ბათუმელების შინაური, სანდო და, ამავდროულად, უნიკალური სილამაზით სავსე ბუნება და ხასიათი ქმნის გარემოს, რომელიც ჩემი შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო ხდება – გვითხრა „OK! ბათუმის“ სტუმარმა, კერამიკის დიზაინერმა, არტსტუდიისა და სოციალური საწარმოს, „ანდამატის“, ასევე „ბრილი-არტის“ დამფუძნებელმა, არაერთი ჯილდოს მფლობელმა, ლია კასპელაშვილმა, რომელიც წლების წინ ბედისწერამ ბათუმს დააკავშირა და მას შემდეგ რეგიონში ხელოვნების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ბათუმში კერამიკისადმი ცნობადობის ამაღლება და მომავალი თაობების აღნიშნული მიმართულებით დაინტერესება. მისი ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში კულტურული ტურიზმის განვითარებას. ამბობს, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა მეუღლესთან, ასევე კერამიკის დიზაინერ, ტარიელ ტაბაღუასთან ჰარმონიული თანამშრომლობით უადვილდება და დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებენ ბათუმელებს და არამარტო მათ.
იყო ხელოვანი, ნიშნავს?
იყო ხელოვანი, ნიშნავს, პირველ რიგში, შექმნა, გამოხატო შენი შინაგანი სამყარო და ხედვა იმ გზით, რომელიც მხოლოდ შენთვისაა განსაკუთრებული. ეს არის შეუჩერებელი პროცესის ნაწილი, სადაც ყოველთვის ეძებ ახალს და ცდილობ, საკუთარ ნიჭსა და უნარებს შენეული, ინდივიდუალური ფორმით გამოხატვის საშუალება მისცე. ამავდროულად, საკუთარი შემოქმედებითი თავგადასავლებით, ხელოვანი საზოგადოების კულტურული/ სულიერების განვითარების უშუალო მონაწილე-შემოქმედიც ხდება.
დედაქალაქიდან ბათუმში გადმოსულმა რა გზა გაიარეთ იქამდე, სანამ თქვენს ნიშას იპოვიდით ამ ქალაქში?
როდესაც დედაქალაქიდან ბათუმში გადმოვედი, აღმოვაჩინე, რომ აქ კერამიკის სფერო თითქმის არ არსებობდა. იმ პერიოდში, 90-იანი წლების შემდეგ, პოსტსაბჭოთა საქართველო რთულ ეტაპს გადიოდა, ეკონომიკა განადგურებული იყო, ხოლო კერამიკის მიმართ ინტერესი – მინიმალური. ბათუმში ახალ გამოწვევებს შევხვდი, მაგრამ სწორედ ამ გარემოებებმა მიბიძგა, რომ საკუთარი გზა მეპოვა. 2000 წელს დავაარსე არტსტუდია „ანდამატი“, რადგან მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც ჩემს შემოქმედებით შესაძლებლობებს განვავითარებდი. თუმცა მალევე მივხვდი, რომ სტუდიის განვითარებისთვის მთელი ჩემი რესურსი და ენერგია უნდა გამეღო. მინდოდა, ბათუმში კერამიკის სწავლება და პოპულარიზაცია დამეწყო. ეს პროცესი მოითხოვდა დროს და ძალისხმევას, მაგრამ სწორედ აქ ვიპოვე ჩემი ნიშა – განათლებისა და კულტურის განვითარებით დავიწყე კერამიკის აღორძინება აჭარაში. მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების შექმნით და კერამიკის სკოლის გახსნით, ნელ-ნელა ჩამოვაყალიბე ჩემი როლი ამ ქალაქში. „ანდამატი“ გახდა ჩემი მთავარი შემოქმედებითი პლატფორმა, რომელიც მხოლოდ ჩემს შემოქმედებას კი არ ატარებდა, არამედ მთელ რეგიონში კერამიკის კულტურის აღორძინებასაც ემსახურებოდა.
გაგვაცანით ოჯახის წევრები. გვიამბეთ მათი თანადგომის ძალაზე…
ჩემი ოჯახი ჩემთვის ძალისა და ჰარმონიის წყაროა. მეუღლე, ტარიელ ტაბაღუა, ასევე კერამიკის დიზაინერია. ჩვენ ყველა პროექტში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მისი ხელმძღვანელობით ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის მინანქრის კათედრა, რომლის პროგრამაც მე შევიმუშავე 2010 წელს, წარმატებით ფუნქციონირებს. გვყავს ორი ვაჟი. ბექა ტაბაღუა კერამიკის ტრადიციებს წარმატებით აგრძელებს და კერამიკის აქტიური არტისტია, აქვს საკუთარი სახელოსნო „აფ სტუდიო თბილისი“, სადაც შემოქმედებით/პროფესიული მუშაობის პარალელურად, კერამიკის ვორქშოფებსაც წარმატებით უძღვება. ნიკა ტაბაღუა არქიტექტურის გზას ადგას, თუმცა კერამიკა მისთვისაც ძალიან მშობლიურია. თავისუფლად ფლობს კერამიკის ტექნოლოგიურ უნარებს. არის მომენტები, როცა მთელი ოჯახი ერთიანი ძალებით ვუმკლავდებით კონკრეტულ შეკვეთებს თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ჩვენი ჰარმონიული თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა არის ის, რაც ჩვენს შემოქმედებით და პირად ცხოვრებას აერთიანებს. ჩემი ოჯახი ერთი ძლიერი გუნდია საერთო ღირებულებებით და პრინციპებით. მთავარი ღირებულებებია რწმენა, ჯანმრთელობა და ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძალას ყველაფერში გვაძლევს. ამ ერთიანობით ვგრძნობ, რომ ბედნიერი და მადლიერი ვარ ცხოვრების, რომ წარმატებული ქალი ვარ, როგორც პროფესიონალი და როგორც დედა.
ხართ არტსტუდიისა და სოციალური საწარმოს, „ანდამატისა“ და „ბრილი-არტის“ დამფუძნებელი. უფრო დეტალურად რომ მოუყვეთ მკითხველს, რას სწავლობენ პატარები და არამარტო, თქვენთან და რა ხდის თქვენს სივრცეს განსაკუთრებულს?
როგორც „ანდამატისა“ და „ბრილი-არტის“ დამფუძნებელი, ვცდილობ, რომ ჩვენი სტუდიები ხელოვნების მძლავრ ინსტრუმენტად ვაქციო, რომელიც არა მხოლოდ კრეატიულ უნარებს ავითარებს, არამედ სიღრმისეულად მოქმედებს პიროვნულ განვითარებაზე. ჩვენთან ბავშვები და მოზარდები სწავლობენ კერამიკას, ხატვასა და სხვადასხვა სახის ხელოვნებას, სადაც თითოეულ ნაბიჯს თან ახლავს პრაქტიკული და შემოქმედებითი პროცესები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ინდივიდუალურ გამოხატულებაზე, სადაც თითოეული მონაწილე საკუთარი ინდივიდუალური ხედვისა და გრძნობების გამოხატვას სწავლობს. ისინი იღებენ ცოდნას, რომელიც აერთიანებს როგორც ტრადიციას, ისე თანამედროვე მიდგომებს. ჩემთვის მთავარი მხოლოდ პროფესიული განათლება არ არის, ჩვენი სივრცეები განსაკუთრებულია იმით, რომ ბავშვებს აქ ვასწავლით ურთიერთობას, თანაგრძნობასა და თანადგომას. ისინი სწავლობენ, როგორ გახდნენ უკეთესი ადამიანები, როგორ გამოიჩინონ გულისხმიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით როგორ გაუმკლავდნენ თითოეულ ცხოვრებისეულ გამოწვევას. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ უნარებს კი არ დაეუფლონ, არამედ სწორად ჩამოყალიბებული ღირებულებებით დაიწყონ ცხოვრება და ურთიერთობა. ამგვარად, პროფესიულ განათლებას ფასეულობა მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ვხედავ, რომ ისინი ცხოვრების გზაზე მყარად დგანან და მზად არიან შემოქმედებითად მოეკიდონ როგორც საკუთარ მომავალს, ისე საზოგადოებას.
პატარებისთვის, მოზარდებისთვის არაერთ საინტერესო პროექტს ქმნით, გაქვთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. თქვენი შეფასებით, რამდენად ახლოს დგანან ახალგაზრდები კულტურასთან, ხელოვნებასთან და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პატარა ასაკიდან გავუღრმაოთ ხელოვნების მიმართ ინტერესი?
დღეს ახალგაზრდები, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში, ბევრ ინფორმაციას იღებენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს სწრაფი და ზედაპირულია. ხელოვნება კი სიღრმისეულია, გულისხმობს ფიქრს, აღქმას და ამდიდრებს შინაგან სამყაროს. ჩემი გამოცდილებით, მოზარდები ბუნებრივად ინტერესდებიან ხელოვნებით, როცა მათ სწორად და ინტერაქტიულად წარვუდგენთ თამაშის, ექსპერიმენტებისა და შემოქმედებითი თავისუფლების საშუალებით. იმისთვის, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ხელოვნების სიყვარული გავაღვივოთ, აუცილებელია შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ იდეების თავისუფლად გამოხატვას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ თითოეული აქტივობა მათთვის იყოს საინტერესო და სახალისო, იქნება ეს კერამიკული მუშაობა, ფერწერა თუ სხვა სახის ხელოვნება. ბავშვები, რომლებსაც პატარაობიდანვე ხელოვნებასთან უშუალო შეხება აქვთ, იმდიდრებენ წარმოსახვას და სწავლობენ სამყაროს სხვა კუთხით აღქმას. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სკოლებსა და სამხატვრო აქტივობებში უფრო მეტი ინტეგრირება ჰქონდეს თანამედროვე მიდგომებს და ბავშვები უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ხელოვნების პროცესში. აუცილებელია, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, შეეხონ ხელოვნებას, განიცადონ იგი და თვითონაც გახდნენ შემოქმედები. ერთი სიტყვით, ხელოვნებასა და კულტურასთან ბავშვებისა და ახალგაზრდების მიახლოება უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ გამოცდილებას, პერსონალური ჩართულობის შესაძლებლობას და წახალისების სისტემას, რაც მათში შემოქმედებისა და კულტურისადმი დაინტერესებას შეუწყობს ხელს.
რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება…
ბედნიერება ჩემთვის თან ახლავს ყველა გამოწვევისა და სირთულის დაძლევას, რაც დაკავშირებულია შემოქმედებით და სოციალურ პროექტებში ჩართულობასთან. როდესაც ვხედავ, რომ შრომას შედეგი მოაქვს, უდიდეს სტიმულს, ახალ ენერგიას, მადლიერებას და მომავლის რწმენას ვგრძნობ. პირად ცხოვრებაში ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩემს ბედნიერებაში.
შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…
სტუდიის პირველი მასშტაბური გამოფენა 2002 წელს, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბათუმის საგამოფენო გალერეაში მოვაწყვე. გახსნის მომენტში მოულოდნელად გაითიშა ელექტროენერგია და ბნელმა მოიცვა მთელი ექსპოზიცია, თუმცა ეს არ იყო დაბრკოლება, არამედ თითქოს ახალი სული შთაბერა მომხდარს. სწორედ ამ დროს მობრძანდა ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, ბუმბერაზი ხელოვანი და მუზეუმის დირექტორი, რომელმაც სანთლის შუქზე, დიდხანს და მყუდროდ დაათვალიერა თითოეული ნამუშევარი და აღფრთოვანებით აღნიშნა, რომ გამოფენამ მისი გულწრფელი მოწონება დაიმსახურა. მან შემომთავაზა, მთელი ექსპოზიციის კადრებისთვის დაეთმო მისი საავტორო/სატელევიზიო პროექტი: „სამყარო მშვენიერიას“ ერთი მთლიანი გადაცემა. მეორე დღეს, მისივე დავალებით, ბატონი ალეკო აბაშიძე მობრძანდა გამოფენაზე კამერით და მთელი საღამო დაუთმო ნამუშევრების ფოტოსესიას! ამ შემთხვევამ ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქში არა მხოლოდ ახალი კარი გამიღო შესაძლებლობისა, არამედ მომიტანა ორი საოცარი ადამიანის – ქალბატონი ნინოსა და ბატონი ალეკოს მეგობრობა, რაც დღემდე ჩემთვის უდიდესი სიმდიდრეა. ის შთაბეჭდილება, რაც ამ ორი ადამიანის ჩემდამი დამოკიდებულებამ დატოვა ჩემში, განუმეორებელი და დაუვიწყარია!
როგორია თქვენი წილი ბათუმი, შემოქმედ ადამიანში რა ინსპირაციებს ბადებს ეს ქალაქი?
ბათუმი, როგორც ქალაქი და ინსპირაციის წყარო, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ბათუმი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ზღვა, პლაჟები და ლამაზი შენობები. ის არის ადგილი, სადაც ადამიანის სიყვარულით, სიკეთით და უნიკალური შარმით სავსე გარემო მხვდება. გულწრფელი თანადგომა და მხარდაჭერა, რაც განსაკუთრებული განსაცდელის დროს გამოავლინა ჩემი ოჯახის მიმართ ქალაქმა, ბადებს განცდას, რომ ბათუმი ჩემი სახლია. ბათუმელების შინაური, სანდო და, ამავდროულად, უნიკალური სილამაზით სავსე ბუნება და ხასიათი ქმნის გარემოს, რომელიც ჩემი შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო ხდება.
დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში?
სამომავლო გეგმები ბევრ საინტერესო და დამაინტრიგებელ პროექტს მოიცავს: „ბრილი-არტის“ გაფართოება – ვგეგმავ „ბრილი-არტის“ სახელოსნოსა და მისი პროგრამების გაფართოებას. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია უფრო ფართო საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი კერამიკული ტრადიციები და ინოვაციური პროგრამები. ამ მიზნით, კერამიკული ბანაკებისა და პლენერზე ხატვის აქტივობების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
ეკომეგობრული სამშენებლო მასალების წარმოება: ვგეგმავ ეკომეგობრული კერამიკული სამშენებლო მასალების, მათ შორის კრამიტის, წარმოებას. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის არქიტექტურული ტრადიციების შენარჩუნებას და ეკოლოგიური მშენებლობის განვითარებას.
ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები: განვავითარებ ახალ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ჩვენი რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას და ხელოვნების სფეროს. ამ პროექტების მიზანი იქნება, ადგილობრივი საზოგადოება და ტურისტები გაეცნონ რეგიონის უნიკალურ ხელოვნებასა და კულტურას.
კონკრეტულად, მომავალი ზაფხულისთვის უკვე ვგეგმავ საერთაშორისო სიმპოზიუმის, „ბრილი-არტის“ დაარსებას, რომლის ფარგლებშიც 2-3-კვირიანი მუშაობის შედეგად შექმნილ კერამიკულ არტობიექტებს საერთაშორისო და ქართველი კერამიკის არტისტები გამოფენენ მუზეუმში, შემდეგ კი ამ ნამუშევრებს განვათავსებთ რეგიონის მასშტაბით შესაფერის ადგილებში, ლანდშაფტისა თუ ინტერიერების შესამკობად. ეს სიმპოზიუმი, ხელოვნების განვითარების პარალელურად, რეგიონში ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებასაც. დაბოლოს, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს და დღემდე გულისტკივილის მიზეზად მექცა, ეს არის პირადი შემოქმედებითი მუშაობისთვის შესაძლებლობისა და დროის დეფიციტი. მომავლის მნიშვნელოვან მიზნად სწორედ პირადი შემოქმედებისთვის მცირეოდენი დროის გამოყოფაც მაქვს დასახული. ოცნებად მექცა პერსონალური გამოფენის განხორციელება. არადა, კონცეფცია უკვე ჩამოყალიბებული მაქვს. ჩემი პერსონალური გამოფენის თემა უნდა იყოს მადლიერება ბათუმისა და ზოგადად, აჭარის მიმართ, რასაც გამოფენის შინაარსში უხვად იგრძნობს თითოეული მოქალაქე.