხშირად ისინი, როგორც ოჯახის წევრს ისე აღგიქვამენ, აი მაგალითად, როდესაც ციხეში შედიხარ ადამიანებთან, რომლებსაც კონტაქტი არ აქვთ, ან შეზღუდული აქვთ ოჯახის წევრებთან, მათთვის ერთადერთი ხარ, რომელსაც გარესამყაროდან ინფორმაცია მიგაქვს. ასეთ დროს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ ფაქტორს, იმას თუ როგორ შეგიძლია გვერდით დაუდგე, გაუგო, თანაუგრძნო…
რა თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ დამკვეთი გენდოს…
მჯერა, მაშინაც კი, როცა ადამიანს მწირი განათლება აქვს, ზუსტად გრძნობს სხვა ადამიანს, მის დამოკიდებულებას და იმას, შეიძლება ენდოს თუ არა. ზუსტად გრძნობს ხარ მისი მხარდამჭერი, თუ არ ხარ და შენთვის ეს არის მორიგი საქმე. ძალიან ხშირად რაღაც საქმეებზე ღამეები არ მძინავს ხოლმე, გულთან მიმაქვს თითოეული ადამიანის სატკივარი. შესაბამისად, ისინი გრძნობენ ამ გულწრფელობას და უჩნდებათ ნდობა, რომელიც უპირველესია ნებისმიერ პროფესიაში.
ყველა ადვოკატს აქვს გამორჩეული საქმე, რომელმაც დიდი გამოცდილება შემატა, რომელიც განსაკუთრებულია თავისი სიმძაფრით…
ასეთი ე.წ. ციანიდის საქმეა, რომლის ადვოკატები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ადამიანური თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან კომპლექსური და რთული საქმე იყო. ამ საქმის იურიდიულ დეტალებზე ძალიან ბევრი თქმულა, მე ემოციური კუთხიდან შევეხები. გიორგი მამალაძეს ბავშვობიდან ვიცნობდი, შემდეგ ის ჩემი სახლის წინ მდებარე ბარბარეს ტაძრის წინამძღოლი იყო. მაშინ, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, არაერთმა ადვოკატმა უარი თქვა მის დაცვაზე, იმიტომ რომ ბრალდება, რომელსაც მას უყენებდნენ ძალიან მძიმე იყო, შესაბამისად, მათ შეეშინდათ საზოგადოების რეაქციის, რომელიც არაერთგვაროვანი იყო. მე და გიორგი დავთანხმდით და დავიწყეთ ბრძოლა, ჩვენ გვჯეროდა და დღესაც გვჯერა გიორგი მამალაძის უდანაშაულობის. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რთულ ბრძოლაში ჩავებით. აღნიშნულმა საქმემ დიდი ადამიანური გამოცდილება მოგვცა, არაერთ საკითხთან მოგვიწია შეხება, მათ შორის ძალიან ცუდთანაც. ძალიან დიდი აგრესია, აკრძალული მეთოდებით ბრძოლა, ძალიან ბევრი ცილისწამება წამოვიდა ჩვენი მისამართით. თუმცა, ამ ყველაფერმა გამაძლიერა, ძალიან გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც პროფესიონალი.
სამართალი და სამართლიანობა…
სამართალი და სამართლიანობა, სამწუხაროდ, არ არის იდენტური ცნებები, რადგან წარმოუდგენელია ბოლომდე სამართლიანი იყოს სამართალი, ვფიქრობ არ აქვს ამის რესურსი. დემოკრატიული ქვეყნები იმით განსხვავდება არადემოკრატიულისგან, რომ პირველ შემთხვევაში რაც შეიძლება მაქსიმალურად დაახლოებულია სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთთან. ვფიქრობ ერთ ადამიანსაც შეუძლია თავისი წილი აგური დადოს სამართლიანობის შენებაში და თუკი ასეთი ბევრი ადამიანი იქნება ირგვლივ, საერთო ჯამში რაღაც მნიშვნელოვანი აუცილებლად შეიქმნება.
სასამართლო პროცესებზე ხშირად გხედავენ შვილთან ერთად…
კონსტანტინე უკვე წლინახევრისაა. მთელი ფეხმძიმობის პერიოდში, შეიძლება ითქვას, სასამართლო სხდომებზე აქვს გატარებული, ლამის მშობიარობის დღემდე ვმუშაობდი. ახლა უკვე ყველგან თან დამყავს. როდესაც მე შევდივარ პროცესზე, სასამართლოს ეზოში მამასთან ერთად მელოდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მგონი ყველა იცნობს. ასევე ერთად დავდივართ პოლიციაში, სხვადასხვა დაწესებულებებში, ტელევიზიებში და ა.შ. უარი ვთქვი ძიძის დახმარებაზე, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ მხოლოდ ჩვენ გავმკლავებოდით მის აღზრდას, რადგან ვთვლი, რომ პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედასთან სიახლოვე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ხშირად ვყოფილვარ კრიტიკის ობიექტი, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორედ მოვიქეცი, რადგან არაფერია შვილის და მშობლის ერთმანეთთან გატარებულ წუთებზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი.
თქვენი მეუღლე, გიორგი ფანცულაიაც იურისტია, რას ნიშნავს ერთი პროფესიის ადამიანების თანაცხოვრება…
დავიწყებ იმით, რომ ჩვენი გაცნობა ცოტა კურიოზულად მოხდა, გლდანის ციხეში შევხვდით და იქიდან დაიწყო ყველაფერი… ერთი პროფესია გვაქვს, ამიტომ, კარგად ვიცით რამხელა შრომაა ამ საქმიანობის უკან, ვიცით რატომ არ გვაქვს დრო, სად ვართ, რატომ ვართ, რა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, შესაბამისად, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა და ბედნიერი ვარ, რომ ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ.
საკუთარი თავისთვის დათმობილი დრო…
შვილის დაბადების შემდეგ რთულია საკუთარ თავს დიდი დრო დაუთმო, თუმცა, ვთვლი, რომ სწავლა სიბერემდეა, ეს მემკვიდრეობით ჩემი მშობლებისგან მერგო, პედაგოგები არიან, დღემდე სწავლობენ, ასწავლიან და მაძლევენ მაგალითს. ამჟამად ფსიქოთერაპიის ოთხწლიან პროგრამაზე ვსწავლობ, დამამთავრებელ კურსზე ვარ. ფსიქოლოგია ჩემთვის ის სფეროა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და სწავლის პროცესი ბედნიერებას მანიჭებს. მიყვარს კითხვების დასმა და პასუხების ძიება, მუდმივად ვიკვლევ, ვინ ვარ მე და ვინ არის ეს საოცარი არსება – ადამიანი. მომწონს სიმწვანეში ყოფნა და წიგნის კითხვა, ბათუმის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობა, ზღვასთან საუბარი, მონატრებული მეგობრების ნახვა. ეს მაძლევს ძალას ჩემს პროფესიაში ვიყო ნაყოფიერი და კონსტანტინეს მოვლისთვისაც მქონდეს ძალა.
ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
სასამართლო პროცესს თავისი დრესკოდი აქვს, ტანსაცმელი უნდა იყოს კლასიკური, ცოტათი ოფიციალური. ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. როდესაც ბათუმში ჩამოვდივარ აქ კიდევ უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან შემიძლია მეცვას ისე, როგორც ზღვისპირა ქალაქს შეეფერება, მაგალითად, ლამაზი კაბა, რომელიც შეიძლება მხოლოდ ბულვარში, ან პლაჟზე გეცვას. ჩემთვის მთავარია ტანისამოსში, რომელიც მაცვია, კომფორტულად ვგრძნობდე თავი.
როგორ საზოგადოებაში ისურვებდით ცხოვრებას, რას შეცვლიდით და რატომ…
მიუხედავად ბოლო პერიოდის უსიამოვნო მოვლენებისა, მაინც ვხედავ საზოგადოებაში პროგრესს. ის რაც 15-20 წლის წინ კრიტიკისა და განსჯის საგანი იყო, დღეს საზოგადოებისთვის მისაღებია. ადამიანები ადრე თუ გვიან მაინც სწავლობენ განსხვავებულის მიღებას და ეს პროცესი მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის. ვისურვებდი უფრო მეტად ემპათიურ გარემოს, ნაკლებ სიძულვილის ენას და ნაკლებ დაპირისპირებას, უფრო მეტ საგანმანათლებლო პროგრამას, უფრო მეტი რესურსის ჩადებას განათლების სისტემაში. მიმაჩნია, რომ განათლება არის ის სინათლე, რომელიც ავითარებს საზოგადოებებს. განათლება ის ქვაკუთხედია, რაზეც წარმატებული საზოგადოება დგას.
თავისუფლება…
ნიშნავს ვიყო ავთენტური, ბუნებრივი… ოჯახი, გარემოცვა, ბავშვობიდან გვაძლევს გარკვეულ მზა სცენარებს, როგორები უნდა ვიყოთ, ან არ ვიყოთ. ყველა ადამიანს გვაქვს საზოგადოებისთვის მისაღები „სელფი“ და მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენილები ვართ ის, ვინც სინამდვილეში ვართ. ვცდილობ მივიღო ჩემი უარყოფითი მხარეებიც, მუდმივად ვებრძვი პერფექციონისტს ჩემში, რომელსაც სურს ყველაფერს იდეალურად ვაკეთებდე. ბოლო პერიდში ჩემი დევიზია – მსურს მივიდე იმ ჭეშმარიტ ადამიანთან, ვინც სინამდვილეში ვარ…
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე