წარმოგიდგენთ რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარს, მარიამ პაკაცოშვილს, რომელსაც ბევრი თქვენგანი შეიძლება უკვე კარგად იცნობდეთ. პოზიტიური ხასიათით, უშრეტი ენერგიითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ მარიამს კოლეგები ხშირად ,,Social butterfly’’-ს უწოდებენ. როგორც თავად გვიყვება, დაიბადა ყვარელში თბილ, მოსიყვარულე, სტუმართმოყვარე ოჯახში. ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ გარემოს მის პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა არ ჰქონია, თუმცა მშობლებისგან მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა. ბავშვობიდან განსაკუთრებით იტაცებდა ცეკვა, აქტიური ცხოვრების სტილი, ყურადღების ცენტრში ყოფნა, შემოქმედებითი წერა, მისი მოთხრობები და ლექსები არაერთი კონკურსის გამარჯვებას იმსახურებდა. შესაბამისად საბოლოო არჩევანი ჟურნალისტიკასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებზე გააკეთა, რითიც დღეს ბედნიერია.
გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენს შესახებ, როდის გადადგით პირველი კარიერული ნაბიჯები?
თბილი, მყუდრო და კომფორტული გარემოდან თბილისში გადმოსვლა და ახალ ცხოვრებისეულ ეტაპთან შეჭიდება არც თუ ისე მარტივი იყო. გადმოვედი სრულიად უცხო გარემოში, პატარა გოგო დიდი მიზნებით, თუმცა ადაპტაცია მალევე მოვახერხე და კარიერული განვითარებაც პირველივე კურსიდან, 18 წლის ასაკიდან დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ, ამ სფეროში დამკვიდრება ბევრ სირთულესთან ასოცირდებოდა, მაინც არ დავნებდი მოცემულობას და ჩემით გავიკვლიე გზა. დავიწყე სტაჟირებების მოძიება, ზუსტად 3 თვეში ამიყვანეს ერთ-ერთ წამყვან სააგენტოში, ამის შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. სტაჟირების შემდეგ უკვე მიმყავდა საავტორო გადაცემა, რის შემდეგაც ავიხდინე ბავშვობის ოცნება და მოვხვდი ,,დიდ“ ტელევიზიებშიც იმ წამყვანებისა და ჟურნალისტების გვერდით, როლებსაც ოცნების თვალით შევცქეროდი. ვაშუქებდი ჩემთვის საინტერესო: კულტურის, სპორტის პოლიტიკის აქტუალურ სიახლეებს, სადაც უდიდესი გამოცდილების გარდა ღირებული კოლეგები, მეგობრები შევიძინე. პარალერულად წარჩინებულად ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქტიური სტუდენტური ცხოვრებით, ვმუშაობდი პედაგოგად, ჩართული ვიყავი საგანმანათლებლო პროექტებში…
სტუდენტობიდან არაერთი ისეთი პროექტის ავტორი და თანაორგანიზატორი ვიყავი, რომლებსაც ახალგაზრდებისთვის სარგებელი მოჰქონდა. ამ ნაწილში გამოვარჩევდი ჩემი იდეით დაორგანიზებულ, ძიუდოს ოლიმპიური ჩემპიონების და მაშინდელი ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის შეხვედრას ახალგაზრდებთან, რომლის შედეგადაც 4 სტუდენტს სწავლის ღირებულება დავუფინანსეთ. შეიძლება ითქვას, რომ პირველი გამოცდილება პროექტის განხორციელების, მენეჯმენტის, გაშუქების და წამყვანობის, სწორედ ამ აქტივობიდან მივიღე.
ასევე, გამოვყოფდი სტუდენტურ კონფერენციებს, რომლებიც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ჩვენს საზოგადოებაში, არასწორად დამკვიდრებული, არასასურველი ქცევითი ნორმების პრევენციას ემსახურებოდა.
აქვე, არ შემიძლია, არ გამოვყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური გარემოსდაცვითი პროექტები, ასევე ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ ორგანიზებული ჯანსაღი ცხოვრების წესის წამახალისებელი სპორტული კამპანიები. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის ნაწილში, გამოვყოფდი ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივ პროექტს, მოყვარულთა ლიგას, ასევე ძველი ქართული ხორბლის ჯიშების მოყვანასა და ბიო პურის წარმოების პოპულარიზაციას.
როგორც ხედავთ, ჩემი პრაქტიკის არეალი სატელევიზიო სფეროს გარდა მოიცავს პიარის, მარკეტინგისა და საერთაშორისო პროექტების მედია კოლაბორაციასა და მენეჯმენტს.
ბაკალავრის დასრულების შემდეგ დავამთავრე, ჯიპას საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა.
უკვე მეხუთე წელია, რაც ბიზნეს სექტორში ვსაქმიანობ, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე. პარალერულად კი სხვადასხვა სოციალური პროექტით ვარ დაკავებული. ამ ნაწილში, უმნიშვნელოვანესი იყო აკადემიკოს შალვა ამონაშვილის პროექტი – ჰუმანური საქართველო.
იმდენად ძვირფასი და ღირებულია თითოეული კომპანია, სადაც მიმუშავია, არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, თუმცა მკითხველს, თავი რომ არ შევაწყინო ჩემი დოსიეთი, დავუბრუნდები მიმდინარე აქტივობებს.
რაც შეეხება ამჟამინდელ საქმიანობას, 2023 წლიდან, ჩემს ბიზნესპარტნიორ ნუცა ბახტაძესთან ერთად დავაფუძნე პროფესიული განვითარების ასოციაცია და ახლა უკვე სხვა წარმატებულ ადამიანებთან ერთად ახალგაზრდებს სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ვეხმარები. ასევე, აკადემია UNIKO-ში ვიკავებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას.
მაქვს ჩემი სარეკლამო სტარტაპ კომპანიაც და ბიზნეს სექტორს, მათ შორის ევროპაში, ვთავაზობ სხვადასვხა მომსახურებას. ახლახანს წარმატებულად დავასრულე თანამშრომლობა საერთაშორისო გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან.
პროფესიული გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ საკმაოდ მრავალფეროვანია. თქვენი მიმდინარე საქმიანობის შესახებ გვიამბეთ
როგორც მოგახსენეთ, ამჟამად განათლების სფეროში ვსაქმიანობ და ვმუშაობ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პროფესიული განვითარება და ორიენტაცია, გენდერული საკითხები და ქალთა გაძლიერება, კიბერ უსაფრთხოება.
პროფესიული განვითარების ასოციაციისა და აკადემია UNIKO-სთან პარტნიორობით, ორგანიზაციებს ასევე ვთავაზობთ კორპორატიულ ტრენინგებს და მომსახურებებს რესურსის ეფექტურად მართვასა და თანამშრომლების პროფესიულ გაძლიერებას.
უკვე სექტემბრიდან, სკოლებისთვის გვექნება გაწერილი პროგრამები, რათა მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის დირექტორებმა შეძლონ მათ მოსწავლეებზე მორგებული სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი ღონისძიების განხორციელება.
როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? როგორ ვიპოვოთ საყვარელი საქმე?
პირველ ნაწილს უფრო ფილოსოფიურად ვუპასუხებ, რადგან მოგეხსენებათ, ყველას გვაერთიანებს წარმატების მიღწევისა და ბედნიერების მოპოვების ღრმა და ძლიერი სურვილი. წარმატება, ისევე როგორც ბედნიერება, ფართო და ინდივიდუალური ცნებაა.
ჩემთვის წარმატების რევერსიული ფორმულაა, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა, ადამიანური ურთიერთობების შენება, პოზიტიური აზროვნების შენარჩუნება, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთება და სწორი ღირებულებებით უწყვეტი განვითარება.
ცხოვრება ორ ვარიანტს გვთავაზობს – რა გვინდა და რა გვჭირდება. გვინდა ბედნიერება და მიგვაჩნია, რომ წარმატების მიღწევით მეტად ბედნიერებიც ვიქნებით, მოცემულობიდან გამომდინარე, თუ სწორად ჩავუღრმავდებით საკუთარ თავსა და მისწრაფებებს, აუცილებლად ვიპოვით იმ საქმეს, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ მივიღოთ ის, რაც წარმატებას მოგვიტანს და მთელი გულით გვინდა.
რა გაძლევთ მოტივაციას?
ჩემი მოტივაციის უშრეტი წყარო ის ფესვებია, სადაც ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა და ბავშვობის დღიური, სადაც ჩემი სუფთა ემოციები, მიზნები და ოცნებები წერია. ხშირად ვკითხულობ, რათა არ დამავიწყდეს თუ რისთვის მოვედი ამ ქვეყნად და ვისი გორისა ვარ. მინდა, ჩემი არსებობით, საქმიანობით სხვა ადამიანების ცხოვრება გავხადო უკეთესი, ახალგაზრდებს მივცე სტიმული, რომ საკუთარი თავის ,,პატრონები“ იყვნენ თავად, არასოდეს თქვან უარი ოცნებებსა და მიზნებზე, არ იფიქრონ, რომ ვინმეს მიერ გაწეული ,,დათვური“ სამსახური, მათ წარმატებას მოუტანს. იყვნენ ჩემნაირი Selfmade-ები და საკუთარი, თავდაუზოგავი შრომით ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდებიან და მოიპოვებენ ცხოვრებისეულ გამარჯვებას.
რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?
ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, სურვილებს, მისწრაფებებს და ისე გააკეთონ კარიერული არჩევანი. ვინც იცის ,,რატომ’’, მისთვის მარტივია იცოდეს ,,როგორ” თითოეული ნაბიჯის გადადგმისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. მოისმინონ გარშემომყოფების შეხედულებებიც, რჩევებიც, მაგრამ თავად გადაწყვიტონ, თუ რა იქნება მათთვის წარმატების და ბედნიერების მომტანი. უფროსების გამოცდილება ღირებული და ძვირფასია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში პასუხისმგებლობის გაზიარება არ გამოგვადგება. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ცხოვრების გზა სრული პასუხისმგებლობით თავად უნდა ავირჩიოთ სწორედ ისე, როგორც გული და გონება გვიკარნახებს. ბოლოს კი, არასოდეს შეუშინდნენ მარცხებსა და იმედგაცრუებებს, თითოეული დაცემა, ახალი შემართებით გადალახონ.
როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?
მსურს შევქმნა ჩემი პერსონალური ბრენდი, განვავითარო ჩემი სარეკლამო კომპანია და ბიზნეს სექტორს, ადამიანებს ფართო მასშტაბით დავეხმარო მეტი წარმატების მიღწევაში. დიად იდეას რაც შეეხება, ვგეგმავ ჩემი საავტორო წიგნის დაწერას. ასევე, მსურს გავხდე საერთაშორისოდ აღიარებული სამოტივაციო სპიკერი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი მიზანსწრაფულობა წარმატებული ცხოვრებისკენ სავსეა სირთულეებით და ამ დაბრკოლებების გადალახვითა და გამარჯვებებით მჯერა, რომ აუცილებლად შევდგები ისეთ ადამიანად, რომელიც სხვა ახალგაზრდებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის საამაყო იქნება. ბოლოს კი, როგორც დიდი ილია იტყოდა – ,,ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია“!