სკოლა არის ადგილი, სადაც იმ საჭირო უნარების ჩამოყალიბება ხდება, რომელიც შემდგომ კარიერულ გზაზე, მიზნების მიღწევაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით ავარჩიოთ ისეთი სკოლა, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს პასუხობს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ „ჯეო სქაი სქულს“, რომელიც ორიენტირებულია, მოსწავლეს კონკურენტუნარიანი ცოდნა და საჭირო უნარები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ „ჯეო სქაი სქულის“ ახალი შენობის მშენებლობა დაწყებულია, რომელიც უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი.
„ჯეო სქაი სქულის“ შესახებ…
მადონა ხარატიშვილი, სკოლის დირექტორი:
„ჯეო სქაი სქულ“ არის სივრცე, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ცოდნას და უნარებს, აყალიბებენ ურთიერთობას თანატოლებსა და უფროსებთან, სწავლობენ გუნდურ მუშაობას, სტრესთან გამკლავებას და საჯაროდ გამოსვლებს, ასევე მიზნების დასახვას და მათ მიღწევას. გარდა ამისა, იძენენ ცოდნას საზოგადოებისა და მასში ინტეგრირების შესახებ და ავითარებენ განსხვავებული აზრის მიღებისა და ტოლერანტობის უნარს.
სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის, გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა, გამოიყენება დამატებითი რესურსი – თანამედროვე ტექნოლოგიები. აქტიურად ვიყენებთ ინტერაქტიულ პანელებს, ე. წ. სმარტ-დაფებს, რომლებითაც აღჭურვილია სკოლა და რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცესს.
გარდა ამისა, სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები, რომელთა მუშაობის ფარგლებში ბავშვები დამატებით იღებენ ცოდნას საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენ მიზანია შევქმნათ სკოლის იდეალური მოდელი, სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებულია როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლების ინტერესები. სწორედ ამიტომ სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა და მშობელთა კომიტეტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა (12 სოციალურად დაუცველი მოსწავლე) უსასყიდლო განათლებას და მათი მომავლის დაგეგმვაში აქტიურ მონაწილეობას.
ხატია კალანდაძე, უფროსი სპეციალური მასწავლებელი:
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სკოლებში ინკლუზიური განათლება თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ინერგება. მე, როგორც სპეცპედაგოგი, უზრუნველვყოფ „ჯეო სქაის სქულში“ ინკლუზიური განათლების კულტურის დანერგვას. ვხელმძღვანელობ მულტიდისციპლინურ გუნდს, აღვწერ მოსწავლის აკადემიურ, კოგნიტურ, კომუნიკაციურ, სოციალურ, ფსიქო-ემოციურ, ქცევით, ფუნქციურ და მოტორულ უნარებს, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის, კლასის დამრიგებლის, მასწავლებლისა და სკოლის დირექციისთვის შევიმუშავებ მოსწავლის სწავლასთან გამოხატული სიძნელის პირველადი მართვის რეკომენდაციებს. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ვმუშაობ, აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით. ჩვენი სკოლა ყოველთვის მზად არის მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად.
ნინო კვინჩია – „ჯეო სქაი სქულის“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი:
უახლესმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა სწავლა/სწავლების მიდგომები მნიშვნელოვნად შეცვალა. „ჯეო სქაი სქულში“ სწორედ ამ თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რომელიც მოსწავლეზეა ორიენტირებული. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში და მასწავლებლების დახმარებით და თანამედროვე მიდგომების საშუალებით იძენენ ცოდნას. თავის მხრივ, კათედრის მუშაობაც ინოვაციურ მიდგომებს ემსახურება. მაგალითად, იმართება კვირეულები, სადაც ბავშვები მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც მათ დამოუკიდებლობის, გუნდურად მუშაობის და კვლევის უნარების გამომუშავებაში უწყობს ხელს. კვირეულის ფარგლებში, უფროსკლასელები აწყობენ შეხვედრებს პატარებთან, ესაუბრებიან ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის თუ მათემატიკის საგნების მნიშვნელობაზე და ცხოვრებაში მათ გამოყენებაზე, უტარებენ მარტივ და სახალისო ცდებს. გარდა ამისა, ეწყობა თემატური გასვლითი ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს სკოლაში მათემატიკა, ქართული და ინგლისური ენები გაძლიერებულად ისწავლება. პატარებს (I-IIკლასები) მენტალური მათემატიკის გაკვეთილები უტარდებათ, ხოლო III-VI კლასელებს სახალისო მათემატიკის გაკვეთილები, სადაც განსხვავებულ ფორმატში უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება.
მარიამ მაისურაძე, უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი:
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენების სწავლება, აღსანიშნავია, რომ „ჯეო სქაი სქულში“ უცხო ენების გაძლიერებული სწავლება მიმდინარეობს. კერძოდ, ინგლისური ენის გაკვეთილები მოწავლეებს ყოველდღე, ხოლო რუსული ენის – კვირაში სამჯერ უტარდებათ. მოსწავლეები სწავლობენ როგორც გრიფირებული, ისე დამატებითი სახელმძღვანელოებით. გარდა ამისა, ისინი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციების წარდგენა, ასევე, სისტემატურად კითხულობენ უცხოურ ლიტერატურას. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სკოლაში ინგლისურ ენაზე სპექტაკლები იდგმება. პირველ სემესტრში მე-7 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“ წარმოადგინეს.
ნათია ქავთარაძე, ქართულის პედაგოგი:
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ქართული ენა და ლიტერატურა მხოლოდ საგანი არ არის, ესაა ის სფერო, რაც პირდაპირ გადის როგორც ეროვნულ, ისე კულტურულ, მორალურ ძარღვზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სიღრმისეული შესწავლა არა მხოლოდ „ჯეო სქაი სქულის“, არამედ ყველა საშუალო სკოლის პრიორიტეტი უნდა იყოს.
ენა არის ერის მსოფლხატი, ხოლო ერის აზროვნების, მორალურ-სულიერი კრედოს გამოხატულება კი ის ლიტერატურა, რომელიც მის წიაღში იქმნება. „ჯეო სქაი სქულის“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ჩვენეული პროგრამა ე.ს.გ.-ს სტანდარტების გათვალისწინებითაა აწყობილი, ოღონდ თითოეულ მწერალს, მის ნაწარმოებებს იმაზე უფრო ღრმად შევისწავლით, ვიდრე ამას სტანდარტი ითვალისწინებს. მაგალითისთვის, მე-10 კლასში ზოგადად ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის სწავლება, ერთი შეხედვით, მტკივნეული საკითხია. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მოსწავლე მაქსიმალურად დავაახლოოთ და ჩავრთოთ სწავლების პროცესში, რათა ისწავლოს არა იმიტომ, რომ საჭირო და აუცილებელია, არამედ მოსწონდეს, უყვარდეს ის, რასაც აკეთებს, იმიტომ, რომ ეს მისია, მისი ერის კულტურაა. სწორედ ამიტომ შევისწავლით ტექსტს დეტალურად, შეგვაქვს სხვადასხვა ლიტერატურის მკვლევართა ნარკვევები. სხვადასხვა თემატიკა დღევანდელი აქტუალობის ჭრილში გადმოგვაქვს, ვამუშავებთ ფილოსოფიურ, თეოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ ლიტერატურასაც (წინასწარ შერჩეული დოზირებით). ბავშვები სიამოვნებით ერთვებიან ამ პროცესში, კომპლექსური დავალებების თანამედროვე ფორმატიც იძლევა ამის საშუალებას და ვმართავთ დისპუტებსა და დისკუსიებს.
მოსწავლეები კარგად აცნობიერებენ, რომ ამა თუ იმ ეპოქის ლიტერატურის პრობლემატიკა აქტუალურია დღესაც, 21-ე საუკუნეში, რადგან იცვლება მხოლოდ ეპოქა და თაობები, ხოლო ერის, ქვეყნის, ზოგადად ადამიანის მორალური თუ ეროვნული ფასეულობები იგივე რჩება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ მე-12 საუკუნის „ვეფხისტყაოსნის“ გმირი, ავთანდილი, იმგვარი ტოლერანტობით გამოირჩევა, რაც დღესაც შესაშურია. ხოლო შუშანიკი ისტორიულად პირველი ქალია, ვინც ღიად, საჯაროდ უპირისპირდება ქმრის ჯერ მორალურ, ხოლო შემდგომ ფიზიკურ ძალადობას. ასე აღქმული მასალა მათთვის საოცრად ახლობელი და საინტერესო ხდება. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ეძლევათ უცხოური ლიტერატურაც – თვეში ერთი წიგნი წასაკითხად, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ლიტერატურული პრობლემატიკის უკეთ გააზრებისთვის.
დაბოლოს, ჩვენთან ქართულის სწავლება, იოანე საბანისძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთგვარი „ჩვეულებისაებრ მამულისა სვლის გზაა“, რასაც იმედი მაქვს, არ გადავუხვევთ.
სამომავლო გეგმები
(მადონა ხარატიშვილი): ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება სკოლის ახალ შენობას. ჩვენი სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ დამფუძნებელმა ზაურ ქორთოშიძემ ჩვენი სკოლისთვის შეიძინა მიწის ნაკვეთი – ქალაქის ცენტრთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც უკვე დაწყებულია სკოლის ახალი შენობის მშენებლობა და ძალიან გვინდა, რომ მომავალ სასწავლო წელს სწავლა განვაგრძოთ უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ შენობაში, რომელიც 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი