„ბათუმს აქვს უნარი თითოეული ადამიანის ხასიათს მოერგოს და ბედნიერად აგრძნობინოს თავი“
ამბობს, რომ ძლიერ შთაბეჭდილებებს მოჰყავს მის შემოქმედებაში მუზა, მრავალფეროვნება მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმას უძებნის, რათა ადამიანებამდე ზუსტი ემოციით მიიტანოს. მიაჩნია, რომ აუცილებელია შემოქმედმა ადამიანმა თავისი შემოქმედებით იმ პრობლემებზე ილაპარაკოს, რაც საზოგადოებას აწუხებს, მოუსმინოს და აჰყვეს მათ გულისცემას, რათა შედგეს მყარი კავშირი, რომლის გარეშეც შეუძლებელია აკეთო რაიმე ღირებული, სწორედ გასცე ის იმპულსები რაც შენში გამუდმებით დუღს და როგორც ვულკანი ყოველდღიურად იფრქვევა.
ინტელიგენტების ოჯახში დაბადებულს პატარაობიდანვე ჰქონდა შინაგანი თავისუფლების შეგრძნება, მისწრაფება, რომ ირგვლივ ყველაფერი ხვალ იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის. სწორედ ამიტომაცაა, რომ მისი შემოქმედება მეტი სიკეთისკენ, სიყვარულისკენ, ბანალურობის დაძლევისკენ მოუწოდებს ადამიანებს. რას ნანობს, რომელია ბოლო დროის ყველაზე დიდი გატაცება მისთვის და ექსკლუზიურად რა ინფორმაციას უმხელს ჩვენს მკითხველს – წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუ, რომლის სტუმარი პოეტი, მუსიკოსი და მხატვარი ლევან წულუკიძეა.
წლები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თქვენში…
ეს ბავშვობის წლებია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი პერიოდია ჩემთვის. ინტელიგენტების ოჯახში დავიბადე, ბევრს ვმოგზაურობდი, ვეცნობოდი ხელოვნებას, ლიტერატურას, რასაც ძალიან ბევრი ახალი ემოცია მოჰქონდა. იმ პერიოდში, ალბათ, ყვლაზე შთამბეჭდავ რაღაცებს მივაგენი, დავინახე, გავეცანი… დღეს კი, წარსულის ის ლამაზი და ემოციური პერიოდები აწმყოში, ჩემს არტში აგრძელებენ ცხოვრებას. თინეიჯერული პერიოდიდან მქონდა სწრაფვა რაღაც ახლისკენ, ძიების პროცესი მიზიდავდა, სწორედ იმ პერიოდში უფრო სიღრმისეულად მოვიდა მუსიკა და პოეზია ჩემთან. მახსოვს, მეგობრებთან ერთად სკოლაში გამოვცემდით ჟურნალს „ანტი“, რომელმაც ცოტა ხანს იარსება… მალევე მოგვაგნეს და დაგვიხურეს. ფსევდონიმებით ვწერდით, ვბეჭდავდით ჩვენს ლექსებს, შეფარულად გამოვხატავდით პროტესტს. არაერთ პერფორმანსს ვაკეთებდი სკოლაში, ხშირად დავდიოდი ჯინსებით, პიონერთა ყელსახვევს, პროტესტის ნიშნად, არ ვიკეთებდი, რის გამოც ჩემს მშობლებს ხშირად იბარებდნენ სკოლაში. ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული წლები გამოვიარე, წლები, რომელთა გახსენებაც ზღვა ემოციას მჩუქნის დღემდე.
როდის მოვიდა ხელოვნების სიყვარული, როდის გააცნობიერეთ, რომ ხელოვნებას მიუძღვნიდით მთელს ცხოვრებას?
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავბრუნდი ბათუმში. მალევე მოეწყო ჩემი პირველი გამოფენა გალერეაში, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობდა. „ახალი თაობა“, ასე ერქვა ჯგუფურ გამოფენას, იმ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურად გადავწყვიტე მეკეთებინა ის, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, ანუ თავი მიმეძღვნა ხელოვნებისთვის. პარალელურად, ვმუშაობდი რადიოში, სადაც მუსიკაზე მქონდა გადაცემა. ასევე, ტელევიზიაში მიმყავდა გადაცემები ხელოვნებაზე, ამავდროულად, გამოფენებს ვაწყობდი. შემდეგ, მეგობრებთან ერთად ჯგუფის შექმნა გადავწყვიტე, ჯგუფს, სიმბოლურად, „ნიჟარა“ დავარქვით. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი და სამუშაო ჩვენთვის. ჯგუფის ჩამოყალიბებიდან მალევე მოხდა რევოლუცია, მივიღეთ შემოთავაზება აღნიშნულთან დაკავშირებით ჰიმნი გაგვეკეთებინა და ასე შეიქმნა „რევოლუცია ბათუმის გულისცემა“, რომელმაც გამოსვლის წუთიდანვე მოიპოვა პოპულარობა საზოგადოებაში.
მხატვრობა, მუსიკა, პოეზია, ანიმაცია, ბევრი მიმართულებით მუშაობთ, რა განცდები მოაქვს თითოეულ მათგანს…
ძალიან საინტერესო და დღემდე ამოუცნობი პროცესია თითოეული მიმართულებით მუშაობა, ამ დროს თავს გამტარად ვგრძნობ. ვწერ, ვხატავ თუ რაიმეს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს… შთაგონებას, ინსპირაციებს, ყველაფერს რაც იმ დროს გონებაში გაქვს, როგორ გიდუღს სათქმელი. მნიშვნელოვანია როგორ წარმართავ შენში არსებულ მოზღვავებულ ნაკადს, რომ სწორად მიიტანო სამსჯავროზე. რაღაც ახლის ძიების და ქმნის პროცესი ბავშვის დაბადებას ჰგავს. ნახატის ხატვისას შეიძლება „გარდაიცვალო“ კიდეც, დასრულების შემდეგ კი ახლიდან დაიბადო, ეს ყველაფერი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და მდგომარეობაა. ასევე, ემოციურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა სათქმელი გაქვს იმ დროისთვის და რა ფორმით გსურს, რომ მიიტანო ადამიანებამდე. ყოველთვის ვცდილობ, ემოციები გინდ პოეზიაში, გინდა მხატვრობაში მინიმალისტურად გადმოვცე, მაგრამ ძალიან დიდი დოზით იმპულსური იყოს. ჩემი წერის სტილიც ასეთია – მაქსიმალური ენერგია – მოკლე სათქმელში.
და მაინც, რომელი მიმართულებით ახერხებთ ყველაზე უკეთ სათქმელის გამოხატვას…
რთულია გამოვყო რომელიმე სფერო, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეს ყველაფერი. ეს არის გადასვლა ერთი როლიდან მეორე როლში. ხან მხატვარი ხარ, ხან პოეტი, ხან მუსიკოსი, ხან ანიმატორი, ჩემთვის ყველა სფერო ერთნაირად საინტერესოა, მაგრამ უფრო პოეზიაში ვგრძნობ ყველაზე დიდ სიმშვიდეს…
ვინილების კოლექციონერი…
ოჯახში ფირსაკრავი ჩემი ბავშვობიდან იყო, რადგან მშობლები გატაცებული იყვნენ მუსიკით, უყვარდათ ხელოვნება, მათგან ვეზიარე ბევრ რამეს. ვინილების მოსმენა უდიდესი სიამოვნება იყო ჩვენთვის. მამაჩემს არაერთი ვინილი ჰქონდა, შემდეგ მეც დავიწყე კოლექციონერობა, საყვარელი ჯგუფების ფირფიტები, რომლებიც არ იშოვებოდა, ან ძალიან რთული მოსაპოვებელი იყო, ვცდილობდი როგორმე მენახა და, დროთა განმავლობაში, ასე იზრდებოთა ჩემი კოლექცია. ვაგროვებდი როგორც ჯაზის, ასევე სხვადასხვა მიმართულების მუსიკას, ალტერნატივას, ავანგარდს, კლასიკას და ასე შემდეგ. მუსიკის ფონზე ხშირად იმართებოდა ჩვენს ოჯახი შეხვედრები, საინტერესო თემებზე მსჯელობები, რაც ძალიან კარგად და თბილად მახსენდება დღეს. ზოგჯერ ინტერნეტის საშუალებით ვდებ ჩემს საყვარელ ფირფიტებს, რასაც ჰყავს მსმენელი, მაყურებელი და ძალიან მსიამოვნებს… ბითლზის ფირფიტასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით, გერმანული გამოცემის აღნიშნული ჯგუფის ფირფიტა ბავშვობაში ვიყიდე, დროთა განმავლობაში სადღაც გაიბნა, რაზეც ძალიან ვინერვიულე, ამდენი წლის შემდეგ კი ეს ფირფიტა შემთხვევით აღმოვაჩინე ძველ ჩემოდანში. ვერ აღვწერ რა შეგრძნებაა… დაახლოებით 30 წლის შემდეგ, რომ აღმოაჩენ საყვარელ ნივთს, ის ბავშვობისდროინდელი ემოციები რაც ფირფიტის პირველად მოსმენისას მქონდა, განმიახლდა, იმ წუთს ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ მეგონა.
რას ემსახურება თქვენი შემოქმედება და რას უყვება ის ადამიანებს…
ჩემს კონცერტებში, ლაივებში თუ საღამოებზე, რომელიც მქონდა და მომავალში მექნება, მთავარია შედგეს ინტიმი ჩემსა და მსმენელს, მაყურებელს შორის, რისი მიღწევაც ყველაზე კურთხეული რამ არის არტისტისთვის. თუ ეს შეძელი, ესე იგი ისინი გრძნობენ შენს შემოქმედებას, სათქმელს. გზავნილები ყოველთვის განსხვავებულია, ზოგიერთი მესიჯი შეიძლება რაიმე კონკრეტულ მოსაზრებასთან იყოს დაკავშირებული, შეიძლება იყოს განსხვავებული რამ, რაც თავიდან რთული გასაგები აღმოჩნდეს, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, მიაგნო მის არსს. უთქვამთ ჩემთვის, თავდაპირველად ვერ გავიგე რისი თქმა გინდოდა, მაგრამ გავიდა რაღაც დრო, ვიფიქრე ამაზე და მივხვდი, რომ სწორი გზავნილი გქონდაო. რა თქმა უნდა, ჩემი შემოქმედების ძირითადი მოტივი არის სიკეთე, სიყვარული, ბანალურობის დაძლევა, აქტიური ცხოვრება, და იმ მოვლენებში ჩართვა რომელიც აწუხებს იმ დროისთვის საზოგადოებას, რათა აგრძნობინო ადამიანებს, რომ მათ გვერდით ხარ.
შეუცვლელი სიყვარული…
ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, თავისი არქიტექტურით, ხალხით, ადგილმდებარეობით. როგორც წარსულში და აწმყოში, ასევე, მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, ბათუმს ძალიან ბევრი კარგი, ღირსეული და ნიჭიერი ადამიანი ეყოლება, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. ერთადერთი მიზეზი რისთვისაც არ მიმიტოვებია ბათუმი, არის ის, რომ მინდოდა რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ჩემს ქალაქშივე დაიბადებოდა, აქვე დარჩებოდა და მას ჩემი თანაქალაქელები შეიყვარებდნენ. შემეძლო წავსულიყავი საზღვარგარეთ, ან გადავსულიყავი დედაქალაქში, მაგრამ დავრჩი ბათუმში და ბათუმს, ბათუმელებს, ჩემს საყვარელ ადამიანებს მივუძღვენი თავი, ჩემი მთელი შემოქმედება, რაზედაც ერთი წამითაც არ მწყდება გული, პირიქით, ამაყი ვარ ამ გადაწყვეტილებით. ბათუმი გვაძლებს იმ სიყვარულს, იმ დიდ ენერგიას, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვჭირდება. ამ ქალაქში არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ, ამავე დროს უცნაური ის არის, რომ შეიძლება ყველა დღე ერთნაირფერი იყოს, რაც უფრო მეტ ინტერესს სძენს ბათუმს. ბათუმს აქვს უნარი თითოეული ადამიანის ხასიათს მოერგოს და ბედნიერად აგრძნობინოს თავი.
„ბიაფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ. რას ნიშნავს მისი არსებობა ჩვენი ქალაქისთვის?
მიმაჩნია, რომ „ბიაფი“ არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საინტერესო და საჭირო ფესტივალია, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავი და ძალიან ბევრი წლებია რაც არსებობს. 15-16 წლის წინ, მეგობრები, რომლებსაც კინოს სიყვარული გვაერთიანებდა (ზვიად ელიზიანი, გოგიტა გოგიბერიძე), მივედით იმ დასკვნამდე, რომ კინოფესტივალი დაგვეარსებინა, ასეც მოხდა და მიხარია, რომ „ბიაფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც გახლავართ, რაც, ბუნებრივია, უდიდესი სიამაყის განცდას იწვევს ჩემში. ვისურვებ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ფესტივალს, რადგან ის არის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქალაქისთვის. ვიმედოვნებ, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, პანდემია დასრულდება და ფესტივალი ჩვეული ხალხმრავლობით დაუბრუნდება ბათუმს.
შვილები, შვილიშვილები… როგორი ბაბუა ხართ?
დაახლოებით 4-5 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი ბაბუა რომ გავხდებოდი, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე მოხდა და ყველას ვუსურვებ ამ განცდას. ყველა ბავშვი ძალიან საყვარელია, მათ შორის ჩემებიც. ძალიან მიყვარს ისინი, ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან და, რა თქმა უნდა, ვცდილობ მეც გადავცე ჩემში არსებული დადებითი ვიბრაციები, გავუღვივო სიყვარული რამეების მიმართ. ვისურვებ ეცხოვროთ თავისუფალ, წინ წასულ, პროგრესულ ქვეყანაში, და ვინ გამოვლენ პროფესიით, ეს მათზეა დამოკიდებული. მე კი, როგორც ბაბუა, შევასრულებ როგორც ბაბუის, ასევე მენტორის როლსაც მათთვის. რაც შეეხება შვილებს, ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, მეგიმ, უნივერსიტეტი ტურიზმის მიმართულებით დაამთავრა, უმცროსი ქალიშვილი, ქეთი, სწავლობს და რამდენიმე დღეში მიდის გერმანიაში, ისიც ტურიზმის მიმართულებით, ვაჟი, ვაჩე, სკოლის მოსწავლეა. მინდა უდიდესი წარმატებები ვუსურვო მათ.
ვარდების ბაღი… ბოლო დროის ყველაზე დიდი გატაცება…
ეს ოჯახური ტრადიცია იყო, მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ ისე სერიოზულად ჩართული მათ მოვლაში, როგორც ბოლო პერიოდში ვარ, არასდროს ვყოფილვარ და ეს ყველაფერი მამის გარდაცვალების შემდეგ დამეწყო. მამის სიცოცხლის გაგრძელება დავინახე ნარგავებში, იმ ყვავილებში, იმ სილამაზეებში, რასაც თვითონ უვლიდა და აკეთებდა დიდი სიყვარულით… აქამდე თუ დედა უვლიდა მცენარეებს და მე არ მეცალა მათთვის, ახლა პირიქითაა, ყვავილებმა დეპრესია დამავიწყეს, რაც მამის დაკარგვამ გამოიწვია ჩემში. მათი მოვლისას დიდ შვებას, პოზიტივს ვგრძნობ, თითქოს ვარდებმა შემივსეს ის დანაკლისი, რაც მამის წასვლით მაქვს. შემდეგ ამ მზრუნველობამ დიზაინის მხრივაც გამოიწვია ჩემში დაინტერესება, დავიწყე ბაღის მოწყობა, ვარდების ახალი ჯიშებისა და სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარის შეძენა. გავერკვიე ჯიშებში, ტექნიკურ მხარეებში, რაც ერთ-ერთი მთავარი საყვარელი ჰობია დღეს ჩემთვის. დაახლოებით 50 ჯიშის ვარდი ხარობს ახლა ჩემს ეზოში, რაც, როგორც მე, ასევე თითოეულ მნახველს აღაფრთოვანებს.
ვნანობ….
დაკარგულ წუთებს, დროს, რომელიც შემეძლო უკეთ გამომეყენებინა, უფრო მეტი დრო დამეთმო მუზისთვის და რაღაცნაირად ავცდი, ვერ შევძელი, ვერ გამოვიდა…
ექსკლუზივი…
ჩემს შემოქმედებაში წარმატებული სიახლეა, ამერიკელი ერთ-ერთი გამომცემლისგან, რომელიც განეკუთვნება ამერიკულ „ბით თაობას“, რიჩარდ აარონისგან (Richard S.E Aaron), მივიღე წინადადება, ჩემი ნახატი, რომელზეც უილიამ ბეროუზის პორტრეტია გამოსახული, ვიტრაჟზე გადავიტანო და ის თავის მეგობრებთან ერთად შეისყიდის. ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი სიურპრიზი, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ის უილიამ ბეროუზის მეგობარია. ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი და რასაც ვაკეთებ, ბით თაობას, ამ ჟანრს ეხმაურება. მეც შევთავაზე რომ, სანამ ნამუშევრებს ამერიკაში გავაგზავნიდი, ბათუმში გავაკეთებდი გამოფენას, რაზეც, რა თქმა უნდა, დამთანხმდა და ვფიქრობ, მოვახერხებთ, რომ სოციალური ქსელის საშუალებით თავადაც შეძლოს აღნიშნულ გამოფენაზე ვიდეო ჩართვის განხორციელება. მივიღე შეკვეთა, რომ გაკეთდეს 5 ვიტრაჟი, რომელსაც ხუთი ოფიციალური მფლობელი ეყოლება. აღნიშნულ ნამუშევრებს აგვისტოს ბოლოსთვის შვეიცარიაში გავაგზავნი, შემდეგ კი ამერიკაში თავიანთ მფლობელებს ჩაბარდება. რიჩარდ აარონმა ჩემთან მიმოწერაში იხუმრა, რომ აღნიშნულ ნამუშევარს მარსზე წაიღებს და იქ დააინსტალირებს. არავისთვის მითქვამს ეს ამბავი და მიხარია, რომ დღეს ჟურნალ OK! ბათუმისთვის ექსკლუზიურად ვაჟღერებ ჩემთვის ამდენად მნიშვნელოვან სიახლეს.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე